ღმერთი

ღმერთი

понедельник, 27 января 2014 г.

მართლმადიდებლობა და როკი. შესაძლებელია თუ არა კავშირი?

გთავაზობთ მრგვალი მაგიდის ფორმატით ჩატარებულ შეხვედრის ტექსტს, რომელიც 2004 წლის აპრილში კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა


მრგვალი მაგიდის მონაწილენი:

დიმიტრი გრიგორენკო, როკ ჯგუფ “არტეფაქტის” ლიდერი

გ.ი. ზოლოტუხინა, კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის პროფესორი

გ.ა. იუდინა, კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვის კათედრის პედაგოგი

გ.უ. ამინოვა, მუსიკათმცოდნე, კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-მეთოდური განყოფილების ხელმძღვანელი

მღვდელი ვიქტორ ტეპლიცკი, კრასნოიარსკისა და ენისეის ეპარქიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი.

კონსტანტინე ლიტვინოვი, კრასნოიარსკის გაზეთის ჟურნალისტი.

დიმიტრი ასტაფიევი, ტელესტუდია “აფონტოვოს” ჟურნალისტი.

დიაკვანი ანდრეი კურაევი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, მ.ი. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი მართლმადიდებელი მწერალი და პუბლიცისტი.

ლ.ი. როჟდესტვენსკაია, ცნობილი ჟურნალისტი

ნ.ნ. ვინნიკი, კრასნოიარსკის მართლმადიდებელ მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენელი.

დიაკვანი ანდრეი კურაევი: ბოლო ორი წელია რაც როკ მუსიკოსების ინიციატივით შეინიშნება თანამშრომლობა ეკლესიასა და როკ მუსიკის სამყაროს შორის, რაც როკ-კულტურის მესვეურთა გონებრივმა წინსვლამ განაპირობა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსული როკ-კულტურის ფენომენი საკმაოდ თავისუბურია. როკ-კულტურამ, რომელიც მამათა ღირებულებების მიმართ პტოტესტის გამომხატველი იყო ყოველთვის, დასავლეთში კი ეს ქრისტიანობაა, ანტიქრისტიანული ფორმები მიიღო. რუსეთში ყველაფერი პირიქით იყო. 70 იან წლებში რუსეთში ჩაისახა როკ-ტრადიცია, რომელიც გამოიხატებოდა საბჭოთა პარტიული მუშაკებისა და კომკავშირელების კარიერისტული იდეოლოგისადმი პროტესტის სახით. ოფიციალური იდეოლოგია საბჭოთა კავშირში ურთიერთწინააღმდეგობრივი სიტყვებისა და კარიერისტული ორიენტაციის ელიტური ნაერთი იყო. პირველი მუსიკალური ნაწარმოებები სულიერი ძიების დაწყებას ამოწმებენ. მაგალითსათვის, როკ-ოპერაში “იუნონა და ავოსი” გაისმის ალექსეი რიბნიკოვის კეთილი სიტყვები რწმენის, ეკლესიის, მართლმადიდებლობის შესახებ, რაც ავტორის მართლმადიდებელ რწმენაზე მეტყველებს. მას შემდეგ რაც როკ-კულტურის სამყაროს მოევლინენ ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან გრებენშიკოვი, შევჩუკი, კინჩევი, დაიწყო იმგვარი კლიშეების მსხვრევა, როგორებიცაა: “ყველა როკ მუსიკოსი სატანისტია”. ის ეფუძნებოდა ასაკობრივ, საბჭოთა სტეროტიპს, ასევე ე.წ. “სამშობიარო ტრავმას” («Родовая травма») – პირველ კრიტიკას, რომელიც ჟურნალში “მოსკოვი” 1989(1990) წელს გამოჩნდა. კანადელმა კათოლიკემ ჟან-პოლ რეჟინბალმა გამოაქვეყნა ფაქტები, რომელთა ნაწილიც სინამდვილე იყო, ნაწილი კი გადამოწმებას არ ექვემდებარებოდა. ამასთან ერთად, ჯერ არ არსებობდა საკუთარი, რუსული ტრადიცია, რეაქცია თანამედროვე კულტურულ პროცესზე. ცნობილია, რომ როდესაც კვერცხიდან წიწილა იჩეკება, პირველივე მოძრავ საგანს მთელი ცხოვრება დედად მიიჩნევს. სწორედ ასე, როდესაც საბჭოთა საპყრობილის კვრცხიდან კულტურის პირველი კრიტიკა იჩეკებოდა, ჩვენ რეჟიმბალის ჩვარი დაგვიქნიეს, რომელზეც ეწერა – “როკი სატანიზმია” და მკითხველმაც დაიჯერა. შემდგომ ამისა, ასობით პუბლიკაციაში რეჟიმბალი მართლმადიდებელ მღვდლად იქცა, მისი მოსაზრება კი აღიქმებოდა როგორც საერთო საეკლესიო ნორმა, რეაქცია როკ-მუსიკაზე. ბოლო რამდენიმე წელია სიტუაციამ შემოტრიალება იწყო: ეკლესია, 1,5 ათასი წლის დაგვიანებით, თანდათან სახელმწიფოსგან ხალხისკენ ტრიალდება. ჩვენ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, როდესაც ფასეულობათა სისტემაში ხალხი გადაეჩვია სახელმწიფო ძალაუფელაბაზე ყოფილიყო ორიენტირებული. მათ სხვა ავტორიტეტები გაუჩნდათ: მეცნიერები, მსახიობები, ჟურნალისტები, სპორტსმენები, კომედიანტები, მასხარები, მომღერლები და ა.შ… ამგვარ ვითარებაში საეკლესიო იერარქები დარწმუნდნენ, რომ გუბერნატორებთან ერთი-ერთზე დიალოგით პრობლემებს ვერ მოაგვარდებდნენ. საჭიროა ეკლესიაში აღორძინდეს სახახლო მისიონერობა, საჭიროა დიალოგი საკუთარ ხალხთან, სუბ-კულტურებთან. სხვადასხვა ასაკობრივ ფენასთან თუ პროფესიონალურ წრეებთან საუბარი მათსავე ენაზე უნდა მოხდეს, ერთიანი აქსეოლოგიური საეკლესიო ფასეულობების შენარჩუნებით.

ამასთან ერთად, არ უნდა გვავიწყდებოდეს საკუთარი შვილების არსებობა. მნიშვნელოვანია მათი განსხვავებული კულტურის გაცნობიერება მთელი სერიოზულობით. საჭიროა მათთან საუბარი ზუსტად ისეთივე მოთმინებით, როგორც ამას აკეთებენ ჩვენი იერარქები, ღვთისმსახურები, გუბერნატორებთან, მინისტრებთან, როდესაც მათ პატიობენ უზრდელობებს, უკიდურეს უცოდინარობას, მანკიერებებს და ა.შ. აუცილებელია თუნდაც მცირედი მოთმინების გადატანა ჩვენს შვილებზე. ჩვენ საუკუნეების მანზილზე გვიგროვდებოდა დათმობები რწმენის სისუსტეებისადმი (პროფესიონალი ეკლესიური “ბაბუშკების” მიმართ), დათმენები მათი ცრურწმენებისა (ძალიან დიდი რაოდენობით). ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენი შვილები არ არიან ჩვენი საკუთრებანი – რომლებსაც რომელ კუთხეშიც მოგესურვება, იმ კუთხეში დავაყენებთ, ისინი ცოცხალი არსებები არიან. პედაგოგიკა მსგავსად პოლიტიკისა, კომპრომისების ხელოვნებაა. ბოლო წლებია მე აქტიურად ვეწევი ღია დიალოგს როკ-მუსიკის სამყაროსთან, რაც სერიოზული და ღრმა პროცესის სიმპტომია. 2003 წლის იანვარში ცნობილი კონცერტის – “როკი ცისკენ” შემდგომ, რომლის ფარგლებშიც ეკლესიისა და როკ-დინოზავრების პირველი დიალოგი შედგა, მე გამაკვირვა კრიტიკული რეაქციის სისუსტემ. მე ველოდი ცუნამს, მაგრამ საეკლესიო პუბლიკაციების დონეზე დაწერილი სარეცენზიო სტატიები დღემდე არ მინახავს. სერიოზული უარყოფითი რეაქცია არ ყოფილა, უფრო პირიქით, გამოიხატა საპირისპირო საფრთხე ე.წ. კლონებისგან: გამეორებები სხვადასხვა ეპარქიებში. ეს ყოველთვის არ არის სასარგებლო, რადგან არის საშიშროება ახალგაზრდობასთან დაპირისპირებისა, ნაცვლად დაახლოებისა. შესაძლოა გაჩნდეს გრძნობა, თითქოს რაღაც ძვირფასის მოპარვას ცდილობენ, თითქოს ექსპულატაციის მიზნით ეპყრობიან ჩვენს სიწმინდეებს. საჭიროა ამგვარი რეაქციის თავიდან აცილება. მე, ჩემი მხრივ, ამგვარ წამოწყებებს ვეწინააღმდეგები, ვამუხრუჭებ მსგავს პროექტებს. აქ მნიშვნელოვანი ფაქტი, მსგავსი პროგრამების პრეცენდენტის დაშვებაა, რათა როგორც ეკლესიურ, ისე არაეკლესიურ საზოგადოებაში ჩამოეშვას “წითელი” დროშები და მოხდეს აზროვნებითი სივრცის გაწმენდა.

გ.ი. ზოლოტუხინა: თქვენ როკის გაჩენას კონტრ-კულტურასთან აკავშირებთ?

დიაკვანი ანდრეი კურაევი: დღეისათვის, რა თქმა უნდა, არსებობს რუსული როკის კულტურა, უბრალოდ დასავლეთში ჯერ არ იციან ამის შესახებ. როდესაც ა. მაკარევიჩის და როკ-ჯგუფ “მეტალის კოროზიის” მუსიკას აიგივებენ ერთმანეთთან, სიტყვა “როკი” კარგავს თავის არსობრივ მნიშვნელობას.

გ.ი. ზოლოტუხინა: ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობენ ამერიკაში ბოლო წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ ევროპას ამ ქვეყნების დაღუპვას უწინასწარმეტყველებენ. მიზეზი კი ხალხის დექრისტიანიზაციაა. ატარებს თუ არა როკ-მუსიკა დექრისტიანიზაციას, თუ ის შემოქმედებითი პროცესია?

დიაკვანი ანდრეი კურაევი: მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც როკ-კულტურა შეიცვლის თავის არსს. მუსიკოსები აცხადებენ, რომ როკ-მუსიკის ერთ-ერთი მიმდინარეობა კომერციალიზაციის გზით წავიდა, ანუ, ის არ არის ცხოვრების სტილი, აზრი, გრძნობა, არამედ, ერთგვარი სულიერი მდგომარეობის, განწყობის, პროდუქციის გაყიდვას ემსგავსება. ამ მნიშვნელობით, შედარებით კომერციულად იმგვარი პროექტები ითვლება, რომლებიც დაბლა წევენ მსმენელის, მკითველის, მაყურებლის, სატელევიზიო პროგრამის, რადიოს ხარისხობრივ ზღვარს და თავის თავში ფართო ადგილს უტოვებენ ცხოველურ ინსტიქტებს.

მღვდელი ვიქტორ ტეპლიცკი: ჩემი გზა ქრისტესკენ როკ-მუსიკიდან დაიწყო. ბუნება თავის რეალიზაციას ითხოვს. როკ-კულტურის არეალში კითხვები იჩენს თავს: როგორ და რატომ ვცხოვრობთ, საით მივდივართ? თუკი როკს შედარებით წყნარ პოპ-მუსიკას შევადარებთ, სწორედ ეს უკანასკნელი შეიცავს სატანიზმის ელემენტებს, მისგან ადამიანი ვერაფერ სასარგებლოს ვერ იღებს. მნიშვნელოვანია ის, რომ კულტურა არ გადავაქციოთ კულტად და არ ჩავრჩეთ მასში. მართლმადიდებლურ კლუბში მყოფი მრავალი ახალგაზრდა სწორედ როკ მუსიკას უსმენდა მართმადიდებლობის მიღებამდე. ამიტომ დავიწყე იმ როკ-ჯგუფების განვითარებაზე დაკვირვება, რომლებსაც ვუსმენდი ადრე. ამ დროისათვის უკვე ვიყავი ეკლესიაში და უარყოფილი მქონდა როკ-კულტურა, ჩანაწერებიც გადაყრილი მქონდა. როგორც ჩანს, ღვთის წყალობითა და ეკლესიის გარემოცვით, კინჩევი და ბუტუსოვი თანდათანობით ეკლესიურები ხდებიან, შემოქმედებას ისინი არ გაურყვნია, არ დაუღუპავს.

დიაკვანი ანდრეი კურაევი: “მართლმადიდებლობისა და როკის” დიალოგისას საზოგადოებას სხვადასხვაგვარი ასოციაციები უჩნდებათ. ჩემთვის, მართლმადიდებლობა სერგი რადონეჟელია, ანტონი დიდი… სხვებისთვის – ვიღაც მთვრალი გამოდებილებული, ლუდის ბოთლით ხელში, რომლის ცხოვრებაც თავად აქვთ განვლილი. სხვათათვის როკი საძაგელი “პოპსაა” – ბორია მოისეევი, ფილიპ კირკოროვი.

გ.უ. ამინოვა: რელიგიისა და შემოქმედების ურთიერთდამოკიდებულების საკითხთან დაკავშირებით. ცხადია, რომ ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, ტანეევის შემოქმედება, რელიგიური მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობს. თანამედროვე მუსიკათმცოდნეობაში არსებობს ვერსია: რელიგიური მუსიკა არის ის, რომელიც ჟღერს ტაძარში, საერო მუსიკა შეუძლებელია იყოს მართლმადიდებლური ან ისლამისტური…

დიაკვანი ანდრეი კურაევი: არც თუ ისე კორექტულია როკ მუსიკოსებისა და კლასიკოსი კომპოზიტორების შედარება, სადაც მუსიკა ხშირ შემთხვევაში ტექსტის გარეშეა წარმოდგენილი. როკ მუსიკაში ტექსტი უმთავრესია, მასში იკვეთება არსობრივი აქცენტები, მათ შორის კონფესიონალური. როდესაც კინჩევი მღერის: “Иноверных учили по льду”, ცხადია, რომ ის პირდაპირ კათოლიკების შესახებ გამოთქვამს თავის მართლმადიდებლურ მოსაზრებას.

გ.უ. ამინოვა: არის თუ არა შესაძლებელი ჩაანაცვლოს ვივალდის ან ბახის შედევრები როკ-ინტერპრეტაციებმა?

დიაკვანი ანდრეი კურაევი: ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ელექტრო ინსტრუმენტების მეშვეობით კლასიკური მუსიკის გადმოცემის მცდელობას. შეუძლებელია არსებობდეს მართლმადიდებლური მათემატიკა, მაგრამ არსებობს ქრისტიანული ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, სადაც მნიშვნელობა არა მხოლოდ უფლის სახელის ხსენებას ან სახარებისეული სიუჟეტების წარმოდგენას აქვს, არამედ ეს არის ადამიანის განცდა, რომელიც მხოლოდ სახარებისეულ წიაღში შეიძლება იშვას: შინაგანი ადამიანის განცდა, მისი პლასტიურობა, მისი შინაგანი არასტაბილურობა, სინანული.

სწორედ ნეტარი ავგუსტინეს წიგნის, მე-5 საუკუნეში დაწერილი წიგნის, “აღსარებანის” პერიოდში სრულდება ანტიკური და იწყება ევროპული ლიტერატურის ხანა: აქ პირველად ხდება პერსონაჟის შინაგანი ბიოგრაფიის აღწერა. ანტიკურ ლიტერატურაში პერსონაჟები ყოველთვის თანასწორნი არიან საკუთარი თავისა. მაგალითად, ჰერაკლე ან აქილევსი. როგორებიც იყვნენ ისინი პირველ გვერდზე, ასეთებად დარჩებიან ბოლოშიც, ისინი არ იცვლებიან, ისინი ჰგვანან ქანდაკებებს, ნიღბებს. რაც შეეხება ქრისტიანულ კულტურას, მწერალს შესაძლოა არ მიაჩნდეს თავისი თავი ქრისტიანად, მაგრამ მისი შემოქმედება მთლიანად მის (ქრისტიანობის) კალაპოტს მიჰყვებოდეს. მაგალითისთვის, ლევ ტოლსტოის შესახებ ვერ ვიტყვით რომ მართლმადიდებელი ფილოსოფოსია, მაგრამ უდაოდ, ის უდიდესი მართლმადიდებელი მწერალი იყო. მ. შოლოხოვი არ დადიოდა ეკლესიაში, მაგრამ როგორც ის ხედავს ადამიანს თავის ნაწარმოებებში – “მშვიდი დონი”, “ბედი კაცისა”, მოწმობს იმაზე, რომ მას შესისხლხორცებული აქვს ადამიანის აღქმის მრავალსაუკუნოვანი ინერცია რუსულ-სახარებისეულ ეთიკაში. ეს ეხება მუსიკასაც: როდესაც, მაგალითისათვის, შევჩუკი მღერის: “Я болею душой, что вернулась ко мне”, სადაც ცხადად იკვეთება რელიგიური მოტივები.

მღვდელი ვიქტორ ტეპლიცკი: ადამიანი თავად უნდა გაერკვეს თავის თავში. თუკი ჩვენ დაგვიღეჭავენ და პირში ჩაგვიდებენ, ვერასოდეს შევირძნობთ გემოს და უგემურ ფაფას მივიღებთ.

კონსტანტინე ლიტვინოვი: საინტერესოა, საერთოდ რა საჭიროა ეს კავშირი? როგორია იგი? 80 იანი წლების როკ-მუსიკა ახალგაზრდობისათვის გარკვეულ ამოცანებს – საკულტო, მასობრივ ფორმებს ატარებდა. ამჟამად კი როკ-მუსიკა გადასხვაფერდა, ის კომერციალიზაციის გზას ადგას, მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი დარჩა, ვინც შეინარჩუნა სულიერი საყრდენი, ვინც ეძებს გადარჩენის გზას. ღირს კი იმაზე საუბარი, რომ როკ-კულტურას ძალუძს გავლენა მოახდინოს ახალგაზრდობაზე, გახდეს მასობრივი?

დიმიტრი გრიგორენკო: როკ-მუსიკა უკიდურესად ფართო ცნებაა, თუმცა, ჩვენს დღეებში მისი აუდიტორიის შემცირებას აქვს ადგილი. პროტესტის თემატიკა გარეგანი ფორმებიდან შინაგანში გადადის: არა პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ იმის, რაც არის საკთარ თავში. ეს ნორმალური პროცესია. როკ-კულტურა გამოაღვიძებს ადამიანს შიგნიდან, სვამს კითხვებს, რომელთა პასუხების გარეშეც ადამიანს ცხოვრება აღარ შეუძლია.

კონსტანტინე ლიტვინოვი: რამდენად მავნებელი მოქმედება აქვს რიტმებს და ხმაურს ადამიანზე? როგორ მოქმედებს ადამიანზე მიწოდების ამგვარი ფორმები?

დიაკვანი ანდრეი კურაევი: მე ჩემს თავზე უარყოფითი გავლენა არ მიგრძვნია. როდესაც მოზარდი ვიყავი, როკ მუსიკით არ ვყოფილვარ გატაცებული. მასთან გაცნობას მხოლოდ ეხლა ვიწყებ. დასაწყისისთვის ამ საკთხზე კრიტიკას გავეცანი: ნაწილობრივ საეროს და ნაწილობრივ საეკლესიოს. საკუთარ თავზე არ მიგრძვნია რომ როკ-მუსიკა სულს მიტოკებდა, ტვინს მირევდა ან ზომბად მაქცევდა. მაგრამ სპეც. ლიტერატურასთან მიახლება არ გვაწყენდა. მუსიკა იყოფა მელოდიურ და რიტმულ ნაწილებად, ამ უკანასკნელს შეჰყავს ადამიანი რაღაც იმგვარ მდგომარეობაში, რომელსაც თანამედროვე ლიტერატურაში და ფსიქოლოგიაში “სახეცვლილი გონის მდგომარეობა” ეწოდება. ქრისტიანული თვალსაზრისით განმეორებადი რითმებით, ბგერებით გამოწვეული მდგომარეობა, ცალსახად ნეგატიურია. არსებობს მთელი რიგი მუსიკალური მიმართულებებისა: ტექნოტრონული, მედიტატიური, ქაოსის მუსიკა, სადაც მასების ზემოქმედების ეფექტია ამოქმედებული. კარგია თუ არა ადამიანური სოლიდარობის შეგრძნება? ერთი მხრივ შეიძლება არსებობდეს დამარბეველთა სოლიდარობა, მეორე მხრივ კი ხალხის მასა, რომელიც აღნიშნავს 1945 წლის 9 მაისის დღესასწაულს, სადაც ერთიანდებიან სიხარულსა და ეიფორიაში. მასზე ვერ ვიტყვით, რომ დემონურია და არ იმსახურებს გაკიცხვას. მუსიკას შეუძლია ადამიანებს შორის ბარიერები მოხსნას და აქ მთავარია: რა არის თავად ამ ადამიანში და რა არის ტექსტურ მესიჯში, რასაც გრძნობს ადამიანი როდესაც ერთიანდება შემსრულებლებთან. ამასთან, მთავარ მოქმედ ძალად რჩება არა მუსიკა, არამედ მისი შინაარსი.

მღვდელი ვიქტორ ტეპლიცკი: მუსიკოსი გრძნობს დარბაზის ენერგიას და აღიგზნება. თავად მუსიკოსისთვის ხომ არის მავნებელი ამგვარი მუსიკა? მიზანი კი არის კარგი, მაგრამ გამოხატვის ფორმა როგორია?

დიმიტრი გრიგორენკო: ხელოვნება სერიოზულ მიდგომას იმსახურებს. მთავარი ხიბლი აქ მასის ფლობაა. კინჩევისთვის რთულია, მას მრავალმილიონიან მასაზე შეუძლია ზემოქმედება, მას იცნობენ, უყვართ. შეუძლებელია ასეთ დროს არ ილოცოს ადამიანმა თავისთვის. ეს მოწამეობრივი გზაა. შემოქმედება ღვთის მიერ ბოძებული ნიჭია და თუკი ადამიანს აქვს ამის ნიჭი, ცოდვაა მისი დათრგუნვა. საჭიროა საკუთარი თავის რეალიზება იქამდე, რა ნიჭიც ზევიდან გაქვს მოცემული და, ამასთან ერთად, აუცილებელია შეგეძლოს თავის კონროლი.

დიმიტრი აფანასიევი: შენ საკუთარ შემოქმედებას ხსნის გზად განიხილავ?

დიმიტრი გრიგორენკო: როკ-მუსიკა სვამს კითხვებს, პასუხებს კი ეკლესია იძლევა. როკ-მუსიკა უნდა დამთავრდეს იქ, სადაც იწყება ეკლესია. როკ-მუსიკას არ გააჩია ადამიანის ღმერთთან მიყვანის მისია. როკ-მუსიკა არ ნიშნავს რელიგიურ ცხოვრებას. ის არ არის სარწმუნოება, არ არის სულიერი ცხოვრება. შემოქმედებით ცხონება შეუძლებელია.

დიაკვანი ანდრეი კურაევი: იმის წარმოდგენა თითქოს მუსიკა სრულდება იქ, სადაც იწყება ეკლესია ნიშნავს იმას, რომ თქვენთვის ეკლესია კლერიკალიზმია. არადა, ეკლესია ხალხია. ეკლესიური ხალხის ცხოვრებაში, რომლებმაც უკვე მიიღეს მართლმადიდებლობა, შეიძლება როკ-მუსიკაც არსებობდეს და როკ-პოეზიაც. რამეთუ, ზნეობრივი და სულიერი ჭეშმარიტება ის ჭეშმარიტება კი არ არის, რომელიც ვიპოვეთ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენია, ის ითხოვს ადამიანისგან უფრო და უფრო მეტ ძიებას და გაგებას. ქრისტიანი მუდამ უნდა ეძებდეს მიზეზს ლოცვისათვის. ეს შეიძლება იყოს ბუნების ჭვრეტა, მხატვრული ლიტერატურა, ადამიანთან შეხვედრა, კარგი სამეცნიერო ტრაქტატი, რაც შეიძლება შემდგომ უფალთან ურთიერთობის მიზეზი გახდეს. ზღვარი მუსიკასა და ეკლესიას შორის შეიძლება ეკლესიასა და ფილოსოფიას შორის არსებულ ზღვარს შევადაროთ, ისინი მჭიდრო კავშირში არიან და მათი დაცილება არ შეიძლება. ვფიქრობ, რომ ანთოპოლოგიურად არ შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის ზღურბლს მიღმა ადამიანისთვის არ არსებობს როკ-მუსიკა.

გ.უ. ამინოვა: შეძლება როკ-მუსიკა ტაძარში ჟღერდეს?

დიაკვანი ანდრეი კურაევი: ჩვენი ცხოვრება საკმაოდ დივერსიფიცირებულია. არ შეიძლება ტაძარში სახარების ნაცვლად ვიკითხოთ პილატეს ციტატები “ოსტატი და მარგარიტა”-დან. თუკი ერთგან რაიმე კარგია, არ ნიშნავს იმას, რომ ის ტაძარშიც შეიძლება დავუშვათ. საეკლესიო მუსიკა ეკლექტური უნდა იყოს: მსახურების საფუძველს ტრადიციული გალობა უნდა წარმოადგენდეს, სასურველია არსებობდეს როგორც “ზნამენური გალობა”, ასევე პარტესული კონცერტები. ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ქრისტეს სიტყვები: “მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე”. ქრისტე თავის ეკლესიასთან იყო ყოველ საუკუნეში, სადაც ისევ ის სახარებისეული საფუარი იზრდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ როკ-მუსიკის სული არ იყო ჩვენს შეხვედრაზე. ჩაინიშნეთ საშინაო დავალება, ბატონო მუსიკოსებო: იზრუნეთ საკუთარი ქალაქის სისუფთავეზე, გაათავისუფლეთ კრასნოიარსკი ორალური სექსის რეკლამებისგან, დაამტკიცეთ, რომ როკი ჯერ ისევ ცოცხალია.

© დიალოგი ჩაწერილია კრასნოიარსკის მართლმადიდებელ მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლის – ნატალია ვინნიკის მიერ.

© კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი, 2004 წლის 27 აპრილი.



http://www.orthodoxtheology.ge/rock/

Комментариев нет:

Отправить комментарий