ღმერთი

ღმერთი

понедельник, 21 апреля 2014 г.

გოლგოთამ მიწა ზეცას შეარიგა, ადამიანი - ღმერთს!

გოლგოთამდე მომავალ გზას ზოგი მხოლოდ ფეხით, ზოგი - ფიქრით, ზოგი კი - პეტრე მოციქულივით სინანულის ცრემლებით ამომწვარი თვალებით და უფლისადმი დიდი სიყვარულით გადის...



გეთსიმანია

ჯვრის გზა, ე.წ. ,,ვია დოლოროსა", ბევრისათვის გეთსიმანიის მწუხარე და იდუმალი ბაღით იწყება. აქაურმა ხეებმა ადამიანებივით დაიმახსოვრეს უფლის უკანასკნელი დღეები, მისი ლოცვა, გაცემა და მის შესაპყრობად მოვარდნილი ჯარისკაცების იარაღის ჟღარუნით გაკვეთილი ღამის სიჩუმე... მღვდელმთავართაგან მოგზავნილ რაზმს იუდა გამოეყო და ლოყაზე ამბორით გასცა მაცხოვარი...

გზა გოლგოთისკენ - მაცხოვრის თოთხმეტი გაჩერება

მართლმადიდებლური ტრადიციით გოლგოთისკენ მიმავალი გზა იწყება პილატეს სასახლესთან, პრეტორიუმთან არსებული დილეგით, სადაც მაცხოვარი სინედრიონისგან განსჯის შემდეგ, ხუთშაბათ საღამოს ჩასვეს.E დილეგი დღემდე არსებობს. ძალზე მცირე ზომის ქვაბულში დიდი, გახვრეტილი ლოდი დევს. მასზე მჯდარმა ფეხები ლოდში უნდა გაუყაროს, რათა შემდეგ ჯაჭვით შეუბორკონ. სწორედ ეს არის მაცხოვრის პირველი გაჩერება.
გამთენიისას იესო მღვდელმთავრებმა და მათგან მოსყიდულმა ხალხმა პრეტორიუმში წაიყვანეს. პილატე იუდეველებთან შესახვედრად გამოვიდა. სწორედ აქ გაიმართა საუბარი მასა და იუდეველებს შორის. ეს არის მაცხოვრის მეორე გაჩერება. როგორც ვიცით, აქ გამოუტანეს ჯვარზე გაკვრის განაჩენი მაცხოვარს...
შემდეგ პილატემ რომაელ ჯარიკაცებს გააშოლტვინა მაცხოვარი. გაშოლტვა ძალზე მძიმე და სასტიკი სასჯელი იყო, ადამიანს მთელ ძალებს ართმევდა, შემდეგ მეწამული მოსასხამი მოასხეს - სამეფო შესამოსელი (რომელიც რომაელ ჯარისკაცებს ეცვათ), თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს და შესძახოდნენ: "გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!"
უფალს მძიმე ჯვარი აჰკიდეს და აიძულეს, გოლგოთამდე მხრებით ეზიდა...

ჯვარი, რომლისთვისაც ახალი ხე ვერ გაიმეტეს, იუდეველებმა წყალზე ხიდად გადებული, ადამიანთა ფეხის ჭუჭყით შესვრილი ძველისძველი ძელისგან შეკრეს. გოლგოთისკენ მიმავალმა უფალმა კი ამგვარი ჯვრის ზიდვით კაცობრიობის ცოდვები, ადამიანთა დანაშაულთა სიბინძურე ზიდა...

პრეტორიუმიდან სამიოდ კილომეტრის გავლის შემდეგ მაცხოვარი წაიქცა. ეს იყო ამ გზაზე მესამე გაჩერება. ჯვარცმად მიმავალი უფალი წამოაყენეს, ისევ აჰკიდეს ჯვარი და აიძულეს, გზა გაეგრძელებინა. ამ გზაზე მეოთხე გაჩერება ქვის კედელზე ხელის მტევნის ანაბეჭდია, სადაც ჯვრის სიმძიმით დაღლილი ქრისტე კედელს მიეყრდნო.
რამდენიმე მეტრში გზა უხვევს, საიდანაც ძველი იერუსალიმიდან გავდივართ. ამ ადგილას მაცხოვარი მეორედ დაეცა. ეს იყო მეხუთე გაჩერება. ამ დროს გზად მინდვრიდან მომავალმა იუდეველმა - სვიმონ კვირინელმა გამოიარა. მაცხოვრის ჯვარი მას აჰკიდეს და მსვლელობა გააგრძელეს. შემდგომში ის უფლის მოციქული გახდა. მაცხოვრის სამოცდაათ მოციქულთა შორისაა მოხსენიებული.

მეექვსე გაჩერება გოლგოთის გზაზე არის ის ადგილი, სადაც მაცხოვარს მართალი ვერონიკა მიეგება. წმინდა ქალწული ბინიდან უცქერდა საშინელ პროცესიას. მაცხოვრის დასახიჩრებული სახის ხილვისას გარეთ გამოვარდა და ტილოთი შეუმშრალა დასისხლიანებული სახე. ტილოზე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატება აისახა. ეს არის უფლის ერთ-ერთი ხელთუქმნელი ხატი.

ჯვრის გარეშე მიმავალი მაცხოვარი რამდენიმე მეტრში მესამედ დაეცა. ეს არის მეშვიდე გაჩერება. მერვე გაჩერებად მოიაზრება ადგილი, სადაც მაცხოვარს იერუსალიმელი დედაკაცები მისტირიან. იესო შედგა, მიუბრუნდა მათ და მიმართა: - იერუსალიმის ასულნო, ნუ მტირთ, შვილთა თქვენთა და თავთა თქვენთა სტიროდეთო..
მეცხრე გაჩერება არის გოლგოთის მახლობლად, სადაც მაცხოვარი კვლავ დაეცა.

მეათე გაჩერება ის ადგილია, სადაც განკაცებულ უფალს ჯერ სამოსელი შემოაძარცვეს, შემდეგ კი ჯვარზე მიამსჭვალეს; იესოს სამოსელი დახიეს და ისე დაინაწილეს, კვართზე კი, რომელიც ღვთისმშობლის მიერ იყო მოქსოვილი, წილი ჰყარეს, როგორც ფსალმუნში იყო ნაწინასწარმეტყველები: "განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი". ამ ადგილიდან დაახლოებით ხუთი მეტრის მოშორებით, გოლგოთის წვერზე გაჭრილი იყო ორმო, სადაც ჯვარი უნდა ჩაესოთ.

მეთერთმეტე გაჩერება - ჯვარზე მიმსჭვალული მაცხოვარი გოლგოთის წვერზე აიყვანეს და ჯვარი აღმართეს. ეს არის მეთორმეტე გაჩერება. როგორც ვიცით, ჯვარზე მიმსჭვალულ მხსნელს შეურაცხყოფდნენ და დასცინოდნენ. ის კი ლოცულობდა თავისი მტრებისთვის: "მამაო მიუტევე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!". ამგვარი ქმედებით უფალმა მცნებად დაგვიდო მტრების სიყვარული და მტრებისთვის ლოცვა. როდესაც წყალი ითხოვა, ძმრით გაჟღენთლი ღრუბელი მიაწოდეს, წყურვილის გრძნობა კიდევ უფრო რომ გამძაფრებოდა. ლონგინოზ ასისთავმა, რომლის ხელქვეითმა ჯარიკაცებმაც აღასრულეს განაჩენი, ჯვარზე გაკრულ იესოს გვერდში მახვილი უგმირა (შემდგომში მან იესოში განკაცებული უფალი შეიცნო და ქრისტე აღიარა, მოწამებრივადაც აღესრულა ქრისტეს სარწმუნოების გამო).
მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მიწა განიპო, მზე დაბნელდა, დედამიწა შეზანზარდა. ამგვარად შეიძრა ხილული სამყარო, ის ადგილი, სადაც ადამიანები ეშმაკს დაემსგავსნენ და განკაცებული უფალი აცვეს ჯვარს...

მაცხოვრის ჯვარცმა მოხდა პარასკევს. იმ საღამოს იწყებოდა იუდეველთა პასექი. მათ არ უნდოდათ, რომ თავიანთ უდიდეს დღესასწაულს ჯვარზე გაკრული იუდეველებით შეხვედროდნენ. პილატესთან მივიდნენ და სთხოვეს, ნება დაერთო, სიკვდილის დასაჩქარებლად ჯვარცმულებისთვის წვივები გადაემტვრიათ. როდესაც ჯვარცმის ადგილას დაბრუნდნენ, მაცხოვარი უკვე აღსრულებული დახვდათ, ამიტომ მისთვის წვივები აღარ გადაუმტვრევიათ. ამავე დროს, ნიკოდიმოსი, გამალიელი და იოსებ არიმათიელი მივიდნენ პილატესთან და იესოს გვამი გამოითხოვეს. პილატეს ნებართვის შემდეგ, მაცხოვრის სხეული ჯვრიდან გარდამოხსნეს და ჯვარცმის ადგილიდან დაახლოებით ათ მეტრში დაასვენეს იქვე მდებარე ლოდზე. ეს ადგილი არის მეცამეტე გაჩერება.

მაცხოვრის სხეულს ნელსაცხებელი სცხეს, ტილოში გაახვიეს და იქვე, კლდეში გამოკვეთილ იოსებ არიმათიელის საგვარეულო სამარხში დაკრძალეს, რომელშიც არავინ ყოფილა დასვენებული. სამარხი გოლგოთიდან 30 მეტრში მდებარეობდა. ეს იყო მეთოთხმეტე გაჩერება.

დიდი შაბათია, დიდი მოლოდინი... სული თითქოს საფლავის ლოდით გვაქვს დაგმანული. უმძიმესია გოლგოთა, ეს დღე, ეს კვირა... სადაც არის, ერთშაბათი გაბრწყინდება...
ჩვენი ტკბილი უფალი აღდგა!

მოამზადა მანანა ჯანელიძემ


kvirispalitra.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий