ღმერთი

ღმერთი

суббота, 26 апреля 2014 г.

ეკლესია ერთია - ერთიანი და განუყოფელი.

ეკლესია ერთია - ერთიანი და განუყოფელი. ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მხოლოდ ერთი ეკლესია დააარსა, რომელსაც თავისი შემწეობა აღუთქვა და რომელიც ევანგელური ხარების სრულუფლებიანი მემკვიდრეა. ეს თვალსაზრისი ძველ დროში მიჩნეული იყო უდავო ჭეშმარიტებად, რომელიც მტკიცებულებებს არ საჭიროებდა და რომელიც გადმოცემის ერთგული ჩვენი დროის ქრისტიანებისთვისაც უეჭველ ფაქტად რჩება. არ შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ეკლესია ისევე, როგორც არ შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ჭეშმარიტება. მართალია, ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან მომდინარე ტრადიციის შესაბამისად, ზოგჯერ ახსენებენ ”ეკლესიებს” და გულისხმობენ ადგილობრივ თემებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს სინამდვილეში არსებობდეს რამდენიმე ეკლესია, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ ევქარისტიას მრავალ ადგილას აღასრულებენ, სულაც არ ნიშნავს, თითქოს ქრისტე რაიმე სახით დაიყო. სულ სხვა საქმეა, როდესაც ტერმინი ”ეკლესია” გამოიყენება ”დისიდენტ ქრისტიანთა” თემის აღსანიშნავად. ამ შემთხვევაში ტერმინს უკვე აღარ აქვს სპეციალური საღვთისმეტყველო შინაარსი და, უბრალოდ, ქრისტიანული თემის აღმნიშვნელია.

როდესაც მრწამსში წარმოვთქვამთ, რომ ეკლესია არის ერთი, იგულისხმება მთელი სისავსე ამ მტკიცებისა. ეკლესიის ერთობაში ჩვენ ორმაგ შინაარსს ვდებთ: ჯერ ერთი, არსებობს დროში ერთობა - დღევანდელი ეკლესია თავისი არსით იგივეა, რაც მოციქულებისა და ქრისტიანების პირველი საუკუნეების წმიდა მამათა ეკლესია; და მეორეც, არსებობს სივრცეში ერთობა - ადგილობრივი ეკლესიები, რომლებიც წმიდად ინახავენ მართლმადიდებელ სარწმუნოებას და მოციქულთა მემკვიდრეობის ერთგულნი რჩებიან, ერთი ეკლესიის სხვადასხვა ნაწილს წარმოადგენენ: მათ ჰყავთ ერთი დამფუძნებელი და თავი - იესო ქრისტე.

ეკლესია წმიდაა. წმიდაა იმის გამო, რომ ქრისტეს მიერ არის დაფუძნებული და მხოლოდ ღმერთს ემსახურება. ის ჰგავს სასძლოს, რომელიც არის ”მწიკვლის, ზადისა თუ სხვა რაიმე მსგავსის არმქონე... წმიდა და უმწიკვლო” (ეფეს. 5.27). კლიმენტი ალექსანდრიელის ღრმააზროვანი შენიშვნით: ”თუკი ჩვენ წმიდას ვუწოდებთ თვით ღმერთს ან მის სადიდებლად აგებულ შენობას, განა არ გვმართებს უპირატესად წმიდა ვუწოდოთ ეკლესიას, რომელიც წმიდა გახდა ღვთის დიდების შეცნობაში? განა იგი არ არის ღვთის სრულიად შესაფერისი სალოცავი, რომელიც შექმნილია არა მშრომელთა ღვაწლით და არა ხელოვანთა ხელით, არამედ აგებულია ღვთის ნებით”. ეკლესია უკვე თავისი მოწოდებით არის წმიდა, ის არის მფარველი მადლისა, რომელსაც სულიწმიდა განუწყვეტლივ მოჰფენს მას სულთმოფენობის დღის შემდეგ. ეს მადლი გადაეცემა ეკლესიის თითოეულ წევრს ჯერ ნათლობის, ხოლო შემდეგ სხვა საიდუმლოთა მეშვეობით. ეკლესიის ცხოვრება ეს არის მხოლოდ ქრისტეში ცხოვრება და გარდა ამისა სხვა არაფერი, და ამიტომ - ეს ცხოვრება ყოველთვის არის ყოველგვარი პასიურობის უარმყოფელი ასკეზისი.

ეკლესია არის კათოლიკე. თუ ბერძნულ ენაზე ტერმინი კათოლიკე, უბრალოდ ”საყოველთაოს” ნიშნავს, ეკლესიურ ენაზე იგი განსაკუთრებულ ნიუანსს იძენს: ამ თვისებას - კათოლიკეობას - ჯერ კიდევ მაშინ ფლობდა ეკლესია, როდესაც მხოლოდ ქრისტეს პალესტინელ მოწაფეთა მცირერიცხოვანი ჯგუფისგან შედგებოდა და იმავე თვისებას იმავე ზომით ფლობს იგი დღესაც, როდესაც დედამიწის ხუთსავე კონტინეტზე განივრცო. ხარება ცხონებისა, რომელიც იესო ქრისტემ მოგვიტანა, ყველა ხალხისადმი, მთელი კაცობრიობისადმი არის მიმართული (”მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ”, მათე 28.19-20). ქრისტეში ქრება ყველა რასობრივი და კულტურული განსხვავება, როგორც წმიდა მოციქული პავლე წერს: ”არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი” (რომ. 10.12). ეკლესიის ეს კათოლიკე - საყოველთაო - ბუნება არის გარკვეული სისავსე, რომელშიც, მართლმადიდებლური ქრისტიანული მოძღვრებით, ყოველ პიროვნებას ეძლევა საშუალება ”აყვავდეს”, რადგან ნაწილისა და მთელის დაპირისპირება დაძლეულია ეკლესიაში, რომლის ცხოვრება სამერთი ღმერთის ცხოვრების ანარეკლს წარმოადგენს. კათოლიკეობა არის აგრეთვე სექტანტური პარტიკულარიზმის უარყოფა. კათოლიკეობის სწორედ ეს ასპექტი არის ხაზგასმული წმიდა მამათა ძველ ტექსტებში, სადაც ჩვენ ტერმინ ”კათოლიკეს” ვხვდებით. ასე მაგალითად, ”წმიდა პოლიკარპეს წამებას” (II ს.) ასეთი ფორმულა უძღვის წინ: ”სმირნაში მყოფი ღვთის ეკლესია [მიმართავს] ფილომელნონში მყოფ ღვთის ეკლესიას და მსოფლიოს ყველა თემს, რომლებიც წმიდა კათოლიკე ეკლესიას ეკუთვნიან...”. II საუკუნის შუა წლებში ერთმა მოწამემ მოსამართლის შეკითხვას უპასუხა, რომ იგი ქრისტიანია; ეს პასუხი არასრულად მიიჩნიეს და დასაზუსტებლად ჰკითხეს, რომელ ეკლესიას ეკუთვნიო; მოწამემ უპასუხა: ”კათოლიკე ეკლესიას”. ტერმინი ”კათოლიკე” აქ ქრისტეს მიერ დაფუძნებულ ჭეშმარიტ ეკლესიას აღნიშნავს. სწორედ ამ მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვა უკლებლივ ყველა საეკლესიო კრების დოკუმენტებში და, კერძოდ, პირველი მსოფლიო კრების (325 წ.) დოგმატურ დადგენილებაშიც.

ეკლესია არის სამოციქულო. იგი სამოციქულო არის იმიტომ, რომ დაფუძნებულ იქნა მოციქულთა მიერ და უცვლელად ინახავს მათგან გადმოცემულ მაცხოვრის სახარებას. ამ აზრით ტერმინი სამოციქულო არის სინონიმი სიტყვისა ”ჭეშმარიტი” და, მაშასადამე, მხოლოდ ერთი წმიდა (Una Sanctam), ანუ მართლმადიდებელი ეკლესია შეიძლება იყოს სამოციქულო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მოციქულთა მემკვიდრეობის უწყვეტობა აუცილებელი პირობაა, რათა ეკლესია სამოციქულო იყოს, მაგრამ მხოლოდ ეს სრულიადაც არ არის საკმარისი. მოციქულთა კანონიერი მემკვიდრეები ის ეპისკოპოსები არიან, რომლებიც უცვლელად ინახავენ მოციქულთა მოძღვრებას; მათ ეკუთვნით უფლება, განმარტონ წმიდა გადმოცემა და ქრისტიან ერს ამცნონ ჭეშმარიტების სიტყვა; მათ - თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე და ყველას ერთად - ეკუთვნით სამოძღვრო ძალაუფლება (Potestas docendi). მოციქულთა მემკვიდრეები - ეპისკოპოსები - და მათი წარმომადგენლები - მღვდლები - აღასრულებენ ეკლესიის სახელით უსისხლო მსხვერპლშეწირვას, რადგან სწორედ მათდამი არის მიმართული მაცხოვრის სიტყვები: ”ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად” (ლუკა 22.19). მათ აქვთ ძალაუფლება შეკვრისა და გახსნისა და მათ აკისრიათ მოვალეობა, მწყემსონ ღვთის მიერ ჩაბარებული სულიერი სამწყსო. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ყოველთვის უეჭველი იყო, რომ ეპისკოპოსობა, როგორც ინსტიტუტი, ეკუთვნის თვით ეკლესიის ბუნებას და არა მის bene esse-ს (კეთილდღეობას) ან plene esse-ს (რიცხოვნებას). ამით აიხსნება წმიდა ეგნატეს სიტყვები, რომ საჭიროა ”ეპისკოპოსს ვუყურებდეთ როგორც თვით მაცხოვარს” (წმ. ეგნატეს ეპისტოლე ეფესელთა მიმართ, 5.1). ოღონდ, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ეპისკოპოსს თვითნებობის უფლება ჰქონდეს; პირიქით, იგი დაკავშირებული უნდა იყოს საეკლესიო გადმოცემასთან და ცოცხალ ურთიერთობაში იმყოფებოდეს მთელ მართლმადიდებელ საეპისკოპოსოსთან, რომელსაც ეკუთვნის ძალაუფლების მთელი სისავსე ეკლესიის მსოფლიო მოწყობის შესაბამისად, რაც მან ჯერ კიდევ მოციქულთა თემისგან მიიღო მემკვიდრეობით. მეორე მხრივ, თუ მოციქულთა მემკვიდრეობიდან მომდინარე სამოძღვრო ქარიზმის წყალობით მხოლოდ ეპისკოპოსებს აქვთ უფლება, მოგვცენ ეკლესიის მიერ აღსარებული მოძღვრების ოფიციალური განმარტება (და ამის გამო ასევე მხოლოდ ეპისკოპოსებს აქვთ უფლება, ეკლესიიდან განკვეთონ ერეტიკოსები), მთელი ქრისტიანი ერის მოვალეობაა, დაიცვას რწმენა ყოველგვარი დამახინჯებებისგან. წმიდა ეკლესიის კათოლიკე ერთობა ვლინდება სწორედ, ერთი მხრივ, მოძღვართა და, მეორე მხრივ, მაცხოვრისეული ხარებისა და სამოციქულო რწმენის ერთგული მთელი ქრისტიანი ერის ერთობაში.



ვლადიმერ ლოსკი -
სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება(ნაწყვეტი)




Комментариев нет:

Отправить комментарий