ღმერთი

ღმერთი

пятница, 25 апреля 2014 г.

”ჩვენ რაცხა სხვანაირი მათხოვრები ვართ” - ოტია იოსელიანის მცნებათა კოდექსი (ექსკლუზივი)

  ”პურის ნატეხისთვის სხვის ხელში შეჩერებულმა ხალხმა არ შეიძლება თავისუფლებას და კეთილდღეობას მიაღწიოს.”

”სამშობლო ისეთი მევახშეა, ვერასოდეს მისი ვალიდან ვერ ამოხვალ”

”არ შეიძლება, კაცს თავისუფლება გინდოდეს და თანაც ერთი გაძღომისთვის შეგეძლოს მისი დათმობა.”


ამონარიდები ოტია იოსელიანთან ექსკლუზიური ინტერვიუდან, კვირის პალიტრა, 2002 წელი



- ქურდი არ გაჭაჭანდება ჩემს ეზოში, - ცხარობს ბატონი ოტია.

- თუ შეგეკითხათ, კი...

- მე იმას კი არ ვგულისხმობ, რო შია და საჭმელს მეიპარავს. კანონიერი ქურდი არ ვიცი, რაა, მარა (ქურდი და კანონი სად გაგონილა ერთად), იმაზე უფრო საშიში კანონმდებელი ქურდებია, იგინი ანგელოზებია ამგენთან. ქურდი მარტო იმიტომ კი არ არის საშიში, რომ რამეს გპარავს, ის მისი სიგლახეა და მის მეტის ღირსი არაა ის, მარა ერთხელ რო შემოუშვებ სახლში და მეორედ, თავისი სულის ნაწილს გიტოვებს, და შენც იმნაირი ხდები. ამიტომ არ უნდა გეიკარო გვერდში...

***

- ჩემს მცნებათა კოდექსშია: ”სამშობლო ისეთი მევახშეა, ვერასოდეს მისი ვალიდან ვერ ამოხვალ”. კონსული ცინცინატუსი ომის დროს ლეგიონებს მიუძღოდა. მერე კი მიწას უბრუნდებოდა, რგავდა კომბოსტოს და წითელ ჭარხალს. საქმეს აკეთებდა ის კაცი და საქმეს ვაკეთებ მეც. სავარძლებში რომ სხედან და აქცევენ ქვეყანას, იმათ ახლოს ვერ ვივარგებ. ”სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო”, ხომ ამბობს რუსთაველი, თან განმარტავს, ”კარგისა მამაცისაგანო”. გაქცევა ყოველთვის არ არის სიმხდალე, არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც შენი ადგილი არ არის.


- ”სანამ ურემი გადაბრუნდება”, სანამ ქვეყანა თავზე დაგვექცევა, იქნებ გვეშველა რამე.


- ურემი გადაბრუნდა. ჩვენ ახლა უფსკრულში ვართ, აგერ ეზოს გადაღმა ხიზნებია, ლტოლვილებს რომ ეძახიან. საჭმელი კი არა, წყალი არა აქვთ, რომ დალიონ. თბილისში რომ ჩამევედი, გადევირიე, იმდენი რესტორანია. ”კანონმდებელი” ქურდები სრა-სასახლეებს ჭიმავენ და ხიზნებს ლურსმანი არა აქვთ, კედელზე რომ მიაჭედონ. შე უღმერთო, შე უხატო... უსახლკარო, მშიერი ბოვშვი რომ დატანტალობს ეგერ, იმის ფულს ვინცხა უნდა ჭამდეს კიდო? შენ რომ სასახლეებს იშენებ, მისთვის მონაპარი ფულით, ის ფულიც იმან და მისმა შვილებმა უნდა იხადონ? ამდენი ხიზანი, ამდენი გაჭირვებული, წართმეული მიწა-წყალი და არაფრის იმედი... ეს ურმის გადაბრუნება კი არა, დაქცევაა, მოსარგალებაა ყველაფრის. მეუბნებიან, ოპტიმისტი არა ხარო, არც პესიმისტი ვარ. იმას ვამბობ, რასაც ვხედავ. სიმართლე რომ არ ვთქვა, რაფერ გადევიდე ჭიშკარს გადაღმა და შევხედო იმ გაჭირვებულებს.

***


- მტერსაც და მოყვარესაც პირში უნდა უძრახო. ასე მიწერია მე ჩემს კოდექსში. სხვა რომ დაქცევას გიპირებს, შენ ხომ უნდა შეუშალო ხელი... ადრე იმპერია რო იყო, ყველა იპარავდა. გვიმტკიცებდნენ, კამჩატკა შენი სამშობლოაო, მარა არ იყო ჩვენი სამშობლო და არ ვდარდობდით, ვის რას ვპარავდით. ნაალაფარი ომში გამიგია, მაგრამ შენს ქვეყანაში, შენს ხალხთან ნაალაფარი - არა. მაშინ თუ არ იყო, ახლა ხომ ჩვენია ეს ქვეყანა. მოპარვა კი არა, მამა-პაპის დატოვებული რომ გქონდეს, ის უნდა ამეიღო და დადო. იქნება ქვეყანა გადაარჩინო.

- თავისუფლება მძიმე ტვირთად ხომ არ იქცა ჩვენთვის?

- არ შეიძლება, კაცს თავისუფლება გინდოდეს და თანაც ერთი გაძღომისთვის შეგეძლოს მისი დათმობა. თავისუფლება მონობაშიც შეიძლება. მთავარია სული გქონდეს თავისუფალი. სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა, არ ღირს მისი კომპრომისებში გაფლანგვა. დათმე, ეს იმას ნიშნავს, სამუდამოდ დაჰკარგე ის, რისთვისაც ან ვისთვისაც დათმე.***

მიწა საფუძველთა საფუძველია. მიწაზეა აგებული ქვეყანა. სხვა ყველაფერი - ზედნაშენია. ეკონომიკა არის ”პური ჩვენი არსობისა”. თუ პური არ გაქვს, მათხოვრად ივლი, ხელგაშვერილი (რავარც ქე დავდივართ, ისე) მათხოვარი არაფერს არ ქმნის. თან ჩვენ რაცხა სხვანაირი მათხოვრები ვართ. ამერიკას ვეხვეწებით, რაღაცა მოგვეციო და აგერ, ჩვენთან ჩამოსულ ამერიკის ელჩს ისეთი სუფრა გაუწყვეს, კაცი ალბათ იმას ფიქრობდა, აქედან რა წავიღოო. XII საუკუნეში ძლიერი სახელმწიფო რომ გვქონდა და 6 მილიონი ვყოფილვართ (ინგოროყვას თანახმად), ხალხი მშიერი იქნებოდა? მაშინ არც კანადა იყო აღმოჩენილი და არც ავსტრალია და ვინ მოგვცემდა ხორბალს, რომც მოეცა, გემი მაშინ არ იყო და თვითმფრინავი. სახედრით ხომ არ ჩამოიტანდნენ? ესე იგი, აქ ვიწევდით, ხომ? ესე იგი, ამ მიწაზე არის ყველაფერი. შენ უნდა მოიწიო შენი სარჩო. შრომა არ უნდა გეთაკილებოდეთ, დამოუკიდებელი სახელმწიფო დამოუკიდებელი ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს. პურის ნატეხისთვის სხვის ხელში შეჩერებულმა ხალხმა არ შეიძლება თავისუფლებას და კეთილდღეობას მიაღწიოს.


უჩა გოგბერაშვილი


Комментариев нет:

Отправить комментарий