ღმერთი

ღმერთი

суббота, 25 мая 2013 г.

თეოკრატია.

   თეოკრატია, რომელსაც შეგვიძლია რელიგიური ფუნდამენტალიზმიც ვუწოდოთ, პოლიტიკური იდეოლოგიებიდან ერთ-ერთია. მისი პრინციპები კარგად გამოკვეთილი და ორგანიზებულია და დგას რელიგიურ ბაზისზე. პირველ რიგში აღსანიშნავია თეოკრატიაში ინდივიდუალიზმისა და საზოგადოებრივის გამიჯვნის მოსპობა. მმართველობის ამ ფორმისათვი დამახასიათებელია საერთო, გაბატონებული ღირებულებები საზოგადოებაში. ინდივიდუალიზმის ადგილი თეოკრატიულ იდეოლოგიაში თითქმის არ რჩება და უმრავლეს შემთხვევაში რიტუალურ ხასიათს ატარებს, რაც ისევ რელიგიური პრინციპებიდან მომდინარეობს.

თეოკრატიული იდეოლოგია წინ აყენებს ცნება “ჩვენ”, რაც ერთის მხრივ გამაერთიანებელ როლს თამაშობს ცალკეულ ჯგუფებში, მაგრამ ამასთანავე გამთიშველი ხასიათის მატარებელიცაა, რადგან არსებობს ცნება “ისინი” ანუ სხვები, რომლებიც არ იზიარებენ ყოველივეს, შესაბამისად მათ შორის დაპირისპირებულობა გარდაუალია.

კანონები თეოკრატიულ მმართველობაში დგება რელიგიურ პრინციპებზე, შესაბამისად კანონის უზენაესობა და მორალური ღირებულებები და ფასეულობები – რაც ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალური ხასიათისა, მაგრამ უმეტეს შემტხვევაში სოციალიზაციისა და რესოციალიზაციის ნაყოფია ხოლმე – კანონთან წინააღმდეგობაში თითქმის არ მოდის. ეს კი ხაზს უსვამს სოციალურის ბატონობას ინდივიდუალურზე.

თეოკრატიულ მმართველობაში ძალაუფლების წყარო ფორმალურად არის ღმერთი, თუმცა რეალურად იგი სასულიერო წრეებს უჭირავთ ხოლმე, რაც საბოლოოდ კარგად გამოკვეთილი იერარქიით გამოიხატება. თეოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს ეროვნული ლიდერებიც, თუმცაღა მათი ხელდასხმა ზოგჯერ პირდაპირ და ზოგჯერ ირიბად მაინც სასულიერო პირების მიერ ხდება ხოლმე.

თეოკრატიულ მმართველობაში პლურალიზმი და აზრთა სხვადასხვაგვარობა მცირეა, რადგან თეოკრატიულ წყობასა და შესაბამისად მისსავე იდეოლოგიას პრეტენზია აქვს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე და მეტიც, თეოკრატიაში ნებისმიერი ქმედება ფორმალურად მიმდინარეობს ღვთის ხელდასხმითა და ნებართვით.

თეოკრატია არ უარყოფს მეცნიერულ პროგრესსა და მის მნიშვნელობას, თუმცაღა ცდილობს რომ ნებისმიერი მეცნიერება რელიგიური ჭრილში განიხილოს, შესაბამისად მისი აბსოლუტური ობიექტურობა თავიდანვე საეჭვოა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თეოკრატიული მმართველობისას რელიგიური პრინციპები, ხშირად გადაეჯაჭვება ხოლმე ნაციონალურ პრინციპებსა და გეოგრაფიულ არეალებს, რისი მაგალითებიც შუა საუკუნეებში, ახალსა და უახლეს ისტორიაში მრავლად მოიპოვება.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ფუნდამენტალიზმი ხშირ შემთხვევაში არჩევნის საშუალებას არ ტოვებს, რაც გამოიხატება არა იმდენად პირდაპირ შეზღუდვაში, არამედ თავდაპირველადმე გეგმიურ სოციალიზაციაში, განათლების სისტემის რელიგიურ პრინციპებთან თანხვედრაში, ინფორმაციის მართვასა და ზემდგომი არეებიდან მოწოდებებსა და მოძღვრებებში. საინტერესოა ის გარემოება, რომ თეოკრატიულ მმართველობაში არის მომენტები, როდესაც რელიგიური ლიდერები მიმართავენ რელიგიური პრინციპების ისეთ ინტერპრეტაციას, რაც მმართველობის ლეგიტიმაციისთვის იქნება აუცილებელი. თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზოგიერთ ფუნდამენტალისტურ სახელმწიფოში რელიგიური გადაცდომები რეპრესიებითა და დევნით მთავრდება ხოლმე.

თანამედროვე სამყაროში თეოკრატიული მმართველობა შედარებით შემცირებულია და უფრო საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებშია გავრცელებული. ოფიციალურად თეოკრატიული მმართველობებია ირანსა და ვატიკანში. არაოფიციალურად თეოკრატიული მმართველობის განსხვავებული სახეებია პაკისტანში, საუდის არაბეთში, მალაიზიაში, ჩრდილოეთ სუდანში, იემენში, მავრიტანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

გიორგი კობერიძე.

http://www.patriots.ge/?p=3397

Комментариев нет:

Отправить комментарий