ღმერთი

ღმერთი

среда, 23 апреля 2014 г.

როგორ ვებრძოლოთ უკეთურ აზრებს.

ადამიანის გონებაში - ცხადად თუ ძილში - გამუდმებით ირევა უამრავი სხვადასხვა აზრი. ჩვენი ჭკუა და გონება კი სწორედ ჩვენივე აზრების მეშვეობით ვლინდება.


როგორც ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული წერს: „ჩვენს თავში აზრები ქილქლათა გუნდივით ირევა ხოლმე, ერთფეროვნად, უწესრიგოდ, უსარგებლოდ და უნაყოფოდ“.

რა არის ამგვარი აზრების წყარო და რა მოქმედებს მათ მსვლელობსა და მიმართულებაზე?

აზრებს უმთავრესად ბადებს ადამიანის გულისთქმანი, ვნებები და მისწრაფებები. ინსტინქტური გონების ბატონობისას, ანუ, როცა კაცი სულიერი განვითარების დაბალ საფეხურზე იმყოფება, აზრებს, ძირითადად, ხორციელი მოთხოვნილებები განსაზღვრავენ.

ლოგიკური და მეცნიერულად მოაზროვნე გონება ადამიანს გონებისმიერ ინტერესებს უჩენს, რომლებიც სათანადო ადგილს იმკვიდრებენ აზრთა წყობაში.

ღვთივსათნო გონების - „ქრისტესმიერი გონების“ - უპირატესობისას, აზრები უმთავრესად სულიერ სფეროს დასტრიალებენ: ღმერთს, რელიგიურ სინანულს, რწმენას, ქრისტიანულ სათნოებებს და სამყაროს სულიერი საიდუმლოებების შეცნობას.

ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა ცოდვის მორევშია დანთქმული, ამიტომაც ზედმეტია იმის თქმა, რომ მათ სრულყოფილი აზრები და ზრახვები ამოძრავებთ.

სქიმარქიმანდრიტი სოფრონი წერს: „რაც უფრო დაშორებულია ადამიანი ღმერთს, მით უფრო დაქუცმაცებულია მისი აზროვნება, გაურკვეველი და მშფოთვარეა მისი სულიერ-მშვინვიერი განცდები; და პირიქით - რაც უფრო ახლოსაა ადამიანი ღმერთთან, მით უფრო შემოსაზღვრულია წრე მისი აზრებისა; ისინი, საბოლოო ჯამში, თავს იყრიან ერთ, ვნებებისაგან დაცლილ აზრში, რომელიც უბრალოდ აზრი კი არა, ენით გამოუთქმელი გონებისმიერი მმართველობა თუ გრძნობა ხდება“...

ასკეტური ყოფისათვის ყველაზე არსებითიაგონების გაფრთხილება“, ანუ ამქვეყნიური, წარმავალი გარემოს მიერ თავსმოხვეული შთაბეჭდილებებისა და აზრებისაგან გონების დაცვა.

გონების დასაცავადღმერთის გამუდმებული ხსოვნაა საჭირო. ღირსი ისააკ ასური სწორედ ამაზე ამბობს: „გონება, რომელსაც ღმერთი არ ეხსომება და ამქვეყნიურ მოგონებებში იხეტიალებს, უწყლოდ დარჩენილი თევზის მდგომარეობაში აღმოჩნდება“.

ჩვენს ცნობიერებაში გაბატონებული გონების რაობას საკუთარ აზრებზე დაკვირვება გვიჩვენებს.

აზრთა მდინარებაზე ბუნებრივად მოქმედებს გარემო - საზოგადოება, მოვლენები, ვითარება და სხვა. მათ შეუძლიათ მოწყვიტონ აზროვნება ადამიანისათვის ჩვეულ, მასში გაბატონებულ მიმართულებას. ამდენად, გარემოს შეუძლია, რომ სულის ძირითად მისწრაფებებსა და მოთხოვნილებებზე დადებითადაც იმოქმედოს და უარყოფითადაც.

აზრთა თანმიმდევრბაზე არა მხოლოდ გარესამყარო და გულისთქმანი მოქმედებენ. წმიდა წერილი და წმიდა მამები გვასწავლიან, რომ აზრთა მნიშვნელოვანი წყაროა ჩვენთვის შეუცნობი იმიერსამყარო - სულთა საუფლო. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: „ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაისსა,სიმონ ისკარიოტელისასა, რაითა განსცეს იგი“. (იოვანე 13,2).

როცა პეტრე მოციქულმა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა შეიცნო, მაცხოვარმა უთხრა მას: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან“ (მათე 16,17).

წმიდა იოანე ოქროპირის ცხოვრებაში აღწერილია ასეთი შემთხვევა: როცა იგი პავლე მოციქულის ეპისტოლეთა განმარტებებს წერდა, მას გვერდით ედგა მოციქულის სული და ყურში ჩასჩურჩულებდა თავის ნააზრევს, რასაც თვალს ადევნებდა წმიდა იოანე ოქროპირის თანასენაკელი - წმიდა პროკლე (შემდეგში იგი თავად გახდა კონსტანტინეპოლის პატრიარქი).

ასე რომ, ეპისტოლეთა განმარტებების ავტორი წმიდა იოანე ოქროპირთან ერთად, თვითონ პავლე მოციქულია, რადგან განმარტებებში მისი ნააზრევიც ჩაიწერა.

საკუთარ თავს თუკი გულისყურით დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ გარკვეულ საგანზე მოფიქრალ გონებაში ხშირად იჭრება ფიქრის საგანთან დაუკავშირებელი და მოულოდნელი, სრულიად განსხვავებული და უცხო აზრი.

მაგალითად: ყურადღებით ვლოცულობ, ირგვლივ სიწყნარეა. უცბად, საიდანღაც ჩნდება აზრი: „ვაჟიშვილის გაღვიძების დრო ხომ არაა?“ ვინ არის ის მოძალადე, ვინც აზრთა თანმიმდევრობა დამირღვია და მაიძულა, რომ სხვა რამეზე მეფიქრა?

ანდა ასეთი: ღრმად ჩაფიქრებული ქუჩას მიუყვები. ფიქრში გართული უახლოვდები გზაჯვარედინს და კვეთ ქუჩას ისე, რომ ირგვლივ არ იყურები. ამ დროს ვიღაც გიფანტავს აზრს და გეუბნება: „მარცხნივ გაიხედე“. ამის წყალობით მანქანის დაჯახებას ირიდებ.

წმიდა წერილისა და წმიდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ ჩვენში დაბადებული აზრების დიდი ნაწილი მოდის კოსმოსური იმიერსამყაროდან - ღვთისაგან, ანგელოზებისა და წმიდანებისაგან, ან ჩვენი მტრების - სატანისა და ბოროტი სულებისაგან.

წმიდა იოანე კრონშტადტელი წერს: „ბუნებრივ მდგომარეობაში, ჩვენში გაჩენილი ნათელი აზრების წყარო მფარველი ანგელოზი და სულიწმიდაა; უწმინდრური, ბნელი აზრები კი ჩვენი დასნებოვნებული არსებისა და ეშმაკისგანაა“. ამიტომ წმიდა მამები გვირჩევენ, გავერკვეთ გაჩენილი აზრების წარმომავლობაში - მფარველი ანგელოზისგანაა ისინი თუ ბოროტი სულისაგან.
ღირსი პეტრე დამასკელი წერს: „არსებობს სამგვარი წარმომავლობის ზრახვა: ადამიანური, დემონური და ანგელოზური. ადამიანური ზრახვა მეხსიერებაში ჩარჩენილ მოვლენებს უკავშირდება. დემონური ზრახვა უფრო რთულია და აერთიანებს უკეთურ აზრებსა და სხვადასხვა ვნებას: ბოროტ მიდრეკილებებს, სიძულვილს, გულღრძოობას, განკითხვას და ასე შემდეგ.

ანგელოზური ზრახვა არის მოვლენათა წარმართვა ვნებების გარეშე, ანუ ჭეშმარიტი ცოდნა, რომელიც გვინარჩუნებს გონიერებას და გვიცავს უკიდურესობებისაგან - ეს არის სამეუფო გზა, ოქროს შუალედი, რომლითაც ანგელოზები განსწავლიანამასოფლისათვის მკვდართ“, რომ მათი გონება იყოს ვნებათაგან თავისუფალი და მოვლენებს სათანადოდ აფასებდნენ: არც გაზვიადებულად და არც დამდაბლებულად; რომ რაღაცის ზიზღი სიძულვილში არ გადაეზარდოთ და არც თავდავიწყებულ სიყვარულს მიეცნენ, რომ სიზარმაცემ უცოდინარობაში არ ამყოფოთ, მაგრამ ზედმეტი გულმოდგინებითაც არ გაიჩინონ უამრავი საზრუნავი“.

აშკარაა, რომ ცოდვებს, ცდუნებებსა და ვნებებს დამონებულ ადამიანებთან ბოროტი სული უფრო ახლოს დგას და უმთავრესად, ის თესავს მათში თავის ვნებებსა და აზრებს. წმინდანები კი ანგელოზებსა და ღმერთს უსმენენ.

ღირსი სერაფიმე ამბობდა საკუთარ თავზე, რომ ღვთივმიმადლებულად თვლიდა თავში გაჩენილ პირველ აზრს (ამა თუ იმ საგანთან თუ მოვლენასთან დაკავშირებით). ამ აზრს ადამიანური განსჯით როგორც კი უარყოფდა, აღმოჩნდებოდა, რომ მისი შემდგომი აზრი ყოველთვის მცდარი იყო.

ღირსმა ბარსანოფ დიდმა კი სულიერების ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, თამამად შეეძლო ეთქვა, რომ მისი აზრები თავად უფალი ღმერთისაგან მოდიოდა. ბერებისადმი მის პასუხებში გვხვდება ასეთი გამონათქვამები: „ჩაიწერე ჩემი სიტყვები - უფრო სწორად, სიტყვები ღვთისა“ (პასუხი 31); „ჩემი მეშვეობით - უმდაბლესის ბაგეთაგან - გაუწყებს ღმერთი“ (პასუხი 226).

ასეთივე სიმაღლეს მიაღწია ტროიცე-სერგიევის ლავრის ხუცესმა ზოსიმემაც, რომელიც საკუთარ თავზე ამბობდა: „ღმერთს შევევედრე, რომ შემოსულიყო ჩემში, რათა დამეთრგუნა საკუთარი აზრი და მელაპარაკა მხოლოდ ის, რასაც თავად მიბრძანებდა. ზოგჯერ მოწიწებული და კანდნიერი შიში მიპყრობს იმის გამო, რომ ჩემში ვცნობ ღვთის ძალასა და ხმას.

ვიცი, რომ, ხანდახან გულს ვტკენ ადამიანებს, ხან კი ვანუგეშებ, მაგრამ ვალდებული ვარ, ვუთხრა მათ მხოლოდ ის, რასაც ღმერთი ჩამაგონებს. ჩემსას უკვე აღარაფერს ვამბობ. ღვთის სიტყვა ყოველთვის მართლდება, რადგან ის არის ჭეშმარიტება და ცხონება.

ზოგჯერ ჩემთვისაც მოულოდნელია ის, რასაც ვამბობ ხოლმე, და თვითონაც მაოცებს ეს. მე ჩემი ბაგე, გული და სული შევწირე მხსნელსა და უფალს ჩვენსას - იესო ქრისტეს და რასაც ის ჩამაგონებს, იმას ვამბობ და ვაკეთებ. მე არ გამაჩნია საკუთარი სიტყვები, არ გამაჩნია საკუთარი ნება.

ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა ღვთისმოსავი და მოკრძალებული ღვთისმსახურის, აწ გარდაცვლილი მამა კონსტანტინე რავინსკის ნაამბობი: „ექიმის სახლიდან გამოსულმა ქუჩაში დავინახე ოთხთვალა, რომელზეც ავადმყოფი ქალი იწვა, გვერდით კი ქმარი ედგა. არ ვიცი, რამ მაიძულა, მაგრამ მივუახლოვდი მათ და ვუთხარი: „თქვენ მიწიერ ექიმთან ვერ იპოვით შველას. ავადმყოფი ეკლესიაში უნდა მივიდეს და აღსარება თქვას. მას ხომ ოთხი ყრმა ჰყავს მოკვდინებული და ახლა სწორედ ამიტომ ავადმყოფობს. მხოლოდ აღსარების შემდეგ მომჯობინდება იგი“.

ქმარი გააოცა ჩემმა სიტყვებმა.მე მეტი ვერაფრის თქმა მოვახერხე.

ერთი კვირის თავზე ელექტრიკოსი გამოვიძახე გაფუჭებული სადენის შესაკეთებლად. იგი იმ ავადმყოფი ქალის ქმარი აღმოჩნდა. ჩემი ნახვა ძალიან გაუხარდა. მითხრა, რომ ცოლმა დაუჯერა, აღსარება თქვა და ეზიარა, რის შემდეგაც ნელ-ნელა გამოჯანმრთელება დაეტყო. ქმარმა გულითადი მადლობა გადამიხადა დახმარებისა და დარიგებისათვის“.

რა თქმა უნდა, უფლისა და უფლის ანგელოზთაგან აზრების მიღებაზე საუბარი მხოლოდ წმიდანებსა და ღვთისმოშიშ მორწმუნეებს შეუძლიათ. განწმენდის საფეხურზე მყოფ ადამიანთა აზრებზე კი ანგელოზებიც მოქმედებენ და ბოროტი სულებიც.

ასეთ დროს ადამიანის სული ანგელოზებისა და ავსულების საბრძოლო ასპარეზადაა ქცეული. დოსტოევსკი წერდა: „სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია“.

ჩვეულებისამებრ, ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ, თუ საიდან გვიჩნდება ახალი აზრი, რისგან წარმოიშვა სურვილი. ვერ წარმოგვიდგენია, რომ ამ დროს გარედან ზემოქმედების სამიზნეები ვართ. არადა, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი აზრების წამქეზებლის ვინაობის ცოდნა! უნდა ვიცოდეთ, ჩვენი აზრები და სურვილები მფარველი ანგელოზის მოვლენილია თუ ბოროტი სულის.

როგორ ამოვიცნოთ ეს? ამ კითხვაზე ღირსი ბარსანოფ დიდი პასუხობს: დემონებისაგან მოსული ზრახვები აღსავსეა მღელვარებითა და შფოთით, ისინი ადამიანში ფარულად და მზაკვრულად შემოდიან, რამეთუ მტრები ცხვრის ქურქში ეხვევიან ხოლმე და უბოროტო გულებს იმით ინადირებენ, რომ თავს კეთილად მოაჩვენებენ.

მოსმენილზე, ნანახზე, გაფიქრებულზე ოდნავადაც რომ შეგიშფოთდეს გული, იცოდე, რომლ ყოველივე ეს ბოროტ სულთაგან მომდინარეობს“.

სხვაგან იგი ამბობს: „ყოველგვარი ზრახვა, რომელსაც წინ არ უძღვის მორჩილების სიმშვიდე, ღვთისაგან არაა. უფალი ჩვენი მხოლოდ სიმშვიდით გვსტუმრობს; ყოველივე მტრული შფოთითა და ამბოხით მოდის“.

უფლის ანგელოზმა ასე აუხსნა წმიდა ერმს კეთილი და ბოროტი ანგელოზის მოქმედება: „კეთილი ანგელოზი წყნარია, მოკრძალებული, თვინიერი, მშვიდი. როცა ის შემოდის გულში, ჩაგვაგონებს სამართლიანობას, გონიერებას, სიწმინდეს, შემწყნარებლობას, სიყვარულს და ღვთისმოსაობას...

ბოროტი ანგელოზი ანჩხლია, ბრაზიანი და უგუნური... როცა მრისხანება, ან ჯავრი შეგიპყრობს, იცოდე, რომ ის შენშია; ასევე, როცა გულში შემოგეპარება უთვალავი სურვილი: კეთილგანწყობილი გარემოს მოწადინება, სხვათა ცოლების ნდომა, სიამაყე, თავმოწონება, გულზიადობა და ასე შემდეგ, იცოდე, რომ შენში ბოროტი ანგელოზი სახლობს“.

ღირსი ბარსანოფ დიდი და სხვა წმიდა მამები გვაფრთხილებენ, რომ დიდი სულიერი გამოცდილების გარეშე ძნელია აზრთა და ზრახვათა წარმომავლობის გარჩევა. სქიმარქიმანდრიტი სოფრონი ამაზე წერს: „ზრახვა ზოგჯერ ისეთ სამოსში ეხვევა, რომ ძნელდება დადგენა, რა წარმომავლობისაა იგი, ძალიან ხშირად ის ჩუმად და ფრთხილად გვეპარება ხოლმე და როცა სიტყვიერ ფორმას იღებს, თავდაპირველად, შესაძლოა, ბუნებრივად, ბრძულად და წმიდადაც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ ამგვარი ზრახვების ოდნავი შეხებაც კი ღრმა სულიერ ცვლილებებს იწვევს.

ზრახვათა ბუნებაზე მათი გარეგნული ფორმებით არ უნდა ვიმსჯელოთ. მხოლოდ გამოცდილება იძლევა დემონურ ჩაგონებათა ძალისა და ფარული ზემოქმედების წვდომის უნარს. მაშინაც კი, როცა ზრახვის ბუნება კეთილია, შესაძლოა, მისი ბუნებისათვის უცხო რამ შეერიოს და სრულიად შეცვალოს ამ ზრახვის სულიერი არსი და ზემოქმედება“.

ამდენად, აზრების გარჩევის უნარი მომწიფებული სულიერი ცხოვრების მონაპოვარია. დამწყებებმა კი სულიერი გამოცდილბის მქონე ადამიანებს და ლოცვებს უნდა მიმართონ.

ჩვენი მოზღვავებული ზრახვები და ფიქრები, რომლებზეც მაცდური მბრძანებლობს, უმეტესწილად ბოროტის სათამაშოდ გვაქცევს ხოლმე.

ბერი სილუანი წერს: „მიწიერისადმი სიყვარული აცარიელებს სულს, იგი მოწყენილია და გაურბის ლოცვას. როცა მტერი ხედავს, რომ სული უფლის მადლს მოკლებულია, ცდუნებაში აგდებს მას და იოლად შეუძლია შეაცვლევინოს აზრთა მიმდინარეობა. სული, რომელიც გამუდმებით იმყოფება ამგვარ ქაოსში, ვერ მოახერხებს წმინდა და კრძალულ თანაზიარობას ღმერთთან“.

აზრთა მოძალებასთან გამკლავება იმდენად რთულია, რომ ბერი ბარსანოფ ოპტინელი ამბობს: „ზრახვებთან ბრძოლას ღმერთი მოწამეობად თვლის“.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, აუცილებელია ვიბრძოლოთ საკუთარ ზღვა აზრებთან გასამკლავებლად და არაამქვეყნიური ბნელი ძალების ზემოქმედების დასაძლევად.

ბერი პართენი კიეველი ამბობს: „ლოცვის მომხვეჭს მიწიერზე საფიქრალად დრო არა აქვს; გონებას ამძიმებს ყველაფერი, რაც ღვთისგან მოაცდენს მას“.

იმ შემთხვევაში, როცა სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ აზრები გვეფანტება, ან ვერ ვიხსენებთ რაღაცას, ან გვაშინებს საკუთარი გულმავიწყობა, გულმოდგინედ და ყურადღებით, მთელი ძალით უნდ ვთხოვოთ მფარველ ანგელოზს შემწეობა, რათა გვიკარნახოს საჭირო აზრი, ან დროულად შეგვახსენოს რაღაც. თხოვნის შესრულებისთანავე, ფიქრში, იმწამსვე მადლობა უნდა შევწიროთ ჩვენს ანგელოზს.

მაკარი დიდი ამბობს: „სული და გონება ისევე უნდა დავიცვათ უწმინდური, გარყვნილი ზრახვებისაგან, როგორც სხეული ხილული ცოდვებისაგან, რადგან სული - ქრისტეს სასძლოა“.

უნდა ითქვას ისიც, რომ ადამიანს ცოდვაში ვერ ჩაითრევს ვერც ერთი გარედან შემოჭრილი უკეთური აზრი, თუ მის გულში ამ აზრისადმი თანაგრძნობა არ წარმოიშვა.

ბერი ბარსანოფ დიდი ამის შესახებ ამბობდა: „თუკი ზამთრის ქარბუქი კარს შემოამტვრევს და ოთახში შემოხვეტს თოვლს, ამაში მასპინძელი არ იქნება დამნაშავე. ჩვენც უდანაშაულონი ვართ, როცა უკეთური აზრები გვიჩნდება. მაგრამ, როგორც მასპინძელია ვალდებული, კარი მიხუროს და ოთახი მოასუფთაოს, ჩვენც დაუყოვნებლივ უნდა შევუდგეთ ლოცვას, რათა ღმერთმა დაგვიცვას ბოროტი ძალებისაგან, რომლებმაც ეს აზრები თავს მოგვახვიეს“. წმიდა ბერი გვირჩევს, ასეთ დროს იესოს ლოცვას მივმართოთ.

ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრეობდა ბერი, რომელსაც ასეთი უცნაურობა შეატყვეს: როცა ის მარტო მიდიოდა, დროდადრო მოტრიალდებოდა მარცხნივ და ამბობდა; „უარვყოფ“.

ბერს ჰკითხეს, რას ნიშნავდა მისი საქციელი. მან უპასუხა: „თავში ცუდი აზრები ხშირად მომდის, რომლებსაც ჩემი გული უარყოფს. არ მინდა, მაცდურისაგან დათესილი ამ აზრების გამო ვზღო და ამიტომ ღვთის წინაშე უარვყოფ მათ“.

ეს ბერი კარგად ხედავდა საკუთარი გულის მისწრაფებებსა და გონებაში მაცდურის მიერ გაენილ აზრთა წყებას შორის ძირეულ განსხვავებას და ბრძნულად იქცეოდა, როცა ბნელ, მისტიკურ-კოსმოსურ ძალებს ეწინააღმდეგებოდა სიტყვით; „უარვყოფ“.

არქიეპისკოპოსი ვარლამი (რიაშენცევი) წერს: „ბედნიერია ის, ვინც მაცდურისეულ ზრახვათა მორევს თავს დააღწევს და სულიერი სინამდვილისაგან დამაშორებელ, უნაყოფო აზრთა მოძალებას გაექცევა; ოცნებებით კი არ, ცოცხალი სინამდვილითა და სულიერ სამყაროსთან უშუალო ურთიერთობით იცხოვრებს. ბედინერია ის, ვინც შეიცნო ჩვენი ამაო ზრახვების სიცრუე და განეშორა მეოცნებეობას“.

მართალია, ჩვენში აღმოცენებული უნებლიე აზრებისათვის პასუხს არ ვაგებთ, მაგამ თუ ამ აზრებმა რაიმე შეხება იპოვეს ჩვენს გულისთქმებში, ისინი, შესაძლოა, ძალზე საშიშნი აღმოჩნდნენ ჩვენთვის.

სულისთვის აზრის მნიშვნელობაზე კი წმიდა იოანე კრონშტადტელი ამბობს: „ადამიანის გულისა და გონების მდგომარეობასა და ადამიანის შემდგომ საქციელზე უდიდეს გავლენას ახდენენ აზრები; საიმისოდ, რომ გული იყოს დაწმენდილი, კეთილი და მშვიდი, ხოლო ადამიანის თავისუფალი ნება - ღვთივსათნო, სული და განვიწმინდოთ ლოცვით, წმინდა წერილისა და წმიდა მამათა ქმნილებების კითხვით, მიწიერი სიამოვნებების ხრწნადობასა და წარმავლობაზე ფიქრით“.



ზოსიმე ბერის დარიგებანი


ტროიცე-სერგიევის ლავრაში მოღვაწე ბერი ზოსიმე თავის სულიერ შვილთაგან ზოგიერთს უწესებდა განსაკუთრებულ ლოცვას, რომელშიც მლოცველი ითხოვდა, რომ მისთვის თვითონ უფალს მიემადლა აზრი, რათა მათი მეშვეობით შემდგმში კეთილად ეღვაწა. ხუცესი ამბობდა: „ასე უნდა ილოცოთ: „უფალო, დაემკვიდრე ჩემში და განაგე ჩემი აზრი, გონება, გული, ბაგე და ყოველი მოქმედება ჩემი“.

ეჭვგარეშეა, როცა ღვთის მადლი ადამიანის გულში დაივანებს, მაშინ ადამიანის მეშვეობით თვით სულიწმიდა ლაპარაკობს და ყველა მისი სიტყვა ჭეშმარიტი ხდება, ყოველივე თქმული - ცხადდება, რაც თვითონ მთქმელსაც აოცებს.

ღრმა რწმენა უნდა ვიქონიოთ და ღმერთს უნდა შევწიროთ ჩვენი გულიც და ბაგეც, მთელი ადამიანური სიბრძე და გონი, ყოველივე საკუთარი უფალს უნდა მივანდოთ. გარდა ამისა, ისეთი ცხოვრების წესი უნდა დავიმკვიდროთ, რომ ღმერთმა შეძლოს ჩვენში თავისი ღვთიური ნების განხორციელება.



ღვთის მგმობი (მკრეხელური) აზრები


ქრისტიანს, არცთუ იშვიათად, ღვთის მგმობი აზრებიც ეწვევა ხოლმე.

არქიმანდრიტი ბორის ხოლჩევი ამაზე წერს: „აზრთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც აშკარად ეშმაკისეულია. ბევრ ქრისტიანს გამოუცდია მათი შემოტევა. წმიდა მამათა თხზულებებშიც ხშირად არის ამაზე საუბარი. მათ მკრეხელური (ანუ ღვთისმგმობი) აზრები ეწოდებათ.

ადამიანი ლოცულობს, მის სულში სიმშვიდეა, ამ დროს, მოულოდნელად, ცნობიერებაში ისარივით ეჭრება ღვთის შეურაცხმყოფელი რომელიმე აზრი, ან ეჭვი ჭეშმარიტებისადმი, რომელიც ადამიანს იმდენად აცდუნებს, რომ უჩნდება უნდობლობა ღვთის არსებობისადმი, უჩნდება ეჭვი უფალი იესო ქრისტესადმი, როგორც კაცობრიობის მხსნელისადმი. ღვთის საგმობი აზრები, შესაძლოა, ეხებოდეს ღვთისმშობელს, ან სხვა წმიდანებს. ხდება ისეც, რომ ხატის შემყურე ადამიანს რამე უმსაგვსოება გაუელვებს ხოლმე თავში“.

წმიდა მამები ასეთ ზრახვებზე ამბობენ, რომ ისინი ეშმაკისაგან მოვლენილი საცდურებია. ზოგიერთ ადამიანს ეს უნებლიე აზრები სასოწარკვეთილებაში აგდებენ, ისინი დამნაშავედ თვლიან თავს და წყვეტენ ლოცვას, აღარ ეზიარებეინ წმიდა საიდუმლოებებს.

წმიდა მამები ამბობენ, რომ ასეთ დროს ადამიანს ბრალი არ მიუძღვის. ღვთისმგმობ აზრებს ადამიანს ეშმაკი ახვევს თავს, პასუხსაც ის აგებს მათზე.

მამათა ცხოვრებაში ერთი ასეთი ამბავია მოთხრობილი: რომელიღაც ღვთისმოშიში ბერი საშინელი ღვთისმგმობი აზრებისგან იტანჯებოდა. ეშმაკმა იგი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ბერმა იფიქრა, რომ ის წარწყმდა. სხვა მოსაგრეებსაც მიმართავდა რჩევისათვის, მაგრამ ისინი ვერაფრით ეხმარებოდნენ.

ერთხელაც დიდი სულიერი გამოცდილების მქონე ბერთან მივიდა, მაგრამ შერცხვა, მოეთხრო მისთვის იმ მკრეხელურ აზრებზე, რომლებიც ეხებოდა ღმერთს, მარიამ ღვთისმშობელსა და ღვთის წმიდა საიდუმლოს. ამიტომ ეს აზრები წერილობით გადასცა ხუცესს.

ხუცესმა ისინი წაიკითხა, ბერს მხარზე დაადო ხელი და უთხრა: „ნუ გეშინია, შვილო, ეს შენი ბრალი არაა, დამნაშავეა ეშმაკი. ამ აზრებზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“.

ბერმა შვებით ამოისუნთქა.

ადამიანი დამნაშავეა იმ შემთხვევაში, როცა ყურადღებას შეაჩერებს ხოლმე ამ აზრებზე, ებმება მათთან საუბარში. ესეც ეშმაკის ერთ-ერთი ხლართია.

წმიდა მამები მკრეხელური აზრებისაგან თავდაცვის უებარ საშუალებად თვლიდნენ ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებთან ხშირ ზიარებას. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში ყოველდღიურად ზიარებას ურჩევდნენ.

ღვთის მგმობი აზრებისაგან განთავისუფლების კიდევ ერთი საშუალება არსებობს.

ერთ-ერთ ბერს, რომელიც გამუდმებით იესოს ლოცვას წარმოთქვამდა, ჰკითხეს, თუ ვინ ასწავლა მას ასეთი ლოცვა. ბერმა უპასუხა - ავსულებმა, და განმარტა: უკეთური აზრები ხშირად მაწუხებდნენ. როგორც კი ისინი მეწვეოდნენ, უმალვე იესოს ლოცვას ვიწყებდი. ასე მექცა იგი ჩვევად“.

.. პესტოვი

თარგმნა ნანა ეხვაიამ

www.orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий