ღმერთი

ღმერთი

среда, 10 июля 2013 г.

"რა არის განსაკუთრებით დამღუპველი იესოს ლოცვისთვის?"

მღვდელმონოზონმა ჰკითხა: "რა არის განსაკუთრებით დამღუპველი იესოს ლოცვისთვის?"

მეუდაბნოემ უთხრა: "პირველი მტერი უკვე დავასახელე – ეს სიამაყეა. ამაყს გულში საკუთარი სახელი აქვს ჩაწერილი და არ სურს მისი გაცვლა ღმრთის სახელზე. მეორე მტერი სიძვაა. ლოცვა სულის შეერთებაა ღმერთთან. მეძავის სული კი სამეძაოშია. კიდევაც რომ შეინანოს, მისთვის მაინც სახიფათოა, მაშინვე იესოს ლოცვის დაწყება, ისევე როგორც ნამთვრალევზეა სახიფათო ხარაჩოებზე სიარული. ასეთებს მამები ურჩევენ, დროებით შეცვალონ იესოს ლოცვა ფსალმუნით ან სინანულის კანონით, ან მეზვერის ლოცვით. მეძავს, ისევე როგორც ეშმაკეულს, უჭირს ტაძარში დგომა, ერთი სული აქვს, როდის გაიქცევა იქიდან. თუ ამ ცოდვის უწმინდურობასა და სიმყრალეში მყოფი მოინდომებს შინაგან იესოს ლოცვას, მაშინ დაპირისპირება ღვთაებრივი სახელის სიწმინდესა და მის მდგომარეობას შორის იმდენად დიდი იქნება, რომ შეიძლება გაშმაგდეს და ჭკუიდან შეიშალოს. კიდევ არსებობს აზრობრივი მრუშობის ვრცელი არე – ესაა საერო ლიტერატურა, გაჟღენთილი ვნებებითა და ხრწნილების დახვეწილი სუნით. კითხულობდე საერო ლიტერატურას – ეს ნიშნავს თანაუგრძნობდე სხვის ვნებებს. ამასთან, სულში, როგორც ეკრანზე, გამოისახებიან მკვლელები, მრუშები, შეყვარებულები, სხვადასხვა მოთამაშეები და ა.შ. საერო ლიტერატურის კითხვით ადამიანი თითქოს აღიზიანებს თავის ძველ ჭრილობას და ის აღარ ხორცდება. კიდევ უფრო დამღუპველი გავლენის მქონეა ტელევიზორი. ესაა რვაფეხა, თავისი საცეცებით ადამიანის სულს რომ შემოჰხვევია და სისხლს სწოვს; ესაა სამეძაო, რომელიც ადამიანმა საკუთარ სახლში მოაწყო; ესაა ჰიპნოზი, რომლის დროსაც ეშმაკი ადამიანის ქვეცნობიერებაში თავის პროგრამას დებს. თუკი ადრე წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე მიდიოდნენ თეატრში, ახლა ყოველდღე საათობით უყურებენ ტელევიზორს. მონოზონი, რომელსაც სენაკში ტელევიზორი აქვს, თავისი აღთქმების და, არსობრივად, თვით მონოზვნობის მოღალატეა, რადგან მონოზვნობა ერისგან განდგომაა. როცა სახლში საკანალიზაციო მილი გასკდება და მთელი სიბინძურე იატაკზე იღვრება, მხოლოდ ჭკუიდან შეშლილი თუ დაპატიჟებს ამ დროს ძვირფას სტუმარს, თითქოს ვერ ამჩნევდეს, რაც ხდება. სტუმარი შეურაცხყოფილი დარჩება ასეთი მიწვევით; აქ კი კაცი ღმერთს ეძახის თავის სულში და თან განუწყვეტლივ იბილწავს სულს ცოდვის სურათებით".



მღვდელმონოზონმა თქვა: "ახლა მღვდლების სახლებშიც და მონასტრებშიც კი დგას უახლესი მარკის ტელევიზორები, უყურებენ ყველანაირი სახის მრუშობას, იწოვენ მას საკუთარ სულში და ან არ აცნობიერებენ რას აკეთებენ, – როგორც მთვრალი, რომელიც ტკივილს ვერ გრძნობს, – ანდა ცრუობენ და ამბობენ, რომ მათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ ფილმები ცხოველებზე, უკანასკნელი ცნობები, მოგზაურობები, – დანარჩენს კიდევაც რომ უყურონ, მაინც უვნებელნი რჩებიან". 

ბერმა მიუგო: "ისინი რომ უვნებელნი იყვნენ, ტელევიზორს ზედაც არ შეხედავდნენ. ძველ დროში არსებობდა ადამიტების სექტა. მისი წევრები ლოცვაზე შიშვლები იკრიბებოდნენ და ამბობდნენ, რომ არავითარ ვნებას არ განიცდიდნენ. პირიქით, ამით ნებისყოფას იმუშავებდნენ და უვნებლობას აღწევდნენ. ტელემაყურებლები სწორედ რომ თანამედროვე ადამიტები არიან. ერთმა მღვდელმა აღსარებაში მითხრა, რომ თუმცა კი ტელევიზორის ყურებას თავი დაანება, მაგრამ კარგა ხანს მაინც ვერ შეძლო გონებიდან ამოეგდო ერთი სურათი, რომელიც მოსვენებას ტაძარშიც კი არ აძლევდა.



მღვდელმონოზონმა თქვა: "დიახ, მამაო, შეუძლებელია მრუშობისა და მადლის შეთავსება ერთ გულში. ახლა კი მითხარი, ვინ არიან ლოცვის შედარებით უფრო დახვეწილი და დაფარული მტრები?" 

სქემოსანმა უპასუხა: "ხუმრობა და სიცილი; ერში ეს ცოდვად არ ითვლება, პირიქით, კეთილგანწყობისა და გულთბილი ხასიათის მაჩვენებელია. მაგრამ ადამიანი ხომ ღმრთის ხატი და მსგავსებაა, მას კი ქვეყნის სასაცილოდ ხდიან. ტყუილუბრალოდ როდი უწოდებენ ეშმაკს მასხარას. სიცილი ანადგურებს მოწიწებას, სული უხეშდება და კადნიერდება. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს შორის თავისუფალი დამოკიდებულება ხუმრობით იწყება, რასაც დაცემა მოჰყვება ხოლმე. ხუმრობა განაგდებს ადამიანისაგან მოკრძალებასა და სირცხვილის გრძნობას. არ შემხვედრია არც ერთი მოღვაწე, იესოს ლოცვას რომ ლოცულობდეს და თან იცინოდეს და გასართობ ამბებს ჰყვებოდეს. მლოცველებს თვალები ცრემლებით აქვთ სავსე. მინახავს ერთი მონოზონი, რომელიც ისე გაიტაცა ხუმრობამ, რომ თავისდა უნებურად მკრეხელობა წამოსცდა. ადამიანი – ეს უმაღლესი ქმნილებაა. იგი თითქოსდა ღვთის აჩრდილია დედამიწაზე; დაფიქრდი, ვის დასცინი, ეშმაკს რომ ჰბაძავ".



მღვდელმონოზონმა უთხრა: "წამიკითხავს, რომ დიდი ბერი ამბროსი ოპტინელი ხშირად თავის სწავლებებსა და წინასწარმეტყველებებს ხუმრობის ფორმით წარმოთქვამდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას მოუკლებელი ლოცვა ჰქონდა". 

მეუდაბნოემ უპასუხა: "ბერი ამბროსი, ისევე როგორც მისი მასწავლებელი – მღვდელმონოზონი ლევი, ცდილობდნენ ამაქვეყნისგან დაეფარათ თავიანთი სიწმინდე და შორსმჭვრეტელობა და მიმართავდნენ სალოსების ენას. ეს მსუბუქი სალოსობა მათ ქედმაღლობისგან იცავდა. მაგრამ თავად არასოდეს იცინოდნენ ამ ხუმრობებზე, არამედ ჰყვებოდნენ სხვადასხვა იგავებს, რომლებიც უნდა ამოგეცნო. ისინი მთელი დღეები ხალხით იყვნენ გარშემორტყმული, შეიძლება ითქვას, დიდება აჩრდილივით მუდამ თან სდევდა მათ, თვითონ კი ამ დიდებას ისე გაურბოდნენ, როგორც ცეცხლს. მაგრამ ჩვენ ასეთი სალოსობა არ გვჭირდება, ჩვენ ხომ არავინ გვაქებს და გვადიდებს". 


ნაწყვეტი

,,საუბარი იესოს ლოცვაზე’’


Комментариев нет:

Отправить комментарий