ღმერთი

ღმერთი

вторник, 21 мая 2013 г.

მამა და შვილი - მამაკაცური აღზრდის თავისებურებები.

   მშობლიურ სიყვარულს მამები დედებისგან განსხვავებულად გამოხატავენ. დედას შვილი უმეტესად გაუცნობიერებლად, უპირობოდ უყვარს. მისი სიყვარული თითქოს გენეტიკურადაა დაპროგრამებული. მამის სიყვარული კი ყოველთვის საგნობრივია. ის მას ბავშვის წარმატებებსა და მიღწევებს უკავშირებს, რითაც თითქოს პირველივე დღეებიდან აჩვენებს და აჩვევს ბავშვს ცხოვრებისადმი ღირებულებით დამოკიდებულებას. ფასეულობათა სისტემის გაცნობისას მამა შვილს მიუძღვის სოციალური ურთიერთობების სამყაროში, სადაც წარმატებებისადმი, მიღწევებისადმი ადამიანის დამოკიდებულებაზე, მის თვითშეფასებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარშემო მყოფთა შეფასებები.

აქედან გამომდინარე, მამა შეგნებულად ან გაუცნობიერებლად ასწავლის ვაჟს, შეხედოს საკუთარ თავს, საკუთარ ქმედებებს გვერდიდან, სოციალური სისტემის გარკვეულ შეფასებებთან მიმართებით. შემთხვევითი არ არის, რომ ყოფით შემეცნებაში არსებობს ორმაგი სტანდარტის სისტემა ბიჭებისა და გოგონების ქცევის მიმართ. ვაჟს ხშირად არა მარტო მამისგან, არამედ დედისგანაც ესმის: “ნამდვილ მამაკაცს ასეთი საქციელი არ შეეფერება!” “გოგო ხომ არ ხარ?!” ამგვარად, ბავშვი მცირე ასაკიდანვე ითვისებს გარკვეული სოციალური სტანდარტების ნაკრებს. ამ კონტექსში მამის ხსნება შემთხვევითი არ არის, რადგან სწორედ მამას შეჰყავს ვაჟი სოციალური ურთიერთობების სამყაროში. საკმაოდ დიდხანს, ზოგჯერ - მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც მამა ვაჟისთვის ქცევის, სამყაროსა და გარშემო მყოფი ადამიანებისადმი დამოკიდებულების მაგალითია. მამა-შვილის ურთიერთობა, რომელ სფეროსაც უნდა ეხებოდეს და როგორი ფორმითაც უნდა ვლინდებოდეს, ყოველთვის სოციალურად ორიენტირებულია. მამის ვაჟთან საუბარს, ერთად თამაშს - ყველაფერს სოციალური ქვეტექსტი აქვს. მამა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასწავლის ვაჟს განსაზღვრულ სიტუაციებში ეფექტურ მოქმედებას, თავდაჭერას, ადამიანებთან ურთიერთობას, უვითარებს პრაქტიკული ქმედებების შესასრულებლად საჭირო გამოყენებით უნარებს, სპეციფიკურ “მამაკაცურ” გატაცებებს (ნადირობა, თევზაობა, სპორტული შეჯიბრება, სტადიონებზე სიარული). ასეთი აღმზრდელობითი ზემოქმედება აყალიბებს მამაკაცს მამაკაცური სუბკულტურის წარმომადგენლად, აძლევს მას ცოდნას სქესთა შორის როლებისა და ვალდებულებების გადანაწილების შესახებ, მიმართულებას აძლევს მის ინტერესებს. ამიტომ არის, რომ მამაკაცების უმრავლესობას არ მოსწონს, როდესაც ვაჟი, მათი აზრით, მამაკაცისთვის შეუფერებელ მისწრაფებებსა და ინტერესებს ამჟღავნებს: თამაშობს თოჯინებით, მისდევს მოდას, უჩენს თავისი გარეგნობისადმი ზედმეტ ინტერესს. მამა ასევე შეიძლება გააღიზიანოს ვაჟის გულგრილობამ ტექნიკის მიმართ. გაღიზიანება ადვილი ასახსნელია: მამა ქვეცნობიერად გრძნობს, რომ თავი ვერ გაართვა თავის მისიას, მოემზადებინა შვილი ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის, სადაც წინასწარ არის განსაზღვრული მამაკაცის აღზრდის პარამეტრები. სწორედ ამიტომ მამა ადრეული ასაკიდანვე უნდა მონაწილეობდეს ვაჟის აღზრდაში. ყოფით აზროვნებაში გაბატონებულია აზრი, რომ მცირე ასაკში ბავშვი მთლიანად დედას ეკუთვნის, მამა კი მოგვიანებით ერთვება მის აღზრდაში. ასეთი მიდგომა სახიფათოა, რადგან შესაძლოა, ვაჟის ინტერესების სფეროზე დედის გავლენამ იმძლავროს. მამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ვაჟის სქესობრივი აღზრდის ორგანიზაცია. მამა ვაჟისთვის წარმოადგენს სქესთა შორის ურთიერთობის ცოდნის პირველად წყაროს, საპირისპირო სქესთან ურთიერთობის მოდელს. სწორედ ოჯახში, დედ-მამის ურთიერთობის მაგალითზე იღებს ვაჟი საპირისპირო სქესთან ურთიერთობის პირველად გამოცდილებას. ამრიგად, ვაჟის აღზრდაში მამის როლი ორი ძირითადი ვალდებულებით შეიძლება განისაზღვროს:
მამას შეჰყავს ვაჟი სოციალური ურთიერთობების სამყაროში, ასწავლის მას საკუთარი თავისა და სხვების ადეკვატურ აღქმასა და შეფასებას, ხელს უწყობს მამაკაცური სუბკულტურის წევრად მის ჩამოყალიბებას.
მამა ეხმარება ვაჟს თავის მამაკაცად შეცნობაში.

თუ ბიჭის პიროვნული და სოციალური ცხოვრების ეს მხარე მამის მონაწილეობის გარეშე წარიმართა, შესაძლოა, ის პრობლემებს შეეჯახოს:
მიეკეროს “დედიკოს ბიჭის” დამღა.
იქცეს დაცინვის ობიექტად იმის გამო, რომ არ ფლობს მამაკაცური სუბკულტურის რომელიმე რეალიას.
გაუჭირდეს საპირისპირო სქესთან ურთიერთობა.

ასე რომ, ყველა მოსიყვარულე მამას უნდა ახსოვდეს: მისი ვაჟის ბედნერება იმდენად მატერიალურ საშუალებებზე არ არის დამოკიდებული, რამდენადაც მის აღზრდაში მამის მონაწილეობაზე.

mkurnali.ambebi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий