ღმერთი

ღმერთი

пятница, 12 июля 2013 г.

იოგა და მართლმადიდებლობა.

იოგა ინდური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. იოგას რელიგიურ – ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიმართაც ინტერესი მთელ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება, ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად ვედური კულტურა.

თვით ტერმინი “იოგა” არაერთმნიშვნელოვნად განიმარტება: იგი გულისხმობს შეერთებას, მონაწილეობას, წესრიგს, აგრეთვე, ღრმა ფიქრს, ჭვრეტას, თუმცაღა უფრო ხშირად მას სანსკრიტული ძირიდან – “იუჯ”-დან წარმოშობილად მიიჩნევენ, რაც ძალისხმევას, ვარჯიშს ნიშნავს.

იოგა არის ვარჯიშთა სისტემაზე დამყარებული სწავლება, რომელიც მიმართულია ადამიანის ფსიქიკისა და ფსიქოფიზიოლოგიის მართვისა და მისი უფრო მაღალი ფსიქოფიზიკური და სულიერი მდგომარეობის მიღწევისკენ. ფიქრი იმაზე, რომ იოგით შეიძლება ვივარჯიშოთ მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არასწორია. იოგა, უპირველეს ყოვლისა, სულიერ შეხედულებათა სისტემაა; მისი მიზნები სულიერია და არა ფიზიკური. ცნობილი მართლმადიდებელი მოღვაწე სერაფიმ როუზი წერდა: “ადამიანი, რომელიც იოგას სხეულებრივი ჯანმრთელობის მისაღწევად მისდევს, უკვე ამზადებს თავს გარკვეული სულიერი შეხედულებებისა და განცდების მისაღებად, რომელთა შესახებაც, როგორც წესი, არაფერი უწყის”.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მამა სერაფიმემ ყურმოკვრით როდი უწყოდა, თუ რა არის იოგა, რადგან ახალგაზრდობაში (მართლმადიდებლობაში მოსვლამდე) აქტიურად მისდევდა ამ პრაქტიკას.


ადამიანის ბუნება მუდმივად იდუმალის, საიდუმლოებების შეცნობისკენ არის მიდრეკილი. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მსოფლიოში ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური, ბუდისტური მოძღვრების იოგასადმი გაცხოველებული ინტერესი.

ეს, გარკვეულწილად, განაპირობა მსოფლიოში იოგას მოძღვრების გამავრცელებლების მხრიდან ინფორმირების მეტად მზაკვრულმა მეთოდებმა.

ქრისტიანული ქვეყნების მცხოვრებლებს იოგა მეტად დახვეწილი და ლამაზად შეფუთული, კარგად რეკლამირებული სახით მიეწოდება…

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც მრავლადაა გავრცელებული იოგას ცენტრები და იოგას შემსწავლელი დაწესებულებები, რომლებიც აპელირებას აკეთებენ იოგაზე, როგორც ფიზიკურ და სულიერ გამაჯანსაღებელ ვარჯიშთა კომპლექსზე, რითაც ინტერესდება უამრავი ადამიანი. მის მიღმა კი იმალება უძველესი ინდური ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრება, რომელიც, ფართო გაგებით, აღნიშნავს ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბებულ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის, სავარჯიშოების ერთობლიობას. იოგას პირველადი მიზანი პიროვნების თვითრეალიზაციაა, ხოლო საბოლოო – თეოზისი (განღმრთობა). ინდუიზმის სწავლების მიხედვით, კაცის სხეული იდეალურია უმაღლესი გასხივოსნების მისაღწევად. ხოლო იოგა ყველაზე ეფექტური და უმძლავრესი მეთოდია უმაღლესი გასხივოსნების გზაზე, რაც სხვადასხვა ფიზიკური სუნთქვითი ვარჯიშებითა და მედიტაციით მიიღწევა.

მამა სერაფიმე წერს: “იოგას ვარჯიშების მიზანია, გახადოს ადამიანი თვითკმაყოფილი, მოდუნებული, არამოაზროვნე და პასიური, ანუ მიმღები იმ სულიერი იდეებისა და შთაბეჭდილებებისა, რასაც იოგა ემსახურება”.

ყოველივე ეს კი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სწავლებებს.

მთავარი, რითაც იოგის ფიზიკური თუ მენტალური ვარჯიში განსხვავდება ქრისტიანული მოღვაწეობისაგან, არის ის, რომ ინდო-ჩინურ სისტემებს მინდობილი ადამიანი ეფუძნება წარმართულ, ძირითადად, პანთეისტურ მსოფლმხედველობას და აქედან გამომდინარე, აქცენტს აკეთებს საკუთარ შესაძლებლობებზე და ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ თვითონვეა ზებუნებრივი ძალებისა და უსაზღვრო სიბრძნის წყარო: თუკი მოინდომებს, თავისით განივითარებს სულიერ ძალებს, თავისით განიკურნება, თავისით განიწმინდება, თავისით მიაღწევს სრულყოფილებას… ყველა ვარჯიში თუ მედიტაცია ამ იდეით არის განმსჭვალული, რაც ადამიანში ბადებს უდიდეს ცოდვას – ამპარტავნებას. სწორედ ამპარტავნების გამო ნათლის ანგელოზი ეშმაკად იქცა.

წმ. ანტონი დიდი: “ყველა ცოდვა საძაგელია ღვთის წინაშე, მაგრამ ამპარტავნება – ყველაზე მეტად”.

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი: “ქრისტიანის გულში ერთად ვერ იქნება ქრისტე და ამპარტავნება. როცა ერთია, მაშინ შეუძლებელია, იყოს მეორე, და – პირიქით”.

წმ. იოანე სინელი: “ამპარტავნება უარყოფაა ღმრთისა და მეგობრობაა ეშმაკებთან, შეურაცხმყოფელია კაცთა და დედაა განკითხვისა; ქებათაგანაა შობილი, სულის უნაყოფობის ნიშანია, ღმრთის შეწევნის განმაშორებელია, შეშლილობის წინამორბედია, ეშმაკეულობისა და დაცემების მიზეზია, გულისწყრომის წყაროა, ორგულობის კარია, ეშმაკთა სიმტკიცეა, ცოდვათა მცველია, უწყალოების მშობელია, მოწყალების უმეცრებაა, მწარე მოკამათეა, უწყალო მსაჯულია, ღმრთის მოწინააღმდეგეა და გმობის ძირია”.

წმ. მაკარი დიდი: “საკუთარ თავზე წარმოდგენა არის ის კედელი, რომელიც ადამიანს აშორებს ღვთისაგან”.

იოგას მოძღვრება თავისი არსით, მედიტაციითა და სხვა მეთოდებით პირდაპირ უბიძგებს ადამიანს ამპარტავნების ცოდვისკენ, უმონებს ეშმაკსა და აშორებს ღმერთს. მედიტაცია ადამიანს ღმრთისგან აუცხოვებს.

და ღმრთისგან გაუცხოებაზე უარესი რა შეიძლება იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის? ამაზე პასუხი ერთადერთია – ა რ ა ფ ე რ ი!

ასე რომ, ყველა აღმოსავლური ოკულტური ვარჯიში – ხათხა-იოგას პოზები, პრანა-იამას სუნთქვითი ვარჯიშები, რაჯა-იოგასა და ძენ-ბუდიზმის მედიტაციები, კუნგ-ფუს “შინაგანი სტილის” გიმნასტიკა (სინამდვილეში – ძველი ჩინური მაგია) – საბოლოოდ ერთ მიზანს ემსახურება: ადამიანის მიერ საკუთარი “უსაზღვრო შესაძლებლობების” დაჯერებას, ამპარტავნების აღზევებას, და ბოლოს, იმ ბნელი არსებისადმი სრულ მიმსგავსებასა და დამორჩილებას, რომელიც არის მამა და შთამაგონებელი სიცრუისა და ამპარტავნებისა.

მეორე შემთხვევაში, როცა ადამიანი აღმოსავლური სისტემებით იწყებს ვარჯიშებს (გონებრივს, ან ფიზიკურს), ის გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ზურგს აქცევს თავის შემოქმედს და თანდათანობით ბოროტი ძალების გავლენის ქვეშ ექცევა. ამ დროს ის აკლდება უფლის შეწევნას და ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ამარა რჩება. სანამ ადამიანს ღვთის მადლი იფარავს, ბოროტი ძალა უძლურია, მისი გონება და სული დაიმორჩილოს; რაც მეტს სცოდავს ადამიანი (ხორციელად იქნება თუ გონებრივად), მით მეტ ძალაუფლებას იღებენ სატანური ძალები მასზე.

მართლმადიდებლობის საფუძველია თავმდაბლობა, მორჩილება, საკუთარი სისუსტის განცდა და ღვთისაგან წყალობის მოლოდინი, რაც ნათლად გამოიხატება იესოს უძლიერეს ლოცვაში: “უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”.

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: “უფალს სურს, რომ ადამიანი გამუდმებით უხმობდეს მას თავმდაბლად: “ვინ ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, რომ შენ ინებე მიწაზე მოსვლა, ხორცშესხმა და ჯვარცმა ჩემთვის, რათა აღმადგინო მე ხრწნილებისა და სიკვდილისაგან და გამხადო შენი დიდებისა და ღვთაებრიობის თანამოზიარე და მემკვიდრე?” როცა ამგვარი თავმდაბლობით განიმსჭვალები და იაზროვნებ, უფალი მყისვე მოვა შენთან, სული სიმართლისა დამკვიდრდება შენს გულში. რა არის ღვთისათვის იმგვარად სათნო და სასურველი, როგორც შემუსვრილი და მორჩილი გული და თვითდამდაბლებული ფიქრი?! ასეთ თვითშემმუსვრელ სულში დაივანებს და მკვიდრობს უფალი”.

ასე რომ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ მართლმადიდებელი ადამიანი დაკავდეს იოგას ვარჯიშებით, პასუხი ნათელია.


იოგა ძირეულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მის იდეებსა და ღირებულებებს.

დავით დანელია


ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий