ღმერთი

ღმერთი

среда, 29 мая 2013 г.

დიპტიხი ბერძნული სიტყვაა და „ორად გადასაფურცლს" ნიშნავს.

ინტერვიუ.

მსოფლიო საეკლესიო კრების მოახლოებამ დიპტიხში საქართველოს ადგილის დილემას აქტუალურობა დაუბრუნა.

1917 წელს ავტოკეფაალიის აღდგენიდან ქართულ ეკლესიას მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის კუთვნილი ადგილის დასაბრუნებლად ბრძოლა არ შეუწყვეტია. 1943 წელს, უწმინდესი პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მოღვაწეობის პერიოდში ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსულისგან ავტოკეფალიის აღიარებას მიაღწია, თუმცა მსოფლიო საპატრიარქოს და სხვა აღმოსავლურ ავტოკეფალურ ეკლესიებს იგი მაშინვე არ უღიარებიათ. ქართულმა ეკლესიამ კვლავ გააგრძელა ბრძოლა ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად. ისტორიულად, მნიშვნელოვან და სერიოზულ წარმატებებს ამ მხრივ მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მიაღწია. მისი დამსახურებით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის აღდგენის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ აღიარება მოიპოვა. მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება აღმოსავლური ეკლესიის სხვა ლიდერებმაც გაიზიარეს. ავტოკეფალიის აღდგენა ქართული ეკლესიის სრული ისტორიული და სამართლიანი რეგალიების დაცვითა და ცნობით მოხდა. კერძოდ, აღიარებულ იქნა მისი უძველესობა, კათოლიკოს–პატრიარქის სრული ტიტული, მირონის დამოუკიდებლად ხარშვის უფლება და სხვა, თუმცა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა დიპტიხი (ადგილი და თანმიმდევრობა ადგილობრივი ეკლესიებისა უძველესობისა და ღირსების მიხედვით) გაურკვეველი დარჩა და რუსეთის ეკლესია ამ მხრივ ქართულის ადგილს უკანონოდ ფლობს. საქმე იმაშია, რომ 1811 წელს მან ქართული ეკლესიის ავტოკეფალია საეკლესიო კანონებისა და მსოფლიო კრებების დადგენილებების სრული დარღვევით გააუქმა და ქართული ეკლესიის ადგილი ავტომატურად დაიკავა. ავტოკეფიის აღიარების ცნობით ჩვენს ეკლესიას ავტომატურად უნდა მიეღო კუთვნილი ადგილიც, თუმცა ეს რატომღაც არ მოხდა. ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ინტერესს წარმოადგენს, თუ რატომ არ აღდგა ბოლომდე ისტორიული სამართლიანობა. ცნობილია, რომ მსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის ემზადება. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რას აპირებს ქართული ეკლესია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ თემაზე „FrontNews" თსუ–ის საეკლესიო სამართლის ლექტორს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს დავით ჩიკვაიძეს ესაუბრა.

– ბატონო დავით, რა მნიშვნელობა ენიჭება დიპტიხს საეკლესიო სამართალში და რა დანიშნულებით გამოიყენება იგი ადგილობრივი სამოციქულო ეკლესიების ურთიერთობებში?

– დიპტიხი ბერძნული სიტყვაა და „ორად გადასაფურცლს" ნიშნავს. რეალურად, ეს მოსახსენებელ წიგნს ნიშნავს, რომლის ერთ მხარეს ცოცხლები იწერებიან, მეორეს – გარდაცვლილები. მის მიხედვით ადგენდნენ მართლმადიდებელი მღვდელმთავრებისა და პატრიარქების სიას.

დიპტიხს საეკლესიო სამართალში უფრო ტრადიციის მნიშვნელობა აქვს. როდესაც საეკლესიო კრება იმართება, ან ღვთისმსახურება სრულდება, მღვმდელმთავართა შორის უპირატესობის საკითხი სწორედ დიპტიხის მიხედვით წყდება. ეს დიპლომატთა შორის პროტოკოლს, უფროს–უმცროსობას წააგავს. არსებობს არა მხოლოდ ავტოკეფალურ ეკლესიათა, არამედ შიდა საეკლესიო დიპტიხიც, რომელიც შიდა კათედრების უპირატესობით განისაზღვრება. მაგალითად, საქართველოში ისტორიულად, უპირატესობით გელათისა და ალავერდის კათედრები სარგებლობდნენ. არსებობს მეორე წესიც – როდესაც არაა განსაზღვრული, რომელი რომელზე უპირატესია კათედრებს შორის. ამ შემთხვევაში მოქმედებს სხვა პრინციპი –ხელდასმის წესი და ვინც უფრო ადრეა ხელდასხმული, იმას ეკუთნის უპირატესობა.

– სადღეისოდ რა მნიშვნელობა აქვს მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის?

– თუ მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა, სწორედ დიპტიხის მიხედვით განისაზღვრება, ვთქვათ, ვინ უნდა დაჯდეს უფრო წინ, ვინ მოაწერს ხელს სხვაზე ადრე, ვინ იტყვის უფრო ადრე სიტყვას და ა.შ. ასეთივე იერარქია იმოქმედებს მაშინაც, როცა პატრიარქები ერთობლივად აღავლენენ წირვას.

– ადგილობრივი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისას რა მნიშვნელობა ენიჭება დიპტიხს?

– თავად აღიარებისთვის მას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც დიპტიხში ადგილი ტრადიციიდან გამომდინარე ისაზღვრება. თვით დიპტიხში უდავოდ აღიარებული კონსტანტინოპოლის პირველი მსოფლიო პატრიარქიც კი ისეთ ფორმალურ ტიტულს ატარებს, როგორიცაა პრიმუს ინტერ პარეს (პირველი თანასწორთა შორის), თვით მასაც კი არ აქვს განსაკუთრებული უპირატესობა. მისი პირველობა გამოიხატება იმით, რომ კრების თავმჯდომარეა. რაც შეეხება ავტოკეფალიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას, როგორც წესი, დიპტიხის საკითხიც პარალელურად წყდება. ამჟამად მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიხი 15 მართლმადიდებელ ეკლესიას აერთიანებს და შემდეგნაირად ნაწილდება: პირველი ცხრა საპატრიარქოებია, დანარჩენი 6 –არა საპატრიარქო სტატუსის მქონე ავტოკეფალური ეკლესიები. საპატრიარქოებში ერთგვარი ტრადიცია არსებობს, რომლის თანახმად, ვისაც ავტოკეფალია უფრო ადრე აქვს მიღებული, მას ენიჭება შედარებით წინა ადგილი. მაგრამ თუ გადავხედავთ მიმდევრობას, დავინახავთ, რომ ეს პრინციპი დაცული არ არის. რიგმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა შემდგომში ავტოკეფალია დაკარგეს. მათ რიგშია საქართველოც და, მაგალითად, ბულგარეთიც, რომელსაც ავტოკეფალია შემდგომში კვლავ აღუდგინეს. ახლა საკითხავია, სად არის ათვლის წერტილი – პირველადი მინიჭებაა ეს, თუ შემდგომი? ესეც პრობლემური საკითხია. სლავური ტრადიციების ეკლესიები საქართველოს მეექვსე ადგილზე, ანუ კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და რუსეთის შემდეგ აღიარებენ, ხოლო ბერძნული ტრადიციის ეკლესიები – ავტოკეფალურ საპატრიარქოთა შორის ბოლო, მეცხრე ადგილზე. რამდენადაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დადასტურება 1990 წლის მსოფლიო საპატრიარქო ტომოსით მოხდა, ეს ავტოკეფალიის ყველაზე ბოლო მინიჭებაა. მართალია, იქ ჩაიწერა, რომ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალური სტატუსი არა 1990 წლიდან, არამედ ოდითგანვე ჰქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ დიპტიხის საკითხი ღიად დარჩა (საქართველო აყენებდა საკითხს, მისთვის მეხუთე ადგილი მიენიჭებინათ და, ბუნებრივია, რუსეთის მონაწილეობის გარეშე ეს ვერ გადაწყდებოდა), ამიტომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და მისი მიბაძვით, ბერძნული ტრადიციის ყველა ეკლესია საქართველოს ეკლესიის მეთაურს სამღვდელმთავრო წირვაზე მეცხრე ადგილზე იხსენიებს.

– თუ ტომოსში საქართველოს ეკლესია აღიარებულ იქნა, როგორც უძველესი და ოდითგანვე ავტოკეფალიის მქონე, რატომ დატოვა ეს საკითხი ღიად ჩვენმა საპატრიარქომ, მით უფრო, რომ ცნობილია, როგორ იბრძოდა ილია მეორე ჩვენი ეკლესიის ღირსების აღსადგენად?

– ის ღიად დარჩა იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესია მეექვსე ადგილს არ დასთანხმდა, მათ კი, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, მეხუთე ადგილი ვერ მოგვანიჭეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო 1990 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.

რამდენადაც ცნობილია, მსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის ემზადება და მიმდინარეობს წინარე მოსამზადებელი შეხვედრები. ერთ–ერთი ასეთი შეხვედრის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შვეიცარიაში ჩვენმა ეკლესიამ დიპტიხის საკითხი დროებით უკან გაიწვია. ხომ ვერ გვეტყოდით, რამ განაპირობა ჩვენი ეკლესიის ასეთი პოზიცია?

– ამის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. ეს თემა მეც ამბად მაქვს გაგებული.

– თავის დროზე ეს ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალურმა გამოცემამ გაავრცელა... მაინტერესებს, თუ აქვს რუსეთის ეკლესიას ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო კრებაზე ან თუნდაც მოლაპარაკებებზე ვეტოს გამოყენების უფლება?

– ზოგადად, მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებული წესის თანახმად, მსოფლიო კრებაზე გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღება და ვეტოს უფლების გამოყენება 15 ავტოკეფალური ეკლესიიდან არა მხოლოდ რუსეთს შეუძლია. კრება, ქრისტიანული სწავლებით, ერთობის და არა განყოფის ორგანოა. შესაბამისად, ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთობა უნდა იყოს.

– სამომავლოდ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ეკლესიას ამ საკითხთან დაკავშირებით?

– საქართველოს ეკლესიას შეუძლია, გააკეთოს ის, რასაც 60–იანი წლებიდან აკეთებდა ავტოკეფალიის სტატუსის დასამტკიცებლად და საქართველოს ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ღირსების აღსადგენად – წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენს არქივებში ინახება და ცხადყოფს, რომ საქართველოს პატრიარქები კონსტანტინოპოლისა და სხვა ისტორიულ საპატრიარქოებთან მიმოწერისას სტატუსს „პატრიარქთა შორის მეხუთე" იყენებდნენ. ასე, მაგალითად, ნიკოლოზ კათოლიკოსის მიმოწერაში არსებობს ჩანაწერი „ოთხთა პატრიარქთა შემდგომმან პატრიარქმან". უფრო მეტად ასეთი ჩანაწერები ბერძნულ წყაროებში გვხვდება. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით ბერძნები ქართულ წყაროებს ნაკლებად ენდობოდნენ. ამ მხრივ საქართველოს ეკლესიას, ასე ვთქვათ, „უშველა" მეორე მსოფლიო კრების მეორე კანონის (კანონი ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ) კომენტირებისას მე–11 საუკუნის ბერძენი კანონისტის თეოდორე ბალსამოს მიერ გაკეთებულმა მითითებამ: „ამ უფლებით ისარგებლეს კვიპროსისა და ივერიის ეკლესიებმა, როდესაც მიიღეს ავტოკეფალია". ამ წყაროს მითითებული ჰყავს პეტრე ანტიოქიელი პატრიარქი, რომლის მმართველობა ვახტანგ გორგასლის მეფობას ემთხვევა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიზანტიური და ქართული წყაროების მონაცემები ერთმანეთს დაემთხვა. ამან შემდგომში გაუიოლა ქართულ ეკლესიას, მის მიერ ოდითგანვე ამ ტიტულისა და ზოგადად ავტოკეფალური უფლების გამოყენება ტომოსში ასახულიყო. ასე რომ, აუცილებელია, მსგავსი დოკუმენტები იქნას მოძიებული და განსაკუთრებული ყურადღება არა ქართულ, არამედ უცხოელი პატრიარქების მიმოწერაზე გამახვილდეს.

დიმიტრი მესხი.


frontnews.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий