ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 1 декабря 2013 г.

განსაცდელები-პაისი მთაწმინდელი

ღვთისაგან დაშვებული განსაცდელები ჩვენი ძალების შესაბამისია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ განსაცდელებს ხშირად თან სდევს უმოწყალო ადამიანების მხრიდან დაცინვა ან უგუნური მსჯელობა, რის შედეგადაც ჩვენი სისუსტის გამო ვიდრიკებით. ძლიერი ქარი წვრილ ხეებს ამტვრევს და მიწიდან ძირფესვიანად თხრის იმათ, რომლებსაც ღრმა ფესვები არ გააჩნიათ, მაშინ როდესაც ღრმად ფესვებგადგმულ ხეებს იგი ფესვების უკეთ გამაგრებაში ეხმარება.
ღმერთი არ იწყნარებს ველურ და უგუნურ დამოკიდებულებას სხვების მიმართ, - როცა ზოგს ძირიანად თხრიან, ზოგს კი თრგუნავენ, რამეთუ ღმერთს წყალობა ნებავს, რადგან თავად არის მოწყალე. მას სურს, რომ ადამიანში მოყვასის მიმართ დახმარების სურვილი, სიყვარული და თანაგრძნობა სუფევდეს, რადგან ისინი ხეები კი არა, ღვთის ხატები არიან. თუმცაღა, რა თქმა უნდა, კაცს, საკუთარი თავის გარდა, ვერავინ ავნებს.
ღვთისაგან მოვლენილი განსაცდელებით თითოეული ადამიანი გამოიცდება და თვითონვე შეიმეცნებს საკუთარ სულიერ მდგომარეობას. მათი საშუალებით ჯერ მორჩილებაში მოიყვანება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეტევება მას, თუ სიმდაბლითა და სიხარულის გრძნობით იწყნარებს ყველა მასზე მოწეულ განსაცდელს, როგორც სულის საკურნებელ წამალს, და მოთმინებით შემოსილი ადიდებს და მადლობს უფალს. ბედნიერებაა, რომ ღმერთი ჩვენზე განსაცდელებს უშვებს, რადგან სხვაგვარად საშინელ სამსჯავრო ჟამს დაფარული ვნებები და გადაჭარბებული მოთხოვნილებები აღმოგვიჩნდებოდა. ღმერთს რომ ამაზე თვალები დაეხუჭა და სამოთხეში ისეთები დავემკვიდრებინეთ, როგორებიც მაშინ ვიქნებოდით, იქაც გამოვავლენდით საკუთარ თავს. ამიტომ უფალი აქ, ამ სოფელში, უშვებს ჩვენზე განსაცდელებს, რათა ამ განსაცდელებმა მტვერი ჩამოგვიბერტყოს, ჩვენი სული მწუხარებისა და ცრემლების ხელშეწყობით განწმინდოს და ხსნის გზა ღვთის ძიებაში დაგვანახოს.
ყველაზე უბედურნი ამქვეყნად ღვთისაგან განდგომილი ადამიანები არიან. ისინი ვერც ამ და ვერც მომავალ ცხოვრებაში ბედნიერები ვერ გახდებიან, მაგრამ იმათზე უბედურნი ეშმაკები არიან, ათასობით წლის უკან რომ განშორდნენ ღმერთს, კვლავ მოუნანიებელნი დარჩნენ და, ბოროტებითა და ამპარტავნებით ღმერთს დაშორდნენ.
ყველაზე ნეტარნი კი ისინი არიან, რომლებმაც უაღრესი სინანული აჩვენეს სულიერი ტკივილითა და შინაგანი გულშემუსვრილობით განზავებული, და ამგვარად დაამხეს ამპარტავანი მტერი; საკუთარი დაუმორჩილებელი ხორცი მოღვაწეობით დათრგუნეს და სულს დაუქვემდებარეს, თავიანთი სინანულით კი (ღვთისაკენ მოქცევით) ზეცას უდიდესი სიხარული მოუვლინეს.
როცა ცოდვა სულში დიდი ხნის განმავლობაშია დამკვიდრებული, მაშინ ეშმაკი ადამიანზე გაცილებით დიდ უფლებას იხვეჭს, და იმისათვის, რომ მან დაგვტოვოს, ძველი (სულიერი) სახლი უნდა დავანგრიოთ და ახლის აშენებას შევუდგეთ.
ვისაც თავისთავში დაბადებიდან ჰყავს ეშმაკი, მას უდიდესი მისაგებელი ელოდება, თუ არ იწუწუნებს, და ღვთის მადლით გათავისუფლებას დაელოდება. ხოლო, ვინც თვითონვე გახდა საკუთარი შეპყრობის მიზეზი, გასათავისუფლებლად თავად უნდა იმოღვაწეოს.
უსამართლო მოპყრობებმა, რომლებიც ამ ცხოვრებაში ადამიანებისა და ეშმაკებისაგან შეგვხვდება, არ უნდა შეგვაწუხოს, რადგან ეს ღმერთსაც არ აწუხებს, რამეთუ იგი ყველა ამ უსამართლობას იწერს და მათ სანაცვლოდ ასწილად მიაგებს ზეციური სალაროდან.
უგუნურია კაცი, რომელიც ადამიანურ სიმართლეს დაეძებს, ხოლო კიდევ უფრო უგუნურია, ვინც არც სხვებისგან მიყენებულ შეურაცხყოფებს ივიწყებს და არც სხვების მიმართ გაწეულ სიკეთეს.
უფრო მეტი მადლიერება იმ პირის მიმართ გვმართებს, ვინც უმადურად მოგვეპყრა, ვიდრე – ვინც მუდმივად გვმადლობს და ამით საზღაურს უკვე ამ ცხოვრებაშივე მოგვაგებს.
ასევე, საუკეთესო სურვილი ჩვენთვის დაუმსახურებელი წყევლა უნდა იყოს, რასაკვირველია თუ მას მშვიდად და კეთილგანწყობით ვიწყნარებთ.
რა თქმა უნდა, ღმერთთან თანამყოფები არ შეიძლება დაწყევლილნი იყვნენ, რადგან მათში ბოროტება არ არის და მხოლოდ სიკეთეა, ამიტომ რა ბოროტებაც არ უნდა შეამთხვიონ ამ ღვთივკურთხეულ ადამიანებს, იგი ძალას კარგავს, შეურაცხყოფილნი კი შინაგანად უდიდეს შეფარულ სიხარულს განიცდიან.
მათგან განსხვავებით ღვთისგან განშორებულნი, ყოველთვის უნუგეშონი არიან და ორმაგად იტანჯებიან, რადგან ვისაც ღვთისა და მომავალი ცხოვრების არ სწამს, ის არა მხოლოდ უნუგეშო რჩება, არამედ თავის სულს მუდმივ სატანჯველსაც უმზადებს.
ვინც ღმერთს არ ერწმუნება, ან ერწმუნება უფრო ნაკლებად, ვიდრე საკუთარ "მე"-ს, მას ქვეყნიერებისათვის დანგრევა მოაქვს. თუმცა, ასეთები ვერ ახერხებენ თავიანთი ეშმაკისეული გეგმების შესრულებას. იმიტომ, რომ თუნდაც მათ ერთად თავმოყრა შეძლონ, მაშინვე ერთმანეთის ღრღნას შეუდგებიან და დემონების მიერ დაიფანტებიან. რამეთუ ეშმაკს, რომელიც მათ კრიბავს, სიყვარული არ გააჩნია და მათ ვერ დაამეგობრებს; სიმდაბლე არ გააჩნია, რომ ერთმანეთი გაატანინოს; მოუთმენელია და ამიტომაც ბოროტება ისე იფანტება, რომ დიდი ბოროტების ჩადენას ვერ ასწრებს.
ამსოფლიური სული, სამწუხაროდ, მუდმივად წვრთნის ადამიანთა გონებას მზაკვრობაში, და ისინი, როცა თანამოძმეებს შეურაცხყოფენ, თვლიან, რომ ამით წარმატებას მიაღწიეს, და ამავე დროს საკუთარ თავზე ესმით: "როგორი მოხერხებულია! ისე, როგორც ეშმაკი", - თუმცა, ამასთან, სინდისის შინაგანი ქენჯნით (ამ პატარა ჯოჯოხეთით) მაინც იტანჯებიან.
არ არსებობს იმაზე მხურვალე ცეცხლი, ვიდრე სინდისისაგან გამოწვეული შინაგანი წვა. იგი სულს გამუდმებით აწვალებს და როგორც მატლი, მთელი ცხოვრება ხრავს, მაგრამ კიდევ უფრო გამეტებით იმქვეყნიურ, მომავალ ცხოვრებაში დახრავს, "სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების..." (მარკ. 9, 44), თუ ადამიანი ამ ცხოვრებაშივე არ მოინანიებს და არ გამოისყიდის თანამოძმეთათვის მიყენებულ შეურაცხყოფებს, თუნდაც კეთილი განწყობის გამოხატვით, თუკი მას არ შეუძლია ეს სხვანაირად გააკეთოს.
მოუნანიებელი ადამიანი ყველაზე უგუნურია ამ ქვეყნად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ სიმძიმე ადევს გულზე, რადგან არ ინანიებს, რომ გათავისუფლდეს ამ პატარა ჯოჯოხეთიდან, კიდევ უფრო უარესისკენ რომ მიაქანებს – მარადიული ჯოჯოხეთისკენ, - არამედ იმიტომაც, რომ მიწაზე სამოთხისეულ სიხარულს იკლებს, სიხარულს, რომელიც გრძელდება და სამოთხეში ღვთის სიახლოვეში უფრო მეტად ძლიერდება.
არაფერია იმ სიხარულზე ძლიერი ამ ქვეყნად, რასაც ღვთის სიყვარული ჰქვია, რომელიც ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში საღვთო სათნოებებთან ერთად უხვად გვეძლევა ღვთის მოშურნე შვილებს, და რომლის მხოლოდ განცდაა შესაძლებელი და არა სიტყვებით გამოხატვა; მაგრამ უმეტესია ის სიყვარული, რომელსაც ღმერთი სამოთხეში გვიმზადებს და ამჟამად არ გვანიჭებს, რადგან მის დატევას ჩვენი თიხიერი გულებით ვერ შევძლებთ!





Комментариев нет:

Отправить комментарий