ღმერთი

ღმერთი

вторник, 29 апреля 2014 г.

ჯონდი ბაღათურია: ციხეში, ცოცხის კადრები რაც ვნახეთ, ამას ჰომოსექსუალები აკეთებდნენ

"ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე კოენტარი გააკეთა და განმარტა, რომ საბავშვო ბაღებსა და პენიტენციალურ სისტემაში ჰომოსექსუალებს მუშაობის საშუალება არ უნდა მიეცეთ. არგუმენტად ბაღათურიამ ციხის კადრები მოიშველია.



“პენიტენციალურ სისტემაში, ციხის კადრებში, ცოცხის კადრები რაც ვნახეთ, ამას ჰომოსექსუალები აკეთებდნენ. არ შეიძლება პატიმარი იყოს ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი და იქ ზედამხედველები იყვნენ ჰომოსექსუალები”, - განაცხადა ბაღათურიამ "რუსთავი-2“ -ის ეთერში.

****


მანანა კობახიძე: კანონის არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ თითქოს მამათმავლობის დაკანონება ხდება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი პედოფილიის და ჰომოსექსუალიზმის დაკანონებას არ გულისხმობს და საკითხის არასწორი ინტერპრეტირება ხდება. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი კანის ფერისა, რასისა, წარმომავლობისა, ეროვნებისა, რელიგიური კუთვნილებისა, სქესისა და სექსუალური ორიენტაციისა, არის თანასწორი და არ შეიძლება მათი კონსტიტუციურად დაცული ძირითადი ფუნდამენტური უფლებების შელახვა.

“ამ კანონს ვუჭერ მხარს, იმიტომ რომ ეს კანონი არის ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ. ადამიანები, რომლებიც შეიძლება არიან განსხვავებულები, არ უნდა გახდნენ ძალადობის, ჩაგვრის მსხვერპლნი და ეს არის ჩვეულებრივ, ტოლერანტულ ღირებულებებზე დამყარებული პრინციპი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საზოგადოება, რომელსაც სურს, რომ იცხოვროს მშვიდობიან გარემოში, სადაც ადამიანები ერთმანეთზე არ ძალადობენ, სადაც დემოკრატიული ღირებულებები დაცულია, ეს კანონი უნდა იქნას მხარდაჭერილი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, გარკვეულად ამ კანონის არასწორი ინტერპრეტირება ხდება. მინდა საზოგადოება დავამშვიდო, რომ აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციები მიდის და სამწუხაროდ, ეს შეგნებულად ხდება. ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ კანონიდან გამომდინარე პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს და აბსოლუტურად არასწორად ინტერპრეტირებს ამ კანონს. თითქოს ხდება მამათმავლობის დაკანონება, თითქოს ხდება საბავშვო ბაღებში პედოფილიის წახალისება და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არაფერი მსგავსი ამ კანონში არ წერია”, - განაცხადა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.


***


ზაქარია ქუცნაშვილი: საერო და სასულიერო პირებს უნდა ჰქონდეთ აზრის გამოხატვის და კრიტიკის უფლება


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირებს საერო საკითხებში აზრის გამოთქმის და კრიტიკის უფლება უნდა ჰქონდეთ.

„თანამედროვე ქართული სახელმწიფო დაფუძნებული უნდა იყოს იმაზე, რომ საერო და სასულიერო პირსაც ჰქონდეთ აზრის გამოხატვის, კრიტიკის, კომიტეტის სხდომაზე მუშაობის უფლება. ჩვენც უნდა გვქონდეს სასულიერი საკითხებში აზრის გამოთქმის უფლება და მათაც უნდა ჰქონდეთ საერო საკითხებში აზრის გამოხატვის უფლება. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის დრო“.

*

ზაქარია ქუცნაშვილი: ყველა ეტმასნება დედა ეკლესიას, რომ ის გამოიყენოს


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ არ აქვთ საზოგადოებაში ისეთი ავტორიტეტი, რომ ამომრჩეველზე დამოუკიდებლად იმოქმედონ. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ბევრი ცდილობს ეკლესია გამოიყენოს ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.


„ჩვენ, საერო პირებმა არასწორი ცხოვრების წესით და იმ წარსულით, რომელიც წინა წლებიდან მოყვება ყოველ ჩვენთაგანს, ვერ შევძელით იმხელა წონის და ავტორიტეტის შექმნა, რომ ამომრჩეველზე დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ და ყველა ეტმასნება დედა ეკლესიას, რომ ის გამოიყენოს, მათ შორის, ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ალბათ, საერო პირებს ძალიან დიდი მუშაობა მოგვიწევს, რომ შეიქმნას საზოგადოებაზე მორალური და ინტელექტუალური ზეგავლენის მოხდენა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებას სჭირდება. ყოველთვის ცდილობდნენ პოლიტიკური პარტიები, რომ მიეჯაჭვონ ეკლესიას და ეკლესიის პოზიციიდან გამომდინარე აწარმოონ თავიანთი საქმიანობა,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის დრო“.

****


დავით ზურაბიშვილი: ანტიდისკრიმინაციული კანონი ასოცირების ხელშეკრულებისთვის უნდა იყოს მიღებული


პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ კანონს იმ ფორმით მიიღებს, რა ფორმითაც ის მთავრობამ პარლამენტში შეიტანა. მისი თქმით, კანონზე მსჯელობაში მეტი ფართო ჩართულობა შეუძლებელია.

„როგორც ვიცი, აღნიშნული კანონის განხილვაში საპატრიარქო ჩართულია. სექსუალური ორიენტაცია უკანონობა არაა, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში კრიმინალიზაცია მოაცილეს სექსუალურ ორიენტაციას, ანუ სექსუალური ორიენტაცია ჩვენთან დანაშაულად არ ითვლება. საეკლესიო კანონმდებლობა ამას ცოდვად მიიჩნევს. ეკლესიას შეუძლია გამოთქვას და ალბათ, მომავალშიც გამოთქვამს არაერთ საკითზე საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ პრეროგატივა კანონის მიღებისა, არის საქართველოს პარლამენტის, ჩვენთვის მთავრობის პოზიცია ცნობილია, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის პოზიციაც და ეს კანონი სწრაფად უნდა იყოს მიღებული, ასოცირების ხელშეკრულებისთვის. სექსუალური ორიენტაციის დისკრიმინაცია იკრძალება, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსი. ის, რომ ადამიანის დისკრიმინაცია არ შეიძლება, ეს არის ანაბანა ცივილიზებული სამაყაროსი. ეს კანონი არის მისაღები. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მიიღოს ანუ მიიღებს ამ კანონს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის შემოტანილი მთავრობის მიერ”, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა გადაცემაში „არჩევანი“.

***


ელენე ხოშტარია: ჩვენ გვთავაზობენ, რომ 17 მაისს ჰქონდეს მუდმივი ხასიათი
ექსპერტი ელენე ხოშტარია ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის დამტკიცებას ქვეყნის განვითარებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანს უწოდებს.

"ეკლესია პრინციპულად ითხოვს, ჰქონდეს ძალადობის უფლება ერთ ჯგუფზე, ნაცვლად იმისა, რომ ამით ვიყოთ გაოგნებული, ვიცავთ ამ ჯგუფებს, რომ ისინი არც ისე ცუდები არიან და რომ მათ რაღაც უფლებები უნდა მივცეთ. ჩვენ გვთავაზობენ, რომ შევქმნათ საზოგადოება, სახელმწიფო, რომელშიც ერთ ჯგუფს უნდა ჰქონდეს უფლება, იძალადოს და 17 მაისს ჰქონდეს მუდმივი ხასიათი“, - განაცხადა ხოშტარიამ გადაცემაში „არჩევანი“.

მისივე განმარტებით, ის, რომ პარლამენტარებს კანონის ეფექტურობის უარყოფა უჭირთ, ძალიან კარგია. ხოშტარია მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში პოზიცია-ოპოზიციის კონსოლიდაცია აუცილებელია.

"დღეს პარლამენტში რამდენიმე ადამიანს ძალიან უჭირდა ამ კანონის ეფექტურობის უარყოფა და ეს ძალიან კარგია. დღევანდელ სიტუაციაში ამ კანონის მიღებამ შეიძინა ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ არის დღეს აუცილებელი მთავრობისა და ოპოზიციის კონსოლიდაცია", - განაცხადა ექსპერტმა.

**


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ანტიდისკრიმინაციულ კანონპრექტს მხარს დაუჭერს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მხარდაჭერა აუცილებელია. დეპუტატი გამორიცხავს, რომ უმცირესობის უფლებების დაცვით უმრავლესობის უფლებები შეილახება.

“ჩვენი სახელმწიფო იმით არის მდიდარი, რომ ის შედგება სხვადასხვა ჯგუფებისგან, სხვადასხვა შეხედულებების, სხვადასხვა რწმენისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებისგან და ჩვენ ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება. არ გვაქვს უფლება ისე წარმოვაჩინოთ საკითხი, რომ ვიღაცის უფლებების დაცვა ჩვენი უფლებების შეზღუდვაა,“- განაცხადა გაბაშვილმა გადაცემაში „არჩევანი“.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ანტიდისკრიმინაციულ კანონპრექტს მხარს დაუჭერს.

„ ეს კანონპროექტი, ჩვენი აზრით, იმსახურებს მხარდაჭერას და, შესაბამისად, ვაპირებთ, რომ მას მეორე და თუნდაც მესამე მოსმენითაც დავუჭიროთ მხარი", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.




reportiori.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий