ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 2 марта 2014 г.

აპოკალიფსისის წიგნის საიდუმლო

მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)


1. არასწორი მიდგომა


ჩვენს დროება, განსაკუთრებით კი მის უკანასკნელი პერიოდი, ყველაზე მეტად შეესაბამება აპოკალიპტურ განსაზღვრებას, ანუ დროებას, როდესაც აღესრულებიან ისეთი მოვლენები, რომელთა გამო სამყაროს აღსასრული ახლო გვეჩვენება. ჩვენი დროების გამოგონებათა არსი ისეთია, რომ ყველაზე რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებიც კი ლაპარაკობენ თანამედროვე იარაღით მთელი ქვეყნებისა და უპირველეს ყოვლისა კაცობრიობის ამოწყვეტის შესაძლებლობაზე, – მაგალითად ისეთით, როგორიცაა ატომური ბომბი, ან კიდევ თანამედროვე საწარმოო მონსტრების მიერ ქიმიურ-ბიოლოგიური ექსპერიმენტების შედეგად, გარემოს დაბინძურება.
მხედველობაში თუ მივიღებთ ჩვენს დროებას, არ არის გასაკვირი, რომ აპოკალიფსისი დღეს ყველაზე პოპულარული წიგნია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომაც, ამ დასაწყისშივე მინდა მიგითითოთ თუ როგორი იქნება ჩვენი მიდგომა ამ წიგნისადმი.
სამწუხაროდ, სადღეისოდ ამ წიგნისადმი ინტერესი ზედაპირული ხასიათსაა. ერთ ერთი პოპულარული წიგნი, რომელიც ამ თემას ეძღვნება, ჰელ ლინდსეის “უკანასკნელი დიადი პლანეტა დედამიწა” გახლავთ. მის ყდაზე არის წარწერა: “გამჭოლი მზერა წარმოუდგენელ წინასწარმეტყველებებზე, რომელიც ჩვენს თაობას ეხება”. ის ლაპარაკობს ისრაელზე, რუსეთზე, გოგსა და მაგოგზე, სამყაროს აღსასრულზე, ბირთვულ ომზე. ლინდსეის წიგნის კითხვისას თავბრუ გეხვევა. დაწერილია უტიფრად და მოურიდებლად: “გოგი – ეს რუსეთია”. “გოგ, ეს რა ჩაიფიქრე?” და ა. შ. ზედაპირულად თუ წაიკითხავთ, შეიძლება ძალზედ გაგიტაცოთ კიდევაც ამ წიგნმა და როდესაც დაამთავრებთ, შესაძლოა ძრწოლამაც შეგიპყროთ ყოველივე აღწერილისგან. მასში ასეთი ფრაზებიც გვხვდება: “შეხედეთ ირანს”, “დააკვირდით, რას იზამს რუსეთი”; “მასში ნათქვამია, რომ როდესაც ევროპის “საერთო ბაზარს” ათი წევრი ქვეყანა შეუერთდება, – ეს მხეცის ათი რქის ნიშანი იქნება. ჩრდილოეთის მეფე, ცხადია, რუსეთია; ეგვიპტე – სამხრეთის მეფეა; ჩინეთი – აღმოსავლეთისა” და ა. შ. გარკვეული დროის შემდეგ მკითხველს თავბრუ ეხვევა.
მღელვარება, რომელიც მკითხველს ამგვარი წიგნისგან ეუფლება, წმიდა წერილის შემსწავლელ ადამიანს არ ეკადრება. ეს უფრო კინემატოგრაფის ან ტელევიზიის დონეა. ავტორი წერს ბულვარული ენით. საერთოდ, მისი მიდგომა ამ საკითხისადმი არ გვაძლევს წარმოდგენას თუ რაზეა ეს წიგნი. კითხვის მთელი შედეგი – ადამიანის აღგზნებადობაა. შესაძლოა, რაღაცას სწორად ამბობს. ვინ იცის? იქნებ რუსეთი მართლაც ჩრდილოეთის მეფეა, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. ავტორისთვის ეს პირველხარისხოვანია, მაგრამ ასე როდია ეს ჩვენთვის. მთავარი – სულ სხვა რამეა.
არ შეიძლება აპოკალიფსისისი ამგვარი კითხვა. მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც წაიკითხეს იგი და საშინლად განიცადეს ის, რაც მასში გადმოცემულია – წიგნი თითქმის ერთ ღამეში ჩაამთავრეს და მაინც, ის მათთვის სულიერი საკვები ვერ შეიქნა. ისინი ღელავენ, მზად არიან მიაშურონ გაზეთების ჯიხურებს, რათა ნახონ, რას აპირებს რუსეთი და ვინ ვის წინააღმდეგ ემზადება. სულიერ პლანში კი სულაც ვერ წაიწიეს წინ, რადგან ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ – სამხედრო-პოლიტიკური ძიებებია, არადა აპოკალიფსისის დაწერის მიზანი სულ სხვა რამეა.


2. საიდუმლოთა გაცხადება


აპოკალიფსისს, ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა ამ შეჯამებას, სხვაგვარად უნდა მივუდგეთ. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: “რატომ ვკითხულობთ აპოკალიფსისს?” ჯერ უნდა გავარკვიოთ ამ წიგნის დაწერის მიზანი. უნდა ითქვას, რომ ეს არის საიდუმლოთა წიგნი, რომლებშიც დაფარულია უღრმესი აზრი და რომელიც ყოველივე არსებულის დასაბამთან და დასასრულთან არის დაკავშირებული; ის ასევე დაკავშირებულია მთელი სამყაროსა და კაცობრიობის აღსასრულთან და ღმრთის მარადიული სუფევის გამოცხადებასთან.
სიტყვა “საიდუმლო” წმიდა წერილში ხშირად გვხვდება. ჩვენს ღვთისმსახურებაში ვგალობთ საიდუმლოს შესახებ, რომელიც საუკუნეთა უწინარეს არსებობდა და ანგელოზთათვისაც უცნობი იყო, ანუ ვგულისხმობ განკაცებას ჩვენი უფლისა და მაცხოვრისა, იესუ ქრისტესი. ამ სამყაროში ჩვეულებრივ მოვლენებს საიდუმლო არ ეწოდებათ: ლოჰ-ნესის ურჩხული ან ბერმუდის სამკუთხედი – სულაც არ არის საიდუმლო. ეს უცნაური მოვლენებია, გამოცანებია, ამოუცნობი შემთხვევებია და არა საიდუმლო იმ აზრით, რა აზრითაც იყენებს ამ სიტყვას წმიდა წერილი. მეორეს მხრივ, “საუკუნეთა მიღმა დაფარული საიდუმლო”, – ეს ჩვენი ცხოვნების საიდუმლოა, იესუ ქრისტეს მიერ ჩვენი ცოდვების გამოსყიდვის საიდუმლო. ეს არის ისეთი რამ, რასაც უკვე სხვა სამყაროში, ღმრთის მარადიულ სასუფეველში შევყავართ.
ბიბლიაში ასევე გვესმის “უსჯულოების საიდუმლოს” შესახებ (იხ. 2 თესალონიკ. 2:7 და გამოცხ. 17:5). ესეც ერთგვარი იდუმალებაა, ოღონდ საიდუმლოს ჭეშმარიტი, ბიბლიური აზრის საპირისპირო მნიშვნელობით. ეს არის საიდუმლო იმის შესახებ თუ რას იქმს ეშმაკი ამ სამყაროში. ეშმაკსაც აქვს თავისი მარადიული სამეფო: მას ყველა ადამიანის ჯოჯოხეთის ქვესკნელში ჩაყრა სურს. ეშმაკის საქმეებიც აქ, ამქვეყნად იწყება, მაგრამ მისი ბოლო წარწყმედა და შავბნელი უფსკრულია.
სწორედ ამიტომაც უნდა ვიკითხოთ აპოკალიფსისი, წიგნი, რომელიც სამყაროს აღსასრულისა და კაცობრიობის მომავლის საიდუმლოს ეხება. ისტორიის კურსიდან ვერსად შეიტყობთ სად რა იწყება და სად მთავრდება. ისტორიიდან შეგიძლიათ გაიგოთ ამა თუ იმ ერის აღზევება, მონარქიების დაცემა, მაგრამ ვერსად წაიკითხავთ, ეს ყოველივე როდის დამთავრდება. აპოკალიფსისი კი სწორედ იმაზეა, რა უნდა მოხდეს და როდის უნდა დამთავრდეს ისტორია კაცობრიობისა. ეს არის ნაწილი საიდუმლოსი იმის შესახებ, თუ როგორ გადავალთ ამ ქვეყნიდან იმქვეყნად, როდესაც ახალი, მარადიული და ნეტარი საუკუნე დაიწყება.


3. დევნილი ეკლესიის ნუგეშისცემა


აპოკალიფსისის დაწერის მიზანი მის პირველივე თავებში ცხადდება. კერძოდ, წიგნის დაწერის მიზანია, რათა “ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე”. მაშასადამე, აპოკალიფსისის თემა – ეს არის ქრისტეს ეკლესიისა და მთელი სამყაროს მომავლის მისტიკური გამოსახვა. წიგნი აღწერს ეკლესიის ბრძოლას მისი მტრების, კერძოდ – ეშმაკის წინააღმდეგ, და ეკლესიის გამარჯვებას ყველა სუპოსტატზე.
ეს უდიდესი ნუგეშია, განსაკუთრებით ქრისტეანთა ჭირვებისა და დევნის პერიოდში, – ჩვენი დროებაც ხომ ასეთია. ამ წიგნის წყალობით ისტორიული მოვლენები, რომელთაც ვაკვირდებით, ბოროტების წინააღმდეგ ეკლესიის ბრძოლის კონტექსტში თავსდება, სადაც ეკლესია იმარჯვებს.
ყოველი, ვინც კი რუსეთში დევნილი ეკლესიის ისტორიას გასცნობია, იცის, რომ ამ ეკლესიას ხშირად ადარებენ დედაკაცს, რომელიც ბოლო ჟამს უდაბნოში გაიქცა (გამოცხ. 12:6, 14). ისინი საკუთარ თავს ისე უყურებენ, როგორც აპოკალიპტურ პერიოდში მცხოვრებთ. რადგან მთელს მათ საზოგადოებაში გამეფებულია ღმრთისმბრძოლობა, და ქრისტეანთათვის ნუგეში არსაიდანაა. ისინი თვითონ დაემალნენ დევნულებას და მათი ერთადერთი ნუგეში ამ დევნულებაში აპოკალიფსისის სიმბოლოები გახდა. ისინი აჩვენებენ, რომ, მიუხედავად იმისა, მთელი საზოგადოება მტრის ქუსლქვეშაა, ეკლესია ბოლოს მაინც იმარჯვებს. ამიტომაც დევნილი ადამიანები, რომლებიც ამ წიგნს ისეთ დროს კითხულობენ, როდესაც ქრისტეანობას ძლიერ უჭირს, თავიანთი მრავალტანჯული ღვაწლისთვის უდიდეს ძალას პოულობენ.
როდესაც ბოროტება თანამედროვე ღმრთისმბრძოლი პოლიტიკური წყობის მსგავსი მძლავრი ფორმებით შეიმოსება, ადამიანები, რომელთაც თავიანთი ბრძოლის მნიშვნელობა არ უწყიან, ადვილად ყრიან ფარ-ხმალს, მათ არ იციან რომ ბოროტების ზეობა ამ წუთისოფელში მოჩვენებითია და არ იციან, რომ ქრისტეს ეკლესია უძლეველია. სწორედ ამიტომაც კითხულობდნენ ამ წიგნს ესოდენ ხშირად, სწორედ ამიტომაც იყო ის ესოდენ პოპულარული ყველა დროის ქრისტეანთა შორის და სწორედ ეს წიგნი ანიჭებდა მათ ძალას უმძიმეს ჭირვებათა გადასალახავად. თუმცა, სრულიად სხვაგვარად კითხულობდნენ მას სექტანტები: დევნულების დროს ისინიც ხომ აპოკალიფსისს მიმართავენ და ცდილობენ მისი სიღრმეების, მისი მისტიკური შინაარსისა და სიმბოლოების წვდომას, ამიტომაც, იგონებენ ათასგვარ დოქტრინებს, რომლებიც ეკლესიის სწავლების შეუსაბამოა და შედეგად, სრულ უაზრობამდე და სისულელემდე მიდიან. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ რიცხვი 666 განეკუთვნება ამა თუ იმ პერსონას – რომის პაპს ან კიდევ ვიღაცას და ამიტომაც, მათთან ყველაფერი მხოლოდ ამ ფაქტთან მიმართებაშია გააზრებული, მაშინ როდესაც ისტორია ააშკარავებს სიმცდარეს ამგვარი მიდგომისა, ეს კი მათ თრგუნავს. ცხადია, ასე არ უნდა ვკითხულობდეთ აპოკალიფსისს.


4. საშიშია საკუთარ შეხედულებაზე დაყრდნობა


ამრიგად, არ უნდა გაგვიტაცოს ამ წიგნის სპეციფიკურმა სიმბოლიკამ, რომელიც ძალზედ დამამახსოვრებელი და დრამატიულია – მხეცები, დრაკონები, დედაკაცი ცაში და ა. შ. და მათგან გამომდინარე არ უნდა ვაკეთებდეთ რაიმე ფანტასტიკურ დასკვნას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უბრალოდ ავიღოთ, წავიკითხოთ ესა თუ ის ადგილი, შემდეგ კი ისე განვმარტოთ როგორც თავში მოგვივა. აპოკალიფსისის კითხვის დროს უნდა გავითვალისწინოთ წმიდა წერილის შინაარსი მის მთლიანობაში და ეკლესიის განმარტება. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა წავუკითხოთ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებულად ისაზრდოებიან ეკლესიიდან, დადიან ეკლესიაში, ყოველდღე ლოცულობენ, ეზიარებიან უფლის უპატიოსნეს საიდუმლოებებს, კითხულობენ წმიდა წერილს (არა მარტო აპოკალიფსისს) და სხვა სასულიერო ლიტერატურას. თუ ადამიანი ქრისტეანულად ცხოვრობს და თუ ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტეანობა შეგნებული ბრძოლაა ეშმაკის წინააღმდეგ, რომელსაც ყოველდღიურად ვეწევით ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, ვლოცულობთ შეძლებისდაგვარად და ყოველდღე ვკითხულობთ წმიდა წერილს და შეგნებული გვაქვს, რომ ჩვენ ქრისტეანები ვართ, რომელთა ბრძოლა სიკვდილამდე გრძელდება, – მაშინ, ვერავითარი ახალი კატასტროფა ვერ შეგვაძრწუნებს და ამა თუ იმ აპოკალიპტური სიმბოლოს ვერანაირი ყალბი განმარტება ვერ შესძლებს ჩვენს დაბრიყვებას.
მთავარია, ეს წიგნი ღმრთისმოშიშებით წავიკითხოთ და არ დავეყრდნოთ საკუთარ მოსაზრებას. ყოველი, ვინც მსგავს წიგნებს კითხულობს, მათ შორის დანიელის წინასწარმეტყველებას, რომლის სიმბოლიკაც აპოკალიფსისის მსგავსია, თავიდანვე უნდა ახსოვდეს, რომ არ შეიძლება ყოველივეს ენდოს, რაც კი აზრად მოუვა. თუ გვეჩვენება, რომ საკუთარი გამოცდილების ან ცოდნის წყალობით გვესმის ის, რას შეიძლება ეხებოდეს ესა თუ ის აბზაცი, დაუყოვნებლივ უნდა უარვყოთ ასეთი შეხედულება. არ უნდა ვაკეთებდეთ რაიმე დასკვნას, სანამ წმიდა მამათა სწავლებასთან არ შევაჯერებთ ნააზრევს, მოძღვართან არ განვიხილავთ ჩვენს შეხედულებას და ქრისტეანულ გამოცდილებასთან არ შევათანხმებთ ჩვენს ნაფიქრალს.
დაუშვებელია თავდაჯერება იმაში, რომ გავიგეთ აპოკალიფსისის ესა თუ ის ადგილი მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც გამოვიგონეთ, ან მოგვაფიქრდა, ან საკუთარი შედარება მოგვეწონა. მაგალითად, ათასი რამ ივარაუდეს რიცხვ 666-თან დაკავშირებით. დაგიმტკიცებენ, რომ ეს არის ნაპოლეონი, რომის პაპი, კეისარი და კიდევ მრავალი სხვა, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ყოველივე სიმართლეა და სინამდვილეა – ეს მხოლოდ კერძო შეხედულებებია.
წმიდა წერილის შემეცნება – მთელი სიცოცხლის ამოცანაა, და ამიტომაც, არ შეიძლება ნაჩქარავად რაიმეს მტკიცება და თავდაჯერება იმისა, რომ უკვე გვესმის წმიდა წერილისა. რაც უფრო მეტად დავეჭვდებით საკუთარ მოსაზრებებში, მით უფრო ღრმად შევიმეცნებთ წმიდა წერილის საიდუმლოებებს, განსაკუთრებით თუ ამ თემაზე სხვა სასულიერო წიგნებსა და განმარტებებსაც გავეცნობით.


5. სწორი მიდგომა


აპოკალიფსისის ჩვენეული განმარტების უპირველესი მიზანია არ გავაიგივეოთ აპოკალიფსისის სიმბოლოები თანამედროვე მოვლენებთან. ზოგიერთ ადგილებში ეს მაშინ იქნება ნათელყოფილი, როდესაც აღწერილი მოვლენები ნამდვილად მოხდება. მანამ კი თავს უნდა ვიკავებდეთ მსგავსი მსჯელობისგან და ძალზედ ყურადღებით უნდა ვიყოთ. შესაძლებელია რუსეთი მართლაც გახდეს “ჩრდილოეთის მეფე”, და ჩვენ ამას ვნახავთ თუ ეს მოვლენა ჩვენს სიცოცხლეშივე მოხდება, მაგრამ სანამ აპოკალიფსისში აღწერილ მოვლენებს ნამდვილად არ დავინახავთ, ყოველივე ამის გამო ზედმეტად შეწუხება და თავის მტვრევა არ ღირს.
აპოკალიფსისის განმარტებისას ჩვენი უმთავრესი საზრუნავი უფრო ღრმაა. ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორც მასში მისტიკურად აღწერილი ეკლესიის ბედი, ასევე მისი მტრებისაც – ეშმაკისა, წუთისოფლისა და ანტიქრისტესი. ამის შეგნება დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ იმგვარი ელემენტარული შეცდომები, როგორსაც პროტესტანტები უშვებენ, მაგალითად, დედამიწაზე ქრისტეს ე. წ. ათასწლოვანი მეუფების განმარტებისას, რაც მწვალებლობაა; ან კიდევ ანტიქრისტეს ნამდვილი ბუნებისა და მმართველობის გააზრებისას და ა. შ.
როგორც მთელი წმიდა წერილის სწორი და მართებული შემეცნების პირობა, აპოკალიფსისი წერილის სხვა წიგნებთან ერთად უნდა ვიკითხოთ, რადგან წერილის სხვა წიგნები მრავალ საკითხს განმარტავენ მასში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია დანიელის წინასწარმეტყველება, რომლის სიმბოლოები ზუსტად ემთხვევა აპოკალიფსისისას. და კვლავ, უნდა გვახსოვდეს ძველ და ღმერთშემოსილ მამათა განმარტება და არ დავეყრდნოთ საკუთარ მოსაზრებას.
რაც უფრო სულიერი და წმიდაა ჩვენი სულიერი ცხოვრება, მით უფრო უკეთესი და ზუსტი იქნება ამგვარ წიგნთა შემეცნება. ისინი მანამ არ უნდა ვიკითხოთ, სანამ არ შევუდგებით მუდმივ სულიერ ცხოვრებას, მუდმივ ლოცვას, სულიერ განათლებას, ცხადია, სულიერი მოძღვრის წინამძღოლობით. სწორედ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ სწორ გზაზე ვდგევართ და გვექნება შესაძლებლობა ზოგადად წმიდა წერილისა და კონკრეტულად წინასწამეტყველებების სწორი შემეცნებისა.


6. ქრონოლოგიური შეცდომები აპოკალიფსისის განმარტებისას


აპოკალიფსისი ძალზედ რთულ ხილვათა თანამიმდევრობისგან შედგება, რაც შეიძლება სრულიად დამაბნეველი გახდეს თუ მას თქვენ ყოველგვარი კომენტარის გარეშე კითხულობთ. ზოგიერთი ხილვა წარსულს ეხება, ზოგიერთი – აწმყოს, ზოგი კიდევ – მომავალს. დანიელის წინასწარმეტყველებისა და დაბადების წიგნების საკუთარ განმარტებებში წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ დაბადების წიგნის პირველი ნაწილი ეს არის – წინასწარმეტყველება წარსულზე, რადგან მაშინ არავის ძალ-ედვა ეხილა ის მოვლენები, რომელიც იმ დროს აღსრულდებოდა და დანიელისა და იოანეს მსგავსად, იმდროინდელ წმინდანებს გამოეცხადებოდათ.
აპოკალიფსისის უმთავრესი შინაარსი ეხება მოვლენებს, რომლებიც სამყაროს აღსასრულის წინ უნდა აღსრულდება. ზოგჯერ ის განიხილება როგორც დრო, რომელიც დაიწყო ქრისტეს პირველი მოსვლიდან და უკვე 2000 წელზე მეტია რაც გრძელდება. სხვა შემთხვევებში სამყაროს აღსასრული უშუალოდ ამ პერიოდის, ანუ ქვეყნიერების დასასრულის წინა მოვლენებს მოიცავს. იმისთვის, რათა ამ მოვლენაზე სრული წარმოდგენა მოგვცეს, აპოიკალიფსისი ცაში ანგელოზთა ბრძოლასაც აღგვიწერს (გამოცხ. 12:7). ეს არის მოვლენა, რომელიც სამყაროს გაჩენამდე მოხდა. ამიტომაც, უბრალო განმარტება აქ დაუშვებელია. ასევე, არ შეიძლება ითქვას, თითქოსდა ყველა მოვლენა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ვითარდება. სწორედ აქ უშვებენ მრავალ შეცდომას პროტესტანტები თავისი ქილიასტური (სწავლება ქრისტეს ათასწლოვან მეუფებაზე – რედ.) შეხედულებებითურთ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი უბრალოდ ქრონოლოგიურად ვითარდება, ანუ ისე, როგორც წერია. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ტექსტი ხან მომავალს ეხება, ხან წარსულს, ხან აწმყოს, შემდეგ უცებ აღმოცენდება ახალი ხილვა იმავე მოვლენისა, რის შესახებაც უკვე იყო წინასწარმეტყველება. აქ რაიმე ქრონოლოგიის პოვნა აბსოლუტურად შეუძლებელია.
აპოკალიფსისი მომავალ მოვლენათა უბრალო ქრონოლოგია კი არ არის, არამედ ქრისტეს ეკლესიის მთელი ისტორიის მისტიკური ხილვაა, და მხოლოდ ზოგჯერ გვეძლევა აქ მომავალ მოვლენათა აღწერა.
ამ წიგნში არსებობს აგრეთვე ხილვათა განმარტების სხვადასხვა ხარისხი. ასე მაგალითად, ძალზედ მცირე მაგალითების გამოკლებით, შეუძლებელია ითქვას, რომ ერთი სიმბოლო შეესაბამება რაიმე რეალურ მოვლენას. ერთი სიმბოლოს მიღმა შეიძლება მრავალი და განსხვავებული მოვლენები იგულისხმებოდეს. თუ კარგად შევისწავლით იოანეს გამოცხადებას, დავინახავთ, რომ ის, რასაც ერთი წმიდა მამა განმარტავს, სხვა წმიდა მამა სხვაგვარად აღიქვამს, კიდევ ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ესა და ეს სიმბოლო განსხვავებული ფაქტის აღმნიშვნელია, და ყველა ეს განმარტება შესაძლოა სრულიად სწორი იყოს, რადგან რეალობათა სიმბოლოების ერთი და ცალსახა შესატყვისობა არ არსებობს.
რა თქმა უნდა, სანამ აპოკალიფსისის კითხვას დავიწყებდეთ, კარგი იქნება წავიკითხოთ მოციქულების: იაკობის, პეტრეს და იოანეს ეპისტოლეები, სადაც უფრო მარტივ საკითხებზეა ლაპარაკი, ანუ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ზნეობრივი ცხოვრება, როგორ გავხდეთ ქრისტეანები, როგორც ვაწარმოოთ უხილავი ბრძოლა და ა. შ. შინაარსობრივად აპოკალიფსისი გულისხმობს, რომ თქვენ უკვე წაკითხული გაქვთ მსგავსი წიგნები და უკვე იცით რა სახის ომი მიმდინარეობს ეკლესიასა და ეშმაკს შორის; რას ნიშნავს ქრისტეანული ცხოვრება და როგორი ბრძოლები უნდა გავიაროთ სულის სახსნელად. თუ თქვენ არაფერი იცით ამის შესახებ და წმიდა წერილის (განსაკუთრებით კი ახალი აღთქმის – რედ.) წიგნები არ წაგიკითხავთ, მაშინ აპოკალიფსისი თქვენთვის საერთოდ გაუგებარი და მიუწვდომელი გახდება.


7. ქრისტეს მოსვლა ახლოვდება


აპოკალიფსისი ასე იწყება: “გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს” (გამოცხ. 1:1).
რას ნიშნავს სიტყვები: “რაც უნდა მოხდეს მალე”? ჩვენ უნდა გვახსოვდეს თუ რა არის ნათქვამი პეტრე მოციქულთან: “უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი, და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან. რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით. ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად. ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი” (2 პეტრე 3:3-10).
ეს ყოველივე აჩვენებს, რომ წმ. პეტრეს დროსაც კი, ანუ ქრისტეს მოსვლიდან უახლოეს წლებში, ადამიანები უკვე ეუბნებოდნენ ქრისტეანებს: “სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან”. იმ დღეებიდან 2000-ზე მეტი წელი გავიდა და ადამიანები კვლავ იმეორებენ: “თქვენ ლაპარაკობთ ქვეყნიერების აღსასრულზე, ქრისტეანებს ყოველთვის ეგონათ, რომ სამყაროს აღსასრული ახლოვდება, მაგრამ 2000 წელი გავიდა და არაფერი იცვლება. ამიტომაც, სამყარო კიდევ ათასობით და ათასობით წელი იარსებებს”.
რა თქმა უნდა, როცა წმ. იოანე ამბობს: “რაც უნდა მოხდეს მალე”, არ ნიშნავს ამ მოვლენების უეცარ აღსრულებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს “მალე” შესაძლოა ორიათას და მეტ წელსაც აღნიშნავდეს. თუ უფლის თვალში ათასი წელი ერთ დღესავითაა, მაშინ ორი ათასი წელი მართლაც უმოკლესი ვადაა. ეს დრო საჭიროა იმისთვის, რათა ყველა, ვინც კი უნდა გადარჩეს, მოვიდეს ქრისტესთან და გამოაშკარავდეს საიდუმლო უსჯულოებისა.
ყოველთვის, ყველა საუკუნეში წმიდა მამები ამბობდნენ, რომ სამყაროს აღსასრული ახლოსაა, რომ ქრისტე მალე მოვა, ის კი ჯერაც არ მოსულა. ჩვენ დროის იმ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელსაც თვითონ ვუწოდებთ ბოლო ჟამს, როდესაც სამყარო ამბობს, რომ აღსასრული მოახლოვდა. რატომ არის ასე? ნუთუ ქრისტეანობა მუდმივად ცდება, ამაოდ მშფოთვარებს, ფიქრობს, რომ ეს-ესაა ქვეყნიერება თავის აღსასრულს მიუახლოვდება და უცებ აღმოჩნდება, რომ ჯერაც ადრეა და ჯერაც შორსაა ამ მოლოდინის აღსრულება?
ჯერ-ერთი, ქრისტე ყოველ ადამიანთან მოდის, ყოველმა კაცმა თავისი დრო-ჟამი უნდა განვლოს და გარდაიცვალოს. ამ აზრით ყოველი ჩვენგანისთვის ქრისტეს მოსვლა ახლოსაა. და ეს სრულიად ჭეშმარიტია.
მეორეც, ყველა მორწმუნე ადამიანი, ვინც მიმდინარე მოვლენებს მისტიკური თვალთახედვით უყურებს, ანუ ისტორიულ მოვლენებში გარკვევას ცდილობს, ხედავს, რომ სინამდვილეში ის, რაც უნდა მოხდეს უკვე ხდება. თვით იოანე მახარობელი ერთ ერთ თავის ეპისტოლეში ამბობს: “ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია” (1 იოანე 2:18). მის დროშიც კი, ანუ პირველი საუკუნის მიწურულს, უკვე მრავალი ანტიქრისტე, ანუ ანტიქრისტეს სულით მოქმედი ადამიანი იყო გამოსული ქვეყნად, და მრავალი ჯერაც მოსასვლელია. ანტიქრისტე მოქმედებს ეკლესიის გარეთ და ეკლესიის შიგნითაც. რა თქმა უნდა, ღმრთისმბრძოლნი და ის ადამიანები, ეკლესიის შიგნიდან დანგრევას რომ ცდილობენ თავისებური ანტიქრისტეები არიან. ანტიქრისტეს მსგავს ადამიანებს მთელი ისტორიის განმავლობაში ვხედავთ, მაგრამ ეს მაინც არ არის ის ანტიქრისტე, სამყაროს აღსასრულს რომ უნდა გამოჩნდეს. ანტიქრისტეს სული ჯერ კიდევ ეკლესიის ისტორიის დასაწყისში არსებობდა, რადგან ეშმაკმა მისი დაფუძნების დღიდანვე, დაუყოვნებლივ დაიწყო ბრძოლა მის წინააღმდეგ.
ამიტომაც, რადგან აპოკალიფსისი ეს არის წიგნი ქრისტეს ეკლესიის ბრძოლისა ეშმაკის წინააღმდეგ, ყოველივემ, რაც მომავალში უნდა მოხდეს, ჯერ თვით ეკლესიის ისტორიის დასაბამშივე დაიწყო აღსრულება.
დასასრულ, სიტყვა “მალე” უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ საკუთარ სიკვდილთან მიმართებაში, რადგანაც ესქატოლოგია, ანუ სწავლება სამყაროს აღსასრულის შესახებ, მარტო ქვეყნიერების აღსრულებას კი არ ეხება, არამედ ჩვენი სიცოცხლის აღსასრულსაც, რადგან, როდესაც ყოველი ჩვენგანი კვდება, ის უკვე საიქიოში გადადის და იქ ელოდება ამ სამყაროს ისტორიის დასრულებას.



http://2kci.wordpress.com/2012/08/22/აპოკალიფსისის-წიგნის-საი/

Комментариев нет:

Отправить комментарий