ღმერთი

ღმერთი

вторник, 14 мая 2013 г.

რა ბედი ეწია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს.

წმინდა მოწამე ქეთევან დედოფალი, ქრისტიანული სარწმუნოების არდატევებისთვის, ირანის შაჰის აბას I–ის ბრძანებით, 1624 წლის 12 სექტემბერს ქალაქ შარაზში საჯაროდ, საშინელი წამებით მოკლეს. ქართველთა დედოფალი ძალიან შეეცოდათ შარაზის მცხოვრებთ, მაგრამ შაჰის შიშით ვერავინ ბედავდა მის ნეშტთან მიახლოებას. წამებას ესწრებოდა პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი, მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელიც 1618 წლისდან იმყოფებოდა ირანში და ქეთევანსაც იცნობდა.
სწორედ ამბროზიო დუშ ანჟუშმა აღმოაჩინა ქეთევან დედოფლის საფლავი დასჯიდან რამდენიმე თვეში. მისი თქმით, „როგორც კი ქეთევან დედოფალს სული ამოხდა, მისი ნეშტი ტომარაში ჩააგდეს და ორ კაცს დაავალეს დაეფლათ მინდორში, სადაც უკვე ამოთხრილი ჰქონდათ ორმო. ცხედარი ორმოში ჩააგდეს და ისე დააყარეს მიწა, რომ ქრისტიანებს ვერც კვალი შეემჩინათ და არც რაიმე მოსაგონარი დარჩენოდათ... დედოფლის ნეშტი დამარხული იყო სამი თვისა და ცამეტი დღის განმავლობაში... თან პორტუგალიელი ტყვე და ჩემი მსახური წავიყვანე. მათთან ერთად მივედი მინდორზე, სადაც ორმოში დაფლეს დედოფალი და თხრა დავიწყეთ. რადგან ორმო მეტად ღრმა იყო, იმ ღამეს ცხედრამდე ვერ მივაღწიეთ. 1625 წლის 4 იანვარი გახლდათ“.
მერე ღამით, ავგუსტინელმა მისიონერებმა და მისმა მხლებლებმა ორმოს თხრა განაგრძეს და წამებული დედოფლის ნეშტს მიაკვლიეს. „თავლცრემლიანებმა ამოვასვენეთ დიდებული ქეთევან წამებული ცხედარი და ჩვენს მონასტერში წავასვენეთ საიდუმლოდ“. ამის შემდეგ, ამბროზიო დუშ ანჟუშმა დედოფლის ცხედარი, უკეთ დაცვის მიზნით, ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენა.
მცირე ხანში, 1626 წლის მარტში, შაჰის ბრძანებით, ისპაჰანის მონასტრის ავგუსტინელი ბერები დააპატიმრეს და შირაზში გადაიყვანეს. მონასტრის წინამძღვარმა მანოელ და მადრე დე დეუსმა გადაწყვიტა, თან ერთადერთი განძი, წმინდა დედოფლის სხეული წაეღო. ბერები ათი თვის განმავლობაში შირაზის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. 1627 წლის თებერვალში მათ ისპაჰანის მონასტერში დაბრუნების უფლება მისცეს. დაუყოვნებლივ წამოვიდნენ და თან წამოიღეს წამებულის ცხედარიც.
ავგუსტინელმა ბერებმა წამებული დედოფლის ნეშტის წმინდა ნაწილები საგანგებოდ გამზადებულ ლუსკუმაში ჩაასვენეს. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები „ჰკურნებდის სნეულთა, თუ ვინ მოიდგის კარებსა“ (თეიმურაზ I).
უაღრესად საინტერესოა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების შემდგომი ბედი. 1626 წელს, როცა თეიმურაზ I იძულებით „შეურიგდა“ შაჰს, მან პირველ რიგში წამებული დედის ნეშტის სამშობლოში გადასვენება ითხოვა. აბას I–მა ნება დართო თეიმურაზს, ქეთევანის ცხედარი საქართველოში წაესვენებინა. მაგრამ სეფიანთა კარზე არ იცოდნენ, სად ინახებოდა დედოფლის ნეშტი. შაჰი ქართლ–კახეთის მეფეს ატყობინებდა, რომ ცხედარი კათოლიკე მისიონერებმა მოიპარეს, მაგრამ არ ვიცით, ავგუსტინელებმა მოიმოქმედეს ეს თუ ფეხშიშველა კარმელიტებმაო.
როდესაც ავგუსტინელმა მისიონერებმა თეიმურაზ I–ის სათხოვრის შესახებ შეიტყვეს, გოას ავგუსტინელების მონასტერში (გოა – ქალაქი–ნავსადგური ინდოეთში; 1510 წელს დაიპყრეს პორტუგალიელებმა; აღმოსავლეთში ავგუსტინელ მისიონერთა მოღვაწეობის ძირითადი ადგილი. – გ.ს.) მყოფი აღმოსავლეთში ავგუსტინელ ბერთა მეთაურის ბრძანებით, 1627 წლის 3 აგვისტოს საქართველოში თეიმურაზ I–თან გამოემგზავრნენ ამბროზიო დუშ ანჟუში და სებასტიანო დე იეზუსი. „თან წავიღეთ წმინდანის თავი, რათა მისი საშუალებით დაგვეყოლიებინა დედოფლის ძე, თეიმურაზი, ნება დაერთო მისიონი დაგვერსებინა მის ქვეყანაში. მაგრამ გზაში ორივე ავად გახდა და ისპაჰანში დაბრუნდნენ.
1628 წლის 13 თებერვალს ამბროზიო დუშ ანჟუში კიდევ ერთხელ გამოემგზავრა საქართველოსკენ. იმავე წლის 11 მაისს ავგუსტინელი მისიონერები გორში მეფეს წარუდგნენ. თეიმურაზ I–მა მათ ჰკითხა, რა იცოდნენ დედოფლის ცხედრის შესახებ. როდესაც ამბროზიო დუშ ანჟუშმა თეიმურაზს შეატყობინდა, რომ დედოფლის წმინდა ნაწილები – თავის ქალის ნაწილი, აგრეთვე „წამებულის ფეხი, რომელსაც ისევ ეტყობოდა მარწუხის კვალი“ ჩამოიტანა, მეფემ დიდად დაუმადლა, – მთელი მსოფლოს განძიც რომ ჩამოგეტანათ, ჩემთვის დედაჩემის ცხედრის ჩამოსვენებას ვერ შეედრებოდაო. მეორე დღეს, თეიმურაზ I–ის ბრძანებით, დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის საკურთხეველში დაასვენეს.
კათოლიკე მისიონერები თავდაპირველად თეიმურაზ I-ის სასახლეში ცხოვრობდნენ. შემდგომ მეფე მათ შესთავაზა, აერჩიათ საცხოვრებელი ადგილი. პატრებმა გორი აირჩიეს. ასე შეიქმნა ავგუსტინელთა მისიონი აღმოსავლეთ საქართველოში ამბროზიო დუშ ანჟუშის მეთაურობით, რომელმაც 1640 წლამდე იარსება.
საყურადღებოა თეიმურაზ I–ის მიერ რომის პაპის – ურბან VIII–სადმი 1629 წლის 6 იანვარს გაგზავნილი წერილი, რომელშიც მეფე მიუთითებდა: „აგერ უკვე ერთი წელია, რაც ჩვენი დედის სხეულის ნაწილები, გამშრალი ძვლები, პართიის სამეფოს კარიდან, ისფაჰანიდან, ჩვენს ქვეყანაში ჩამოგვიტანა ავგუსტინელმა, ღირსეულმა მამა ამბროზიომ, რომელსაც ამ სამსახურისთვის ჯილდოდ გადავეცით ადგილი და მიწა საარსებოდ, საცხოვრებელი სახლისა და ეკლესიის ასაგებად“.
XVII საუკუნის 20–იანი წლები მიწურულ თეიმურაზ I–მა ირანში ზავის დასადებად მიავლინა მთავარეპისკოპოსი იოანე, რომელმაც წარმატებით შეასრულა დავალება. გარდა ამისა, მან ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტრიდან წამოიღო ქეთევან დედოფლის სხვა წმინდა ნაწილებიც, რომლებიც ასევე ალავერდში დაასვენეს: „მოითხოვეს ნეშტი იგი ნაწილნი წმინდაი, და პატივითა დიდითა მიიღეს ადგილსა მას, სადა ისხნეს სხუანი იგი ნაწილნი“ (გრიგოლ ხუცესმონაზონი–დოდორქელი). ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძარში, საღმრთო ტრაპეზის ქვეშ, 1723 წლამდე ინახებოდა. როგორც რუსეთის ძველი აქტების ცენტრალურ სახლემწიფო არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, თეიმურაზ I–ს ალავერდში არსებული ნეშტის ნაწილიდან, მცირედი რელიკვია რუსეთის მეფისთვის ალექსეი I–ისთვის გაუგზავნია 1656 წლის 18 აპრილს და მიუწერია კიდეც: – –––––––––––––––––––––––– . ჩვენთვის უცნობია რუსეთში გაგზავნილი ამ წმინდა ნაწილების შემდგომი ბედი.
ალავერდში დარჩენილი წმინდა ნაწილები კი 1723 წელს დაიკარგა, როდესაც კახეთის სამეფოს ოსმალები და ლეკები დაესხნენ თავს. მეფე კონსტანტინე II მაჰმად ყული ხანმა თავი ქიზიყს შეაფარა. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, მისი ძმა „თეიმურაზ და უმეტესნი კახნი დედაწულით და ეპისკოპოსებით მივიდნენ ანანურს (არამედ რომელსა ეტვირთა ნაწილი წმინდათა, უბრკმა ცხენსა მისსა არაგუსა შინა და წარიღო ნაწილნი იგი და დაიკარგა ქეტევან დედოფლის ნაწილითურთ)“.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპასა და აზიაშიც წაასვენეს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, დანამდვილებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ისინი მოხვდა გოასა და რომში, სავარაუდოდ – ნამიურსა (ბელგია) და საფრანგეთში.
როგორც ავღნიშნეთ 1627 წლისთვის წმინდა მოწამის ნეშტი მთლიანად ინახებოდა ისპაჰანის ავგუსტინელ ბერთა მონასტერში, საიდანაც მისი ნაწილი კათოლიკე მისიონერებმა 1628 წელს თეიმურაზ I–ს გაუგზავნეს. ამავე დროს, გოაში გაემგზავრა ისპაჰანის მონასტრის წინამძღვარი მანოელ და მადრე დე დეუსი, რომელმაც თან „წმინდა დედოფლის მარჯვენა ხელი ხორცითურთ და მკლავის ძვალი გოას მონასტრის ბერებისა და მთხოვნელთა სანგეშოდ წაიღო“ (რობერტო გულბენკიანი). მალე გოას მონასტერში ისპაჰანიდან გაიგზავნა კიდევ ერთი სიწმინდე – დედოფლის ქვედა ყბა კბილების გარეშე.
გოაში ჩატანილი წმინდა ნაწილები დაცული იყო შავი ქვის კუბოში, საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.
XX საუკუნის დასაწყისში გრასას მონასტრის კოშკი ჩამოიქცა და მთელი შენობა ნანგრევებად აქცია.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ სამეცნიერო ექსპედიციები რევაზ თაბუკაშვილისა და ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, თუმცა მათ წმინდა ნაწილების მოძიება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, დიდი აღმოჩენა მაინც მოხდა – 2006 წლის ზაფხულში ინდოელმა არქეოლოგმა ნეზამუდინ ტაჰირმა გოას ა გრასას მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაკვლია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს, რითაც ქართველთა არაერთი თაობის სანუკვარი ოცნება ასრულდა. ეს ინფორმაცია ქართულ საზოგადოებას მიწოდა, პროფ. გიორგი კალანდიამ. ამჟამად, ინდოელი არქეოლოგების მიერ მიკვლეულ წმ. ნაწილებს უკვე ჩაუტარდა დნმ–ის ანალიზი.
როგორც ავღნიშნეთ, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპაშიც აღმოჩნდა: XVII საუკუნის 20–იანი წლების მიწურულს, ავგუსტინელ მისიონერებს წმინდანის ნეშტის რომელიმე ნაწილის გაგზავნა, როგორც რელიკვიისა, სთხოვა ცნობილმა იტალიელმა მოგზაურმა, პიეტრო დელა ვალემ. ბერებმა მას თხოვნა შეუსრულეს: გოას მონასტრიდან წამოღებული, ჩვენ მიერ ზემოთ უკვე მოხსენიებული სიწმინდე, დედოფლის ქვედა ყბა კბილების გარეშე თეატინელმა ბერმა დონ პიეტრო ავიტაბილემ და მამა ანტონიო დე სანტო ვისენტემ 1631 წლის 5 ივნისს, რომში, პიეტრო დელა ვალეს გადასცეს, რაც ამ უკანასკნელმა საგანგებო ხელწერილით დაადასტურა.
ამჟამად უცნობია, რა ბედი ეწია პიეტრო დელა ვალეს ოჯახში დაცულ წმინდა ნაწილებს. 1894 წელს ჟურნალ „მწყემსში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობის გარეშე აღნიშნულია, რომ „ქეთევან დედოფლის ნეშტის ნახევარი გორში თეიმურაზ მეფესთან გაგზავნეს, მეორე ნახევარი კი ევროპაში წაიღეს და რომში წმინდა პეტრეს ტაძარში მოათავსეს“. ხომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ რომში, პიეტრო დელა ვალეს ოჯახში დაცული სიწმინდე შემდგომში ასევე რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში აღმოჩნდა?
1914 წელს გაზეთ „სახალხო ფურცელი – სურათებიანი დამატება“ დაიბეჭდა ბელგიის ქალაქ ნამიურის ხედი ციხესიმაგრით, რომელსაც შემდეგი წარწერა ჰქონდა: „ბელგიელების ციხე ნიმიური: შენობების წინდა რიგში მოსჩანს ტაძარი, სადაც ქეთევან წამებული ასაფლავია“. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც 1845 წელს დედოფლის წმინდა ნაწილები ნიმიურში ინახებოდა. ზემოხსენებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ნინო სალიამ გადაწყვიტა, ბელგიაში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებისთვის იეგნო, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავს 1973 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, „ნამიურში ამ რელიკვიების ძებნა უშედეგოდ დამთავრდა“.
საფრანგეთში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გაგზავნის ვერსია სომეხ ისტორიკოს არაქელ დავრიჟეცის ეკუთვნის: „ფრანგმა პატრებმა, რომლებიც ქალაქში იყვნენ, მოიპარეს დედოფლის ცხედარი, ერთი ნახევარი გაახვიეს სუფთა ქსოვილში საკმეველთან და მურთან ერთად და საფრანგეთში გაგზავნეს, სადაც პატივცემულია დიდის დიდებით“. სამწუხაროს, არც ამ ცნობის დადასტურება ხერხდება.
რობერტო გულბენკიანმა 1972 წელს პირველად გამოქვეყნა ქეთევან დედოფლის წამებასთან დაკავშირებული რამდენიმე სურათი. ისინი ავტორმა აღმოაჩინა ლისაბონში ერთ–ერთი მონასტრის კედელზე (აღნიშნული მონასტერი დიდი ხნის წინ სამხედრო ყაზარმად გადააკეთეს). მის ერთ–ერთ დარბაზში 30 მეტრი სიგრძისა და 8 მეტრი სიგანის პანოა აღბეჭდილი.
აქვე საჭიროდ მივიჩნევთ განვმარტოთ, რომ ქეთევანს არასდროს უღიარებია კათოლიკური სარწმუნოება, რასაც მკაფიოდ და გარკვევით მიუთითებდა თვით ამბროზიო დუშ ანჟუში 1640 წელს რომში გაგზავნილ ერთ–ერთ წერილში: „სავარაუდოა, რომ დედოფალი ზეცაშია და ღვთის დიდებით ხარობს. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ წეს–ჩვეულებებს მისდევდა, იგი დიდი სიყვარულით ეკიდებოდა წმინდა კათოლიკურ ეკლესიასა და ყველა ლათინელს“.
საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ 13 სექტემბერი (ახალი სტილით 26 სექტემბერი) დადგინდა.



http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/qetevan_dedofalis_cm_nacilebi.html

Комментариев нет:

Отправить комментарий