ღმერთი

ღმერთი

пятница, 16 августа 2013 г.

მართლმადიდებლური სამყარო და მასონობა.თავები 18-24

თავები 18-24

18. პეტრე I-ის მეფობა; 19. ანნა იოანეს ასულის დედოფლობა; 20. ელიზავეტა პეტრეს ასულის დედოფლობა; 21. ეკატერინე II-ის დედოფლობა; 22. ალექსანდრე I-ის მეფობა; 23. იმპერატორების, ნიკოლოზ I-ისა და ალექსანდრე II-ს მეფობა; 24. იმპერატორების ალექსანდრე III-ს და ნიკოლოზ II-ს მეფობა;


18. პეტრე I-ის მეფობა

ეს მეფე დასაბამს აძლევს, როგორც ძველი, ასევე ახალი წეს-ჩვეულებების მიმდევარ მართლმადიდებელთა ღია და ფარულ დევნას. პეტრე I-ის გამეფებით უცხოელი მასონები რუსეთის სახელმწიფოში იკავებენ გაბატონებულ მდგომარეობას. უცხოელთა ზეგავლენით პეტრე ზურგს აქცევს მართლმადიდებლობას, მის ყოფას, ზნეობას, საკუთარი ხალხის წარსულს და უდიდესი სიმპათიით იმსჭვალება ყოველივე უცხოურის მიმართ. პეტრე ითავისებს მასონურ პრინციპებს და თვითონაც მასონი ხდება.

რუსეთის მასონი იმპერატორი პეტრე I


 "საჯარო ბიბლიოთეკის ერთ ერთ ხელნაწერში ნათქვამია, რომ პატრემ მიიღო წმ. ანდრიას შოტლანდიური ხარისხი, თანაც აიღო ვალდებულება, რომ აღადგენდა ამ ორდენს რუსეთში, რაც აღასრულა კიდეც აქ წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენის დაარსებით (1968 წ.). პეტრემ მოსასხამს მწვანე ფერი დაუტოვა, მაგრამ ლენტი ცისფერი აირჩია. მისი წერილობითი თანხმობა და ვალდებულებები, რომელიც მან ორდენის წინაშე აიღო, არსებობდა იმავე ლოჟაში, სადაც ის მიიღეს, რაც ცნობილი იყო მრავალი ადამიანისთვის". მასონ ლანსკის ხელნაწერებში არსებობს ნაცრისფერი ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც დაწერილია ასეთი შეტყობინება: "იმპერატორი პეტრე I და ლეფორტი ჰოლანდიაში ტამპლიერთა ორდენში მიიღეს" (Вернадский. Русское масонство в царствование Екатерины II). საჯარო ბიბლიოთეკის ხელნაწერში (1816 წ.), რომლის სახელწოდებაა: "ფილოსოფოსთა შეხედულება საფრანგეთის რევოლუციის შესახებ", მითითებულია, რომ მასონობა არსებობდა "მეფე ალექსი მიხეილის ძის დროს და ბრიუსი იყო მისი დიდოსტატი, ხოლო მეფე პეტრე I მისი პირველი ზედამხედველი, შემდეგ კი კეიტის დიდოსტატი გახდა" (А. Н. Пынин. Русское масонство XVIII и первая четверть XIX в.). 

სარგებლობენ რა მეფის მხარდაჭერით, უცხოელი-პროტესტანტები აბსოლუტურად თავისუფლად და დაუსჯელად ავრცელებენ საკუთარი სწავლებას. გაბატონებული მართლმადიდებელი ეკლესია გადადის მეორე პლანზე და თანდათანობით დევნილ ეკლესიად იქცევა. მეფის ქმედითი მონაწილეობით იქმნება "ყოვლადმასხრული კრება" (Всешутейший Собор), რომლის მონაწილეები მკრეხელურად დასცინიან და აგინებენ მართლმადიდებელ ეკლესიას. საეკლესიო და მონასტრული ცხოვრების გასწორების საბაბით გამოდის მთელი რიგი განკარგულებები, რომელიც ზღუდავს სინდისის თავისუფლებას და მართლმადიდებელ ქრისტეანთა ეკლესიურ ცხოვრებას. 

ფართოდ არის გაჩაღებული ბრძოლა "განგრენის", ანუ ბერ-მონაზვნობის აღმოსაფხვრელად და "უსაქმურ-ბერთა" დასაშლელად. ეკლესიებსა და მონასტრებს ართმევენ ქონებას, ბერებსა და მღვდელმსახურებს უწყვიტავენ ყოველგვარ დახმარებას და ფაქტობრივად მოშიმშილეთა მდგომარეობაში გადაჰყავთ. იკრძალება სახლებში ხატების შენახვა, ტაძრების მშენებლობა, შემოწირულობის შეგროვება ტაძრების ასაშენებლად, ზარების ჩამოსასხმელად და სალოცავების მოსაწყობად; იკრძალება წმ. არტოსისა და აიაზმის შენახვა და ა. შ. იზღუდება რელიგიური თავისუფლება. დევნიან არა მარტო ახალი წესების მიმღებ მართლმადიდებლებს, არამედ ძველმოწესეებსაც. პეტრე I-მა მართლმადიდებელი ეკლესია დაადუმა. იმ დროს, როდესაც მართლმადიდებლებს ეკრძალებათ პროტესტანტული მწვალებლობის უარმყოფელი საკუთარი წიგნების გამოცემა და გავრცელება, პროტესტანტები აქტიურად ბეჭდავენ და ავრცელებენ საკუთარ ანტიმართლმადიდებლურ ლიტერატურას. მორალურად დამცირებული და ეკონომიკურად დაცემული მართლმადიდებლური ეკლესია ღარიბდება და უძლურდება.

მასონი პროტესტანტები პეტრე I-ს შთააგონებენ გააუქმოს პატრიარქობა, თავი წააცალოს ეკლესიას და ის ბიუროკრატიულ დაწესებულებას დაუქვემდებაროს, რომელსაც ობერ-პროკურორის თანამდებობის საერო ჩინოვნიკი უხელმძღვანელებდა. ამით ეკლესიის ავტორიტეტი კიდევ უფრო უნდა დაცემულიყო ერის თვალში. საეკლესიო ცხოვრების ბიუროკრატიული მოწყობა კლავს კრებით საწყისს. დაიშალა მეფისა და პატრიარქის "ღმრთივკურთხეული, ღმრთივგანბრძნობილი და ნაკურთხი" ერთობა. აღზევდა რუსეთის ისტორიისა და მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხო, მასონური იდეა - ეკლესიის გამოყოფისა სახელმწიფოსგან. სამეფო ხელისუფლება ეკლესიისგან მორალურად მოწყვეტილი და განმარტოებული გახდა. შეირყა სამეფო ხელისუფლების რელიგიური საფუძვლები. პეტრეს ეპოქა გამანადგურებელ დარტყმას აყენებს თვითმპყრობელობას. სამეფოსა და ეკლესიის განუყოფლობის ბიზანტიური ტრადიცია, საკურთხევლისა და ტახტის უმჭიდროვესი კავშირი, დაირღვა.

"დაამცირა რა ეკლესია ერის თვალში, - ბრძანებს ლევ ტიხომიროვი, - პეტრემ ერთ ერთი უღრმესი და მაცოცხლებელი ფესვი მოსჭრა, რომელზეც იდგა, იზრდებოდა და ვითარდებოდა თვითმპყრობელობა" (Лев Тихомиров. Монархическая государственность). პეტრე I მეფობისას მართლმადიდებლური მონარქია კვდება და განათლებული აბსოლუტიზმის ფორმით იბადება ახალი ტიპის სახელმწიფო - ევროპული მონარქია.


19. ანნა იოანეს ასულის მეფობა

პეტრე I-ის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფოს პოლიტიკა ეკლესიის მიმართ არ იცვლება. გულგრილი და უპატივცემო დამოკიდებულება, ასევე ეკლესიის დევნა კი არ მცირდება, არამედ უფრო ძლიერდება. იცვლება მხოლოდ ამ დევნის ფორმები, რომლებმაც ანნა იოანეს ასულის დროს თავის აპოგეას მიაღწია. პროტესტანტმა მასონებმა დაიპყრეს მთელი ძალაუფლება სახლმწიფოში. პროტესტანიზმი გაბატონებული რელიგია ხდება. პროტესტანტთა წინააღმდეგ ყოველი გამოსვლა განიხილებოდა როგორც უმძიმესი სახელმწიფო დანაშაული. მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს საიდუმლო კანცელარიაში ამწყვდევდნენ, ტანჯავდნენ ბატონყმურ კაზემატებში, საცხოვრებლად ასახლებდნენ ციმბირის ცივ და უღრან ტყეებში მხოლოდ იმისთვის, რომ მათ არ სურდათ გადაეხვიათ თავიანთი სარწმუნოებისთვის. არ ჰქონდა ზღვარი ადგილობრივ ხელისუფალთა თვითნებობას: მღვდელმსახურებს აპატიმრებდნენ, ცემდნენ და აკისრებდნენ უმძიმეს ვალდებულებებს. უგულებელჰყოფდნენ მღვდელმსახურთა უფლებებს და მათ სამწყემსმთავრო უფლებამოსილებას. ზოგიერთი მონასტერი გაპარტახდა: სამონასტრო მამულებს, სამღვდელმთავრო მამულებთან ერთად ისეთი მძიმე გადასახადები დააკისრეს, რომ ისინი უბრალოდ გააკოტრეს.

როგორც პეტრე I-ის დროს, ასევე ახლაც, უსასტიკესი სასჯელების მუქარით, მონასტრებში, დაწესებული რაოდენობის გარდა, ბერების აღკვეცა იკრძალება. ამის შედეგად თითქმის ყველგან ორმაგად შემცირდა ბერ-მონაზონთა რაოდენობა. თუკი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში მათი რაოდენობა 25 ათასს აღწევდა (ბერები - 14 543, მონაზვნები - 10 673), ანნა იოანეს ასულის მეფობის მიწურულს მათი რაოდენობა უკვე 14 282 -მდე (ბერები - 7829 და მონაზვნები - 6453) შემცირდა. მასონური ტერორის გამო მართლმადიდებელი ეკლესია მდუმარებამ მოიცვა. სტეფანე იავორსკის ანტიპროტესტანტული თხზულების "ლოდი სარწმუნოებისა" ("Камень веры") გამოცემის გამო სასტიკად დასაჯეს ტვერის არქიეპისკოპოსი თეოფილაქტე ლოპატინსკი. პროტესტანტთა პრივილეგირებულმა მდგომარეობამ შესაძლებლობა მისცა მათ სრული ძალით ექადაგათ თავიანთი მწვალებლობა.

"ავადმოსაგონარ დროებაში, - ნათქვამია ნოვგოროდის მიტროპოლიტ დიმიტრი სეჩენოვის 1742 წ., ხარების დღესასწაულზე წარმოთქმულ სიტყვაში, - ჩვენმა მტრებმა ისე წამოსწიეს თავი, რომ გაბედეს წმ. ქრისტეანული სარწმუნოების დოგმატების შერყვნა: ჩვენი ცხოვნების შუამავალს არ მოუწოდებდნენ და მის შემწეობას არ აღიარებდნენ; ღმრთის წმინდანებს პატივს არ მიაგებდნენ; წმიდა ხატებს თაყვანს არ სცემდნენ; შეურაცხყოფდნენ წმ. და პატიოსან ჯვარს, ხოლო მოციქულთა გადმოცემებსა და წმიდა მამებს უარყოფდნენ; განუდგებოდნენ კეთილ საქმეებს, რომლითაც მოიპოვება ცათა სასუფეველი; წმიდა მარხვის დროს ხორცს ჭამდნენ, ხოლო ხორცის დათრგუნვის გაგონებაც კი არ სურდათ; მიცვალებულთა მოხსენიებისას იცინოდნენ, რადგან გეჰენიის არსებობისა არ სწამდათ". სასულიერო პირთა დატერორებამ საშინელი გაპარტახება გამოიწვია მათ რიგებში. მღვდელმსახურთა არარსებობის გამო დაიხურა მრავალი ეკლესია, სასულიერო სკოლებს კი მოძღვრები და მასწავლებლები მოაკლდა.

მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლაში თავი გამოიჩინეს არა მარტო უცხოელებმა, არამედ რუსეთის გამოჩენილმა და თვალსაჩინო ადამიანებმაც, მაგალითად: თეოფანე პროკოპოვიჩმა, ტატიშჩევმა და თავადმა ანტიოქ კანტემირმა, რომლებიც რელიგიის, სასულიერო წოდებისა და ყველა საღმრთო დაწესების წინააღმდეგ მიმართულ მასონურ ლიტერატურაზე აღიზარდნენ.


20. ელიზავეტა პეტრეს ასულის მეფობა

  ღმრთისმოშიში დედოფალი ელიზავეტა პეტრეს ასული მხარს უჭერს დევნილ და დამცირებულ მართლმადიდებელ ეკლესიას. მართლმადიდებლობა მცირედ ამოისუნთქებს და მოიშუშებს მიყენებულ დარტყმებსა და ჭრილობებს, რომელიც ანნა იოანეს ასულის მმართველობის დროს მიაყენეს. მაგრამ მწიფდება ახალი უბედურება: აშკარა დევნა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, მასონობის პროპაგანდით იცვლება, რომელიც იმპერატრიცა ელიზავეტას ფავორიტისა და მასონის, ი. ი. შუვალოვის მფარველობით დიდ ძალად გარდაიქმნება.

ყალიბდება მასონური საზოგადოება. მასონური ორდენის ქსელში ეხვევა რუსეთის ინტელიგენციის მრავალი თვალსაჩინო წარმომადგენელი, მაგ.: მალესინო, მწერლები: სვისტუნოვი, ბოლტინი, ფიოდორ მამონოვი, თავადი შერბატოვი, სუმარკოვი, მსახიობი ვოლკოვი და სხვები, რომლებმაც მეცნიერების, ლიტერატურის და თეატრის მეშვეობით დაიწყეს მასონობის პროპაგანდა.

"ფარმაზონები" (Фармазоны), როგორც მაშინ მასონებს უწოდებდნენ, უღმრთოებისა და თავისუფლად მოაზროვნეობის სიმბოლოები გახდნენ. მასონები, - იმ ეპოქის თანამედროვეთა მოსწრებული შენიშვნით, - "ანტიქრისტეს მონები", სარწმუნოებისგან განდგომილნი, ერეტიკოსები და ღმრთისმგმობელნი იყვნენ, რომელთათვისაც არაფერი იყო წმიდა.

თავისუფალი აზროვნება, ორივე დედაქალაქიდან დაწყებული მიყრუებული პროვინციებით დამთავრებული, რუსულ, ელიზავეტინურ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა. მასონობის შხამმა მოწამლა რუსული მოწინავე საზოგადოება. ბნელი მსოფლიო ძალა ღრმად უშვებს თავის ფესვებს რუსულ ცხოვრებაში.


21. ეკატერინე II-ის მეფობა

ეკატერინე II გამეფებით რუსეთში დასაბამი ეძლევა მასონობის ოქროს საუკუნეს. სახელმწიფო ძალაუფლება მასონების ხელში გადადის. ტარდება აშკარად ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკა. მთავრობის ხელმძღვანელები წმ. სინოდის ობერ-პროკურორების და ამავე დროს აშკარა მასონებისა და უღმერთოების: მელესინოსა და ჩებიშევის სახით, 10 წლის განმავლობაში ეწეოდნენ მასონობის პროპაგანდას, თანაც, მელესინო "ცოცხალი ეკლესიის" შექმნის პროექტს აყენებდა, ხოლო ჩებიშევი უღმერთობას ქადაგებდა.

  მასონობის ზეგავლენით გამოიცა განკარგულება საეკლესიო ადგილ-მამულების ჩამორთმევის შესახებ, რამაც სრულიად გააპარტახა სამონასტრო ცხოვრება და დახურა მართლმადიდებლურ მონასტერთა 4/5. მასონური თავდასხმების წინააღმდეგ გამოსულმა მიტროპოლიტმა არსენ მაცევიჩმა სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა. სამონასტრო ადგილ-მამულების ჩამორთმევამ ეპარქიები უმძიმეს და თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დაინგრა საკათდერო ტაძრები, მღვდელმთავართა სახლები და თვით ეპარქიებიც კი. ეკატერინე II-ის პერიოდი, მართლმადიდებელი ეკლესიის სასტიკი დევნის პერიოდია.

სასტიკად იდევნებოდნენ, როგორც ძველი, ისე ახალი მართლმადიდებლური წეს-ჩვეულებების მიმდევრები, მართლმადიდებლობის მტრები კი სრული თავისუფლებით სარგებლობდნენ. მასონობა აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, ქადაგებდა აშკარა ათეიზმს და პოპულარიზაციას უწევდა ისეთი მასონების თხზულებებს, როგორებიც იყვნენ ვოლტერი, დიდრო, დ'ალამბერი; ქადაგებდნენ არაჯანსაღ მისტიციზმს სენ-მარტენის და სხვათა სულისკვეთებით; დისკრედიტაციას უწევდნენ სამღვდელოებას და მის წინააღმდეგ საზოგადოებაში მტრულ განწყობას ქმნიდნენ. უარყოფდნენ რა ეკლესიასა და მის საიდუმლოებებს, მასონებმა დააფუძნეს საკუთარი ეკლესია, ააშენეს საკუთარი ტაძრები, ჩამოაყალიბეს საკუთარი რიტუალები, ააგეს საყდრები, სამსხვერპლოები, შექმნეს თავიანთი შესამოსელი. მასონები აცხადებდნენ, რომ მიისწრაფვოდნენ გაბატონებული ეკლესიის დისციპლინისა და რეგლამენტაციისგან გათავისუფლებისკენ, რათა ჩამოეყალიბებინათ თავიანთი საეკლესიო ერთობა, რომელიც ოფიციალური "დოქტრინებისგან" დამოუკიდებელი იქნებოდა და რელიგიური მოქმედებისთვის ფართო გასაქანი მიეცემოდა.

მასონები მიისწრაფვოდნენ შეექმნათ საკუთარი "მცირე ეკლესია". ანტიმართლმადიდებლურ მუშაობას ეწეოდნენ ჩვენი პროფესორები და მეცნიერები, რომლებიც მტკიცედ დაიპყრეს მასონებმა. კერძოდ, მწერალი-მასონები: ფონვიზინი, ხერასკოვი, რადიშჩევი, ნოვიკოვი და მათი მიმდევრები, ასევე ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი, რომელიც 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის უღმრთო იდეების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.


22. ალექსანდრე I-ის მეფობა

მცირედი შესვენების შემდეგ, რომელიც იმპერატორ პავლე პეტრეს ძის მეფობის დროს მიეცა მართლმადიდებელ ეკლესიას, ჰორიზონტზე კვლავ შავი ღრუბლები ჩამოწვა. იმპერატორ ალექსანდრე პავლეს ძის რელიგიურ გრძნობებზე ზემოქმედებით, მასონებმა მუშაობა დაიწყეს მართლმადიდებელი ეკლესიის გახრწნისათვის და მისტიკური, "შინაგანი ეკლესიის" შესაქმნისკენ მიმართეს თავიანთი მოქმედება.

  იმპერატორი ალექსანდრე პავლეს ძე მასონთა გარემოცვაში ექცევა. მასონები მას აზიარებენ კვაკერების, მორავიელი ძმების, სკოპცებისა და სხვათა, ანუ ყველა მიმართულების სექტისა და მასონი მქადაგებლის მოძღვრებას. მასონები რ. ა. კოშელევი და თავადი ა. ნ. გოლიცინი ხელს უწყობდნე ბიბლიური საზოგადოების შექმნას, რომელიც მოყვასისადმი სიყვარულსა და ღმრთის სიტყვის ქადაგებას ამოფარებული, რელიგიისა და სახელმწიფო წყობილების საწინააღმდეგო წიგნებს ავრცელებდა. ბიბლიური საზოგადოების უმთავრესი ხელმძღვანელები ძირითადად მასონური ლოჟების წევრები იყვნენ, რომლებიც მართლმადიდებლობის, ეკლესიისა და საეკლესიო წეს-ჩვეულებების უარყოფას ქადაგებდნენ. რუსულ საზოგადოებაში ფართო გავრცელება ჰპოვა მასონ მისტიკოსთა: ბემეს, სენ-მარტენის, სვედენბორგისა და სხვათა ნაშრომებმა. 1824 წელს გამოჩნდა სახარების მკრეხელური განმარტება, რომელიც რუსულმა ბიბლიურმა საზოგადოებამ გამოსცა. ეს თხზულება მიზნად ისახავდა ეკლესიისა და საყდრის გმობას. წიგნების გამოცემის გარდა, რომელიც მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული, მიმდინარეობდა უცხოური რელიგიური პროპაგანდა; ღიად ქადაგებდნენ პროტესტანტიზმს, - მასონობის საყვარელ მწვალებლობას. მეთოდისტები და სხვა სექტანტები საკუთარ ღვარძლს თესავდნენ რუსულ ნიადაგზე და მართლმადიდებელთა შორის მწვალებლობას ავრცელებდნენ. მასონ სპერანსკის მოწვევით რუსეთში ჩამოვიდა თვით პაპი მასონობისა ფესლერი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის დანგრევის საქმეს ხელმძღვანელობდა. მასონობით დასნებოვნებული რუსული საზოგადოება გაგიჟდა. გაბატონდა სკეპტიციზმი, ურწმუნოება და მებრძოლი ათეიზმი. არქიმანდრიტი ფოტი ასე აღწერს ამ ეპოქას: "მართლმადიდებლობის წინააღმდეგ აშკარად სწარმოებდა ომი სიტყვით, საქმით, წერილით და ყოველი სხვა საშუალებით. ამზადებდნენ რაღაც ბიბლიურ რელიგიას, ნაზავ სარწმუნოებას, ქრისტეს მართლმადიდებლური რწმენა კი იდევნებოდა". 


მართლმადიდებლური სამღვდელოება დუმდა. შუძლებელი იყო გადმოღვრილი ბოროტებისადმი წინააღმდეგობა, რომელიც მთელს რუსეთს წალეკვას უქადდა. ამა სოფლის ძლიერნი მასონობის ყურმოჭრილი მონები იყვნენ. მეფე, რომელსაც ბიბლიური საზოგადოების შესახებ ყალბ ინფორმაციებს თავადი გოლიცინი აწვდიდა, უდიდეს მფარველობას უწევდა ამ ორგანიზაციას.

მასონობის წინააღმდეგ უშიშრად და მედგრად გაილაშქრა არქიმანდრიტმა ფოტიმ. მან თვალი აუხილა მეფეს მასონთა ბნელ საქმეებზე და ცალკეულ მასონთა როლზე რუსული საზოგადოების გაწარმართებისა და გახწნის საქმეში. მან დაანახა ვინ იყვნენ სინამდვილეში თავადი გოლიცინი, კოშელევი, პოპოვი, რუნიჩი და ტურგენევი, რომლებიც მეთოდურად ანგრევდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას.

მასონობის დაუფარავი მხილებით არქიმანდრიტმა ფოტიმ იმას მიაღწია, რომ ყველა მასონური ლოჟა და სასულიერო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც თავადი გოლიცინი მეთაურობდა, მალე დაიხურა. მასონებს აუწყეს, რომ უნდა დაეტოვებინათ რუსეთის ტერიტორია და მართლმადიდებლობის მხურვალე დამცველის, არქიმანდრიტ ფოტის განცხადებით: "უკეთურება შეწყდა, ღმრთის მგმობელი ეშმაკის არმია დამარცხდა, მწვალებლობათა და სქიზმათა ენამ დაიდუმა, ღმრთის მტერთა საზოგადოებანი, ვითარცა ჯოჯოხეთი შეიმუსრა".

მასონობას სერიზული და გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს.

მასონთა ბნელი ძალა დამარცხდა, მაგრამ არა საბოლოოდ. "ღამის ძმობა" იატაქვეშეთში გადაბარგდა, რათა ხელსაყრელი პირობების დადგომისას კვლავ გამოსულიყო ღმრთისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.



23. იმპერატორების ნიკოლოზ I-სა და ალექსანდრე II-ის მმართველობა

ამ მეფობათა პერიოდში ინტელიგენციის ცნობიერებას უღმრთო ფილოსოფიური განწყობილება ეუფლება, რომელიც მართლმადიდებლობას მტრობდა. გაბატონდა შელინგისა და ჰეგელის პანთეიზმი, რომელიც ქრისტეანულ რელიგიას ადამიანის ცნობიერებაში აბსოლუტური იდეის გახსნისათვის საჭირო გარდამავალ ფორმად განიხილავდა. დაახლოებით 1840 წელს პანთეიზმი კანტის, ლიტრეს და სპენსერის პოზიტიურმა ფილოსოფიამ შეცვალა, რომელიც ყოველგვარ რელიგიურ მსოფლმხედველობას კაცობრიობის გონებრივი ცხოვრების დრომოჭმულ სტადიად მიიჩნევდა და რომელიც პოზიტიური ცოდნით უნდა შეცვლილიყო.


      

ნიკოლოზ I (მარცხნივ) და ალექსანდრე II (მარჯვნივ)

1840 წლიდან დაიწყო მატერიალიზმის (ფოერბახი, ბიუჰნერი, მოლეშოტი, ფოჰტი) და სენ-სიმონის, ლასალის, კარლ მარქსისა და სხვათა სოციალიზმის ქადაგება, მათთან მიბმული კომუნისტური და ეგოისტური მორალით. იწყება ახალგაზრდობის გეგმაზომიერი მომზადება რევოლუციურ-სოციალისტური სულისკვეთებით. აღმოცენდა პეტრაშეველთა წრე, რომელიც სოციალ-უტოპისტებისა და მასონების: სენ-სიმონის, ფურიეს და ლუი ბლანის იდეებით იყო გატაცებული. ნიჰილიზმი, როგორც ყველაფრის უარყოფა, გაბატონებული მიმართულება ხდება და ინტელიგენციის გონებას იპყრობს. მიმდინარეობს ყოველგვარი რელიგიურობისგან, ყოფითი და ოჯახური "ცრურწმენებისგან" პიროვნებისა და ადამიანური აზროვნების გათავისუფლების პროპაგანდა. 1840-დან 1860 წლების პერიოდში, ანუ მთელი 20 წლის განმავლობაში, რუსულ საზოგადოებაში ვრცელდება შტრაუსის ანტიქრისტეანული თხზულება "ქრისტეს ცხოვრება", რომელიც მოწინავე-რადიკალური ინტელიგენციის სამაგიდო წიგნი ხდება. მიტროპოლიტი ფილარეტი წუხილით შენიშნავს, რომ ამ მკრეხელურ თხზულებებს მისი თანამედროვე გამომცემლობები ავრცელებენ.

იმპერატორ ალექსანდრე II-ის მეფობის მიწურულს შეიქმნა უღმერთობის მწყობრი ფილოსოფია და მომზადდა მებრძოლ ათეისტთა კადრები. რუსმა მასონებმა გაამართლეს მსოფლიო მასონურ ორდენთა ნდობა. მათ პატიოსნად აღასრულეს მათთვის მიცემული დავალება: რაციონალიზმიდან (ქრისტეს ღვთაებრიობის უარყოფიდან), პანთეიზმის გავლით (რომელიც უარყოფს ღმრთის პიროვნებას) ათეიზმისკენ (ღმრთის არსებობის უარყოფა).

ათეიზმის პროპაგანდას პოლიტიკური და სოციალური იდეებიც ენაცვლებოდა. ლიბერალები "შენობის დასაგვირგვინებლად", ანუ კონსტიტუციური მონარქიისთვის იბრძოდნენ; რადიკალები - დემოკრატიული რესპუბლიკისთვის, სოციალისტები კი - სოციალისტური რევოლუციისთვის. ბაკუნინი, გერცენი და ნეჩაევი სისხლიან სოციალისტური გადატრიალებას ქადაგებდნენ, რომელსა უნდა დაემარხა "ეს მოძველებული სამყარო, რომელიც ავიწროებს ახალ ადამიანს, ხელს უშლის მას იცხოვროს და ჰქონდეს ბედნიერი და ბრწყინვალე მომავალი".



24.ალექსანდრე III-სა და ნიკოლოზ II-ის მეფობა.

ეს მეფობანი ამთავრებენ მასონთა მუშაობის ორასწლოვან პერიოდს პეტრე I-დან ვიდრე ნიკოლოზ II-მდე. სკეპტიციზმისა და ურწმუნოების მასონური იდეები, რომლებიც უმაღლეს არისტოკრატიულ საზოგადოებაში ბატონობდა, აქედან გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში შეიჭრა; პრესის მეშვეობით გავრცელდა ინტელიგენციის სხვადასხვა ფენებში, აქედან კი სახალხო მასებში. საშინელ დამანგრეველ მუშაობას აწარმოებდა მწვალებელი ტოლსტოის თხზულებები, რომელსაც, მის თანამედროვეთა შენიშვნით "ანტიქრისტეს ბეჭედი აზის".

                       
                              
 ალექსანდრე III (მარცხნივ) და ნიკოლოზ II (მარჯვნივ)

ცხრაასიან წლებს შეიძლება ანტიქრისტეანულ ძალთა დაძაბული მუშაობის მაქსიმუმი ვუწოდოთ. ტოლსტოვშჩინა, სოციალიზმი და სექტანტობა, თუმც სხვადასხვა გზით, მაგრამ მაინც ერთად მიდიოდნენ განსაზღვრული მიზნისკენ - მართლმადიდებლური სარწმუნოების ამოძირკვისკენ, ხოლო რევოლუციის დახმარებით რუსეთის სახელმწიფოს დანგრევისკენ.

ცხრაასიანი წლები - ეს არის მებრძოლი ათეიზმის ერა ლოზუნგით: "რელიგია - ხალხის ოპიუმია", "ღმერთი - მღვდლების გამოგონილია", "ქრისტეანობა - მონების რელიგიაა", "რელიგიური მორალი და სირცხვილი - ბურჟუაზიული ცრურწმენაა". მზადებამ 1917 წლის "უდიდესი, უსისხლო რევოლუციისთვის" უდიდესი წარმატებით ჩაიარა. ერში შეირყა მართლმადიდებლური სარწმუნოება, დისკრედიტირებულ იქნა საეკლესიო იერარქია და მთელი სასულიერო დასი, ინტელიგენცია განუდგა ეკლესიას და თან ხალხიც გაიყოლა, რომელსაც უბედნიერესი მომავალი და მიწიერი სამოთხე აღუთქვა.

რელიგიური გრძნობის დაცემით ერმა დაკარგა, როგორც ეროვნული, ასევე სახელმწიფოებრივი თვითშეგნება და პატრიოტიზმი. რუსეთი დაცემისა და გახრწნისათვის გაიწირა.

ამგვარად, სასიკვდილო განაჩენი რუსეთს 1917 წლის რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე გამოუტანეს.


apocalypse.ge                   

Комментариев нет:

Отправить комментарий