იბეჭდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით
"გაცემა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მიღება"
რა ქმნის განწყობას, რა სახისაა ბიძგი, რომელიც წინ უსწრებს ჩვენს მოქმედებას და განსაზღვრავს ჩვენს ქცევას
ადამიანი ყველა ქმნილებათა გვირგვინია, ყოველგვარ ფასეულობებზე აღმატებული და ძვირფასი. იგი შექმნილია განღმრთობისათვის და მისი ცხოვრების არსი და მიზანიც სწორედ განღმრთობაა, რისი მიღწევისთვისაც მას სჭირდება ფიზიკური და სულიერი ღვაწლი - ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური შრომა. შრომის კულტურა თავისით არ წარმოიქმნება; იგი აღზრდის სფეროში დევს. ბავშვს არ უნდა ემძიმებოდეს, არ უნდა ეზარებოდეს შრომა.
შრომის პირველ ჩვევებს ბავშვი ოჯახში იძენს. მშობელმა მას უნდა შეურჩიოს ასაკისათვის შესაფერი საქმე, რომელსაც იგი მოერევა და ხალისით გააკეთებს. ბავშვი უმეტესად მაგალითითა და თამაშით სწავლობს; სანამ ეხალისება უფროსთან ერთად რაღაცის კეთება, მშობლებმა ხელიდან არ უნდა გაუშვან ეს შესაძლებლობა. მახსოვს, ბავშვობაში, ბებიაჩემი ცომის ზელას რომ დაიწყებდა, იქვე გავჩნდებოდი. არასდროს მეტყოდა, წადი, ფქვილში ნუ ამოიგანგლებიო. პირიქით, ცომის გუნდას მომიგლეჯდა და მეც მასთან ერთად ვზელდი და ვაცხობდი ხაჭაპურს, და ჩემს გამომცხვარ ხაჭაპურს ყველას ვთავაზობდი და ველოდი შექებას. ბებია თან მარიგებდა, ცომი მაშინ არის კარგად მოზელილი, ხელებზე რომ აღარ გეკრობაო; ფქვილი აქეთ-იქით რომ არ გებნევა და ჯამის კედლებზე რომ ცომი არ რჩება, ე.ი. კარგად მოგიზელია და კარგი დიასახლისი ხარო. მაშინ ხუთიოდე წლის თუ ვიქნებოდი, მაგრამ დღემდე მახსოვს ეს სიტყვები. ბავშვი ღიაა სწავლისადმი, თუ მას სწორად მიაწოდებ იმას, რაც გინდა ასწავლო. ამისთვის კი საჭიროა მშობლებმა მოიცალონ შვილებისთვის. პატარებისათვის ისინი ავტორიტეტს წარმოადგენენ და შეკითხვებითა და ,,პრობლემებით" ხშირად მიმართავენ.
როგორი დაღლილი და მოუცლელიც უნდა იყოს მშობელი, გულისყურით უნდა მოეკიდოს მას, რომ ბავშვმა იგრძნოს სითბო, სიყვარული და მისი პიროვნებისადმი ყურადღება. ეს ზრდის მშობლის ავტორიტეტს და ამტკიცებს მას. დაუშვებელია ბავშვს გავაგონოთ ან ვაგრძნობინოთ, რომ მთელი დღე მუშაობ, დაიღალე და მისი თავი არა გაქვს. ბავშვს უჩნდება არასწორი დამოკიდებულება შრომისადმი. ბავშვებს ძალიან მოსწონთ, როცა ეუბნები, წავიდეთ, მოვრწყოთ ყვავილები, ბოსტანში ვიმუშაოთ, დავკრიფოთ მწვანილი და ა.შ. მოგვიანებით უკვე შეიძლება მას სთხოვოთ დამოუკიდებლად ამის გაკეთება და ის აუცილებლად ხალისით შეასრულებს თქვენს თხოვნას; ხოლო როცა წამოიზრდება, სურვილი გაუჩნდება თავისი ინიციატივით შეასრულოს იგივე მოქმედება.
ასევეა ინტელექტუალური შრომაც.
ბევრჯერ შევსწრებივარ პატარას, რომელმაც ჯერ კითხვა არ იცის, მოაქვს წიგნი ლამაზად დასურათხატებული და სთხოვს დედას ან მამას წაუკითხოს; მას აინტერესებს რაზე მოგვითხრობენ ეს სურათები. ამ დროს დედა ვახშამს ამზადებს, მამა გაზეთს კითხულობს და პატარა დადის წიგნით ხელში და ეძებს უფროსს, რომელიც წაუკითხავს. უყურადღებოდ დარჩენილმა შეიძლება ეს ინტერესი შემდეგში საერთოდ დაკარგოს.
ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება ხდება ფიზიკური, ინტელექტუალური თუ სულიერი შრომით და შრომის კულტურას სერიოზული აღზრდა სჭირდება, პირველ რიგში ეს არის განწყობა. განწყობა ადამიანის მზაობაა, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ანუ მისი ქცევა ამა თუ იმ მოქმედების განსახორციელებლად. ამ მოქმედებას წინ უსწრებს გარკვეული მოთხოვნილება, ანუ მოტივაცია; მოთხოვნილება, ანუ მოქმედების მოტივაცია შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, მაგალითად, შიმშილი, წყურვილი, ზამთარში - სითბო, ზაფხულში - სიგრილის ტემპერატურის დარეგულირება, ტკივილის მოხსნა და სხვ. ეს არის პირადული ანუ ინდივიდუალური მოტივაცია.
ეს მოქმედებები შეიძლება მარტივად დაკმაყოფილდეს: მომშივდა - შევჭამე, მომწყურდა - დავლიე წყალი, კბილი ამტკივდა - წამალი დავლიე. თუმცა ამ მარტივი მოქმედებების შესრულებას შეიძლება რაღაც წინააღმდეგობაც შეხვდეს: მაგალითად, მომშივდა, მაგრამ ჯერ უნდა მოვამზადო საჭმელი, მომწყურდა - წყალი არ მოდის, კბილი ამტკივდა - არ მაქვს წამალი და ა.შ. ამ წინააღმდეგობების დაძლევასაც გარკვეული განწყობა სჭირდება, ანუ გააზრებული ქცევა მათ დასაძლევად.
ადამიანი სოციალური არსებაა და იგი საზოგადოების წევრია. ამიტომ მან თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას უნდა გაითვალისწინოს ე.წ. კოლექტიური მოტივაცია. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში შეამჩნევ, როგორ ვლინდება ბავშვის ჩამოყალიბება ამ კოლექტიური მოტივაციის შესაბამისად. ზოგი პატარაობიდანვე ამჟღავნებს ე.წ. თვითდამკვიდრებას - ვთქვათ სათამაშო წაართვას სხვას, იგი ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ ცუდად იქცევა. ამიტომ უფროსმა უნდა აუხსნას, რომ ეს მისი არ არის და თუ უნდა, რომ ათხოვონ, კი არ უნდა წაართვას, არამედ სთხოვოს. უშედეგოა დატუქსო და უთხრა, მიეცი ახლავე, შენ რა ცუდი ყოფილხარ. ბავშვს აუცილებლად გაუჩნდება პროტესტის გრძნობა და არ დააბრუნებს სათამაშოს, რაც ორივე მხარის მორიგებით კი არ დამთავრდება, არამედ გაჯიუტებით, ტირილითა და ჩხუბით. ეს ბავშვს ცუდ გამოცდილებად რჩება. ამგვარი განწყობა შემდეგში მისი ხასიათის ფორმირებაში შეიძლება უარყოფითად აისახოს. ყოვლად დაუშვებელია ბავშვის ღირსების შეურაცხყოფა, ეს აისახება მის ფსიქიკაზე.
ოჯახი, აღმზრდელი (ბაღში, სკოლაში) და მოძღვარი უნდა ითვალისწინებდეს პიროვნებად ჩამოყალიბების რთულ პროცესში განწყობის შექმნისა და მისი მოტივაციის თავისებურებებს. ამ მხრივ ძალზე საინტერესოდ გვეჩვენება, რა ქმნის განწყობას, რა სახისაა ბიძგი, რომელიც წინ უსწრებს ჩემს მოქმედებას და ამავე დროს განსაზღვრავს ჩემს ქცევას, როგორც კოლექტივის, საზოგადოების წევრისა. ეს შეიძლება იყოს შემდეგი: თვითდამკვიდრება, კოლექტივში ჩემი ადგილის განსაზღვრა - ანუ საზოგადოებაში ჩემი ინტეგრაცია. თუ დავაკვირდებით, ზოგს ძალიან ეადვილება ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, ადვილად გამონახავენ საერთოს, ზოგი კი ჩაკეტილია, თავისთვის არის, არ ერევა არაფერში, უჭირს კონტაქტი - ეს აღზრდის დროს დაშვებული შეცდომის ნაყოფია. ასეთივე უარყოფითი ნაყოფია, როცა ადამიანი ცდილობს მოიპოვოს უპირატესობა სხვებზე, პატივმოყვარეობა აქვს სხვებზე უკეთ წარმოაჩინოს თავი, რომ პატივს სცემდნენ, აფასებდნენ, რომ ამით მაღალი მდგომარეობა, თანამდებობა და ა.შ. დაიმსახუროს; ასევე ვხვდებით ძალაუფლების მოყვარეობას, როცა ადამიანი ცდილობს ჰქონდეს ძალაუფლება და გავლენა სხვებზე - ცალკეულ ადამიანზე ან მთელ კოლექტივზე. არსებობს შინაგანი მოტივებიც, როცა ადამიანი გრძნობს დიდ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას და ამას აძლიერებს და სრულყოფს, რათა დაიმსახუროს შექება, მოწონება, ჯილდო, სიგელი...
ამგვარ მიდრეკილებებს, მათ გულწრფელ მსახურებას ბავშვობიდანვე უნდა ამჩნევდეს მშობელიც, პედაგოგიც და მოძღვარიც. მათ უნდა იცოდნენ, რა წაახალისონ და რა შეასუსტონ. დაუშვებელია ბავშვს უთხრა, რომ უნიჭოა, ამას ვერ ისწავლის, ვერ გააკეთებს. ეს უარყოფითად მოქმედებს მის განწყობაზე და შეიძლება ხელი ჩაიქნიოს. განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება შიშის მოტივაციას: მაგალითად - თუ ამას არ გავაკეთებ - დამსჯიან, განმკიცხავენ, შემექმნება დისკომფორტი, ეს იძულებითი უარყოფითი მოტივაციაა. ასევე არ არის აღმზრდელობითი თვალსაზრისით მისაღები ბავშვს შეჰპირდე, თუ კარგად ისწავლი, დღეს რამდენ ხუთიანსაც მიიღებ, იმდენ ხუთ ლარს მოგცემ; თუ სკოლას კარგად დაამთავრებ - მანქანას გიყიდი. ყოველივე ეს ქმნის შრომისადმი არაჯანსაღ განწყობას, როცა შრომობ, რაღაცას ქმნი, მეცადინეობ, კითხულობ, ლოცულობ და ა.შ. არა იმიტომ, რომ ეს შენი მოთხოვნილებაა, სხვაგვარად არ შეგიძლია, არამედ იმიტომ, რომ გამორჩენას ელი...
ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, წინააღმდეგობებით და პიროვნება უნდა ჯანსაღად აღიზარდოს, რომ შეძლოს განსაცდელის დათმენა, წინააღმდეგობების დაძლევა, საქმისადმი სწორი განწყობის შექმნა.
სკოლამ სწორად უნდა გათვალოს სასკოლო პროგრამა, ხოლო პედაგოგმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ბავშვის პიროვნების გახსნაზე, მისი ინტერესების გამოვლენასა და სწორ განვითარებაზე, გონებრივი და ფიზიკური შრომის ჩვევების სრულყოფასა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გააზრებული ქცევის ჩამოყალიბებაზე.
სწავლების საფეხურების შესაბამისად სასკოლო პროგრამა ჩვენი აზრით, უნდა ითვალისწინებდეს შრომის ელემენტებს: ბუნებაში გასვლა, ცხოველებსა და მცენარეებზე ზრუნვა (სოფელში ბევრმა ბავშვმა კარგად იცის ხის ჯიშები, ერკვევა სოკოს სახეობებში და ა.შ.), ქველმოქმედება (ზრუნვა უმცროსებზე, ავადმყოფებზე, მოხუცებზე, ინვალიდებზე...) ეს ყველაფერი მისი სულიერი სრულყოფის საწინდარიც ხდება - აღვივებს მასში თანადგომას, სიბრალულს, მადლიერებას, სწავლობს მიმტევებლობას, ჭეშმარიტი სიხარულის განცდას, რადგანაც სხვისი დახმარება, სხვისი გახარება, სხვისთვის რაიმეს გაღება, შენი სიხარულის მარადიული სალაროა, რომ გაცემა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მიღება.
ამგვარად აღზრდილი პიროვნება იცავს საკუთარ ღირსებასაც და არც სხვის ღირსებას შელახავს. არ ვარდება სასოწარკვეთილებაში, არ დგამს მოუფიქრებელ ნაბიჯებს, არ აზიანებს სხვა პიროვნებას და მის მოთხოვნილებებს. იგი იწყებს დაბრკოლების მიზეზების შესწავლას, აკვირდება და იძენს გამოცდილებას. ამ დროს მოქმედებაში რთავს ღრმა აზროვნებას და ნებელობას, რომელიც ხელს უწყობს აზროვნების მიხედვით მართოს თავისი ქცევა (და არა იმპულსურად და ემოციებით). აზროვნებით მოპოვებული ინფორმაცია და სხვისი გამოცდილების გამოყენება ხდის მის მოქმედებას შეგნებულს და გააზრებულს და განსაზღვრავს მისი ქცევის განწყობას.
ვთქვათ ადამიანს სურს წამოიწყოს რაღაც საქმე. წარმოდგენაში ჯერ გაიაზრებს ყველა დეტალს, შეისწავლის, აწონ-დაწონის მის ყველა დადებით თუ უარყოფით მხარეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგება მის განხორციელებას. მაგალითად, მინდა ქათმის ფერმის შექმნა. ჯერ განვსაზღვრავ რამდენი ფრთით დავიწყებ ამ საქმეს, რა ზომის შენობა დამჭირდება, რაგვარი აღჭურვილობა, რამდენი საკვები ქათმისთვის, როგორი განათება ფერმაში, როგორი რეალიზება მექნება კვერცხის თუ ქათმის, რა მანძილზე ვარ გასაღების პუნქტიდან, რამდენი მანქანა დამჭირდება, რამდენი მუშახელი, რამდენზე გამწვდება თანხა და სხვ. მხოლოდ ამ გათვლის შემდეგ წარმოვიდგენ ფერმას, მის მასშტაბსა და სიმძლავრეს.
ადამიანთა განწყობათა წრე მოიცავს არა მარტო საკუთარი ნააზრევით განპირობებულ განწყობათა რიგს, არამედ სხვადასხვა პიროვნების, ნიჭიერი შემოქმედი ადამიანის ნააზრევსა და გამოცდილებას, რომელიც მზა ფორმულირების სახით გადაეცემა კაცობრიობას. ამ გამოცდილებისა და ცოდნის წყაროს წარმოადგენს აღზრდა და სწავლა.
ამგვარად, პიროვნების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ადამიანის ფიზიკური და სულიერი შრომა, ინტელექტუალური ღვაწლი, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევათა ფართო გამოყენება. მაშასადამე, ერთი მხრივ ფიზიკური შრომა, როგორც ,,კუნთების სიხარული"“და არა სასჯელი (რამეთუ ღმერთმა აკურთხა შრომა), ინტელექტუალური შრომა და მეცნიერების განვითარების აუცილებლობა და მეორე მხრივ, სულიერი სრულყოფა, როგორც მადლის მოხვეჭის წყარო - ყოველივე ეს პიროვნების ჰარმონიული განვითარების საწინდარია და ღრმა აზროვნების ჩამოყალიბების საფუძველი.
მონაზონი ელენე (ნაფეტვარიძე)
kvirispalitra.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий