ღმერთი

ღმერთი

вторник, 14 мая 2013 г.

მორმონები.

მორმონთა სექტის წარმოშობის
ისტორიული საფუძვლები
XIX საუკუნის ქრისტიანობის ისტორია ხასიათდება მრავალი საერთაშორისო და ინტერკონფესიური ორგანიზაციების წარმოშობით, რასაც უპირველეს ყოვლისა განაპირობებდა იმდროინდელი სოციალურ-პოლიტიკური პირობები. საუკუნის დასაწყისში ამერიკაში სწრაფი ტემპით ვითარდებოდა კაპიტალიზმი და მიმდინარეობდა აქტიური ტერიტორიული ექსპანსია. ემიგრაცია კიდევ უფრო აჩქარებდა მოსახლეობის ზრდას და სიჭრელეს.
ამერიკის კონტინენტის ასათვისებლად წამოსულ ევროპელი ემიგრანტების ნაკადს ძირითადად შეადგენდა მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ღარიბთა ფენა, რომლებიც ახალი მიწისაკენ თავიანთი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
მიისწრაფოდნენ. მათი მთავარი მიზანი ოქროს ძიება და გამდიდრება იყო. სწორედ ამგვარი ოჯახის წარმომადგენელია მორმონთა სექტის დამაარსებელი ჯოზეფ სმიტიც. მიგრირებულთა შორის იყვნენ ასევე გადასახლებული სახელმწოფო დამნაშავეები, ავანტიურისტები, სიკვდილმისჯილები, სასჯელის თავის არიდების მიზნით გამოქცეული ყაჩაღები და ევროპელი პლანტატორების მიერ ჩამოყვანილი მონები. ახლად დამკვიდრებული პლურალისტური საზოგადოება გაცილებით უფრო რთული და მრავალსახოვანი იყო. ამიერიდან პროტესტანტებს არა მარტო უნდა გაეყოთ ახლად დამკვიდრებულ რელიგიებთან მრევლი, არამედ მათ მატერიალიზმისგანაც მიიღეს გამოწვევა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ხალხის ეკონომიკური წარმატებები. გაჩნდა შესაძლებლობა არჩევანისა, ხოლო არჩევანი ამა თუ იმ ეკლესიისა გულისხმობდა სხვა ალტერნატივასაც: საერთოდ უარის თქმას საეკლესიო საზოგადოებისაგან. ამერიკაში ახლად ჩამოყალიბებული ყოველი რელიგიური მიმდინარეობა მიისწრაფოდა მოსახლეობისათვის საკუთარი სწავლება მიმზიდველი გამხდარიყო და ჰეგემონია მოეპოვებინა. ისინი ცდილობდნენ კონკურენციის გასაწევად მათი მოძღვრება ბიბლიასთან, ებრაელებთან და ძველ ქრისტიანობასთან დაეკავშირებინათ.
ამ გვარი სულიერი მღელვარების ჟამს, როდესაც შეიმჩნევა მრავალი ახალი, ანტიპროტესტანტული სექტების ჩამოყალიბება, წარმოიშვა ,,უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესია”, ანუ მორმონთა რელიგიური საზოგადოება, რომელიც თავის მისიად, იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ჭეშმარიტი ეკლესიის აღორძინებას თვლიდა. სანამ უშუალოდ მორმონთა ეკლესიის განხილვაზე გადავალთ, ორიოდე სიტყვით შევეხოთ ამ რელიგიური ორგანიზაციის დამაარსებელს.
ჯოზეფ სმიტი ახალგაზრდობიდანვე ოკულტიზმით და ოქრის ძიებით ყოფილა გატაცებული. 1826 წელს იგი მკითხაობისა და ჯადოქრობის გამო დააპატიმრეს. შემდგომში ყალბი ფულის ბეჭდვაშიც იქნა მხილებული, მაგრამ სასჯელს თავი დააღწია. როგორც მორმონთა ისტორიოგრაფიიდანაა ცნობილი, ჯოზეფ სმიტს ღმერთი ხილვებით, წინასწარმეტყველებებით და განმარტების უნარის მინიჭებით უკავშირდებოდა. პირველი ხილვა მას 14 წლის ასაკში ჰქონია, გამოსცხადებია მამა ღმერთი და ძე ღმერთი, რომელთაც ურჩევიათ რომ, ყველა არსებული ეკლესია მცდარი გზით მიდიოდა და არც ერთის წევრი არ გამხდარიყო. მეორე ხილვის დროს, ანგელოზმა სახელად მორმონმა, სმიტს მიუთითა თუ სად იყო დამარხული ოქროს ფირფიტებზე სახეცვლილი ეგვიპტური იეროგლიფებით დაწერილი წიგნი, სადაც სმიტი სახარების მთელ დედააზრს ამოიკითხავდა. წიგნს თან ახლდა ორი ქვა, რომლებიც შესაბამისი რიტუალით, სმიტს ამ ფირფიტების განმარტების დროს უნდა გამოეყენებინა. ამგვარად იქნა მის მიერ ნათარგმნი ,,მორმონთა წიგნი”.
სმიტის ამ ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებს ვერსია, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 1812 წელს, ამერიკელ მწერალს, ყოფილ ბაპტისტ მღვდელს სოლომონ სპოლდინგს დაუწერია ფანტასტიკური ჟანრის რომანი ,,ნაპოვნი ხალნაწერი”, სადაც მოთხრობილი იყო ერთერთი დაკარგული ებრაული ტომის შესახებ, რომელიც ამერიკაში მოხვდა და დასახლდა. სწორედ ამ ტომიდან წარმოშობილან ადგილობრივი ინდიელები. სპოლდინგის რომანს მხოლოდ მისი ახლობლები იცნობდნან. ეს ხელნაწერი ხელში ჩავარდნია ჯოზეფ სმიტს, რომელმაც გადამუშავებული სახით გამოაქვეყნა და ,,მორმონთა წიგნი” უწოდა. სპოლდინგის მეგობრებმა სმიტი პლაგიატობაში დაადანაშაულეს. სმიტის მომხრეებმა კი ორიგინალი მოიპარეს და გაანადგურეს. მორმონთა წიგნის ნამდვილობის დადგენა შეუძლებელია, რადგან დღემდე არავის უნახავს სმიტის მიერ ნაპოვნი ,,ოქროს ფირფიტები”, წიგნში ნახსენები არც ერთი ტოპონიმი, არც ისტორიული წყაროებით და არც არქეოლოგიური მასალით არ დასტურდება. ამასთანავე თანამედროვე მეცნიერებისთვისაც უცნობია ამერიკაში ებრაელთა მიგრაციის ფაქტი.
აღნიშნული წიგნის გარდა მორმონთა შორის წმინდა წიგნებად ითვლება: ,,დოქტრინები და მცნებანი”, რომელიც მოიცავს ჯოზეფ სმიტის გამოცხადებებს (მის მიმდევართა რამოდენიმე გამოცხადებაცაა შესული) და ,,ძვირფასი მარგალიტი”, სადაც ასევე საუბარია სმიტის გამოცხადებებზე და ოქროს ფირფიტებზე დაწერილ წინასწარმეტყველებებზე. სმიტს მალე მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. მისი თანაშემწე ოლივერ კუდერი გახდა. მათი მტკიცებით, 1829 წლის მაისში ჰქონიათ გამოცხადება იოანე ნათლისმცემლის, რომელსაც უბრძანებია ერთმანეთი მოენათლათ. ამ ნათლობით ისინი მღვდლები გახდნენ აარონის წესისამებრ. მღვდლობის წესი დადგინდა მხოლოდ თეთრკანიან მამაკაცთათვის. ასე იყო 1978 წლამდე, როდესაც მორიგი ხილვის საფუძველზე უკვე ნება დაერთოთ მორმონული მღვდლობა სხვა რასისი წარმომადგენლებსაც. ამდენად შეიძლება ითქვს, რომ თავდაპირველად ისინიც რასობრივი დისკრიმინაციის მომხრეები იყვნენ, ხოლო როდესაც ეს პრობლემა ამერიკაში აქტუალური გახდა და ხალხთა უმრავლესობა რასობრივ თანასწორობას მოითხოვდა, მორმონებმა თავიანთი პოზიციების გასამყარებლად და ხალხში სიმპათიების მოსაპოვებლად, თავიანთ ეკლესიაში სხვა რასის წარმომადგენლებს უფლებები გაუფართოვეს. 1830 წლის 6 აპრილს ფაიეტში (ნიუ-იორკი) დაარსდა მორმონთა ეკლესია, რომელიც თავდაპირველად 6 კაცისაგან შედგებოდა. მორმონთა პირველი საკრებულოები ჩამოყალიბდა ოჰაიოსა და მისურის შტატებში, სადაც ისინი იმთავითვე ზეწოლის ქვეშ მოექცნენ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რისი მიზეზიც იყო მათ მიერ საკუთარი რწმენის გავრცელების აგრესიული მეთოდები და პოლიგამია. ამის გამო მისურის შტატში მყოფი მორმონები, სმიტის ხელმძღვანელობით, ილინოისში გადასახლდნენ, სადაც საკუთარი სოფელი დააარსეს. თუმცა აქაც დაუპირისპირდა მათ ადგილობრივი მოსახლეობა. სწორედ ამ დროს დააპატიმრეს სმიტი, მაგრამ ამან მოსახლეობის ვნებათაღელვა ვერ დააცხრო და 1844 წელს ციხეში შეჭრის დროს ატეხილი სროლისას მორმონთა წინამძღოლი დაიღუპა. ამის შემდეგ ხელმძღვანელობა ბრაიამ იანგს გადაეცა, რომელსაც ოცდაათამდე ცოლი ჰყავდა და დიქტატორული მეთოდებით მართავდა სექტას. მან მორმონები შორეულ დასავლეთში გადაიყვანა, სადაც 1847 წელს იუტას ტერიტორიაზე დააფუძნეს ქალაქი სოლტ-ლეიკ-სიტი (მარილიანი ტბის ქალაქი). ახალ მეთაურსაც, სმიტის მსგავსად, გამოცხადებები ჰქონდა, რომელთა საფუძველზე მან მორმონთა სწავლება გაამდიდრა კიდეც. 1857 წელს იანგმა თავის ეპისკოპოსს ჯონ ლიის უბრძანა სექტა ,,არასასურველი წევრებისგან” გაათავისუფლებინა, რასაც მრავალი მორმონის სიცოცხლე შეეწირა (დაახლოებით 180 კაცი). 1877 წელს ხოცვა-ჟლეტის გამო, ჯონ ლიი ამერიკის მთავრობამ გაასამართლა და სიკვდილით დასაჯა, იანგი კი იმ პერიოდში გარდაიცვალა და სასჯელს გადაურჩა.
მრავალი წლის მანძილზე მოითხოვდნენ მორმონები ხელისუფლებისაგან მათი სწავლების ლეგალიზებას, მაგრამ პოლიგამიის გამო მთავრობა უარს ამბობდა. თავად ეკლესიის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ეს ღმერთის მიერ იყო ნებადართული, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მოციქულთა წოდების დაკარგვა ემუქრებოდათ. პოლიგამიის გასამართლებლად სექტის წევრები ამტკიცებდნენ, რომ იესო ქრისტეს მრავალი ცოლი ჰყავდა (მაგ. მარიამი და მართა) და მრავალი შვილიც შეეძინა.
XIX საუკუნის დამლევს, ხელისუფლებასთან მარავალწლიანი დავის შემდეგ, მორმონებმა პოლიგამია უარყვეს. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ზოგიერთმა წევრმა დატოვა ეკლესია და მექსიკაში საკუთარი საკრებულოები ჩამოაყალიბა, სადაც პოლიგამიის პრაქტიკამ არსებობა განაგრძო. მათ ,,ძველ მორმონებს” უწოდებენენ. დღეს მორმონთა ოფიციალური ეკლესიის მიერ პოლიგამია აკრძალულია. მორმონთა სწავლების მიხედვით, ღმერთის სრულყოფილი ფიზიკური სხეულის მიხედვით შეიქმნა ადამიანთა სხეულები. მიუხედავად მატერიალური სხეულისა, მათი წარმოდგენით მამა ღმერთი ყოვლის მცოდნეა, რადგან ანგელოზები აცნობებენ მას დედამიწაზე მომხდარი მოვლენების შესახებ. ღმერთი არ წარმოადგენს შემოქმედს, ის მხოლოდ ,,მომწყობია”, გამფორმებელია” სამყაროსი, რომელიც ყოველთვის არსებობდა. მათი თვალთახედვით ღმერთს ჰყავდა ცოლი, რომლის სახელიც არსადაა ნახსენები, და შვილები: იესო ქრისტე, ლუციფერი და ადამიანები. მორმონთა ეკლესიის წევრი, მილტონ ჰარტონი წერდა: ,,თვით ღმერთი ოდესღაც იყო ადამიანი, ისევე როგორც ჩვენ და შენ, შემდეგ გახდა ღმერთი, თანდათან ხდებოდა სრულყოფილი მანამ, სანამ ღვთაების მდგომარეობას მიაღწევდა. ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ როგორ გავხდეთ ღმერთები”.
,,უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიის” სწავლებით, მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს ათასწლოვანი სამეფო დაფუძნდება, რომლის დასრულების შემდეგ დედამიწა ზეციურ სფეროდ გარდაიქმნება და ყველა ადამიანი მარადიულ სამეფოში გადავა. მორმონთა რელიგიურ პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მორწმუნის პირად მისტიკურ გამოცდილებას (ე.წ. სულიერ ნიჭებს), რომელიც მოიცავს წინასწარმეტყველებებს, გამოცხადებებსა და გლოსოლალიას (ენებზე მეტყველებას). ასევე უმნიშვნელოვანესია ნათლობის ტრადიცია, რომლის მიხედვითაც თითოეულ მორმონს შეუძლია რამდენჯერმე მოინათლოს თავისი წინაპრის სახელზე. თავიანთ რწმენაზე ასევე ნათლავენ მიცვალებულებსაც.
მორმონთა რწმენის სიმბოლო, რომელიც ჯოზეფ სმიტმა ჩამოაყალიბა, შეიცავს 13 მუხლს, რომლებიც ძირითადად, ქრისტიანობის ტრადიციულ დებულებებს შეესაბამება. მორმონებს სწამთ მამა ღმერთი და ძე მისი იესო ქრისტე და სული წმინდა. სჯერათ, რომ ადამიანები პასუხს აგებენ მხოლოდ თავიანთი ცოდვების გამო და არ მოეკითხებათ პირველქმნილი ცოდვა. სწამთ, რომ ადამიანები თავიანთ ოჯახებთან ერთად მარადისობაში იცხოვრებდნენ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს გამოცხადება სულიწმინდის მიერ. სწამთ, ეკლესიის წევრთა ,,მტკიცე სიტყვის” (რომ არ მოწევენ, არ გამოიყენებენ სპირტიან სასმელებს, ნარკოტიკს, ყავას, ჩაის და რომ შეასრულებენ ღვთის მცნებებს).
მორმონთა ეკლესიის წინამძღოლი წინასწარმეტყველია, რომელსაც ორი დამხმარე ჰყავს. სამივე ერთად კი წარმოადგენს ეკლესიის უმაღლეს ორგანოს, რომელთაც ეხმარება თორმეტი ,,მოციქული” და სამოცდაათი ,,ბრძენი”. ასევე აქვთ ,,ეპისკოპოსების” წოდებები.
,,უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიის” წევრები ვალდებულნი არიან, რომ საკუთარი შემოსავლის მეათედი ეკლესიას შესწირონ. ამის გამო ამ ორგანიზაციის წლიური შემოსავალიც მილიარდობით დოლარს შეადგენს, რაც ხელს უწყობს მათ მისიონერულ მოღვაწეობას, რომელიც ეკლესიის წევრთა ერთ-ერთი აუცილებელი მოვალეობაა. ამჟამად მორმონთა რაოდენობა 12 მილიონს აჭარბებს.
ამგვარად, ამერიკის კონტინენტზე წარმოქმნილი რელიგიური ორგანიზაციები, მათ შორის ,,უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესია”, აქტიურად მიისწრაფოდნენ თვითდამკვიდრებისაკენ. ამისთვის ისინი ცდილობდნენ თავიანთი მოძღვრება იმდროინდელი საზოგადოების ყოფისათვის, მისაღები გაეხადათ. მიუხედავად იმისა, რომ მორმონები თავიანთ თავს მიიჩნევენ ერთადერთ ჭეშმარიტ ქრისტიანულ რელიგიად, რომელიც მათივე მტკიცებით გამყარებულია ისტორიულობით (მორმონთა წიგნი), რთულია ამის რწმენა, რადგან მარავალი უზუსტობა და შეუსაბამობაა მათ მოძღვრებაში. ამდენად საეჭვოა ,,უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიის” ჭეშმარიტ რელიგიად მიჩნევა.


სტატიის ავტორი – თამარ ტლაშაძე,
მასალა აღებულია წიგნიდან – `ქრისტიანობის კვლევები~, გამომცემლობა `უნივერსალი~. თბილისი, 2009წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий