«პატარა თურქეთი», «სტამბულის პერიფერია», «ბორდელი» _ ასეთი ეპითეტებით მოიხსენიებენ ძველ ბათუმს ადგილობრივები. აჭარის დედაქალაქიდან რეპორტაჟის მომზადება ძალიან გაგვიჭრიდა, რადგან ამ უბანში მცხოვრებნი, გულისტკივილის მიუხედავად, ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ, მაგრამ მაინც მივაშურეთ ძველ ბათუმს და, როგორც კი ფეხი ქუთაისის ქუჩაზე დავდგით, სხვა სამყაროში აღმოვჩნდით. მეჩეთის მიმდებარე ქუჩებზე თურქული კაფე-ბარების, ჩაიხანებისა და თურქების გარდა ვერაფერს ნახავთ. ქართველები ეზოებს გარეთ ნაკლებად ჩნდებიან და ჩვენც ქუთაისის ქუჩის ერთ-ერთ ეზოს მივადექით. საუბარზე მხოლოდ ერთი ქალბატონი დაგვთანხმდა, თანაც იმ შემთხვევაში, თუ ფოტოს არ გადავუღებდით და მის ვინაობს არ გავამხელდით.
_ ბათუმის ეს ნაწილი თურქეთად არის ქცეული, ქართულს ვერ გაიგონებთ. ყოველ საღამოს ჩხუბი, გინება და აყალმაყალია. აქ ცხოვრება შეუძლებელია. თურქი მოვა, გადაგივლის, პოლიცია კი, ნაცვლად იმისა, პასუხი მოსთხოვოს ან დაკითხოს მაინც, სიცილ-ხარხარით ებოდიშება. ქუთაისის ქუჩა ბორდელად აქციეს, ღამის 12 საათის შემდეგ გაიარეთ და ნახავთ, სასტუმრო, კაფეტერია თუ ჩაიხანა რეალურად ბორდელია, ქალებს ყიდიან. არადა, ამ ობიექტებს ორმეტრიანი ქართველი ბიჭები იცავენ და ხმას არ იღებენ. თურქებს ჩვენს ბიჭებთან რომ მოსდით ჩხუბი, საპატრულო პოლიცია ქართველებს აჯარიმებს. ჩემს სამეზობლოში თითქმის ყველა ბიჭს გადახდილი აქვს ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ამ უბანში თურქს ყველაფრის უფლება აქვს, დიდი თურქობაა ბათუმში.
_ ამ ყველაფერს რატომ არ აპროტესტებთ?
_ რას არ ვაპროტესტებთ? ორჯერ გავუგზავნეთ ბათუმის მერიას მიმართვა 250 ადამიანის ხელმოწერით, ეს თურქობა რომ აელაგმათ ჩვენი ქუჩიდან, მაგრამ ყურიც კი არავინ შეიბერტყა. გვეუბნებიან, რას ერჩით, გადასახადებს იხდიანო. ისევ ჩვენ გამოგვიყვანეს დამნაშავედ. გაჰყვიროდნენ «არ გვინდა ასლანიო» და სწორედ ასლან აბაშიძე იყო, ერთ თურქსაც რომ არ აჭაჭანებდა ბათუმში, ქალაქი კი ქალაქს ჰგავდა. ახლა რას ჰგავს ბათუმი? _ თურქულ ბორდელს. ისეთი სუნი დგას ამ ქუჩაზე, ცუდად გახდებით. ნივრის, ცხიმისა და საშინელი სანელებლების სუნით არის გაჟღენთილი ჰაერი _ ფანჯარა ვეღარ გაგვიღია. კიდევ იმიტომაა გაუსაძლისი აქ ცხოვრება, რომ თავხედურად პირდაპირ ჩვენი ეზოების შესასვლელებთან აჩერებენ თურქები თავიანთ მანქანებს და ვეღარც გავდივართ და ვეღარც შემოვდივართ. ეს რომ თურქეთის ნებისმიერ ქალაქში გააკეთო, დეპორტაცია არ აგცდება.
_ დიდი ხანია, ამ მდგომარეობაში ხართ?
_ მას შემდეგ, რაც «ძვირფასი» სააკაშვილი მობრძანდა ხელისუფლებაში. ეს სიტუაცია კი დღითიდღე უარესდება. არადა, ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, თურქებიც დაიფანტნენ, ვიფიქრეთ, გვეშველა-თქო, მაგრამ ცოტა ხანში გაათმაგებულად შემოვიდნენ. «ქართულმა ოცნებამ» მათ ხელი უფრო შეუწყო.
_ ქართველ ბიჭებს რატომ მოსდით ჩხუბი თურქებთან?
_ საკმარისია, ქალთან ერთად გაიარო, ისე მიაშტერდებან ან ისე ამოიხვნეშებენ და რამეს თურქულად მიაძახებენ, მოდი და ნუ გალახავ. ჩვენი უბნის ბიჭებიც დაიღალნენ მაგათთან ჩხუბით და შემდეგ ჯარიმების გადახდით. ამ ხელისუფლებას რომ დაუჩემებია, თურქები ხალხს ასაქმებენ და ბიუჯეტსაც ავსებენო, ტყუილია! შედით ნებისმიერ რესტორანში, ქართველს ვერ ნახავთ. საქართველოში თურქი თურქს ასაქმებს და ისევ თურქეთს ემსახურება. ქართველ ქალებს მხოლოდ საუნებსა და სასტუმროებში ამუშავებენ. არ ვიცი, ამ უბანში ბავშვები ისე როგორ გავზარდოთ, ამ გარყვნილებას რომ ავარიდოთ. გვიშველეთ, მოგვხედეთ, აჭარა იღუპება!
ქალბატონთან დამშვიდობების შემდეგ ერთ-ერთი რესტორნის თურქ მეპატრონესთანაც მოვახერხეთ გასაუბრება.
რამინ ფაიალი, თურქი ბიზნესმენი, რესტორნის მფლობელი:
_ ძალიან მომწონს საქართველო, მიყვარს ქართველი ხალხი, სამი წელია, აქ ვარ და ჩემი ბიზნესიც წარმატებულია.
_ რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ბიზნესის დაწყება?
_ ბათუმი ძალიან კარგი ქალაქია, მით უმეტეს ის ადგილი, სადაც რესტორანი მაქვს. სტუმართმოყვარე ხალხია, ჩვენ _ თურქებს და ქართველებს _ გიყვარს ერთმანეთი.
_ როგორც აქ მცხოვრებმა ქართველებმა მითხრეს, თურქულ რესტორნებში მხოლოდ თურქები დადიან.
_ ეს ტყუილია, პირიქით, უამრავი ქართველი მოდის.
_ ჩხუბიც ხშირად ხდებაო...
_ ძალიან იშვიათად, პატარა ჩხუბი ყველა ქალაქში ხდება.
_ მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ძალიან ხმაურობთ...
რესტორნის თურქ მეპატრონესთან საუბრისას იქვე, ქუთაისის ქუჩის ბოლოს მდებარე პატარა სკვერში რამდენიმე მამაკაცი შევნიშნეთ. შევატყვეთ, ქართველები იყვნენ და გასაუბრება ვცადეთ, მაგრამ, როგორც კი გაიგეს, ჟურნალისტი ვიყავი, მაშინვე გაეცალნენ იქაურობას, თუმცა ერთი მამაკაცი მაინც დავითანხმე საუბარზე...
_ თურქებმა ფული ჩადეს რესტორნებში და მამუშავებენ. თურქი კლიენტები იმიტომ ჰყავთ, რომ იციან, თანამემამულე არ მოატყუებთ და სუფთად დაკლული საქონლის ხორცს მიართმევს. ისიც იციან, რომ ამ კაფესა თუ რესტორანში ღორის ხორცი არ შედის. ამ ადგილს იმიტომ დაეპატრონენ თურქები, რომ მეჩეთიც აქვეა. თქვენ რა, გგონიათ, თბილისში ნაკლები თურქი ცხობრობს? უბრალოდ, ბათუმი პატარაა და უფრო ჩანს.
ბოლოს ბატონ ენვერ ფარტენაძეს გავესაუბრეთ:
_ თავისუფალი გვქვია, მაგრამ დღეს პარლამენტარების დიდი ნაწილი 50-60 ათასლარიან პრემიებს იღებს, გაჭირვებული ადამიანები კი სანაგვეში ეძებენ საკვებს. ამ ყველაფერთან ერთად, თურქებს ფართოდ გაუხსნეს კარი და, როგორც ცნობილია, 25 ათასს გადააჭარბა ბათუმში თურქთა რაოდენობამ. ძველ ბათუმს, ფაქტობრივად, თურქები დაეპატრონენ. სააკაშვილმა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე პრეზიდენტის პოსტს დატოვებდა, 10 ათას თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. დღეს ასე რომ ვეფერებით ამ ხალხს, რატომ გვავიწყდება, რომ თურქეთი ჩვენი მოსისხლე მტერი იყო? 300 წლის განმავლობაში ბატონობდნენ ჩვენზე. სააკაშვილმა თურქები მოყვრებად გვიქცია, რუსეთი კი, რომელმაც საქართველო უბედურებისგან იხსნა, მტრად გამოგვიცხადა. ამიხსენით, რუსია ოკუპანტი თუ თურქი? თურქების მიერ დაპყრობილი აჭარა სელიმ ხიმშიაშვილმა და მემედ ბეგ აბაშიძემ დიდი ბრძოლის შემდეგ დაუბრუნეს სამშობლოს. დღეს ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ კვლავ წაგვართვან საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე, მაგრამ აჭარელი ხალხი არ დავთმობთ. თურქების მასობრივი ჩამოსახლება კარგს არაფერს მოუტანს აჭარას. ქვეყანაში თურქების ფეხის მოკიდებას ამჟამინდელი მთავრობაც ხელს უწყობს. არ სურთ თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება.
ყველაზე მეტად ის მტკენს გულს, რომ ქართველი გოგოები, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ, მდიდარ თურქებს მიჰყვებიან ცოლად. ჩვენი ერი, სამწუხაროდ, ფულზე იყიდება.
თურქი ქართველს საქართველოში კაპიკებად ამუშავებს. მაგალითად, სასტუმრო «ინტურისტი» თურქებმა გაარემონტეს. სამუშაოების შესრულებაში თურქებს ორჯერ მეტ ხელფასს აძლევდნენ, ვიდრე ქართველებს.
_ გამოსავალს ხედავთ?
_ რუსეთთან უნდა დავათბოთ ურთიერთობა. თუ ასე მოხდება, სავაჭრო ურთიერთობაც აგვეწყობა და ქართველს აღარ დასჭირდება, საკუთარ ქვეყანაში თურქს დაემონოს. ან გგონიათ, თურქს უღირს ბათუმში ბიზნესის კეთება და მართლა დიდ ფულს შოულობს? როგორც ამბობენ, ამ ადამიანებს თურქეთის ხელისუფლება უხდის ფულს, რათა აჭარაში ფეხი მოიკიდონ, ეს ბიზნესი კი მათთვის მეასეხარისხოვანია.
მოამზადა მაია გელაშვილმა
geworld.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий