ღმერთი

ღმერთი

четверг, 30 января 2014 г.

ვინ ებრძვის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას პირწავარდნილი მეგრანტეების ხელით?

2014 წლის 8 იანვარს ანტიმართლმადიდებლურ საქმიანობაში არა ერთხელ შემჩნეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პატრიარქის ეპისტოლეში სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების შესახებ გამოთქმული თვალსაზრისის გამო ეკლესიასა და პატრიარქზე მორიგი იერიში მიიტანეს. საპატრიარქოს წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულმა ახალმა ტალღამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვა _ ვინ დგას საპატრიარქოსა და პატრიარქზე მორიგი შეტევის უკან და ვინ ებრძვის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პირწავარდნილი მეგრანტეების ხელით? _ ამ კითხვით «საქართველო და მსოფლიომ» მიმართა უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს და «საერთო გაზეთის» მთავარ რედაქტორ ვახტანგ ხარჩილავას.




«არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყარო აუცილებლად უნდა შემოწმდეს»


დიმიტრი ლორთქიფანიძე:


_ საპატრიარქოს მიმართ ასეთი არაადეკვატური დამოკიდებულება, როგორიც ე. წ. ლიბერალური ფრთის წარმომადგენელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოხატეს, კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ დასავლური ინსტიტუტების მიერ მართული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყარო აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ისინი ეწევიან იმ ინსტიტუტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს _ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს. მის საჭეთმპყრობელს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ყველაზე მაღალი ნდობა აქვს. როგორც ჩანს, ეს გახდა პირობითი რეფლექსის გამომხატველი ფაქტორი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დავალებას იღებენ თავიანთი დონორი ორგანიზაციებისგან. ეს არასამთავრობოები უკან არაფერზე იხევენ თავიანთი პროტესტის ყველაზე უფრო დაუშვებელი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ფორმებით გამოსახატავად, იმიტომ, რომ პატრიარქის დამცირება და შეურაცხყოფა _ ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს მოსახლეობის იმ ძალიან დიდი ნაწილისა, რომელიც პატრიარქს თავის სულიერ მწყემსმთავრად თვლის.


სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწყობილ უხამს პერფორმანსსა და პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს საზოგადოების საპასუხო რეაქცია მოჰყვა _ საპატრიარქოსთან სწორედ ის ადამიანები მიბრძანდნენ, რომელთათვისაც აუცილებლობას წარმოადგენდა, წინ აღდგომოდნენ უხამს განცხადებებს პატრიარქის მიმართ და შელაპარაკებაც სწორედ ამან გამოიწვია. ეს ყველაფერი კი ისევ და ისევ უმრავლესობის პოზიციის დამცველთა დაპატიმრებითა და მათზე ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებით დასრულდა. აქ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზეა ყურადღება გასამახვილებელი _ საჭიროა, ქვეყანაში ამოქმედდეს ისეთი საკანონმდებლო ნორმები, რომლებითაც ქართველი ერის ისტორიული, კულტურული თუ ზნეობრივი ღირებულებები, რითაც საქართველომ დღემდე მოაღწია, დაცული იქნება. იქნება ეს გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები თუ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები.


«პატრიარქს ებრძვიან, მაგრამ სინამდვილეში ეს ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული»


ვახტანგ ხარჩილავა:


_ სიმართლე გითხრათ, არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი პატრიარქის ეპისტოლეს მიმართ ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ისინი პატრიარქისა და ეკლესიის მოწინააღმდეგენი არიან. კარგად მახსოვს, პატრიარქის წინააღმდეგ გააზრებულად წამოწყებული ომი სხვადასხვა გამოცემის ფურცლებიდან. იბეჭდებოდა ძალიან უხამსი და ბინძური წერილები მისი უწმინდესობის წინააღმდეგ. პატრიარქის ოპონენტები კი, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ხშირად ხელისუფლებაზე მაღლაც კი აყენებენ საკუთარ თავს. ეს ხალხი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი არა, აგენტები უფრო არიან, რომლებიც უზარმაზარი თანხებით ფინანსდებიან. მათი დამფინანსებლების შესახებ ინფორმაციის მოპოვება კი თითქმის შეუძლებელია. ეს ტაბუდადებული თემაა. ამ ხალხს უცხოური ორგანიზაციები აფინანსებენ და სწორედ ამიტომ მათი მიზნების პროპაგანდას ეწევიან. ხან ლგბტ წარმომადგენლების, ხან სუროგაციისა და კიდევ სხვა საკითხების დასაცავად წამოყოფენ ხოლმე თავს. სწორედ ეს არის მათი მისია. მათი ქმედებები მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. დროა, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ძალიან მკაცრად და რადიკალურად მოითხოვოს იმის გარკვევა, ვინ არიან ამ ორგანიზაციების დამფუძნებლები და დამფინანსებლები, რომლებიც ასე უტიფრად და თავხედურად ებრძვიან ეკლესიასა და პატრიარქს! ჩვენ ვამბობთ, რომ ისინი პატრიარქს ებრძვიან, მაგრამ სინამდვილეში ეს ბრძოლა ხომ საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული! ამ საქართველოს კი პატრონი ხომ ჰყავს ან ხომ უნდა ჰყავდეს ჩვენი და ხელისუფლების სახით?! ჰოდა, მაშინ ვიკითხოთ, ბატონო, როდემდე უნდა ვიყოთ ასე უმოქმედოდ, ეს ბრძოლა ხომ გუშინ და დღეს არ დაწყებულა?! ვიდრე არ გაირკვევა, ვინ არიან ამ ორგანიზაციების დამფინანსებლები, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ მზაკვრობას არაფერი ეშველება!


მოამზადა შორენა ღვაჩლიანმა


http://www.geworld.ge/View.php?ArtId=5581&Title=vin+ebrZvis+saqarTvelos+marTlmadideblur+++eklesias+pirwavardnili+megranteebis+xeliT?&lang=ge




Комментариев нет:

Отправить комментарий