ღმერთი

ღმერთი

вторник, 6 мая 2014 г.

ძველი ურჩხულების საიდუმლო - არსებობდნენ თუ არა მინოტავრები და ციკლოპები?


მეცნიერული სამყარო ახალ მტკიცებულებებს პოულობს: მითები, რომლებიც ადრე ფანტასტიკად მიაჩნდათ, დღეს რეალურ სახეს იძენენ.

უკვე არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ანტიკურ სახელმწიფოებში ცხოვრობდნენ ზღაპრული მონსტრები და მეფე-ჯადოქრები. ოღონდ, ოდნავ სხვაგვარად გამოიყურებოდნენ...

გასული წლის დეკემბერში ბრიტანელი არქეოლოგი კარინა გრინსტოუნი (1977-1982 წლებში ის მინოსური ცივილიზაციის ნანგრევთა გათხრებში მონაწილეობდა) საინტერესო განცხადებით გამოვიდა. მისი აზრით, მონსტრი მინოტავრი, რომელიც თითქოსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულს კუნძულ კრეტაზე ბინადრობდა, სულაც არ არის მითოლოგიური არსება, არამედ ... რეალური ქმნილებაა...

"ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც არ სმენია მინოტავრის შესახებ. ეს არის კაცის ტანიანი და ხარის თავიანი ურჩხული, რაც მინოსის მეფის ხართან შეუღლებულმა ცოლმა პასეფაემ შვა. მინოტავრი ინჟინერ დედალოსის მიერ აგებულ ლაბირინთში ცხოვრობდა და მას ყოველწლიურად შვიდ ყრმას სწირავდნენ მსხვერპლად. ასევე, 8 წელიწადში ერთხელ, მონსტრთან ათენიდან სამსხვერპლოდ ჩამოყვანილი 14 ქალ-ვაჟი მიჰყავდათ. საშინელი ზღაპარია, არა? მაგრამ ჯერ კიდევ 1798 წელს კრეტაზე აღმოაჩინეს სამი სამარხი, რომელთა წყალობითაც შეიძლება გაკეთდეს დასკვნა - მინოტავრები ნამდვილად არსებობდნენ... თანაც ათეულობით. ამ სამარხებში განისვენებდნენ ადამიანთა ჩონჩხები, რომელთა თავის ადგილას ხარის თავები ელაგა".

სისხლისმსმელი მონსტრის კულტი

"მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მინოტავრის სახე - ეს არის მოგვის სარიტუალო სამოსი, - აცხადებს ბერძენი ისტორიკოსი იანის თეოდორაკისი. - დღეს მეცნიერთა უმრავლესობა შეთანხმებულია იმ აზრზე, რომ კრეტაზე არსებობდა ღმერთ ბაალ-ჰამონის კულტი, რომელიც კუნძულის დამპყრობელმა "ზღვის გადაღმელმა" ოკუპანტებმა, ანუ ფინიკიელებმა შემოიტანეს. მეტალის ხარი სწორედ მათი კერპი გახლდათ და ტაძრებშიც მოგვები კერპთაყვანისცემის დროს თავზე ხარის გამოსახულებას იდგამდნენ. ომში რომ გაემარჯვათ, ფინიკიელები ბაალ-ჰამონს ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. გმირ თეზევსის მიერ მინოტავრის მოკვლა, კუნძულ კრეტაზე ბაალ-ჰამონის კულტის შეწყვტასა და აღმოფხვრაზე უნდა მიანიშნებს.

თუმცა, არსებობს "ხარ-კაცას" სიკვდილის სხვა ვერსიაც. ანტიკური ისტორიკოსი პლუტარქე წერს, რომ მონსტრის სახე ზედმიწევნით არის აღებული მეფე მინოსის დაცვის უფროსის - ტავროსისგან, რომელიც გლადიატორთა ბრძოლებში სისასტიკითა და მძვინვარებით გამოირჩეოდა და უამრავი უიარაღო ტყვე დაუხოცავს. ამ მკვლელი-მცველის ფარზე გერბად სწორედ ხარის თავი იყო გამოსახული...

გარდა ამისა, ბოლო წლების მითოლოგიური სენსაციები საკუთრივ მინოტავრით როდი შემოიფარგლება. თურქეთისა და ირანის მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ ძველბერძნულ მითზე მეფე მიდასის შესახებ. როგორც ცნობილია, ამ მმართველმა ღმერთ დიონისეს განსაკუთრებული ნიჭი სთხოვა - ყველაფერი, რასაც კი მიდასი მიეკარებოდა ოქროდ უნდა ქცეულიყო. ეს უნარი მიდასისთვის წყევლაც გადაიქცა: დღეიდან მიდასს აღარც ჭამა შეეძლო და აღარც დალევა, მან მოჰკლა საკუთარი ქალიშვილი, რადგან საკუთარი შეხებით ოქროს ქანდაკებად აქცია. შიმშილით გათანგული მეფე მუხლზე დაეცა დიონისეს წინაშე და ითხოვა უკან წაეღო თავისი ჯადოსნური ნიჭი. ღმერთმა ხარბ მონარქს უბრძანა განებანა პაქტოლის წყლებში (ამბობენ, რომ სწორედ იმ დღიდან აივსო ეს მდინარე ოქროს ქვიშით) და მეფეც ამ წყევლისაგან გათავისუფლდა.

სხვათა შორის: ისტორიკოსები ადასტურებენ ოქროს საწმისის შესახებ არსებულ მითსაც. გადმოცემის მიხედვით, ეს იყო ცხვრის ოქროს ტყავი, რომელიც უძველეს კოლხეთში მდებარეობდა და რომლის წასაღებადაც ბერძენი იასონი კოლხეთში ხომალდ "არგოთი" ჩამოვიდა. თითქოსდა ბუნებაში ოქროსბეწვიანი ცხვრები არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა. ძველად კავკასიაში ოქროს სწორედ ცხვრის ტყავით მოიპოვებდნენ, რომელსაც მდინარეში დებდნენ და მდინარის მიერ მოტანილი ოქროს მარცვლებიც ცხვრის ბეწვს ეჭიდებოდა. XX საუკუნის დასაწყისშიაც კი თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის მაღალმთიან რეგიონებში ოქროს სწორედ ამგვარი სახით მოიპოვებდნენ. შესაძლოა, სწორედ ამ საწმისზე (უფრო ზუსტად, საბადოზე) ნადირობდნენ არგონავტები.

მინიატურული სპილოების ჯოგი?

ძველი ანატოლიის ქალაქების მემატიანე ეჭვს არ ტოვებს: მიდასი - სულაც არ არის მითოლოგიური მუტანტი, არამედ ჩვეულებრივი მეფეა, - ამტკიცებს პროფესორი სულეიმან რაჰმანი თურქეთის ქალაქ ედირნედან. ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIII საუკუნეში, ტროას ომის წინ, ის ფრიგიის მეფე გახლდათ. მაინც რაში მდგომარეობს "ოქროს შეხების" ლეგენდა? მიდასი ძალზედ წარმატებული იყო ვაჭრობაში. ის უზარმაზარი ქონების მფლობელი გახდა, მის საცავებში ოქრო ბევრჯერ აღემატებოდა ნებისმიერი ბერძნული სახელმწიფოს ხაზინას. ბაბილონის სამეფოს ქრონიკებში ნათქვამია: "როგორც კი ფრიგიის მეფე დაიწყებდა მარილის გაყიდვას - ფასები მატულობდა, გაჰყიდდა ხორბალს - და მისი ფასიც მოიმატებდა". როგორც ჩანს, ბიზნესის წარმოების ეს უნარი გახდა სწორედ მითის საფუძველი. მიდასი სიმდიდრის სიმბოლო გახდა. ამის შემდეგ მეფეებს ფრიგიაში მისი სახელს არქმევდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს მათ წარმატებას მოუტანდა. მაგალითად, სხვა მიდასი, რომელიც ჩვ. წ.-მდე VII საუკუნეში ომობდა, ასევე ზღაპრულად მდიდარი გახლდათ.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი! ერთი წლის წინ მინეაპოლისის (აშშ) ხელოვნების აკადემიის კონფერენციაზე მეცნიერებმა სერიოზულად განიხილეს ციკლოპების არსებობა და ივარაუდეს, რომ ეს ხალხი, ხმელთაშუაზღვის კუნძულებზე ბინადრობდა. ძველბერძენი პოეტი ჰომეროსი, როდესაც ცალთვალა გიგანტებზე მსჯელობს, მათ არსებობას ეჭვ ქვეშ სულაც არ აყენებს. "ოდისევსის" ავტორის თქმით მონსტრები კრეტაზე და მალტაზე ცხოვრობდნენ.

"ისტორიის მამა" ჰეროდოტე ჩვ. წ-მდე V საუკუნეში აღწერდა სკვითი-არიმასპების მოდგმას, რომელთაც ცხვირის მაგიერ თვალი ჰქონდათ. მკლევართა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი შესაძლოა რეალურად არსებული მომთაბარე ტომები ყოფილიყვნენ. 1914 წელს ავსტრო-უნგრელმა პალეონტოლოგმა ოტენიო აბელმა წამოაყენა უფრო "გამიწიერებული" თეორია: თითქოსდა, ლეგენდები ციკლოპების შესახებ ეფუძნება ძველბერძენთა ისეთ აღმოჩენებს, როგორიც გადაშენებული მინიატურული სპილოები არიან. ამ ცხოველთა თავის ქალას (ისინი სწორედ კრეტასა და მალტაზე ცხოვრობდნენ) გააჩნდა დიდი ღრმული, რომელიც უზარმაზარ თვალს წააგავდა.

საჭიროა აღინიშნოს, XIX საუკუნის მიწურულამდე ევროპაში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქალაქი ტროა - ჰომეროსის ფანტაზიის ნაყოფია, ხოლო ტროას ომი - მისივე ოსტატური გამონაგონი. მაგრამ 1876 წელს მოყვარულმა არქეოლოგმა ჰენრიხ შლიმანმა მთელი მეცნიერული სამყარო აალაპარაკა, როდესაც მიკენის გათხრებში ტროას არსებობის უტყუარი მტკიცებულებები აღმოაჩინა. ვინ იცის - იქნებ სხვა ძველბერძნული მითებიც სრულიად რეალურ მოვლენებს აღწერენ, რომლებიც ზღაპრული სამოსით შეუმოსავთ? ამის გარკვევა ალბათ მომავალში თუ მოხერხდება.

წყარო: http://www.aif.ru/society/science/3939

apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий