ღმერთი

ღმერთი

четверг, 24 апреля 2014 г.

ღმერთი და ადამიანები - წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

თუ გული ცარიელია, ამაოდ ლოცულობენ ბაგენი.


თუ ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, იგი იმაზე დაბლა დგას, ვინც არაფერი იცის.



სიზარმაცე მომაკვდინებელი ცოდვაა, რამეთუ იგი სულს მოაკვდინებს. ზარმაცი სხეული მანკიერების ბუდეა, ზარმაცი სული კი დემონთა სამყოფელი.


მტრებს ჩვენ ბევრად უფრო იოლად ამოვიცნობთ, ვიდრე მოკეთეებს. ბოროტმა უფრო იოლად შეიცნო ქრისტეში მტერი, ვიდრე ადამიანებმა - მეგობარი.


ზოგჯერ მორწმუნე და კეთილი ადამიანი მეტისმეტად თვითდაჯერებული ხდება. ამას სიამაყე მოსდევს, სიამაყეს კი სხვა მრავალი ბოროტება. ამიტომ საკუთარი თავის მიმართ მუდმივი ყურადღება გვმართებს.


ნუ დაუშვებ, რომ შენი გული უწმინდურმა გრძნობებმა შებღალოს, ამით იგი სიწმინდეს დაკარგავს და ცხოვრების გზაც გამრუდდება.


ამქვეყნიური მშვიდობა ყოველი ადამიანის შინაგან განახლებას მოსდევს, ადამიანისა, ღმერთი რომ შეიცნო და საკუთარი სულისთვის ზრუნავს.


არავინ, თვით უფალიც კი, ამაყ ადამიანს არ განსწავლის, არავის ანიჭებს სიამოვნებას ისეთი ადამიანის განსწავლა, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფერი იცის.

რა აზრი აქვს სიკეთეს, თუ ამპარტავანი ხარ და სხვებს შეურაცხჰყოფ? ცოდვასთან ნაზიარები სათნოება ფასს კარგავს. ეს იგივეა, რძეში მწარე ნაღველი რომ გავურიოთ.

ყოველგვარი გარეგნული უთანხმოება, განხეთქილება და ომები შინაგანიდან მოდის - ადამიანის სულიერი გაორებისაგან, ღმერთსა და საკუთარ თავთან მისი შინაგანი უთანხმოების გამო, რადგან იგი ღმერთს და საკუთარ თავს შინაგანად უპირისპირდება.


ადამიანი ბუნებით კეთილი და თვინიერია, ამსოფლიური სული კი მის გაღიზიანებას იწვევს. ამ სულმა ცხვრები მგლებად აქცია, სული, რომელიც უფლისაგან გამოვალს, მგლებს ცხვრებად აქცევს.


ყველაზე უღირსი ადამიანის კი ღმერთს ცხოვრებაში სამჯერ გაიხსენებს - როდესაც ხედავს მართალ ადამიანს, რომელიც მისი მიზეზით იტანჯება, როდესაც სხვისი მიზეზით თავად იტანჯება და როდესაც აღსასრულის ჟამი მოაწევს.


ამპარტავანი მიწაზე დახოხავს და ამ დროს ჰგონია, რომ ცაში დაფრინავს, თავისი მუდმივი თვითკმაყოფილებით ღმერთსაც შეურაცხჰყოფს და ადამიანებსაც.


ისწავლე უბრალო ადამიანების პატივისცემა, უფლის სასუფეველშიც ხომ უმეტესობა ასეთია, მათ არ სჩვევიათ ამპარტავნება, რაც მდიდართა და ამქვეყნის ძლიერთა სენია.


ამპარტავანნი სატანის მორჩილნი არიან, სხვებს ძარცვავენ და ქონებას განამრავლებენ, საკუთარ ძალაუფლებას განამტკიცებენ, განავრცობენ სახელმწიფო საზღვრებს, საბოლოოდ კი ყველაფერს კარგავენ და წუთისოფელს გაღატაკებული ტოვებენ.


თუ გსურს გამოასწორო მშობლიური სოფელი, შენი ხალხი, შენი ქვეყანა და მთელი სამყარო, უპირველესად საკუთარი თავი გამოასწორე. გამოსწორების საკუთარი თავიდან დაწყება მართლმადიდებლური მოძღვრების ძირითადი პრინციპია.


ადამიანები ყველაფერს ერთიანად ან აქებენ, ან კიცხავენ. თუმცა ბუნება ყოველ ნაბიჯზე შეახსენებს მათ, რომ შეფასებებსა და დასკვნებში წინდახედულნი და ზომიერნი იყვნენ. ყველაფერი ოქრო როდია, რაც ბრწყინავს და ყველაფერი, რაც შავია, ნახშირი არ არის.


sibrdzne.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий