ღმერთი

ღმერთი

пятница, 16 августа 2013 г.

მართლმადიდებლური სამყარო და მასონობა.34.

34. ნ. კ. რერიხი

ნ. კ. რერიხმა ცოლთან და შვილთან ერთად ჯერ კიდევ კერენსკის დროს დატოვა რუსეთი. ის რუსეთიდან გავიდა ყოველგვარი სახსრების გარეშე, მაგრამ ძალზედ მალე ხდება ცნობილი და მდიდარი ადამიანი. თავის აღზევებას რერიხი მასონობას უნდა უმადლოდეს.

უცხოეთში რერიხი წევრიანდება მასონურ ორგანიზაციაში, კერძოდ - თეოსოფთა საზოგადოებაში.

"მე, - წერს კრიმოვი, რომელიც 1919 წ. რერიხთან ერთად ცხოვრობდა ლონდონში, - ხშირად ვესწრებოდა რერიხის სპირიტუალურ სეანსებს და ვიცი ეს ტრაგიკომიკური ისტორია. რერიხის ცოლი და მისი ორი შვილი, რომლებიც 1919 წ. ლონდონში ცხოვრობდნენ, მელანქოლიაში ჩავარდნილი თავიანთი მამა რომ გაემხიარულებინათ, სპირიტულ სეანსებზე დაიწყეს მისი ტარება... რერიხების ოჯახი სპირიტულ სეანსებს ატარებდა ჩემს ბინაში, დღემდე მამხიარულებს ამ ამბის გახსენება... და კიდევ... რუსი მხატვარი ნიკოლაი რერიხი დღეს უკვე თეოსოფი, სპირიტუალისტი და ტიბეტელი ბრძენკაცია..." (В. Крымов. Люди в паутине, стр. 209).

ლონდონიდან რერიხი გადავიდა ამერიკაში, სადაც მან და მისმა ცოლმა საკმაოდ მაღალ რეიტინგს მიაღწიეს თეოსოფთა შორის. 1926 წ. ნიუ-იორკის თეოსოფიური საზოგადოება რერიხს აგზავნის საბჭოთა კავშირის თეოსოფთა ყრილობაზე რათა იქ, საბჭოთა მთავრობასთან განიხილოს რომელიღაც 10 პუნქტი. აქედან რვაზე შეთანხმება მიღწეულ იქნა, ხოლო ორი შეიცვალა საბჭოთა მთავრობის სურვილის მიხედვით. ამის შემდეგ საბჭოთა მთავრობა ხელს უწყობს რერიხის გამგზავრებას უგრუში და ეხმარება მას მოგზაურობაში გობის გავლით. მოსკოვი რადიოთი სთხოვს ფინ-იუნ-სიანს ხელი შეუწყოს რერიხის ექსპედიციას, რომელიც აქლემებზე ამხედრებული მოგზაურობს უგრისა და გობის გავლით მთა სუჯოუსკენ (ჩრდ. კანსუ), შემდეგ კი ტიბეტში.

რერიხის ცოლი, ელენა ივანოვნა, რომელიც ადიარში ცხოვრობდა, წარმოადგენდა "თეოსოფიის მადონას", რომლის უმაღლეს თეოსოფიურ-მასონურ ხარისხში განდობის შემდეგ, გადავიდა ანი ბეზანტთან. ანი ბეზანტამდე ის დაახლოებული იყო ბლავატსკაიასთან.

რაც შეეხება თვით რერიხის საქმიანობას, ეს იყო ჩვეულებრივი მასონური სამუშაო, და არც მის შემოქმედებაში და არც ფილოსოფიურ სქემებში ახალი ან ორიგინალური არაფერი შეიმჩნევა.

ნიჭიერი მხატვარი, როგორიც რუსეთსა და ემიგრაციაში საკმაოდ მრავალია, რერიხი მასონობის მოსურვებით და ბრძანებით მსოფლიო მნიშვნელობის მხატვრად იქცევა. აქ მთელი არსი განდიდებული ადამიანის ტალანტსა და უნარებში კი არ არის, არამედ მის გამოსადეგობაში მასონური მიზნებისთვის; აქ საჭიროა მხოლოდ ტალანტის გარკვეულ დონეზე არსებობა, რათა ხელმოსაჭიდი მიზეზი არსებობდეს განდიდებისთვის: დანარჩენს გააკეთებენ რეკლამა და ფული.

პატივმოყვარე და ვერცხლისმოყვარე, სრული ეგოისტი და დიდი მასშტაბის ავანტიურისტი, რერიხი ყველაზე გამოსადეგი ფიგურა აღმოჩნდა ბნელი მასონური თამაშებისთვის. თავიდან ის პოპულარული გახადეს აშშ-ში, რომლის შემდეგ "ამერიკის მეგობარი", როგორც უწოდებდნენ ნ. კ. რერიხს ამერიკაში, აფუძნებს "გაერთიანებული ხელოვნების ინსტიტუტს" და "მუნდის გვირგვინს" - საერთაშორისო ხელოვნების ცენტრს. 1924 წლის 24 მარტს ნიუ-იორკში გაიხსნა რერიხის სახელობის ინსტიტუტი, რომელსაც ერქვა "ოსტატის სახლი" და სადაც განთავსებული იყო მისი ტილოები, რომელთა რაოდენობა უკვე რამოდენიმე ასეულს აღწევდა.

1924 წლის 7 მაისს რერიხი აფუძნებს გამომცემლობა "ალატასს" (ციმბირული სიტყვა, რომელიც ნიშნავს "თეთრ ქვას"). მაგრამ განსაკუთრებული დიდება და პოპულარობა რერიხმა აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ მოიპოვა. ეს ექსპედიცია მან ამერიკელთა დაფინანსებით და მათივე სურვილით მოაწყო.

ამავედროულად ის იყო როზენკრეიცერთა ძველი (ანტიკური) მისტიკური ორდენის, ე. წ. "დიდი თეთრი ძმობის" ლეგატი და მასონობაში იკავებს საკმაოდ თვალსაჩინო ადგილს, ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია, რომ ჰპოვებს საკმაოდ ვრცელ და ენერგიულ მხარდაჭერას მსოფლიო მასონობის მხრიდან, განსაკუთრებით ამერიკული და ფრანგული მასონობისგან. ამერიკული მასონობის ბრძანებით მას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს ისეთი მსოფლიო მასონური ორგანიზაცია, როგორიცა YMCA, რომლის საპატიო მრჩევლადაც იყო არჩეული. ხოლო საფრანგეთის მასონობის უზენაესმა ორგანომ - საფრანგეთის დიდმა აღმოსავლეთმა - პაციფიზმის პროპაგანდისთვის რერიხი საპატიო ლეგიონერის ორდენითაც დააჯილდოვა. რერიხის პაქტი მიიღეს მსოფლიო მასონურმა არეოპაგმა - ერთა ლიგამ, ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა მასაკირიმ, ასევე მასონებმა მეტერლინკმა, აინშტაინმა, რაბინდრანათ თაგორმა და სხვებმა.

რერიხის მთელი პოპულარობა ეფუძნება მასონობისადმი მის კუთვნილებას, და თავისუფალ ქვისმთლელთა დახმარების გარეშე ის ვერასოდეს იქნებოდა ისეთი პოპულარული და სახელგანთქმული, როგორიც ახლაა.

მაგრამ აირჩია რა თავის ფავოტირად, მასონობა რერიხისგან ითხოვს მუშაობას და აგზავნის მას იქ, სადაც მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია თავისი ბატონისთვის.

და რერიხიც მუშაობს... თავისი ბუნდოვანი და უაზრო მსჯელობებით, რომელიც ოდენ მასონი "ძმებისთვის" თუ იყო გასაგები, ის ასრულებს მისდამი დაკისრებულ მოვალეობებს, რომელთა მასონურ ხასიათში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. მისი საქმიანობის უფრო დეტალური განხილვა ააშკარავებს, რომ:


1. რელიგიურ სფეროში რერიხი ქადაგებს რელიგიურ გულგრილობას და ყველა რელიგიათა სინთეზს, სადაც მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მის სწავლებებს უთანაბრებს სექტებისა და წარმართობის ბოდვებს.

1926 წელს რერიხის რეკომენდაციითა და დახმარებით გამოიცა წიგნი "აღმოსავლეთის ბარძიმი", რომელიც ერთ-ერთი უდიდესი მახატმის, ანუ ჰიმალაელი "წმინდანის" მიერ არის დაწერილი და რომელშიც გადმოცემულია რერიხის მთელი აღმსარებლობა.

"არც ჩვენი ფილოსოფია და არც ჩვენ არ გვწამს ღმერთის, ყველაზე ნაკლებად კი იმისა, ვისი ნაცვალსახელიც დიდი ასოთი დაწერას ითხოვს" (გვ. 23)

ამგვარი მსჯელობა ჭეშმარიტებაა ყოველი "მართლმორწმუნე" თეოსოფისთვის და არანაირ მტკიცებულებას არ ითხოვს. საკმარისია მივმართოთ თეოსოფიური საზოგადოების თავმჯდომარის, ანტი ბეზანტის ზემოთდამოწმებულ სიტყვებს, რომელიც ასწავლიდა: "ათეისტი კაცობრიობის ერთ-ერთი საპატიო ტიტულია, ეს არის მსოფლიო გმირთა, მოწამეთა, ქვეყნიერების გადამრჩენელთა გამორჩეული ნიშანი. არავითარ ფილოსოფიას, არავითარ ღვთისმეტყველებას არ მოუტანია მსოფლიოსთვის რაიმე ღირებული იმასთან შედარებით, რაც მას ათეიზმმა მოუტანა".

"ჩვენი დოქტრინა, - ნათქვამია წიგნში "აღმოსავლეთის ბარძიმი", - უკომპრომისოა. ის არ ამტკიცებს, არ უარყოფს, რადგან იძლევა მხოლოდ იმას, რაც იცის რომ ჭეშმარიტია. ამიტომაც, ჩვენ უარვყოფთ ღმერთს, როგორც ფილოსოფოსები, როგორც ბუდისტები. ჩვენ ვიცით პლანეტარული და სხვა სულიერი არსებობანი, და ვიცით, რომ ჩვენს სისტემაში არ არისებობს ისეთი არსება, როგორცი არის ღმერთი, პიროვნების მქონე ან არმქონე. სიტყვა ღმერთი გამოიგონეს იმ შედეგთა უცნობი მიზეზების გამო, რომელთა წინაშეც ძრწოდა ადამიანი. ხოლო რადგან ჩვენ ვამტკიცებთ ამ მიზეზთა ცოდნას, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ არც ღმერთი არსებობს და არც რაიმე სხვა ღმერთები მასთან ერთად" (გვ. 24-25).

"თეოლოგების ღმერთი უბრალოდ ის საცნაური ძალაა, რომელსაც ჯერ არც გამოუხატავს საკუთარი თავი. ჩვენი მთავარი ამოცანაა გავათავისუფლოთ კაცობრიობა ამ კოშმარისგან, ვასწავლოთ ადამიანს სათნოება მისი საკუთარი სარგებლობისთვის, ვასწავლოთ ცხოვრება, საკუთარ თავზე დანდობა, ნაცვლად იმისა, დაეყრდნოს საღვთისმეტყველო ყავარჯენს, რომელიც მრავალი საუკუნეა უშუალო მიზეზია ადამიანთა ყოველგვარი უბედურების" (გვ. 25).

"... ის, ვისაც წაუკითხავს ჩვენი ბუდისტური თხზულებები, რომელიც ცრუმორწმუნე მასებისთვის არის დაწერილი, ვერ იპოვის დემონს, ისეთ შურისმგებელსა და უსამართლოს, სასტიკსა და ბრიყვს, როგორიცაა ის ტირანი, ქრისტეანები რომ აღმერთებენ და ღვთისმეტყველები ყოველგვარი სრულყოფილებებით ამკობენ..." (გვ. 28).

რერიხის განსაკუთრებული მონდომებით ზემოთციტირებულმა "აღმოსავლეთის ბარძიმმა" დღის ნათელი იხილა, რათა თეოსოფიური სათრობელათი დაეთრო და გაებრუებინა თანამედროვე ადამიანის ისედაც გაბრუებული და გამოთაყვანებული ადამიანის სული და გონება. მაგრამ სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო: რერიხი, როგორც ჭეშმარიტი თეოსოფი არ შეიძლება უარყოფითად არ ეკიდებოდეს ყოველგვარ რელიგიას, რადგან თეოსოფთა სწავლებით დადებითი რელიგიები ზუსტად დადგენილი დოგმატებით - გავლილი გზაა და "არ არსებობს რელიგია ჭეშმარიტებაზე მაღლა". ხოლო რადგან "ჭეშმარიტება" მხოლოდ თეოსოფიაა, შედეგად, "არ არსებობს თეოსოფიაზე მაღალი რელიგია".

თავის წერილ-ინსტრუქციაში, რომელიც ინდოეთიგან, დაჯილინგის მთიდან 1924 წ. გამოაგზავნა თავისი ძმის ვლადიმირის სახელზე და განკუთვნილი იყო როზენკრეიცერთა ხარბინის ლოჟისთვის, ნ. კ. რერიხი არიგებს, როგორ უნდა იმოქმედონ, რათა "სარგებლობა მოუტანონ კაცობრიობას".

"თქვენ გაქვთ ნიშანი და წიგნი, მაშასადამე სრული კავშირი თქვენთვის ჯერ კიდევ უხილავ წყაროსთან და სულიერ ძმებთან, რომლებიც მსოფლიოს მრავალ კუთხეში არიან გაბნეულნი. მთავარია გათავისუფლდეთ წინასწარ აკვიატებული აზრებისგან, იაზროვნოთ უფრო ფართედ და შეიგნოთ, რომ ზოგჯერ ბნელი უცხოელი და შტატიანი თეოლოგი - ერთ დონეზე დგანან. რაოდენ სასიხარულოა იმის შეგრძნება, რომ შენი შინაგანი არსება თავისუფლდება აკვიატებული აზრებისგან და დოგმებისგან. რამდენი რამ ხდება მისაწვდომი და შესაძლებელი. ამიტომაც, ბეჯითად იმუშავეთ, ეძებეთ ახალი, ღირსეული ადამიანები, ყურადღებით დააკვირდით ახალგაზრდობას..." ("Харбинское время" № 314, 20 ноября 1934 г.).

რერიხისთვის არაფრისმთქმელია ის მართლმადიდებლობა, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, მეტიც მტრულიც კი არის მისთვის. მასონები ღმერთს სამყაროს დიად არქიტექტორს უწოდებენ, რერიხის წარმოდგენაში - ღმერთი სამყაროს უდიადესი მხატვარია, ის არის სილამაზის სინონიმი. "სილამაზეა ღმერთი... და მოვა ახალი გზა სილამაზისა და სიბრძნისა. მოდის ახალი მსოფლიო. მოდის გაკვირვებულ და შეძრულ მზერას შორის. ახალ მსოფლიოშ, მის ახალ საღებავებში ჩამოყალიბდება ახალი სიცოცხლე".

რერიხის ყველა ნაშრომში, მიუხედავად მისი მისტიკური ტონისა, არ არსებობს ქრისტეანისთვის უმთავრესი მომენტი - იესუ ქრსიტეს აღსარება, როგორც ამას წმიდა ეკლესია ასწავლის.

რერიხი შესაძლებლად მიიჩნევს ილაპარაკოს უქრისტეო სამყაროზე, დასაგმობად არ მიიჩნევს ქრისტეს არარსებობის მტკიცებას, ასევე ურწმუნოებას მომავალი მესიის მიმართ, ანუ თეოსოფიური "სიბრძნის" ელემენტარული სწავლებების ქადაგებას.

"გადმოცემით, - წერს რერიხი, - ბუდა სადღაც ჰიმალაებს მიღმა იყო, რადგან ღვაწლი მან ჩრდილოეთიდან იტვირთა. მაგრამ სად იყო ქრისტე ოცდაათ წლამდე? ვინ უწყის მისი თავშესაფარი?" (Н. К. Рерих. Сердце Азии, стр. 98).

აი, კიდევ, ერთი მაგალითი იმისა, როგორი ბუნდოვანებით ჰყვება რერიხი მომავალ მესიაზე, სწორედ იმ მესიაზე, რომელიც უნდა მოვიდეს, და არა იმაზე, ვინც უკვე მოვიდა და ჯვარს აცვეს: "კურთხეული მაიტრეა-მესია ყოველთვის გვირგვინით გამოისახება. ტაშილუმნოში (ტაში ლამას მონასტერი) სამი წლის წინათ აღმართეს მაიტრეა-მაცხოვრის გიგანტური გამოსახულება. ეს იდეა მოაქვს ტიბეტური წელთაღრიცხვის ახალ, მომავალ საუკუნეს" (Сердце Азии,стр. 112).

მაგრამ ვინ არის ეს "მაიტრეა"? თვით რერიხი გვპასუხობს: "მომავალი უკვე მზით განათებულია. მაგრამ არა ბნელით მოცულ ქვაბულებში, არამედ მზის თაყვანისცემასა და მაიტრეა-ბუდას მოლოდინში. უკვე სამი წელია, რაც ტაში ლამამ თავის ტაშილუმნოში საზეიმოდ და სახალხოდ აღმართა მომავალი მესიის გრანდიოზული გამოსახულებას. მიმდინარეობს უხილავი და დაძაბული მუშაობა" (Сердце Азии, стр. 132).

რერიხის ნახატები რელიგიურ თემებზე უცხოა ჭეშმარიტი რელიგიური მისტიციზმისთვის. მისი ხელოვნების ძირითადი მიმართულება არის პანთეიზმი. თავისი შემოქმედებით რერიხს ქრისტეანულ ფერწერაში შემოაქვს მოდერნიზმი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ქრისტეანულ ფერწერასთან, რომელიც ასე მკაფიოდ არის გამოსახული ნესტეროვთან და ვასნეცოვთან, ქრისტეანული ფერწერის ამ საქვეყნოდ აღიარებულ კორიფეებთან. რერიხის სურათებში არ არსებობს ქრისტეანული განწყობა, სიხარულევანი გრძნობა და მხიარული ნათელი, რომლის შექმნა რერიხის მსგავს გონებაშერყვნილ თეოსოფს არც ძალუძს, არამედ მხოლოდ უღრმეს და ჭეშმარიტ მისტიკოსს, როგორიც არის ქრისტეს აღმსარებელი ჭეშმარიტი ქრისტეანი.

ღირ. სერგის გამოსახულება, რომელიც მოთავსებულია ნ. კ. რერიხის წიგნში "Знамя преп. Сергия Радонежского" აშკარად მკრეხელური ხასიათისაა. უკანა პლანზე, რომელიც სურათის ფონად არის აღებული, წარმოადგენს რერიხისთვის "წმიდა" ჰიმალაის მთებს, საიდანაც აღმობრწყინდა "მსოფლიოს მომცველი რელიგია" - თეოსოფია.

"წმ. სერგის" გამოსახულებაში ძნელი არ არის შევიცნოთ თვით რერიხი, რომელიც ღირ. სერგი რადონეჟელში გარდაისახა.

მაცხოვრის გამოსახულებაზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს, რომელიც იქვე, "სერგის" ფეხებთან არის მიხატული, თანაც მისი არც სახე, არც ნიმბი - მართლმადიდებლურ ხატწერას არ ცნობია რერიხამდე.

და ბოლოს, "წმიდა სერგის" გამოსახულებაში რერიხს არ დავიწყნია მასონური ნიშანიც, რომელიც მან "სერგის" ხელში მიცემულ ტილოზე გამოსახა - ეს არის სამი წერტილი, რომელიც რერიხისავე განმარტებით, მსოფლიო ბაირაღს წარმოადგენს.

რერიხის მიერ რელიგიურ თემებზე დახატული სურათები შეიცავენ ფსევდოქრისტეანულ განწყობილებებს და წარმოადგენენ მასონობის პროპაგანდას. ქრისტეანული თემატიკის გამოყენებით მას შეცდომაში შეჰყავს ჭეშმარიტი ქრისტეანები, რაც დაადასტურა ხარბინის მაგალითმაც, სადაც, სამწუხარო გაუგებრობით, რერიხი საზოგადოება "Икона"-მ საპატიო წევრად მიიწვია.


2. რერიხის საქმიანობის მეორე ამოცანა მდგომარეობდა "მარადიული მშვიდობისა" და საერთაშორისო სოლიდარობის ქადაგებაში.

ექსპედიციიდან ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ მას საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს, თანაც ამ ამბავთან დაკავშირებულ საგაზეთო სტატიებსა და ორატორთა გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ რერიხი თურმე ყველა ეროვნების სიმბოლოა, საერთაშორისო მშვიდობის იდეის წინასწარმეტყველია, რომელსაც ის მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით ქადაგებს.

"მე არ ვიცი სხვა რომელიმე ადამიანი, - ამბობდა ნიუ-იორკის მერი, - ვისაც, მრავალგვარ წინააღმდეგობათა მიუხედავად, ამ მიმართულებით იმდენი გაეკეთებინოს, ისეთი მისწრაფება ჰქონდეს მშვიდობისკენ, ისეთ ფაქიზ მიდგომას ავლენდეს დედამიწაზე მცხოვრები ერებისადმი და ესოდენ ამაღლებულ ტონებში მსჯელობდეს მსოფლიო ძმობაზე, როგორც აკეთებს ამას რერიხი".

მეცნიერებისა და ხელოვნების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, თავიანთ გამოსვლებში ასევე აღნიშნავდნენ რერიხის როლს, რომელიც მათი თქმით იყო მშვიდობის, ცოდნისა და სილამაზის იდეის მატარებელი.

"დღეს უკვე აღარავინაა უცხოელი, ან მოკავშირე ერი, - კაცობრიობა ერთი მთლიანობაა", - ამბობდა ერთი საპატიო სტუმარი რერიხის სახელობის მუზეუმის გახსნის ცერემონიალზე.

"ნიკოლაი რერიხი - თანამედროვე აზროვნების ერთ-ერთი მოძღვარია, რომელმაც თავისი ფილოსოფიური და სამეცნიერო ნაშრომებით, სრული და ნაყოფიერი მუშაობის უბადლო მაგალითით, შექმნა ერებს შორის თანხმობის მოძრაობა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო თანამშრომლობაზე, და რომელიც დღითი დღე სილამაზისა და ცოდნისადმი სამსახურში გადადის", - ასე ახასიათებს რერიხს ფრანგული ბიულეტენი, რომელიც მის იუბილეს მიეძღვნა.

საკმარისია თუნდაც ზედაპირულად გაეცნო ამ ქლესია და მლიქვნელურ გამოსვლებს, თვალნათლივ დაინახავ როგორ აჭარბებენ რერიხის დამსახურებებს, დაინახავ დახვეწილ რეკლამას, "იმიჯისა" და "პოპულარობის" შექმნის ტექნოლოგიებს. რადგან, გამოჩნდება კი თუნდაც ერთი პატიოსანი და ობიექტური დამკვირვებელი, თუნდაც მასონურ-ლიბერალური ბანაკიდან, რომელიც რერიხის მოღვაწეობაზე იტყოდა, რომ კაცობრიობის წინაშე არსებული მთელ რიგი მიღწევები რერიხის დამსახურებაა?! ხომ უაზრობაა იმის მტკიცება, რომ აქამდე გაუგონარი და უპრეცედენტო რევოლუციებით სისხლდაცლილი მსოფლიო, რომელმაც გიგანტურ მასშტაბში გადააფასა ჭეშმარიტი ღირებულებები, აღიარებს, თითქოსდა რერიხს, ფორმითა და შინაარსით თავისი უთავბოლო და აბურდული ნაწერებით, სუმბურული და არაფრისმთმქმელი ნახატებით, და ბოლოს, არაფრისმთქმელობით, არასერიოზულობითა და არაგულწრფელობით გამორჩეული "რერიხის პაქტით", მცირეოდენი სამსახური მაინც ჰქონდეს გაწეული ქვეყნიერებისთვის.

არა თუ ყველაზე ობიექტური, არამედ რერიხის ქმნილებებისადმი ყველაზე კეთილგანწყობილიც კი ვერ შეაფასებს მას ისე, როგორც აკეთებს ამას მასონური ლოგიკა. თუმცა, მისთვისაც კი, რომელსაც ყოვლადძლიერ ორგანიზაციად მოაქვს თავი, რერიხის გაპოპულარებისა და მნიშვნელობის აწევის ამოცანა ძნელად აღსასრულებელი აღმოჩნდა. ვის ახსოვს რერიხი მის გარშემო ატეხილი საგაზეთო ხმაურის შემდეგ? ვინ მიაგებს მას პატივს, როგორც "თანამედროვე აზროვნების ერთ-ერთ კორიფეს""? არავინ, მათ შორის თვით მასონებიც. მხოლოდ განსაკუთრებული ამოცანის ასპექტში, რომელიც რერიხს დაეკისრა, - ასპექტში, რომელიც ათვალსაჩინოვებს იმ სასაცილო ფაქტს, რომ საშუალო დონის ერთი რუსი მხატვრიდან, რერიხი მსოფლიო მნიშვნელობის სიდიდედ იქცა, - აშკარავდება რერიხის მოღვაწეობის ჭეშმარიტი არსი. მხოლოდ სამშობლოსთვის ზურგშექცევისა და რუსული ზეგავლენის შემცირებით აიხსნება მთელი ეს ხმაური მისი სახელის გარშემო. ეს არის მხოლოდ მასონური მჭევრმეტყველება და ისტერიული ყვირილი. შავს ვერავინ გაათეთრებს და ნიუ-იორკის მერისა თუ "მიუკერძოებელი" პრესის მიერ განდიდებული რერიხიც იპოვის და უკვე ნაპოვნი აქვს ნამდვილი და საჭირო შეფასება იქ, სადაც ადამიანის ტვინი დაბნელებული არ არის მასონური სისაძაგლეებით და არც თვალს აფარია ლიბრი, რომელსაც მასონური ლოჟები ქსოვენ.

მაგრამ მანამდე რერიხი - მოაზროვნეა, რერიხი - მწერალია, რერიხი - მხატვარია, თანაც ცნობილი და მსოფლიო დონის მხატვარი, მისი ბოსები კი ამ მუშაობის შედეგებს იმკიან.

ხელოვნების ნამუშევართა განადგურების დაცვის საფარველით, ომის უბედურებების პერიოდში რერიხი მსოფლიო მშვიდობის პაქტს მასონური სულისკვეთებით ქადაგებს.

მისი ნახატი "მშვიდობის დიადი დედა", ასევე "მშვიდობის ბაირაღი", რერიხის აზრით, რომელიც ხელოვნების ნიმუშებს იცავს განადგურებისგან, არა მარტო მასონური სულისკვეთებით არის დახატული, არამედ მასონური სიმბოლოებითაც არის დამშვენებული, კერძოდ, ეს არის სამი წრე ცენტრში (იხ. ნახ. ქვემოთ).

უარვყოფთ რა რერიხის განმარტებას იმის შესახებ, რომ თითქოსდა ეს არის მინიშნება წმიდა სამებაზე, ძნელი არ არის მის სხვა განმარტებებში დავინახოთ, რომ წრეში ჩახატული სამი წერტილი - მსოფლიოს ყველა ქვეყნის სიმბოლოა, რომლებიც ერთობასა და თანხმიერებაში უნდა შეერწყან ერთმანეთს. აი ეს განმარტებანიც:

პირველი: "წარმოდგენილი დროშა მთელი მსოფლიოს სიმბოლოა, არა მარტო ერთი ქვეყნისა, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსი. წარმოდგენილი დროშის თეთრ ფონზე, ცენტრში, გამოსახულია სამი შეერთებული სფერო, რომელიც მარადიულობისა და ერთობის სიმბოლოს წარმოადგენს" (Нью-Йорк Тайме, март 1930 г.)

მეორე: "დროშა - მსოფლიოს ემბლემაა, და არა მარტო ერთი ქვეყნისა, არამედ ცივილიზაციისა მთლიანად. დროშის ამ პროექტზე, თეთრ ფონზე, ცენტრში, სამი წრეა გამოსახული როგორც სიმბოლო მარადიულობისა და თანხმობისა" (Спец. брошюра русского комитета пакта Рериха, г. Харбин, 1934 г.).

ეს განმარტებები სხვა არააფერია, თუ არა გაცვეთილი მასონური აზრი "მარადიულ მშვიდობაზე" და "ყველა ერის ძმურ ერთობაზე".

მსოფლიო მშვიდობის საკუთარი იდეის პროპაგანდირებისას რერიხი აქცენტს აკეთებს ანტიმასონურ მხილებებზე და მასონობის მხილებას გამანადგურებელ მუშაობას უწოდებს. რერიხის აზრით მასონობის მხილება ეს არის "სულიერი მკვლელობა, ფიზიკურ მკვლელობაზე უფრო საშიში და დანაშაულებრივი": "ჩვენ მშვიდობის ბაირაღისკენ მივისწრაფვით, - აცხადებს ნ. კ. რერიხი, - რომელიც იცავს ყოველ კულტურულ საგანძურს როგორც ომის დროს, ასევე მშვიდობიანობისას წარმოქმნილი ვანდალიზმისა და უხეშობისგან. რადგან ჩვენ ვიცით, რომ ე. წ. მშვიდობიანობის დროსაც ხშირად ბობოქრობს ვანდალიზმი, ოღონდ უფრო მცირე დოზით, ვიდრე ეს ომის დროს ხდება. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ზოგჯერ სულიერი ომი უფრო საშიშია, ვიდრე ველზე გამართული ბრძოლა. სულიერი მკვლელობა კიდევ უფრო საშიში და დანაშაულებრივია, ვიდრე ფიზიკური" (Газета "Заря", Харбин.)

მაგრამ, კომუნიზმზე, როგორც ნათლისა და სულის დამხშობზე, რომელიც განუწყვეტელ ომს აწარმოებს სულის წინააღდმეგ, ნ. კ. რერიხი ჯიუტად დუმს, ამიტომაც, ძნელი არ არის მივხვდეთ, ვის მხარესაა მიმართული მისი მსჯელობა და "სულიერ მკვლელებში" ის სწორედ მასონობის მოწინააღმდეგეებს გულისხმობს და "ბნელ ძალებს" სწორედ მათ უწოდებს.

კიდევ ერთი დეტალი იქცევს ყურადღებას. თავის ლიტერატურულ შრომებში რერიხი არა თუ არ გმობს კომუნიზმს, არამედ, პირიქით, სიმპათიასაც კი ავლენს მის მიმართ, რაც, სხვათა შორის, არ უნდა გვიკვირდეს, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, თეოსოფიური დოქტრინა საერთოდ ქედს იხრის "უწმიდესი და უკეთილშობილესი კომუნიზმის" წინაშე.


























34. ნ. კ. რერიხი




3. გამოდის რა "მარადიული მშვიდობისა" და საერთაშორისო სოლიდარობის დამცველად, რერიხი ამავდროულად მხარს უჭერს ძირფესვიან სოციალურ გადატრიალებებს, რადგან საკუთრება, მისი აზრით, არის ქურდობა, ხოლო ლენინი - ახალი ცხოვრების უდიადესი მოძღვარი.

აი, რას ვპოულობთ წიგნში "Община" ("თემი"), რომელიც რერიხის უშუალო მონაწილეობით გამოიცა 1927 წელს.

"უპირატესობა უნდა მივანიჭოთ იმ მოძღვარს, რომელიც ახალი გზებით დადის. ამასთან ჩრდილოეთის ქვეყნის მცხოვრებთ ჰყავს უბადლო მაგალითი - მათმა მოძღვარმა ლენინმა კარგად იცოდა ახალი გზების ღირებულებანი. მისი ქადაგების ყოველი სიტყვა, მისი ყოველი საქციელი, დაუვიწყარი სიახლის ბეჭდით იყო აღბეჭდილი" (გვ. 1)

"ლენინის გამოჩენა მიიღეთ კოსმიურ მგრძნობელობად" (გვ. 39).

"ეკლესია ასაფლავებს ქრისტეს, ჩვენ კი აღვადგენთ მშვიდობის კავშირს; უკვე ვიხილეთ როგორ ღებულობს სწავლებას კომუნისტი. უკვე ვიხილეთ, რაოდენ ადვილია კომუნისტთან საუბარი" (გვ. 41).

"რამდენიც გააკეთა ლენინმა, იმდენი გამოეცხადა მათ, ვინც აშენებდა მარადისობაში. ჩვენ თემს გააჩნია საფუძველი მოითხოვოს ახალი ფორმები. ჩვენ უმალ ახალი ცენტრის მშენებლობას ვამჯობინეთ, ვიდრე ძველი ნიშნების არსებობას დავუშვებთ ახალ საფეხურებზე" (გვ. 43).

სწორედ საყოველთაოობის მოვლენა უნდა გავითავისოთ. წითელი ფერი სიხარულისა და რასებს შორის განსხვავებების განადგურების სიმბოლოა" (გვ. 47).

"მეფეები, კონსტიტუცია,... მხოლოდ ღიმილსღა თუ იწვევენ ეს ცნებები" (გვ. 198).

გაჰყვება რა ლენინს ამ ახალ გზებზე, კაცობრიობა, რერიხის აზრით, მივა ასტრეის სამეფომდე, ანუ მიწიერ ედემამდე. ზუსტად იგივეს ქადაგებენ და ამავე დასასრულისკენ მოუწოდებენ მსოფლიოს "თავისუფალი ქვისმთლელები".

4. მიწიერი სამოთხისა და საერთაშორისო სოლიდარობის იდეას რერიხი ხელოვნების მეშვეობით ქადაგებს.

რერიხის სახელობის მუზეუმში არსებობს გაერთიანებული ხელოვნების ინსტიტუტი, სადაც ცნობილი პროფესორები ხელოვნების ყველა დარგს ასწავლიან. რამოდენიმე ასეული მოწაფე სწავლობს ფერწერას, სკულპტურას, მუსიკას, არქიტექტურას, დრამატულ ხელოვნებას და ა. შ. ახალგაზრდები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ოცნებობენ ამ ინსტიტუტში მოხვედრაზე, და ეს უკანასკნელიც ხელს უწყობს ამ მიზნით გულანთებული ახალგაზრდებისთვის აშშ-ში საცხოვრებელი ვიზების გაცემას.

"მუნდის გვირგვინის", ანუ "საერთაშორისო ხელოვნების ცენტრის" მიზანია მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობები დაამყაროს ინტელექტუალური და არტისტული აზრით. ამისთვის ეწყობა გამოფენები, კონკურსები, გამოიცემა ლიტერატურა მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეობის დარგებში, მყარდება თანამშრომლობა მრავალრიცხოვან სამეცნიერო და მხატვრულ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან გაბნეულნი.

რერიხის აზრით, ხელოვნებამ უნდა გააერთიანოს მთელი კაცობრიობა, ხელოვნება ერთია და განუყოფელი, ხელოვნება არის მომავალი გაერთიანების სინთეზი. ხელოვნება არსებობს ყველასთვის. კაცობრიობა, ამბობს რერეიხი, პირისპირ დგას მომავალი მოვლენების წინაშე. ახლოს არის მომავლის კულტურის შექმნის ჟამი. დიადი ხელოვნების ღირებულებები ძლევამოსილად გადაიტანენ მიწიერ ძვრათა ქარიშხლებს, და მაშინ ამობრწყინდება მასონური იდეალი, მაშინ დადგება ასტრეას მშვენიერი მასონური სამეფო, და კაცობრიობა მოიპოვებს მშვიდობას მიწიერ ედემის ნათელ ბაღებში. "ჩვენ უნდა გვქონდეს არა მარტო მუზეუმები, - ამბობს რერიხი, - არა მარტო თეატრები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, ვაგზლები და ჰოსპიტლები, არამედ ციხეებიც, რომლებიც ჩვენი ხელოვნების ნიმუშებით იქნება მოქარგული, და მაშინ უკვე აღარ გვექნება საპატიმროები" (Н. К. Рерих. Пути благословения).

კაცობრიობისადმი თავის უანგარო სამსახურში რერიხს არ შეეძლო "ჭეშმარიტების" ნათლით არ გაებრწყინებინა და არ გაეკეთილშობილებინა შორეული აღმოსავლეთის ემიგრაცია, რომელსაც არც "ახალი ცხოვრების მოძღვრები" ჰყავდა, არც გამოცდილი მეგზურები იმ მასონურ ლაბირინთებში, რომელთაც მასონობის ნათელ სამეფომდე მიჰყავთ. და ამ მიზნით, რერიხი ხარბინში თვითონ ჩამოვიდა.

ხარბინში მისი ჩამოსვლის მიზანი მრავალთათვის გაუგებარი და იდუმალი იყო. გაზეთ "Заря"-ს ("განთიადი") 143-ე ნომერში საკმაოდ ბუნდოვნად განმარტავს ახალი იმპერიის საზღვრებში მისი ჩამოსვლის მიზანს. მაგრამ, როგორც იტყვიან, "არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს". იმ დროს ხარბინი მსოფლიო მოვლენების კვანძი იყო. აღმოსავლეთში სამმაგი კავშირი - ამერიკა, საფრანგეთი და საბჭოთა კავშირი - ფართოდ შლიან თავიანთ მუშაობას. რერიხი "ამერიკის მეგობარია", მაგრამ არც საბჭოთა კავშირის მტერია. ის აწარმოებს მუშაობას ამ ორი სახელმწიფოს სასარგებლოდ. რერიხის მანჯურიის იმპერიაში და საერთოდ აღმოსავლეთში ჩამოსვლის უმთავრესი ამოცანა პაციფიზმის ქადაგება იყო. იმ დროს, როდესაც ამერიკა 1920 წლიდან იარაღით ამარაგებს საბჭოთა კავშირს, და საერთოდ, უწევს მას მსოფლიო მხარდაჭერას ომის დასაწყებად იაპონიასთან, ჩინეთსა მანჩჟუ-დიგოში იქმნება პაციფიზმის გამრყვნელი კერები, რომლებმაც უნდა დააუძლურონ იაპონიისა და მანჯურიის ახალგაზრდა იმპერიის არსებობისთვის ბრძოლის ნებისყოფა.

მლიქვნელურად აცხადებს რა კულტურის შენარჩუნების შეასხებ, რერიხი საკმაოდ დიპლომატურად დუმს საბჭოთა კავშირზე, რომელიც წარმოადგენდა ბრძოლის კერას ყოველგვარი კულტურის წინააღმდეგ. მოუწოდებდა რა კულტურული ერთობისკენ, რერიხი კვლავ დუმილით უვლის გვერდს საბჭოთა კავშირს, რომელიც იყო ჩამხშობი ყოველგვარი სულიერი შემოქმედებისა. რერიხი არ მოუწოდებს ემიგრაციას იბრძოლონ საბჭოთა კავშირის - მატერიალური და სულიერი კულტურის ამ დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ და სულაც არ იმაღლებს თავის ავტორიტეტულ ხმას კაცობრიობის თანამედროვე სირცხვილის, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

ერთის შეხედვით ეს გაუგებარი მოვლენა სრულიად გასაგები გახდება, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ რერიხი "ამერიკის მეგობარია" და იგივე ამერიკა უხდის მას იმისთვის, რომ ის არ არის საბჭოთა კავშირის მტერი, რომელთანაც მას გააჩნია მრავალწლოვანი ალიანსი და რომელიც რერიხს უწევდა და უწევს თავის მფარველობას.

ერთსა და იმავე დროს რერიხი აქტიურად უწევს პროპაგანდას თეოსოფიურ სწავლებებს, და ამ სამუშაოში ხელიხელჩაკიდებული იღვწის YMCA-სთან, ადგილობრივ თეოსოფებთან და როზენკრეიცერებთან ერთად.

აქ, ხარბინში, რერიხის კონტაქტი ყველა ზემოთხსენებულ ორგანიზაციასთან გამოვლინდა მისი ჩამოსვლის მომენტიდან. რერიხს ხვდებოდნენ ბატონები ჰეიგი, აჩაირი (ა. ა. გრიზოვი) და YMCA-ს წარმომადგენლები, და საერთოდ, მთელი მასონური საზოგადოება. მის ჩამოსვლისთანავე მასონურ გაზეთებში ატყდა ყველაზე დიდი ხმაური, რომელიც ატარებდა აშკარად კეთილგანწყობილ და სარეკლამო ხასიათს. ეს ხმაური მალე გადაედო არამასონურ პრესასსაც, რადგან ეს უკანასკნელი არ იყო საქმის კურსში და ვერც წარმოედგინა თუ ვინ იყო რერიხი, მან ასევე არ უწყოდა, რა მიზნით ჩამოვიდა ის ხარბინში.

აკადემიკოსის წოდება, თანაც მრავლისმეტყველი "ცნობილი"-ს ეპითეტით, აიძულებდა ობივატელსაც და პრესასაც უარი ეთქვა კრიტიკული მიდგომისგან. აუცილებელი შირმა თავიდანვე არსებობდა, მხოლოდ მისი გამოყენებაღა იყო საჭირო. ყველაზე ბუნებრივი და მარტივი კითხვა, - რატომ ჩამოვიდა აქ ესოდნე ცნობილი ადამიანი, ჯეროვანი პასუხის გარეშე რჩებოდა; არ ბადებდა არავითარ გაუგებრობას; არადა თვით რერიხის ბუნდოვან განმარტებებსა და განცხადებებს წესით უნდა აღეძრა კრიტიკული ფიქრი და განსჯა.

იშვიათი მონღოლური ბალახეულობის შესაგროვებლად (ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც რერიხმა ხარბინში ჩამოსვლის მიზეზად დაასახელა) - ხარბინი იდეალური ადგილი სულაც არ გახლდათ; მხატვრულ მიმართებაში (ეს მეორე შესაძლო მიზეზი მისი აქ ჩამოსვლისა) ხარბინი აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენდა და რანაირად უნდა დაეინტერესებინა ის ადამიანი, ვინც "ღვთიურ სილამაზეს" ეძიებდა; და ბოლოს, ობივატელური მიზეზი - ძმის მონახულება, ყველაზე ინდიფერენტულ ადამიანსაც კი ვერ დააკმაყოფილებდა. რერიხი ცნობილია, რერიხი დატვირთულია შრომებითა და კაცობრიობაზე ზრუნვით, რერიხი "ისეთ ნაყოფიერ და დიდ მუშაობას" ეწევა, რომ მის შედეგებს მომავალი კაცობრიობა აუცილებლად იხილავსს. ამგვარ პირობებში, ნამდვილად უცნაური არ იქნებოდა თვით ძმა სწვეოდა თავის სახელგანთქმულ სისხლხორცს და არა პირიქით, - თავის ამგვარ უმნიშვნელოვანეს საქმეებს მომწყდარიყო საკაცობრიო საქმეებით ფრიად "დატვირთული" და "მსოფლიოზე მზრუნველი" ადამიანი და ძმას შორეულ ხარბინში სწვეოდა.

სხვაგვარად მოქცევა მას არ შეეძლო, რადგან მისი ვიზიტის ჭეშმარიტი მიზანი არ უნდა გახმაურებულიყო.

რერიხის ჩამოსვლის ერთ-ერთი პრაქტიკული მიზანი - პაციფიზმის ქადაგება - უკვე მივუთითეთ. მაგრამ მასონობას განდობილი ყველა უღმერთო თავისუფალ ქვისმთლელებთან თავისი კავშირის დასაწყისშივე იძლევა ორდენის მიზნებისადმი უანგარო მსახურების ფიცს და რომ მზად არის ყველგან და ყოველთვის შეეწიოს მასონური იდეალების განხორციელებას. ყოველი მასონის საქმიანობის ეს საზოგადო პრინციპი, მათ შორის კი რერიხისაც, რადგან როგორც როზენკრეიცერი და თეოსოფი, ისიც ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდა. ქადაგებდა პაციფიზმს, თავისი ბუნდოვანი ნაწერებით თავგზას ურევდა რუსული ემიგრაციის წარმომადგენლებს და ყოველ ღონეს ხმარობდა იმისთვის, რათა რაც შეიძლება მტკიცედ და მიზანმიმართულად შეეკრა ხარბინის საზოგადოება.

ხარბინში საზოგადოების ორგანიზების ეს რეალური ნაბიჯები აქ ჩამოსვლის მისი მეორე პრაქტიკული მიზეზი იყო.

მაგრამ, სანამ საზოგადოების ორგანიზებას მოახერხებდა, საჭირო იყო საკუთარ მხარეზე რუსული ემიგრაციის გადმოყვანა; საჭირო იყო ემიგრაციის დარწმუნება იმაში, რომ რერიხი - არა მარტო მისი მეგობარი, არამედ სულიერი მოძღვარი და წინამძღოლია. და აი, იწყება კამპანია რერიხის სახელის პოპულარიზაციისთვის. პრესა დიდ ადგილს უთმობს რერიხის სტატიებს და კიდევ უფრო მეტს წერს თვითონ, სადაც რერიხს ეპოქის გამორჩეულ ადამიანად ახასიათებს და მიიჩნევს რუსეთი ჭეშმარიტ პატრიოტად. შედეგად, ცალკეული რუსი ადამიანები და თვით მთელი რიგი რუსული ორგანიზაციები დაიბნენ, დაბრმავდნენ, მოტყუვდნენ და მზად იყვნენ გაჰყოლოდნენ რერიხს იქითკენ, საითკენაც ის მოუწოდებდა. მოსამზადებელი სამუშაო გაკეთდა, ახლა საჭირო იყო მისი გაფორმება და წარმატების გამყარება, საჭირო იყო იმგვარი ცენტრის შექმნა, რომელიც რერიხის მიერ დაწყებულ სამუშაოს გააგრძელებდა.

ამ მიზნით იქმნება "რერიხის პაქტის კომიტეტი", როგორც რერიხის მიერ დაწყებული შენობის დასრულება.

ამ კომიტეტს საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს არქიეპისკპოსი ნესტორი, თავმჯდომარედ - ნ. ლ. გონდატი, კომიტეტის ამხანაგ დავმჯდომარედ - გ. კ. გინსი, მდივნად - ვ. კ. რერიხი, ნ. კ. რერიხის ძმა.

ნ. კ. რერიხის უახლოესი პოლიტიკური იდეალი ციმბირის სახელმწიფოს შექმნა და მასში თეოსოფიური საზოგადოების მოღვაწეთა გაპრეზიდენტება გახლდათ. და შესაძლოა, რომ რერიხი მისდაუნებურად მუშაობდა არა იმდენად თავისთვის, ან თუნდაც თეოსოფიური ბანაკისთვის, არამედ ინტერნაციონალური კაპიტალისთვის, რომლის ერთგული მონაც ბრძანდებოდა.

რერიხისა და მის მსგავსთა ხელით ინტერნაციონალურ კაპიტალს განზრახული ჰქონდა ციმბირის საკუთარ კოლონიად გადაქცევა. ბნელმა საერთაშორისო ძალებმა, რომლებმაც მათ მიერვე შექმნილი რუსული არეულობით ისარგებლეს, არ იკმარეს რუსეთის დროებითი დაუძლურება, და მიზნად დაისახეს რუსეთის ერთხელ და სამუდამოდ მოსპობა, რუსი ხალხის განადგურება და რუსეთის სიმდიდრეების ხელში ჩაგდება.

თავისი მასონური არსით ინტერნაციონალისტი რერიხი ერთგულად ემსახურება ამ ძალას, რადგან მას უკვე აღარ ჰყავს სამშობლო, მისთვის უკვე მთელი მსოფლიო ერთი კარგად მოსაწველი ძროხაა და სიმდიდრის წყაროა.

ბევრი იღვაწა რერიხმა თავისი ბატონების საამებლად და როგორც შეეძლო მიუახლოვა ისინი სანუკვარ მიზანს.

მაგრამ "არაფერია დაფარული რომ არ გაცხადდეს". რერიხმა ხარბინში ფიასკო განიცადა. ეჭვმიუტანელი მონაცემებით დადგინდა, რომ რერიხი "დიდი თეთრი ძმობის" ლეგატია, რომ რერიხი - როზენკრეიცერია, რომ რერიხი - თეოსოფია.

რერიხის პირადმა მიმოწერამ დაამტკიცა მისი კავშირი მასონობასთან და რერიხის მთელი მუშაობა სხვაგვარად წარმოჩინდა. გასაგები გახდა მისი საგაზეთო "მჭევრმეტყველებანი", გაიხსნა მისი ლიტერატურული ნაშრომების ჭეშმარიტი არსი და დანიშნულება, გასაგები გახდა მისი მოდერნიზირებული სურათები. იდუმალების ფარდა მოეხსნა მის გეგმებს და ზრახვებს, გამოჩნდა "რერიხის პაქტის" კომიტეტის დაფუძნების ნამდვილი მიზნები. ყოველივე ჯანსაღი და ეროვნული შეირყა რერიხისგან, და ის დარჩა მათთნ ერთად, ვისთანაც თუ აშკარად არა, ფარულად მაინც დაკავშირებული იყო.

ერთი მასონური დევიზის მიხედვით - "ან უნდა გაიმარჯვო, ან მოკვდე". რერიხმა არც ერთი არჩია და არც მეორე, - ის უბრალოდ, ბავშვურად უარყოფდა ფაქტებს. ტყუოდა რამდენიც შეეძლო; რერიხი მხილებული აღმოჩნდა, და საბოლოოდ, სამარცხვინოდ გაიქცა, უკან კი "რერიხის პაქტის კომიტეტის" ლაფმოსხმული ხსოვნა დატოვა.

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий