ღმერთი

ღმერთი

понедельник, 21 апреля 2014 г.

აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გასვლის შესახებ

აღდგომის დღესასწაულზე მიცვალებულთა საფლავზე გასვლის წესისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობაზე გვესაუბრება წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან ფიროსმანიშვილი:

რატომ მივდივართ აღდგომის შემდეგ საფლავზე?

აღდგომა სრულიად კაცობრიობის დღესასწაულია. სიკვდილითა სიკვდილის დამრთგუნველმა საუკუნო სიკვდილისგან ხსნა მოგვანიჭა, დაცემულნი აღვგვადგინა. ესაია წინასწარმეტყველმა, აღდგომის წინასწარმხედველმა ამოთქვა ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთის შემუსრვა. პავლე მოციქულიც მასვე იმეორებს. წმ წერილის დიდი ეგზეგეტი წმ. იოანე ოქროპირი სააღდგომო სიტყვაში წერს: „ჯოჯოხეთი რა შეემთხუა იტყვის, ქვეშე შენსა განმწარდა. განმწარდა, რამეთუ განქარდა, განმწარდა, რამეთუ მოიკიცხა, განმწარდა, რამეთუ მოიკლა, განმწარდა, რამეთუ დაიმხო, განმწარდა, რამეთუ შეიკრა. მოხუნა ხორცნი და ღმერთი იხილა. შეიწყნარა ქვეყანამან, და მოეგებნეს ცანი. მიიღო ხილული და დასცა უხილავი. სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა.“ ამგვარად, აღდგომა მიცვალებულთა სასოებაცაა. საფლავებზე გასვლით მათ საყოველთაო აღდგომამდე ქრისტეს მიერ გამოხსნას ვახარებთ.


აღდგომას მიცვალებულთა საფლავზე წითელ კვერცხის აგორებენ და ამ ფორმით მიცვალებულებს აღდგომას ახარებენ. რამდენად მიზანშეწონილია ეს ფორმა?

აღდგომა დღეს საფლავზე გასვლა მძიმე პირობებით გამოწვეულმა მიზეზებმა წარმოქმნა. უღმრთოობის დიდი დევნის დროს ეკლესიას მოკლებული ქრისტიანი თავის აღმსარებლურ სიხარულს დაუფარავად გარდასულებთან თუ გამოხატავდა. უტაძრო მდგომარეობამ, ღმრთისმსახურების დაკლებამ ადამიანებს საფლავზე გასვლისკენ უბიძგა. სამწუხაროდ ეს ფართო მასშტაბებით აისახა. რაც შეეხება წითელი კვერცხის გაგორებას აქაც არანაირ რიტუალს არა აქვს ადგილი. ეს უბრალო ხალხური მისალოცი ჩვეულებაა, რაზეც ჯეროვანი ყურადღების გამახვილება საჭიროებას არ წარმოადგენს. მე ბოლო პერიოდში გავრცელებულ ერთ ფაქტზე შევაჩერებ ყურადებას: სააღდგომო წითელი კვერცხის გაფორმება ხდება სპეციალური შემოსაკრავებით, რომლებზეც ხატებია გამოსახული. ერთი შეხედვით მათში ცუდი არაფერია, პირიქით, სასიხარულო. მაგრამ კვერცხის ხმევის შემდგომ ეს ხატები შელახული, შეურაცყოფილი და სანაგვე მასა ხდება, რაც მეტად საგანგაშოა. ამიტომ მათი ამგვარი ფუნქციით გამოყენება დაუშვებელია. ჩნდება კითხვა: რა ვქნათ, თუ კი უკვე შევიძინეთ? ასეთ შემთხვევაში მოვიპოვოთ მომრგვალებული ფორმის მასალა და ლამაზი დეკორაციის შექმნით ხატად ვაქციოთ.

დაშვებულია თუ არა ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანუ აღდგომის მეორე დღეს საფლავზე გასვლა და საფლავის კურთხევა?

აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოზე გასვლა აღნიშნული მიზეზის შედეგია. რამდენადაც ხალხის თვალში აღდგომის დღესასწაულს ნეკროკულტის სახე მიეცა, წარმოიქმნა აქცენტის გადატანის საჭიროება. ამ შემთხვევაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოახდინა ლიტურგიული მცირე იკონომია (საკლესიო კანონის გარკვეული სახით დასაშვები ცვლილება) და სასაფლაოზე გასვლის დღედ ორშაბათი დაადგინა. ამით აღდგომის დღესასწაულს პირვანდელი და კუთვნილი იერი დაუბრუნა. ამ დღეს ქრისტიანები ცდილობენ საფლავთა კურთხევის მსახურების აღსრულებას. ზოგადად ეს დღეს დაწესებულია კვირაცხოვლობის მომდევნო სამშაბათს. ამ დღისთვის ამგვარი ფუნქციის დაბრუნება დროის ფაქტორია. ვფიქრობ, ქრისტიანული საზოგადოება ეკლესიის სწავლებისამებრ უნდა განეწყოს კანონიკური ლიტურგიული წესის მისაღებად და საფლავებზე გასვლა-კურთხევა თომას სამშაბათს აღდგეს. მორწმუნეებს შევახსენებ, რომ სააღდგომო პერიოდი ორმოც დღეს მოიცავს და შესაბამისად, ისინი სწორედ რომ მისით განწყობილნი გავლენ საფლავებზე.

მამაო, საერთოდ, როდიდან იღებს სათავეს საფლავზე გასვლის ტრადიცია?

საფლავზე გასვლის კონკრეტული დღეები-საზომი, ამგვარი არც წესი და არც აკრძალვა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეკლესიას დადგენილი აქვს მიცვალებულთა სულთა სახსენებელი საზოგადო მსახურებათა დღეები. მაგრამ ეს არ ზღუდავს მათდამი საჭირო კერძო მსახურებათა შესრულებას. არანაირ რაოდენობრიობას არ აქვს ადგილი. ზოგადად მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა ქრისტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოებათაგანია. ამას მორწმუნე საწყის კატეხიზაციაშიც ეცნობა. ეს ინდივიდუალურ სურვილზეა დამოკიდებული, თუმც ყველა დღესასწაულის მათდამი დაკავშირება არასწორია. გავრცელებულია აღდგომას, ბზობას, გიორგობას, ბარბარობას და სხვა დღეებში კვერცხის, ბზის, საკლავი ზვარაკის და სხვადასხვა „სარიტუალო“ ძღვენთა საფლავზე მიტანა. ამგვარი მოქმედებებით ამ დღეების მიცვალებულთა მსახურებად წარმოდგენა ხდება. ეს ერთგვარ ნეკროკულტად ინერგება და დასკვნით ნაწილში აღდგომის სასოება და სიხარული სრულიად დაიტევება-განქარდება. მის ნაცვლად ადამიანთა ფსიქოლოგიური სურათი წარმართულ უსასო-უნუგეშო მელანქონიურ იერს ღებულობს. ეს კი სრულიად უცხოა ქრისტიანობისთვის. „არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ. რამეთუ უკუეთუ გურწამს, ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი იესუჲს მიერ მოიყვანნეს მის თანა“.(1თეს. 4.13,14). შესაბამისად, ქრისტიანს ამ საკითხისადმი სწორი დამოკიდებულება უნდა გააჩნდეს, მან კარგად უნდა იცოდეს საკუთარი აღმსარებლობის მრწამსი და ღმრთისადმი რწმენით აღივსოს. გამოხატოს სასოება და ზომიერება.

ღმერთმა დაგლოცოთ და ღირსეულად შეგახვედროთ ქრისტეს აღდგომას.

ambioni.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий