ღმერთი

ღმერთი

понедельник, 27 мая 2013 г.

მედიცინა ძველ მესოპოტამიაში (შუმერები, ბაბილონი, ასურეთი).

პირველი ცნობები შუმერებში სამედიცინო ცოდნის შესახებ განეკუთვნება ჩვ. წ. აღრიცხვამდე III ათასწლეულს და წარმოადგენს 9,5×16 ზომის თიხის დაფას, რომელიც მოიცავს სამ განყოფილებას, 145 სტრიქონს და წარმოადგენს სამი სახის (ცხელი საფენების, შინაგანი და გარეგანი სამკურნალო საშუალებების ) 15 რეცეპტს, რომლებიც ლაკონურობით გამოირჩევიან. მაგ.: გაცერით და გულდასმით შეურიეთ ერთმანეთს კუს დანაყილი ბაკანი, მცენარე ნაგას (იყენებენ სოდის მისაღებად) ყლორტები, მარილი და მდოგვი. მოიბანეთ მტკივნეული ადგილი მაგარი ლუდით და ცხელი წყლით, რის შემდეგაც შეიზილეთ ზემოაღნიშნული ნაზავი და დაიყარეთ სოჭის დაფხვნილი წიწვები. რეცეპტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ შუმერი მკურნალები ფართოდ იყენებდნენ მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა: მდოგვი, სოჭი, ფიჭვი, ქლიავი, მსხალი, ტირიფი, მცენარე ლეკანორუ ("მანა"). წამლების შემადგენლობაში შედიოდა ნავთობი, ბუნებრივი ასფალტის კუპრი, სუფრის მარილი, გამოიყენებოდა რძე, მატყლი, კუს ბაკანი, წყლის გველის ორგანოები. რეცეპტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მკურნალი, რომელმაც ეს ტექსტები შეადგინა, თავის პრაქტიკას ემპირიულ დაკვირვებებზე აგებდა. თიხის ფირფიტა არ შეიცავს არც ერთ სიტყვას ღმერთისა და დემონების შესახებ, რომლებიც გვხვდებიან ძველი მესოპოტამიის უფრო გვიანდელ რეცეპტებში. თუმცა არ არის მითითებული რომელი დაავადებების მკურნალობის დროს უნდა გამოეყენებინათ ეს რეცეპტები. ეს იმიტომ, რომ მესოპოტამიის ისტორიის ამ პერიოდისათვის ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ზეპირი სახით გადაიცემოდა.
ბაბილონში მიაჩნდათ, რომ ქალღმერთებს შორის უპირველესს-იშთარს შეეძლო დაავადებებისაგან განკურნება. მას "დიდ მკურნალსა" და "მიცვალებულთა გამაცოცხლებელს" უწოდებდნენ.
სამედიცინო ცოდნის განვითარება და ტრადიციული მედიცინა ბაბილონში (XVII-XII საუკ. ჩვ. ერამდე) ორი მიმართულებით ჩამოყალიბდა: ასუტუ ("მკურნალთა ხელოვნება") და აშიპუტუ ("შემლოცავთა ხელოვნება").

ხოლო დაავადებათა გამომწვევებად სამი მიზეზი ითვლებოდა:
  • ზებუნებრივი ძალები (მაგ. მათი რწმენით თავის ტკივილს და გულისრევას იწვევდა ქარიშხლის დემონი პაზუზუ, ხოლო საშინელ მოხუც დემონ ქალს ლამაშტუს შეეძლო ბავშვების დაავადება ციებ-ცხელებით);
  • სამართლებრივი და მორალური ნორმების, ასევე, წეს-ჩვეულებების დარღვევები (მაგ. გათხოვილ ქალთან ან ქურუმთან მიახლოება) და
  • ბუნებრივი მიზეზები (არაჯანსაღი საკვების მიღება, დაბინძურებულ მდინარეში ბანაობა, უსუფთაობა). მკურნალი – ასუ უფრო ხშირად ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რაც გამოიხატებოდა ფრაზებით: "ის გამოჯანმრთელდება", "ის გადარჩება"… თუ დაავადება სცილდებოდა მისი კომპეტენციის ფარგლებს, ის ხელს არ ჰკიდებდა ავადმყოფს. ასუს, როგორც მკურნალს, გააჩნდა რეალური მიზანი: "ციებისა და ცხელების შეჩერება", "სიმსივნის დაცხრომა", "ხელისა და ფეხის გამოვარდნილი ძარღვების დამშვიდება" და სხვ. ასუ თვითონ აგროვებდა, ინახავდა და ამზადებდა წამლებს საცხის, ფხვნილების, აბების, სანთლებისა და ტამპონების სახით. ასუს, როგორც წარმატებული მკურნალის შესახებ ცნობებს შეიცავს მეფე აშურბანაპალუსადმი მისი ძმის მიერ და ქალაქ ნიპურის ტაძრის მკურნალის მუკალიმის (XIV საუკ. ჩვ. ერამდე) მიერ ქალაქის მმართველისადმი მიწერილი წერილები. ამ მიმოწერიდან ჩანს, აგრეთვე, რომ აფთიაქი მუკალიმის ხელმძღვანელობით მუშაობდა, მკურნალობდნენ მონებსაც და პაციენტები გამოჯანმრთელებამდე მკურნალის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდნენ.
აშიპუს მკურნალობის მეთოდს კი შელოცვა წარმოადგენდა.
მისი სამკურნალწამლო არსენალი მეტად შეზღუდული იყო. იშვიათად აკეთებდა კეთილსაიმედო პროგნოზებს და ზოგ შემთხვევაში ახლოს არ ეკარებოდა ავადმყოფს, როგორც ბოროტი და მავნე ძალების მსხვერპლს. ამის მიუხედავად, ისინი მეფის კარის მკურნალებად ითვლებოდნენ, სადაც, როგორც ზემოაღნიშნული წერილებიდანაც ჩანს, მხოლოდ წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში იწვევდნენ ასუს. უფრო გვიანდელი ხანის სამედიცინო ტექსტებიდან ჩანს, რომ აშიპუმ გააერთიანა ორივე მიმართულება.
ძველი მესოპოტამიის სამედიცინო ტექსტების უმრავლესობა აღმოჩენილია ასურეთის დედაქალაქის აშურის მახლობლად ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს და თარიღდება II-I ათასწლეულით ჩვ. ერამდე. ყოველი მათგანი შედგენილია გარკვეული ნიმუშის მიხედვით და იწყება სიტყვებით: "თუ ადამიანი ავადაა …" და მთავრდება სიტყვებით: "…ის გამომჯანმრთელდება."
ძველ მესოპოტამიაში სათანადოდ არ ჰქონდათ შესწავლილი ადამიანის აღნაგობა, რადგან არ მიმართავდნენ გვამების გაკვეთას და ძალზე ზოგადი წარმოდგენა ჰქონდათ ისეთ ორგანოებზე, როგორიცაა ღვიძლი, გული, თირკმელები, კუჭი, ნაწლავები. ძველი მესოპოტამიის ჩვენამდე მოღწეულ ლურსმულ დამწერლობაში არ არის აღწერილი არც ერთი ქირურგიული ოპერაცია, თუმცა ნახსენებია ზოგიერთი სამედიცინო ინსტრუმენტი, მაგ.: სპილენძის მილები, შპადელები, ბრინჯაოს დანები და ჩვ. წ. აღრიცხვამდე XI – VI საუკუნეების ტექსტებში აღნიშნულია კასტრაციის შესახებ, რომელსაც სპეციალურად ნასწავლი ადამიანები ატარებდნენ. ეს ტექსტები ასევე შეიცავს ცნობებს ექიმი ქალის, რომელიც კურნავდა ქალურ დაავადებებს და თვალის ექიმის შესახებ.
ძველ მესოპოტამიაში არსებობდა ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული წესები. ერიდებოდნენ წყლის დალევას დაბინძურებული ჭურჭლიდან, არაჯანსაღი საკვების მიღებას და სხვ. განსაკუთრებულად იცავდნენ ჰიგიენას ქურუმები, რომლებიც ატარებდნენ ძვირადღირებულ თეთრ ტანსაცმელს. თუ მეფეს მიუახლოვდებოდა უსუფთაო ადამიანი, ან მოსამსახურე ჭუჭყიანი ხელებით, იწყებოდა მთელი სასახლისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება. ქალაქებში დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ კანალიზაცია. ბუნებრივი წყალსაცავები კი იმდენად იყო დაბინძურებული, რომ წყლის ნაცვლად ყველა, მათ შორის ბავშვებიც, სვამდა ლუდს და სხვადასხვა სასმელს.
მსოფლიოში უძველესი კანონმდებლობა ბაბილონის მეფის, ჰამურაბის (1792-1750 ჩვ. ერამდე) სახელთანაა დაკავშირებული, რომლის დროსაც ბაბილონის სამეფომ უდიდეს განვითარებას მიაღწია. ჰამურაბი არამეულ ენაზე ნიშნავს "მეფე-მკურნალს". "ჰამურაბის კანონები" 2,25 მეტრის ბაზალტის ბოძზეა (ლუვრი) ამოტვიფრული და განეკუთვნება ჩვ. წელთაღრიცხვამდე XVIII საუკუნეს. კანონები შედგება პროლოგისაგან, საკუთრივ კანონებისაგან (282 პარაგრაფი) და ეპილოგისაგან. იგი წარმოადგენს ძველი მესოპოტამიის ყველაზე მნიშვნელოვან სამართლებლივ ძეგლს, რომელშიც გარკვეული ადგილი უჭირავს სამედიცინო სამართლის საკითხებსაც. როგორც ტექსტიდან ირკვევა, ამ პერიოდში მკურნალს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, რაც აიხსნებოდა მისი პროფესიის დიდი რისკით. წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში ისინი მკაცრად ისჯებოდნენ. ამის შესახებ კანონებში ვკითხულობთ: “თუ მკურნალს შემოაკვდა ავადმყოფი ან დაუშრიტა თვალი, მას უნდა მოაჭრან მკლავი”.
მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ძველი მესოპოტამიის კულტურამ დიდი გავლენა მოახდინა სამეცნიერო ცოდნის განვითარებაზე მთელს წინა აზიაში, სადაც ასევე წარმატებით ვრცელდებოდა მესოპოტამიური დიდი სამედიცინო გამოცდილება.

janmrtelobainfo.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий