ღმერთი

ღმერთი

пятница, 12 июля 2013 г.

ღმერთი და ადამიანები.წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

მაცხოვარმა მთვლემარე კაცობრიობა გამოაფხიზლა მსგავსად იმისა, მძინარეს რომ გამოაფხიზლებენ მძიმე და უაზრო ძილისგან. ამ გამოფხიზლებამ ყველა გაახარა, უფრო მეტად განიზარეს, როცა გააცნობიერეს სახარებისეული ჭეშმარიტება და ირწმუნეს, რომ ღვთის შვილები არიან და არა უტყვი ბუნების.



სინათლესა და ბოროტებას შორის ხიდია და არა უფსკრული. ყველაზე წმინდანებს და ყველაზე ცოდვილებს ძმობისათვის საერთო საფუძველი აქვთ. თქვენი ცოდვები ჩემი ცოდვებია, ჩემი ცოდვები კი თქვენი. ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ეს ამოსავალი წერტილია.


ადამიანი შეიძლება იყოს დიდი სახელმწიფო მოღვაწე, სახელგანთქმული მხედართმთავარი, გამოჩენილი ხელოვანი, მაგრამ სარწმუნოებაში, სასოებასა და სიყვარულში განმტკიცებულ მოღვაწეს ვერავინ შეედრება.


თუ ისეთი წმინდანი ვერ გახდები, როგორიც იყო ღირსი ანტონი, ხელს მაინც ნუ ჩაიქნევ და ნუ იტყვი: "ჩემგან არაფერი გამოვა". გაისარჯე და განამრავლე შენი ტალანტი. "სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან", (იოანე 14.2) - ბრძანა მაცხოვარმა. და თუ ამ სავანეთაგან უმცირესს მაინც დაიმკვიდრებ, ყველა მეფეზე ბედნიერი იქნები, ვისაც კი ოდესმე ამქვეყნად უცხოვრია. ყველამ შეძლებისდაგვარად იღვაწოს, თუმცა ღირსი ანტონი ვერ გახდები, მაგრამ ცათა სასუფეველი მხოლოდ მისთვის არ შექმნილა.


მონაზვნური ღვაწლის საბოლოო მიზანი სიყვარულია. სიყვარული უფლისა და ადამიანთა მიმართ.


მართლმადიდებელი მონაზვნისთვის სიფრთხილე და ყურადღება ღვაწლია. მოღვაწის სული ფხიზელი უნდა იყოს, რომ განსაცდელი დროზე იგრძნოს, გამოიცნოს, საიდან და ვისგან ემუქრება იგი.


მას, ვინც უფლის მცნებებს არ აღასრულებს, წმინდა ადგილი და სამღვდელო ხარისხი ვერაფერს არგებს. მეფური დიდებით გარემოცული საული განდევნილ იქნა, დავითმა კი გვირგვინი მოიხვეჭა. იუდა, ერთ-ერთი მოციქულთაგანი, ჯოჯოხეთში შთავარდა. ცდება ის, ვინც ამტკიცებს, რომ ცოლ-შვილის პატრონი ვერ ცხონდება. აბრაამს ცოლიც ჰყავდა და შვილებიც, მრავალი მონა და მხევალი, უთვალავი ოქრო-ვერცხლი და მაინც ღვთის მეგობრად შეირაცხა. იყავი ღვთისმოსავი, კაცთმოყვარე და ცხონდები.


ჩვენში ჩვეულებად იქცა, რომ მღვდელმსახურის უმძიმეს ტვირთს ზერელე ადამიანები იღებენ თავის თავზე. მღვდელმსახურება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მათი მომზადების დონე კი აუცილებელზე ბევრად დაბალია, და მათი გონებრივი მონაცემები და სულიერება მღვდელმსახურის მოწოდებას არ შეესატყვისება.


მღვდელმსახურის ცხოვრება ჩვენთვის სიკეთის ან ბოროტების მაგალითია. კეთილკრძალული ცხოვრებით მღვდელმსახური სახარებას ადასტურებს, უკეთური ცხოვრებით კი მას უარყოფს. ისე არავის ძალუძს დაამოწმოს ან უარყოს სახარებისეული ჭეშმარიტება, როგორც ეს მოძღვარს, თავისი ცხოვრებისეული მაგალითით.


უფალმა თავისი ტანჯვით ჩვენი ტანჯვა შეამსუბუქა. მისი ტანჯვა გამარჯვებით დასრულდა. უფალს შეუძლია გამარჯვებისთვის ჩვენც გაგვამხნევოს. იგი სიმართლისთვის ევნო. ჩვენ კი საკუთარი ცოდვების გამო ვისჯებით. უფლისათვის ტანჯვა არავის შეუმსუბუქებია. ჩვენ კი როდესაც ვიტანჯებით, იგი მხარში გვიდგას და ჩვენს მწუხარებას იზიარებს.



Комментариев нет:

Отправить комментарий