ღმერთი

ღმერთი

пятница, 28 марта 2014 г.

მზაკვრობისა და ცბიერების შესახებ - წმ. იოანე სინელი

 უბრალო სული სიმდაბლის მეუღლეა, ხოლო მზაკვარი სული - ამპარტავნების მეგობარია. 


მშვიდთა სულები სიბრძნით აღივსებიან, ხოლო მრისხანე კაცის გონება - სიბნელითა და უგუნურებით. 


მრისხანე და მზაკვარი ადამიანი ერთმანეთს შეხვდა და მათი საუბრისას არც ერთი გულწრფელი სიტყვა არ თქმულა. 


თუ პირველს გაუხსნი გულს - იქ განკითხვას იპოვი, ხოლო თუ მეორის გულს გამოიძიებ, იქ მზაკვრობას ნახავ. 


 უბრალოება სულის მარტივი წესია, რომელიც უძრავია ბოროტებისადმი. 


 მზაკვრობა არის ხელოვნება, ან უკეთ რომ ვთქვათ ეშმაკეული სისაძაგლე, რომელიც შორსაა ჭეშმარიტებისაგან. 


ორგულობა ბოროტი წესია, რომელიც მზაკვრობითაა შექმნილი და სულისა და გონების დამაბნელებელია.


ცბიერება ეშმაკთა ხელობა და უშვერებაა, რაც შორს არის ჭეშმარიტებისგან.



ცბიერი კაცი ეშმაკის მეგობარია და მოყვასი. მასთან დაკავშირებით უფალი გვეუბნება: “მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან” (მათე 6. 13).


ცბიერი და მზაკვარი ადამიანი საიდუმლოთა ცრუ მცნობელია: იკვეხნის, რომ სიტყვების მიხედვით აზრთა გაგება შეუძლია, ხოლო გარეგნობის მიხედვით - გულისნადებისა.



მინახავს წრფელი ადამიანები, მზაკვარი, ცბიერი ხალხისგან მზაკვრობა და ცბიერება რომ შეუსწავლიათ, და გამკვირვებია, თავიანთი ბუნება ამდენად სწრაფად რომ გაურყვნიათ.



რამდენადაც ადვილად სწავლობს წრფელი ადამიანი მზაკვრობას, იმდენად რთულია მზაკვარი და ცბიერი ადამიანის წრფელად გარდაქმნა.


დაცემას ხშირად მოუქცევია ცბიერი ადამიანები, მათდა უნებურად მოუტანია რა მათთვის ცხონება და უმანკოება.


ცბიერება არის: სიწრფელისგან განშორება, ცთომილი გონება, ტყუილით შეთხზული სიტყვა, ცრუ ფიცი, ხრიკებისა და გულღრძოობის უფსკრული, მზაკვრობის შესწავლა, ტყუილში დახელოვნება, განსჯისა და მორჩილების მტერი, დაცემის მომტანი, სიმდაბლის მოწინააღმდეგე, ჩვევადქცეული ამპარტავნება, სინანულის შემაჩვენებელი, გლოვისგან განშორება, აღსარების მტერი, თავნებობის მოყვარული, უვნებობის მოწინააღმდეგე, მხილების დროს ღიმილი, სულელური მწუხარება, მოჩვენებითი კრძალვა და ეშმაკური ცხოვრება.



მზაკვრობა არის სამართლიანობის გარყვნა, გონების განდიდება, საკუთარი თავის ამაოდ გამართლება - კეთილი განზრახვის მომიზეზებით, ცრუ ფიცი, ორაზროვანი სიტყვა, გულდახურულობა, პირფერობის უფსკრული, სიცრუის ჩვეულება, ბუნებად გადაქცეული თვითგანდიდება, სიმდაბლის მოწინააღმდეგე, სინანულის ნიღაბი, გლოვისაგან განშორება, ის აღსარების წინააღმდეგ მებრძოლია, თვითრჯულობაში განმტკიცებული, დაცემის მიზეზი, დაცემულის აღდგომის დამაბრკოლებელი, თავხედური ღიმილი მხილებისას, უგუნური ჩივილი, თვალთმაქცური ღვთისმოსაობა; ერთი სიტყვით - ის ეშმაკეული ცხოვრებაა. 


ძმაო, იჩქარე, გახდი სულელი და თავი დაანებე ამაო სიბრძნეს, რათა ამგვარად მოიპოვო ცხონება და სიწრფელე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შეწევნით, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.








Комментариев нет:

Отправить комментарий