კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს.
ზნე - ხასიათის წრთვნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე, წრთვნა ზნე - ხასიათის ზრდაა, გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა.
ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის - მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებას.
განა შეტყობა იმისი თუ რა არის ცაში, - ან ცის იქით, - მუდამის წყურვით შესატყობარი არ არის ერთობ ადამიანისათვის? განა ამის ვერ მიღწევის უღონობა ზოგად - კაცობრიული ჩივილი არ არის უძლურებისა? განა ამაებში ტრიალი გონებისა არ არის ზოგად - კაცობრიობის გაუთავებელი ტრიალი იმ საიდუმლოების უძირო მორევში, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო, არც ჰო და არც არა?
სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი.
სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა... მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც.
...ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ „მხნე იყავ და განძლიერდი" - აი ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა.
ადამიანი თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური ჭამოს, არამედ პურს ჭამს იმიტომ, რომ კაცურ - კაცად იცხოვროს და აცხოვროს მისი შთამომავალი.
ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, მით იყვის უკეთ.
ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.
ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია,უფრო ძლიერ მავნებელია.
არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.
ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი - იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.
მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.
ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.
აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.
ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!
ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა.
გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.
ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.
ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.
სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.
დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ჯხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს.
„ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული“ - აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ წამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, - აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.
დროზედ ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არიო.
ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა.
ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.
დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა.
იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვება, სახელისათვის ჰშვება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნც გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.
როცა ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!
ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია.
არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.
საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით.
ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი.
მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება.
ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა.
შეწყნარება დაჯერებას არ ჰნიშნავს, გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომლითაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს, თუნდაც თქვენს უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგს. პატივით მოქცევა კიდევ იმას ჰქვიან, რომ მთქმელს, თუ გამკითხველს საბუთი გაუჩხრიკოთ, საბუთი აუწონოთ თქვენს საკუთარ სასწორზე, ასე თუ ისე საკუთარი ფასი დასდოთ და მისაწყავი ისე მიუწყათ. ყოვლად საკადრისი საქციელი გონებაგახსნილისა და მართლა განათლებულის კაცისა სწორედ ეს გზაა და სხვა არარა. ვისაც ეს არა სჭირს, ტყუილად თავსა სდებს განათლებაზე, ტყუილად აბრიყვებს თავისთავსაც და სხვასაც, განათლებული ვარო. იგი ყოველ გონებადახშულზედ უარესია.
ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.
კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, - ამბობს ჩვენი ერი: - ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა - წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.
ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.
რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა... მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.
თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა? დრო გამოიცვლება, დრო მოვა, როცა თავისის ვინაობიდან გადამდგარი კაცი ყველასაგან შერისხული იქნება, როგორც უღირსი, თითონ იმათგანაც კი, ვინც ახლა სიხარულით ამისთანა კაცს შეიკედლებს ხოლმე და ულოლოებს. დრო მოვა, როცა ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ორჯერ-ორი, რომ თუ კაცი თავისას გაუდგა, სხვისას ვერ უერთგულებს. ეს ჭეშმარიტება დღეს ცოტამ იცის და ხვალე ბევრს ეცოდინება, და მაშინ ვაი თავის ვინაობაზედ გულაცრუებულს, გულგრილს და ხელაღებულს!
რაც კაცს უფრო საკეთილოდ მიაჩნია, უფრო საუმჯობესოდ, უფრო სამართლიანად, მას უნდა მთელის თვისის მხნეობით და ღონით შეეწიოს იმისდა მიუხედავად, ეწყინება ვისმე, თუ არა. იქ წყენა რას მიქვიან, საცა ჩემი რწმენა, ჩემი ადამიანობა მიწვევს სამოქმედოდ და ქვეყნის საკეთილდღეოდ. იქ მამულის-შვილობის ვალი ითხოვს, რომ არაფერს მოვერიდო და ცხარედ ჩავკიდო ხელი მას, რაც ჩემმა კაცობამ, ჩემმა რწმენამ, ჩემმა სინდისმა წინ დამისვა ნიშნად. ამას ითხოვს მოქალაქეობრივი გულადობა, ვაჟკაცობა და ქველობა.
რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე, ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია!
სიმღერა, გალობა სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში, მწყობრი ხმა ჰშველის წყობილსიტყვაობას და წყობილსიტყვაობა მწყობრს ხმასა, რათა მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თვისის გულის ძარღვის ცემა. ხმა და სიტყვა ცალ-ცალკე ბევრს შემთხვევაში უღონონი არიან ადამიანის გულის სიღრმიდამ ამოზიდონ იგი სხვილი და წვრილი მარგალიტები, რომლითაც სავსეა ადამიანის გული და რომელნიც აიშლებიან ყოველთვის, როცა ან სევდა-მწუხარება, ან სიხარული შესძრავს ხოლმე ღვთაებურს სიმებს ადამიანის სულიერებისას. სიმღერა ამ მხრით იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა.
როგორც ცაკლე კაცის გული, ისე გული ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს... ამის გამო გულისთქმაც, გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო, თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისათვის. იგი უტყვი პოეზიაა... იგივე ენაა, მხოლოდ ხორცშეუსხმული, სიტყვით არგანსაზღვრული, სიტყვით არგამორკვეული - იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა. ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა - სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენამეტყველობა.
ამოვიკითხავთ წიგნებიდამ რაღაცას და გვგონია, ეს-ეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩავკიდეთო. ქვეყანაზე ბევრი რამ არის უწიგნოდაც ნასწავლი, ამაებსაც ცოდნა უნდა. ჩვენ კი აღარც იქით ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია, თითქო ჭკუა, თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს.
არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.
ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.
განა ყოველი საგანი თვის კვალობაზედ არ არის მაღალი, მაღალ ღვთაებრიობის სიბრძნის გამომთქმელი? პოლიპი, რომელიც ძლივს აჩენს თავის სულიერობას, ისე ცხადად მოგვითხრობს ღვთის ძლიერებასა, როგორც მზე, ეს ქვეყნის მაცხოვრებელი მნათობი. ინფუზორია, რომელნიც მილიონობით არიან ერთ მუჭა წყალში, ისევე საკვირველნი არიან, როგორც მოძრაობა მედიდურ ცაში მილიონთა პლანეტთა, ერთი მუჭა ლაფის ნაწილთა დაკავშირება ისეთი საკვირველია, როგორც ვარდის მშვენიერების გამოცხადება. არა, ბუნებაში ღმერთს არ შეუქმნია მაღალი და მდაბალი საგანი, ყოველი საგანი მაღალია თვის კვალობაზეც და ერთნაირად მოგვითხრობს იმ დიდ სულზედ, რომელიც აცხოვრებს მთელს ქვეყანასა.
ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლქედება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნება.
იმისთანა ხალხი, რომლის გამოხატულობაც ჟამთა ვითარებით უმაღლესს საგნებიდან მარტო ჭამა-სმაზედ დამდგარა, ანუ რომელსაც მცირე საგნებიდამ გონება მაღლა ვერ აუცილებია, ის ხალხი უფრო შებრალების ღირსია, ვიდრე გაკიცხვისა.
დამუნათებული, წაყვედრებული კეთილი, ... ბოროტზე უარესია და უმძიმესი ასატანად.
იგი გრძნობაა მართალი, რომელიც კატასავით დღე მუდამ არა სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულა გულში.
ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, - ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვით, პოეზია კი ხატებითა და სურათითა.
უბედურება რომელიმე ერისა. დიდი ერია თუ პატარა . სხვათაშორის ისიც არის, როცა ერთგვარ ბეზღობას, რომელსაც პოლიტიკურ ბეზღობას ეძახიან, დიდი ავლა მიეცემა, ფართო გზა გაეხსნება და აღებ მიცემობის საგნად გახდება, როცა ცილისწამება ეგ უწმინდური ძალ-ღონე გაცვეთილი კაცისა პირახდილი დაიარება არამცთუ უსირცხვილოდ თავმოწონებული ფარფაშობს და ლუკმა პურს აწვდის მაბეზღარს. მაშინ შეგვიძლია ვსთქვათ, რომ საზოგადოების წყობას საძირკველი შერყევიაო და ახსასრული მოახლოებიაო.
თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: „ნანერგითა შენითა მარგე“.
პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს.
პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს.
რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებითო.
კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.
ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.
შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ.
წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.
ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე; იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის.
ვინც ლაფში თავიდან ფეხებამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს.
ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულოვნებით, ერთგულებით ძლიერია.
თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა.
კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.
ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი.
მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.
სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია.
ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთ.
ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს გაიცინებსო.
ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ.
ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.
დედაც კაცია, – გვეუბნება ჩვენი ენა, – და მამაცაო.
ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია.
ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, – და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი.
ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია.
თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.
კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?
სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა: სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა.
სიტყვა თქმაა და არა ქმნა. თქმასა და ქმნას შორის დიდი ზღვარია.
რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, – პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.
ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია.
ხეს ვერ გაზრდი იმ დროზე ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს.
ხმალი მაშინ უფრო კარგია, როცა ის ფარია და არა სატევარი.
ერთი „მაქვს“ სჯობს ათას „გქონდა-ს“.
პატიოსანთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია.
ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.
უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა.
ფული რამდენადაც ბევრია, იმოდენადაც ხარბია და გაუმაძღარი.
მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძვნდება, ვერ აშენდება.
ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა არც გატანილი.
დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი.
მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ.
გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლია. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად-თუ-ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლია და სხვას არაფერს.
რა არის იგი სწავლა, განათლება, ზნეობდა-გაწრთვნილობა, რომ თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობაც ვერ გამოარკვევინოს ადამიანსა, იმოდენა ღონე არ მისცეს სულისა, რომ ადამიანი მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს და ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის ქმობა არ არჩევინოს.
ჩვენში ხორციელი თვალი უფრო მოქმედებს, ვიდრე თვალი სულისა.
შურს ისა სწყინს და გულს უკლავს,- სხვას ჩემზე მეტ რადა აქვსო. ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია, მეც ის შევიძინო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა-კი შეჰხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი ეტრფის.
ენა ადამიანისა, მისი სიტყვიერება, მთელი ხელთუქმნელი ისტორიაა ერისა ცალკე და კაცობრიობისა საზოგადოდ.
გონების ნაწარმოები იმისთანა მადლიანი რამ არის, რომ მთელი კაცობრიობის კუთვნილებას შეადგენს და აქ გვარტომობის ჩაჩხირება ჭკუსი უღონობას მოასწავებს და სხვას არა-რას. ხელოვნებასა და ერთობ გონების ნაწარმოებსა გვარტომობა არა აქვს.
თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას და კეთილის-მომქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი,-სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა.
ვისაც იგი მადლი ღვთისა არა აქვს, რომ სხვისი სიხარულით გაიხაროს, სხვის სიხარულს ვერც შემაჩნევს,ვერც აღბეჭდავს,ნუ გგონიათ, რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა და მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისა, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანობისა. დიდკაცობისა და მარტო რჩეულთა ამა წვეყნისათა მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.
სინანულისა და განკითხვისათვის აღარც გული გვაქვს გულის ადგილას და აღარც ჭკუა ჭკუის ადგილას და ვიძახით წარამარად „დრონი მეფობენო“ მაშინ, როდესაც დრო მხოლოდ იგი ქვევრია, რომელიც მარტო იმას ამოიძახებს ხოლმე, რასაც თვითონ კაცი ჩასძახებს.
უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძით მორცხვიც გაურცხვდება.
ილია ჭავჭავაძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий