სქიიღუმენი საბა (ოსტაპენკო).
ამპარტავნება საშინელი სულიერი დაავადებაა, რომელიც ძალზე ძნელად იკურნება. ღვთის წინაშე არ არსებობს მასზე უფრო საძაგელი ცოდვა. წმიდა მამები მას „სატანის თესლს“ უწოდებენ.
ამპარტავნება უკიდურესი თავდაჯერებულობაა. უარყოფა ყოველივე იმისა, რაც მე არ მეკუთვნის, მრისხანების, სიმკაცრის, გაღიზიანებისა და ბოროტების წყარო, ღვთის შეწევნაზე უარის თქმა. მაგრამ სწორედ ამპარტავანს განსაკუთრებულად ესაჭიროება ღმერთი, რამეთუ ადამიანებს მისი ხსნა არ ძალუძთ, როდესაც დაავადება უკანასკნელ სტადიას აღწევს.
ცოდვის გამომგონებელმა, დაცემულმა ბოროტმა ანგელოზმა თვითონ შესცოდა ღვთისადმი წინააღმდეგობით, ანუ ამპარტავნებით და ამ დამღუპველ ცოდვაში ადამიანთა მთელი მოდგმა შეჰყავს.
ყოველი ცოდვილი, რომელიც თავის ვნებებს სიამეს ანიჭებს, ებრძვის ღმერთს, როგორც ოდესღაც სატანა ამბოხდა ზეცაში ღვთის წინააღმდეგ, რათა მისი დაქვემდებარებიდან გამოსულიყო და თავის ნებაზე ეცხოვრა.
როდესაც ამპარტავანი, პატივმოყვარე, საკუთარი თავის მოყვარული, დიდებისმოყვარე, ძალაუფლებისმოყვარე, სასტიკი, მრისხანე, შურიანი, ქედმაღალი, გულზვიადი, ურჩი და სხვა ამის მსგავსი ადამიანი ვერ იკმაყოფილებს თავის ვნებებს და საკუთარი „მეს“ გამო სხვებს ანადგურებს, ამით, თითქოსდა, მახვილს იღებს ღვთის წინააღმდეგ და თითქოს ქრისტეს ეუბნება: „არ გვსურს, მივდიოთ შენს მაგალითს, არ გვსურს, ვიყოთ მოკრძალებულნი და კეთილნი! არ მოგვწონს შენი კანონი!.. დაე, ისინი გვემსახურებოდნენ ჩვენ და არა ჩვენ - მათ!“
გვიხსენი, ღმერთო გონების ასეთი დაბნელებისაგან! რა საშინელებაა! ნუ იფიქრებთ, რომ ამ სიტყვებში რაიმე გადაჭარბებულია. ამპარტავნებს, ჩვეულებისამებრ, ასე ემართებათ... და თუ ისინი დროულად არ შეჩერდებიან, არ შეინანებენ, ღვთის მოწინააღმდეგენი ხდებიან.
თითოეული თუნდაც მცირე ცოდვის გამო სულში ღვთის მადლი კლებულობს, მომაკვდინებელი ცოდვის გამო კი ადამიანები მას საერთოდ კარგავენ და მარადიული სასჯელის ღირსნი ხდებიან. ამპარტავანნი საღვთო სჯულის ხელისუფლებას შორდებიან, ამიტომ თვითონვე განარიდებენ თავს ღვთის მფარველობას. ისინი ყველაფერში მარცხდებიან. სხეულში მყოფნი, სულიერად უკვე მკვდრები არიან და სიცოცხლეშივე განიცდიან ჯოჯოხეთის ტანჯვას: მარტოობას, პირქუშ სევდას (გულგატეხილობას), დარდს, გაბოროტებას, სიძულვილს, უნაყოფობას, სიბნელესა და სასოწარკვეთილებას.
დაავადების სიმპტომები და განვითარება.
ამპარტავნების ცოდვას განვითარების რამდენიმე სტადია აქვს. მაგრამ იგი პატივმოყვარეობიდან იწყება.
პატივმოყვარეობის სიმპტომებია: შექების სურვილი, მხილების, შეგონებისა და ყვედრების დაუთმენლობა, ეჭვიანობა, ბოროტის ხსომა, სხვების განკითხვა, გასაჭირი შენდობის თხოვნისა, იოლი გზების ძიება; სხვების თანდასწრებით გამუდმებული თამაში, როგორც სცენაზე, იმ მიზნით, რომ ადამიანებს კეთილშობილი მხრიდან მოაჩვენოს თავი და, ამასთან ერთად, გულმოდგინედ მალავდეს საკუთარ ვნებებსა და ნაკლოვანებებს.
ადამიანი ვეღარ ხედავს თავის ცოდვებს, ვერ ამჩნევს საკუთარ ნაკლოვანებებს, ამცირებს ანდა საერთოდ უარყოფს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ზოგჯერ მას სხვებსაც კი გადააბრალებს; აზვიადებს საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას, ნიჭსა და სათნოებებს. დაავადების განვითარებასთან ერთად, იზრდება და დიდებას აღწევს მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ამიტომ ამ დაავადებას ასეც ეწოდება - განდიდების მანია.
ასეთ მდგომარეობაში ადამიანი არა მხოლოდ განიკითხავს სხვებს, არამედ სძულს და უკადრისობს მათ, ბოროტებასაც კი ჩადის მათ მიმართ. გვიხსენი ამისაგან, ღმერთო!
ხოლო როდესაც ავადმყოფს ეჩვენება, რომ მისი არავის ესმის და არავის უყვარს, სდევნიან კიდეც და მისთვის ბოროტის ქმნას ცდილობენ, მაშინ ამ დაავადებას უკვე დევნის მანია ეწოდება.
განდიდებისა და დევნის მანია დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმებია. ეს დაავადებები საკუთარი თავის გადამეტებულ შეფასებასთანაა დაკავშირებული, როდესაც საკუთარი ღირსების გადაჭარბებულად შეგრძნება ადამიანების მიმართ სიძულვილსა და მტრულ განწყობას ბადებს.
ამპარტავანი ყოველთვის უკმაყოფილოა გარშემომყოფი ადამიანებით და თავისი ცხოვრების პირობებით, ამიტომ ხშირად სასოწარკვეთილებამდე, ღვთის გმობამდე, ხიბლის მდგომარეობამდე და ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც კი მიდის.
ამპარტავნების ამოცნობა დასაწყის სტადიაში, ცოტა არ იყოს, ძნელია. მხოლოდ გამოცდილ სულიერ მოძღვარს, ანდა ფსიქოლოგს შეუძლია, უშეცდომოდ განსაზღვროს ეს ვნება.
ადამიანი თითქოსდა ნორმალურად იქცევა, მაგრამ გამოცდილი თვალი მასში დაავადების დასაწყისს ამჩნევს. ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით... მას კარგი განწყობილება აქვს, მღერის, იღიმება, ხშირად უმიზეზოდ ხმამაღლა იცინის და ხარხარებს; სურს, ორიგინალური იყოს, მახვილსიტყვაობს, სხვადასხვა სახის მიღებებსა და წვეულებებს აწყობს, რათა გარშემომყოფთა ყურადღება მიიქციოს; ბევრი ლაპარაკი უყვარს და მის საუბარში დაუსრულებლად გაისმის „მე“, მაგრამ ერთი გამკიცხავი სიტყვის მოსმენისათანავე მისი განწყობილება სწრაფად იცვლება და იგი უსიცოცხლო და უხალისო ხდება, შექებისთანავე კი მეყსეულად გამოცოცხლდება. მაგრამ, ზოგადად, ამ სტადიაში განწყობილება ნათელია.
შემდგომში, თუკი ადამიანი საკუთარ ცოდვილობას ვერ შეიგრძნობს, არ შეინანებს და არ გამოსწორდება, მაშინ დაავადება იზრდება და მწვავდება.
ადამიანს უჩნდება სხვებზე აღმატებულობის გაულწრფელი რწმენა. ეს თავდაჯერება სწრაფად გადაიზრდება მბრძანებლობის ვნებაში, საკუთარი შეხედულებით განაგებს სხვების ყურადღებას, დროს, ძალებს; იგი თავხედი და კადნიერი ხდება: ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს მაშინაც კი, როდესაც საქმეს აფუჭებს. ყველას საქმეში ერევა, თვით სხვის ოჯახებშიც კი.
ამ სტადიაში ამპარტავანს განწყობილება უფუჭდება, რადგან გარშემომყოფთაგან ხშირად წინააღმდეგობას ხვდება. დროთა განმავლობაში იგი სულ უფრო და უფრო გაღიზიანებული, ჯიუტი, ბუზღუნა და ყველასათვის აუტანელი ხდება. ბუნებრივია, მას გაურბიან, მაგრამ თვითონ დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში და თვლის, რომ უბრალოდ, მისი გაგება არავის სურს, ამიტომ ყველასთან წყვეტს კავშირს. გაბოროტება და სიძულვილი ჩაიბუდებს და მტკიცდება მის გულში. სული ბნელი და ცივი ხდება, გონება იბინდება და ადამიანი სრულიად დაუმორჩილებელი ხდება. მისი მიზანია, საკუთარი აზრი გაიტანოს, სხვები დაამციროს და თავისი „სიმართლე“ დაამტკიცოს. სწორედ ასეთი ამპარტავნები ქმნიან შემდგომში განხეთქილებებსა და ერესებს.
დაავადების განვითარების შემდგომ სტადიაში ადამიანი უკვე ღმერთთანაც წყვეტს კავშირს. ყოველივეს, რაც მას გააჩნია, მათ შორის, ნიჭსა და ზოგიერთ სათნოებასაც კი საკუთარ თავს მიაწერს. იგი დარწმუნებულია, რომ თვითონვე მოიწყობს ცხოვრებას სხვისი დახმარების გარეშე და დამოუკიდებლად მოიპოვებს ყოველივეს, რაც ესაჭიროება. თვით სუსტი ჯანმრთელობის დროსაც კი იგი თავს დევგმირად წარმოიდგენს. თვლის, რომ სხვებზე ბრძენი და მცოდნეა და ამაყობს ყოველივეთი, რაც გააჩნია. მისი ლოცვა არაგულწრფელი, ცივი, გულის შემუსვრილებისაგან დაცლილი ხდება, შემდგომში კი საერთოდ წყვეტს ლოცვას. მისი სულიერი მდგომარეობა წარმოუდგენილად შავბნელი და უსინათლო ხდება, მაგრამ, ამასთან ერთად, იგი დარწმუნებულია საკუთარი გზის სიმართლეში და სწრაფად აგრძელებს სვლას დაღუპვლისაკენ.
როგორ ამოვიცნოთ ამპარტავნება საკუთარ თავში.
შეკითხვაზე: „როგორ ამოვიცნოთ ამპარტავნება საკუთარ თავში?“ - ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი იაკობი ასე წერს:
„ამის მისახვედრად დ როდესაც გარშემომყოფნი რაიმეს შენი სურვილის შესაბამისად არ აკეთებენ. თუკი არ გიჩნდება სურვილი, მოკრძალებით გამოასწორო შენს მიერ დაშვებული შეცდომა, არამედ უკმაყოფილო ხარ და მრისხანებ, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ; თუკი შენი ცხოვრებისეული საქმეების მცირეოდენი წარუმატებლობებიც კი მწუხარებას, სიმძიმესა და სევდას იწვევს, ისე, რომ ღვთაებრივი ჩანაფიქრის შესახებ აზრიც კი (რომელიც შენს საქმეებს წარმართავს) არ გამხიარულებს, მაშ, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ; თუ სხვისი, თუნდაც შენი მტრების, წარუმატებლობა გამხიარულებს, ხოლო შენი ახლობლების უეცარი წარმატებები გამწუხრებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ; თუ შეურაცხგყოფს მოკრძალებული შენიშვნები შენს ნაკლოვანებათა შესახებ, ხოლო არარსებული ღირსებების ქება გახარებს და აღგაფრთოვანებს, იცოდე, რომ ძალიან ამპარტავანი ხარ“.
რა შეიძლება დავამატოთ საკუთარ თავში ამპარტავნების ამოცნობის ამ ნიშნებს? მხოლოდ ის, რომ თუ ადამიანს შიშის გრძნობა უჩნდება, ესეც ამპარტავნების ნიშანია.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამის შესახებ წერს: „ამპარტავანი სული შიშის მონაა; იგი ეყრდნობა რა საკუთარ თავს და მცირეოდენი ხმაურისა და ჩრდილისაც კი ეშინია. მშიშრები ხშირად იშლებიან ჭკუიდან და სამართლიანადაც; რამეთუ ღმერთი ტოვებს ამპარტავნებს, რათა სხვებსაც ასწავლოს, რომ არ გაამაყდნენ“.
იგი წერს იმასაც, რომ „უკიდურესი ამპარტავნების სახე ისაა, რომ ადამიანი დიდებისათვის ფარისევლურად წარმოაჩენს ისეთ სათნოებებს, რომლებიც მას არ გააჩნია“.
ეშმაკის გამოცდა.
ადამიანის ბუნება მიდრეკილია როგორც კარგის, ისე ცუდისაკენ. იგი მზადაა, მიიღოს სიკეთეცა და ბოროტებას, ღვთის მადლიცა და ბოროტი ძალაც.
ღმერთი ძალას არ ატანს ადამიანის თავისუფალ ნებას, არ აიძულებს მას სიკეთის ქმნას, არამედ მხოლოდ მოკრძალებით მიუთითებს საკუთარი არსებობის შესახებ და ცხოვნების გზისაკენ მოუწოდებს. სული კი საკუთარი ნებითა და მიდრეკილებით აკეთებს არჩევანს: ან იცხოვროს ღმერთთან მისი წმიდა ნების შესაბამისად, ანდა თავის ნებაზე, ისე, რომ შედეგებზე არ იფიქროს.
იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ნებით ცხოვრობენ და ვნებებს იკმაყოფილებენ, ბევრი საუბარი საჭირო არ არის, რამეთუ საკუთარი ნება ჯოჯოხეთური თესლია, რომელსაც სული სატანჯველში მიჰყავს. ხოლო იმ ადამიანებთან, რომლებიც ღვთის ნების შეცნობასა და მის მორჩილებას ცდილობენ, შესაძლოა და საჭიროცაა ბევრი საუბარი, რათა დავეხმაროთ მათ ამ სათნო საქმეში.
ნუ იფიქრებთ, რომ ამპარტავნება ისეთი ვნება და სულიერი ავდმყოფობაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს და ამიტომ მხოლოდ ზოგიერთისთვისაა დამახასიათებელი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ცოდვით დაავადებულია მთელი კაცობრიობა, გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ მცირერიცხოვანი ჭეშმარიტად თავდაბალნი. მაგრამ ეს დაავადება სხვადასხვა სტადიაშია, ამასთან ერთად, მოჩვენებითი, ფარისევლური მორჩილებითაა დაფარული. ამიტომ იგი სრულად არ გამოვლინდება და ხშირად სრულყოფილად არცაა შეფასებული.
ადამიანთა მოდგმის მტერი სხვადსხვა ცოდვებსა და დანაშაულის სურვილს აღგვიძრავს. იგი ეშმაკი, მზაკვარი და სასტიკია. მან კარგად იცის თითოეული ჩვენთაგანის მიდრეკილებანი და მოხერხებულად ესხმის თავს განსაკუთრებით იმ ადამიანის სუსტ ადგილს, ვისაც ძლიერი ნებისყოფა არა აქვს.
არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ეშმაკი ადამიანს ადვილად აგდებს ამპარტავნებაში. ჩვენი სული ხომ ღვთის ხატად და მსგავსად სუფთა, ნათელი და სათნოებებით აღსავსეა. თავისი ბუნებითაც სული ყოველივე კარგის, კეთილშობილის, ამაღლებულისაკენ მიისწრაფვის. მას სურს, ყოველთვის პირველ რიგში იყოს, რაც შეიძლება, სწრაფად მიაღწიოს სრულყოფილებას, ნეტარებას.
მაშ, მითხარით საქებარი არაა სულის ეს მიდრეკილებანი? რასაკვირველია, საქებარია! მაგრამ საბრალო, გამოუცდელი სული ვერც კი მოასწრებს გამორკვევას, რომ პირველი ნაბიჯებისთანავე ეშმაკის მზაკვრულ ქსელში ხვდება. და რაც მეტად მიისწრაფვის იგი პირველობისაკენ, სრულყოფილებისაკენ (მისი საერო გაგებით), თავისი გამოუცდელობით სულიერი ხელმძღვანელის, სულიერი მოძღვრის გარეშე სულ მეტად და მეტად ებმება ბოროტის მახეში.
საქმე იმაშია, რომ ბოროტი ძალა ადამიანს ატყუებს, უნერგავს რა მას დამახინჯებულ სწავლებას ნეტარების შესახებ. სთავაზობს მას დროებით, მიწიერ „ნეტარებებს“; ეხმარება ასეთი ნეტარების მიღწევაში და მზაკვრულად უმალავს ადამიანს, რომ მისი ცხოვნება და ჭეშმარიტი მარადიული ნეტარება უკუპროპორციულია მიწიერი, სწრაფადწარმავალ „ნეტარებისა“. ეს რომ ყველამ იცოდეს და მთელი სერიოზულობით, კარგად გაიაზროს იგი საკუთარ თავში, ბოროტი ძალა უძლური აღმოჩნდებოდა და ადამიანებს ვერ ჩაუნერგავდა ამპარტავნების განზრახვას თვით მათი აურაცხელი კეთილი საქმეების გამოც კი. ყველა გულწრფელად ეტყოდა საკუთარ თავს:
- რით შემიძლია თავის ქება? მხოლოდ უძლურებითა და ნაკლოვანებებით. თუ რაიმე კარგი გამაჩნია, ყველაფერი ღვთისგანაა! - და თავისი თავმდაბლობით განდევნიდა ბოროტ ძალას.
მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ადამიანი უფრო დიდი სურვილითა და ყურადღებით უსმენს თავისი მტრის ხმას, ვიდრე თავისი მაცხოვრისას. ვიწრო, ეკლიანი და მძიმეა მორჩილი და თავმდაბალი ქრისტიანის გზა, იგი მსხვერპლს მოითხოვს... მას ღვთისა და მოყვასისათვის საკუთარი თავის უარყოფა სჭირდება. ამ გზაზე კი ეშმაკი გამუდმებით გამოსცდის. საჭიროა დიდი ნებისყოფა, რათა ადამიანი საცდურს არ დანებდეს, არ შეუშინდეს გამოცდასა და ბრძოლას ბოროტ ძალასთან.
ფართო, სწორი და მსუბუქი გზა ადამიანისა (მე მას ქრისტიანს არ ვეძახი), რომელიც ეშმაკის ნებაზე ცხოვრობს, თავის ვნებებს მიჰყვება და მის მოთხოვნებს ასრულებს. გარეგნულად იგი ია-ვარდითაა მოფენილი... მაგრამ ხანგრძლივია იგი?
აი, ჩვენს წინაშეა დამახასიათებელი მაგალითი - ამპარტავნება. ბოროტი ძალა მისი უხილავი თანამგზავრი იყო და ეხმარებოდა ცხოვრებისაგან მიეღო ყოველივე, რისი მიღებაც მოკვდავ ადამიანს შეუძლია: ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, სილამაზე, სიმდიდრე, პატივი და დიდება, თავბრუდამხვევი წარმატებები, ნიჭი, ტალანტი - ყოველივე წინ დაუფინა უხილავმა მზაკვარმა თანამგზავრმა, ოღონდაც გაეღვიძებინა მასში ყველაზე დამღუპველი ვნება - ამპარტავნება. უზრუნველი ადამიანი ადვილად აღმოჩნდა ფართო გზაზე, ტკბებოდა მოჩვენებითი ბედნიერებით და მისთვისვე შეუმჩნევლად აღმოჩნდა უფსკრულის პირას... გარშემომყოფთათვის აუტანელი გახდა და მას უკვე გაურბოდნენ. აღარ იჩენდნენ ინტერესს მისი პიროვნების მიმართ, აღარ გამოხატავდნენ აღფრთოვანებას მისი ნიჭიერებით, ტალანტით და მაშინ მან ყველა შეიძულა. მთელი მისი არსება სიბნელემ მოიცვა, გონება ებინდება და იგი შეშლილობამდე მიდის. ცხოვრების აზრი დაკარგულია, რჩება ერთადერთი ხსნა - ტანჯვის შეწყვეტა, ყოველივეს დავიწყება... ეშმაკს უხარია! კიდევ ერთი მსხვერპლი - საბრალო თვითმკვლელი, რომელიც მისი სამუდამო მონაპოვარი ხდება.
აი, ასეთ სამწუხარო დასასრულამდე მივყავართ ამპარტავნებას. პასუხი თავისთავად ცხადია.
თავმდაბალი ადამიანი კი ნეტარ დასასრულამდე მიდის: მარადიულ სიხარულში, მარადიულ ნეტარებაში. დიახ, გულახდილად რომ ითქვას, მართლა ასე მძიმე და რთულია უბრალო მოკვდავი ქრისტიანის გზა, რომელიც ხალხის საზოგადოებრივი მსახურების აღთქმით არაა შებორკილი? თავმდაბალი ადამიანისთვის მხოლოდ გზის დასაწყისია მტკივნეული, შემდეგ კი სათნოებებში ვარჯიში ჩვევაში გადაიზრდება და იგი აღარ განიცდის ეშმაკის გამოცდას, პირიქით, გახარებულია საკუთარ თავზე მოპოვებული თითოეული გამარჯვების შემდეგ. ხოლო მაშინ, როდესაც იგი საბოლოოდ განმტკიცდება ამ სათნოებაში, ბოროტი ძალა ვეღარ ბედავს მასთან მიახლოებას, რადგან თავმდაბლობა ამარცხებს ეშმაკებს და განსდევნის მათ.
მაშინ ეშმაკი ცდილობს, ძილში აცდუნოს იგი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგი ნაკლებად წარმატებულია, რადგან ჭეშმარიტად თავმდაბალი ადამიანი ყველასათვის სასიამოვნო და საყვარელია.
რაოდენ არამიწიერი სიხარული აღავსებს თავმდაბალი ადამიანის სულს! რა სულიერი სიმშვიდე! როგორი რეალური სიახლოვე და ურთიერთობა ღმერთთან!
განსაცდელი სასარგებლოა ჩვენთვის. ის გამოსცდის, განწმედს და აცისკროვნებს სულს და გვიჩვენებს, რაოდენ ძლიერია ჩვენი რწმენა. ამიტომ განსაცდელის ჟამს სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, საჭიროა, მამაცურად ებრძოლო მას და, რაც მთავარია, არ დაუშვა აზრი: „მე სხვებზე უკეთესი ვარ“. პირიქით, სისხლითა და ოფლით უნდა არწმუნებდეთ საკუთარ თავს: „მე ყველაზე უარესი ვარ“. უნდა ეცადოთ, საკუთარ თავში იპოვნოთ ის, რაც ამ აზრს განამტკიცებს. ოღონდ, ნურასოდეს დაივიწყებ, რომ, რამდენი განსაცდელი და უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს ცხოვრების გზაზე, ისინი ყოველთვის გამოცდად უნდა მიიღო და არა ღვთისაგან დავიწყებად. ეს ბევრ ქრისტიანს ემართება. სწორედ ამიტომ ვარდებიან სასოწარკვეთილებაში, რამეთუ თავს უარყოფილად თვლიან.
გამოცდა არის გზა, რომელსაც ღვთის შემეცნებამდე მივყავართ. ყოველგვარი უბედურება, გასაჭირი და განსაცდელი ანგრევს ჩვენს სულს. მაგრამ მწუხარეთა სანუგეშოდ ქრისტე ბრძანებს: „ხმა-ყოს ჩემდამო და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი“ (ფს. 90, 15-16).
განსაცდელის ჟამს ჩვენ უკეთ და ნათლად შევიცნობთ, რომ არა ვინმე სხვა, არამედ სწორედ ღმერთი (და მისი ყოვლადწმიდა დედა) ანუგეშებს ჩვენს მწუხარებას, განკურნავს სნეულებს, შეგვეწევა სიღარიბის ჟამს, სიკვდილისაგან გვიხსნის; შევიმეცნებთ იმასაც, რომ იგი ჩვენი ცხოვრების, ცხოვნებისა და ბედნიერების ერთადერთი წყაროა. ამიტომ ყოველგვარი მწუხარება უნდა გვიხაროდეს, არ უნდა ვდრტვინავდეთ და სასოწარკვეთილებას არ უნდა ვეძლეოდეთ.
სულიერ შვილთა გამოცდის ცხოვრებისეული მაგალითები.
ზოგჯერ გასაოცარიცაა მზაკვრობა ბოროტის გამოცდისა. გახსოვს, ერთხელ როგორ შეეჯიბრე მორჩილებაში შენს მეგობარს? როგორი აღფრთოვანებით მოხვედი მაშინ! შენ ხომ მას აჯობე! მე მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანდა. ჩემი ეჭვები დადასტურდა, შენ მაშინ ხარობდი არა როგორც კეთილი თესლის მთესველი, არამედ როგორც მოწინააღმდეგეზე გამარჯვებული.
გახსოვს? როგორ განაწყენდი ჩემზე, როდესაც საერთოდ ჩამოგაშორე მორჩილებას, ეს დიდი ხნის წინ იყო... ახლა შენ სხვანაირი ხარ, მაშინ სულიერი აღზრდის ასეთი მეთოდი შენთვის უკიდურესად აუცილებელი იყო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ გამორჩეს ამპარტავნების აღმოცენების მომენტი. მაშინ მე გავიფიქრე: თუ ახლავე არ მოუგრეხ კისერს ამპარტავნებას, მერე უკვე გვიან იქნება. ახლა, რა თქმა უნდა, მადლობელი ხარ, მაგრამ მაშინ როგორ მებრძოდი?
სულიერი შვილები არცერთ ვნებაზე ისე არ რეაგირებენ, როგორც ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობაზე. ამ ცოდვის გამოაშკარავებას პირად შეურაცხყოფად ღებულობენ და ბრაზდებიან, ამიტომ საჭიროა, გონიერებას მოვუხმოთ და ცხოვრებისეული გამოცდილება გამოვიყენოთ, ანუ მიზეზის განმარტების გარეშე მოვიყვანოთ მორჩილებაში, საჭიროა, ადამიანი განვაშოროთ იმას, რაც მასში ამპარტავნების ვნებას იწვევს. დროთა განმავლობაში ადამიანი ხვდება, რა ხდება და რა იწვევს ყოველივეს.
ერთმა ჩემმა სულიერმა შვილმა სამწუხარო ისტორია მომითხრო საკუთარ თავზე, თუ როგორ ჩააგდო იგი ბოროტმა ძალამ ამპარტავნებაში და როგორ ეხმარებოდა მფარველი ანგელოზი ამ ბრძოლების ამოცნობასა და დაძლევაში.
სამსახურში მას საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა და ამ გზით დიდ მეცნიერებთან ჰქონდა ურთიერთობა. ერთხელ პროფესორმა თქვა:
- აი, მეცნიერებამ რომ აღმოაჩინოს, რა პროცესები ხდება აქა და აქ, მაშინ ამისა და ამის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი, შესაძლებელი იქნებოდა კოლოსალური ეკონომია ელექტროენერგიაში!
მოსაუბრემ ასეთი პასუხი გასცა:
- აი, რა ხდება... და გაუაზრებლად, თითქოს სიზმარში ესაუბრებოდა და ესაუბრებოდა მას, თვითონ კი შიშით ფიქრობდა: თურმე როგორი ვარ!.. ვინ საუბრობს ჩემში? და რას ვამბობ? ახლა ყველა გაიგებს, რომ მე სულიერებაში ვარ... როგორ შეხედავს ამას ხელმძღვანელობა? გამათავისუფლებენ!
შერცხვა და შეეშინდა მას, შეჩერება სურდა, მაგრამ არ შეეძლო. ასეც კი თქვა:
- ეს ყველაფერი შეგიძლიათ გამოცდილებით შეამოწმოთ!.. თვითონვე დარწმუნდებით!
ერთი თვის შემდეგ კი, როცა მისი სიტყვები დადასტურდა, ისე განადიდეს, რომ ხუთი წლის განმავლობაში იგი გამუდმებულ შიშში იყო საკუთარი თავის გამო.
მას ყველაზე რთული პრობლემებით მიმართავდნენ. ისეთი ნათელი გონება ჰქონდა, რომ თავიდან თვითონვე უკვირდა და ეშინოდა, შემდეგ კი მიეჩვია და ხუთი წლის შემდეგ, თავისთვისვე შეუმჩნევლად დაეთანხმა ამპარტავან აზრს. საკუთარ აზრს დიდება მიაწერა და ამ დროიდან დაიწყო მისი დაცემა.
მან ზემოდან დაუწყო ყურება სხვებს, უკვირდა განსწავლულ ადამიანთა და ადმინისტრატორთა „უგუნურება“, ზოგჯერ ზიზღის გრძნობაც კი ჰქონდა... იგი ადამიანში ღვთის ხატებას ვეღარ ხედავდა, გაუჩნდა უსამართლობის გამძაფრებული შეგრძნება, მკვეთრად გამოხატავდა გარშემომყოფთა ნაკლოვანებებს და აღშფოთებული იყო მათი „უღირსი“ ქმედებით. „მდაბიო“ ხალხის ფონზე იგი აშკარად გრძნობდა საკუთარ უპირატესობას და გამუდმებით ამეტებდა მათ თავს.
მის წარმოდგენაში ადამიანები ორ კატეგორიად იყოფოდნენ - ცუდები და კარგები. „ცუდ“ ადამიანებს იგი გაურბოდა და ზურგს აქცევდა. „კარგებთან“ ალერსიანი, თავაზიანი, ყურადღებიანი იყო, როგორც მშობელი მამა ანდა ძმა. ზრუნავდა მათზე, უყვარდა და საპასუხოდაც იგივეს ღებულობდა: მათ შორის, როგორც იტყვიან, მშვიდობა და სიწყნარე, ღვთის მადლი სუფევდა, განწყობილება ყოველთვის ამაღლებული ჰქონდა, მხიარული იყო და თავს კარგად გრძნობდა.
შენიღბულ მტერს იგი სულ უფრო შორს მიჰყავდა და გამარჯვებისაკენ ისწრაფვოდა. ამპარტავნება მასში თავბრუდამხვევი სისწრაფით იზრდებოდა. საკუთარ თავში იგი სხვათა დამოძღვრის ნიჭს ხედავდა, შესაძლებლობას იმისა, რომ ისინი ეცხოვნებინა. სწორედ ამ დროს დაემართა მას ისეთი რამ, რამაც საშინელ, პირქუშ და გამოუსწორებელ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. მოულოდნელად ეშმაკი მას ორივე მხრიდან დაესხა თავს: საკუთარი ამპარტავნების სიღრმე დაანახვა და ხორციელი ვნებები აღუძრა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იგი მას გმობისა და მრუშობის აზრებით სტანჯავდა.
- ვერ გეტყვით, რით დასრულდებოდა ეს ყოველივე, - დაასრულა თხრობა მოსაუბრემ, - სულიერ მოძღვარს რომ არ შევხვედროდი. ვფიქრობ, ჯოჯოხეთის ტანჯვა არ ამცდებოდა. მაგრამ მოწყალე ღმერთმა, რომელსაც ცოდვილის სიკვდილი არ ნებავს, შემიბრალა და მიჩვენა სულიერი გზა, როგორც ცხოვრების ღუზა. მიხსენით ამპარტავნებისაგან! ო, როგორ მეშინია ამ ვნების! ხომ შეიძლება გაამაყდე ასეთი ფიქრით: „მე თავმდაბალი ვარ!“
ხედავ, როგორი კაცთმოყვარეა ღმერთი! მან დაუშვა კაცის მძიმე ცოდვებში ჩავარდნა, მაგრამ ეს მისთვის თავის დამდაბლების საშუალებაა. ახლა, რასაკვირველია, იგი სიფრთხილეს გამოიჩენს საკუთარი თავის შეფასების დროს.
გულწრფელად გეტყვი, სულს უხარია, როცა ხედავს, რომ უფალს ასეთი გზით მიჰყავს, ანუ ცოდვილი მწუხარებით მიდის სინანულამდე. გადატანილი განსაცდელები მყარი კედელივით იცავს ქრისტიანს მტრის ახალი გამოცდისაგან, განსაკუთრებით საკუთარი თავის გადამეტებული შეფასებებისაგან. ეს კი მთავარია. ზოგიერთები, ალბათ, ფიქრობენ: „როგორი მკაცრია მოძღვარი!..“ აი, მაგალითად, ერთხელ ახლადდაქორწინებული სულიერი შვილები მოვიდნენ. ქმარი ცოლის თანდასწრებით ჩივის და ამბობს:
- მამაო, მას ვერაფერს მოაწონებ, ამპარტავანი, ჭირვეული, ბუზღუნაა, არაფერი მოსწონს. მაიძულებს, ყველაფერი მისი შეხედულებით გავაკეთო, მე ანგარიშს არ მიწევს, არაფერზე არ მეთანხმება, ცოდვაში მაგდებს... რა ვქნა?
- ცოლი ისე გიყვარდეს, როგორც შენი სული, - ვპასუხობ მე, - მაგრამ მსხლის ხესავით შეანჯღრიე იგი, როდესაც სათნოებას განგაშორებს. მოიქეცი ასე და ასე...
განაწყენდა ქალი ჩემზე და, ალბათ, გაიფიქრა: „აი, მოძღვარი!.. როგორია!..“
ზოგჯერ ასეთნიც ვართ, რათა შემდეგ ყველა ბედნიერი იყოს მიწაზეც და ზეცაშიც.
კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვებით სულიერ შვილთა ცხოვრებიდან, თუ როგორ დათესა ბოროტმა მტრობა ორ გოგონას შორის და როგორ დასძლიეს მათ ეშმაკი იმით, რომ თავიანთ ჯვრებს ემთხვეოდნენ.
თავიდან ეს გოგონები დიდი მეგობრები იყვნენ და ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ. მაგრამ ეშმაკ და მზაკვარ მტერს შეშურდა ასეთი მეგობრობისა და მათ სულში შფოთი შეიტანა. ერთი ეუბნება მეორეს:
- შენ ამპარტავანი ხარ!
მეორე კი პასუხობს:
- შენ კი ზეაღმატებული ამპარტავანი ხარ!
რასაკვირველია, მტრობა ჩამოვარდა. ფერები გამკრთალდა, ყველაფერს სხვა ელფერი მიეცა. ყველა სიტყვა შებრუნებული მნიშვნელობით ესმოდათ. თითოეული მათგანი ფიქრობდა: „აი, როგორ შეიძლება შეცდე ადამიანში! მე კი მეგონა, რომ მასზე კარგი ქვეყნად არავინაა“.
ერთმანეთს გაურბოდნენ, რამდენადაც ამის საშუალებას საერთო მორჩილება იძლეოდა. ორივე მწერდა: „მამაო, რა ვქნა? ვიღუპები! დაგვაშორეთ.“
ერთს ვეკითხები:
- ემთხვევი ჯვარს შენი მეგობრის სახელზე?
- არა.
- რატომ? ნუთუ არ იცი, რომ შენს ჯვარს უნდა ემთხვიო იმისათვის, ვინც სიმძიმედ გაწევს?
- შემინდეთ, მამაო, დამავიწყდა.
- აი, - ვეუბნები, - ბოროტმა ძალამ ისარგებლა თქვენი სისუსტით და თავის ნებაზე გატრიალებთ. ემთხვიე ხოლმე ჯვარს მის სახელზე ხუთჯერ დილასა და საღამოს, ილოცე და გულწრფელად ითხოვე მისი ცხონება. ისიც ასე მოიქცევა. ამით მტერს დაამარცხებთ და თქვენს შორის კვლავ მშვიდობა და სიყვარული დამყარდება.
მათ ჯვარზე მთხვევა და ერთმანეთისთვის ლოცვა დაიწყეს. შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი მეუბნება:
- ვხედავ, როგორ ტირის ჩემი მეგობარი, ძალიან მებრალება! ვფიქრობ: მას ხომ მე ვაწვალებ, მე მხეცზე უარესი ვარ... და თვითონაც ცრემლად ვიღვრები... ვუყურებ მას და ვტირი, არაფრის თქმა კი არ შემიძლია, მრცხვენია. ვფიქრობ: არ დამიჯერებს, იფიქრებს, რომ ფარისეველი ვარ. ვდუმვარ. გადის ერთი კვირა, მეორე... ვდუმვართ, ზოგჯერ ვტირივართ, განსაკუთრებით ტაძარში, და შეფარვით ვუყურებთ ერთმანეთს. ერთხელ მისი მზერა დავიჭირე. მასში იმდენი განცდა, ისეთი სიყვარული იყო, რომ თავი ვერ შევიკავე და კისერზე ჩემოვეკიდე ქვითინით: „დაიკო, გულწრფელად და ღრმად მიყვარხარ... თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა. დამერწმუნე, გულწრფელად გეუბნები!“
ისიც მეხვევა და დაუსრულებლად მკოცნის, შემდეგ კი გაბრწყინებული მზერით მეუბნება: „მჯერა, მჯერა, დაიკო! სწორედ იმიტომ ვტიროდი, რომ ვხედავდი, როგორ იტანჯებოდი ჩემს გამო... როგორი სულელები ვართ ჩვენ, დიდები, ბავშვებზე უარესნი!“
ამ შემთხვევის შემდეგ მათ ერთმანეთი კიდევ უფრო მეტად უყვარდათ. სასიამოვნოა მათი ყურება. ყოველთვის მშვიდნი, მზრუნველნი, ენერგიულნი არიან...
ხედავ, რა ძალა აქვს ღვთის ცხოველსმყოფელ ჯვარს! როგორც იტყვიან, ამპარტავნება ის-ის იყო, დაიბადა, მათ კი საფუძველშივე დაამარცხეს იგი. დატანჯეს საკუთარი თავი, სამაგიეროდ, ახლა კარგად არიან. რომ დაშორებოდნენ ერთმანეთს, ცოდვა ფარულად განაგრძობდა მათში არსებობას და გაიზრდებოდა, დროდადრო დატანჯავდა მათ. ისინი ერთმანეთზე ცუდი შეხედულების იქნებოდნენ და ძველ ცოდვებს კიდევ ახლები დაემატებოდა. ახლა კი ისინი ფაქტიურად, დარწმუნდნენ, რომ თუ ადამიანი ბოროტ ძალას არ ებრძვის, თვითონვე ბოროტდება. დაგვიფარე, უფალო!
აი, რა სასარგებლოა განსაცდელები და მათთან ბრძოლა! მათი საშუალებით ადამიანი საკუთარ თავს შეიცნობს, ხოლო როდესაც ჯვარს ემთხვევა, მაშინ ბოროტის მახესაც კარგად ხედავს. ამიტომ თითოეული განსაცდელის შემდეგ სულ უფრო გამოცდილი ხდება. მხოლოდ არ უნდა დაგვავიწყდეს ჯვარზე მთხვევა და ლოცვა მათზე, ვინც ჩვენ გვამძიმებს და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, ბოროტი ძალა ვერაფერს დაგვაკლებს.
გულგატეხილობა და სასოწარკვეთილება.
ამპარტავნება ყველაზე საშიში და ულმობელია ჩვენს უხილავ მტრებს შორის. ყველა უბედურებასთან ერთად, იგი ღვთის გმობასა ბადებს და სულს გულგატეხილობასა და სასოწარკვეთილებაში აგდებს.
ხშირად რცხვენიათ, მგმობელი აზრები გაუმხილონ სულიერ მოძღვარს, ფარავენ მათ და გულში ატარებენ მთელი ათწლეულების განმავლობაში. ეს ბევრს აგდებს სასოწარკვეთილებასა და უიმედობაში. მაგრამ სწორედ ესაა ქრისტიანის შეცდომა.
გულგატეხილობა და, მით უმეტეს, სასოწარკვეთილება სულმოკლეობის ნიშანია, ნიშანი იმისა, რომ ადამიანი გამოუცდელია სულიერ ცხოვრებაში, სულიერ ბრძოლებში. ეს ნიშანია იმისა, რომ ადამიანმა არ იცის ან ავიწყდება, რამდენად გულმოწყალე და მოსიყვარულეა უფალი. ღმერთმა დაიფაროს სული გულგატეხილობისაგან! აქედან სასოწარკვეთილებამდე ერთი ნაბიჯია. დაგვიფარე, უფალო!
ნურასოდეს დაივიწყებ, რომ დღესაც ბოროტი ძალა სულის ცდუნებას ცდილობს, მაშინ მის წინაშე ღვთის გულმოწყალებასა და შემწყნარებლობას წარმოაჩენს, ხოლო როდესაც კაცი შესცოდავს, მაშინ მას უკვე უფლის სიმკაცრითა და მართლმსაჯულებით აშინებს, რათა სასოწარკვეთილებასა და განუწყვეტელ დარდში ამყოფოს. შენ კი იცოდე მისი ეშმაკობა და პირიქით მოიქეცი! როდესაც ცოდვის შესაძლებლობა მოგეცემა, მეყსეულად გაიხსენე ღვთის მართლმსაჯულებისა და სასჯელის სიმკაცრე, ხოლო როდესაც უკვე შესცოდავ, სასწრაფოდ შეინანე და გახსოვდეს ღვთის გულმოწყალების შესახებ, მაგრამ სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი.
მამაცნი და სულით ძლიერნი სასოწარკვეთილებაში არ ვარდებიან განსაცდელის ჟამს, როგორიც არ უნდა იყოს იგი, არამედ მამაცურად ებრძვიან მას ანდა მოთმინებით ელოდებიან მათ დასასრულს და მხოლოდ აძლიერებენ ლოცვას. უფრო ხშირად კითხულობენ წმიდათა ცხოვრებათა წიგნებსა და მამათა სწავლებებს, უფრო ხშირად დადიან ეკლესიაში, აღიარებენ თავიანთ ცოდვებს და ეზიარებიან ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს. ასეთ შემთხვევაში ეშმაკი თავს ანებებს მოღვაწეს და განსაცდელიც გადაივლის. ასე მოიქეცი შენც, დარწმუნებული იყავი, რომ უფალი შეგინდობს ყოველგვარ ცოდვას, ოღონდ გულს ნუ გაიტეხ, არამედ გულწრფელად შეინანე ისინი.
ჩვენ, ქრისტიანები, სასოწარკვეთილებაში უნდა ვიყოთ? თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს საკუთარ თავში ის ჭეშმარიტება, რომ თუკი ღვთის მართლმსაჯულებას თუნდაც ერთი ცოდვილის გამოსახსნელად ხელმეორედ დასჭირდება ჯვარცმა, ქრისტე სიხარულითა და სიყვარულით გაეკვრებოდა ხელახლა ჯვარზე, რათა ეს ცოდვილი ტანჯვისაგან გამოეხსნა და მის გამო უსასტიკეს ტანჯვას გადაიტანდა.
შენ ფიქრობ, რომ ეს გადაჭარბებულია? არა, ჩემო მეგობარო! თვითონ გაიაზრე... წარმოიდგინე, რაოდენ მძიმედ ვგრძნობთ თავს იმ ადამიანის თანდასწრებით, რომელიც ამაზრზენ, ჭუჭყიან ტანსაცმელშია ჩაცმული და თვითონაც ისეთი ჭუჭყიანია, რომ მასზე შეხება საშინელებაა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი მოშორებითაა, მაინც იწვევს ჩვენში უსიამოვნო შეგრძნებას... მაშინაც კი, როდესაც ახლობელი, საყვარელი ნათესავი (მაგალითად, მეუღლე, მშობელი, შვილი) გვეხვევა, გვკოცნის, პირიდან საშინელი სუნი ამოსდის... რა არასასიამოვნოა! სუნთქვას იკავებ, რომ უსიამოვნო სუნი არ შეისუნთქო. ძალიან გინდება, სწრაფად მოიშორო თავიდან ასეთი ადამიანი, სწრაფად გათავისუფლდები მის ახლომყოფობისაგან, რათა მან განწყობილება არ გაგიფუჭოს, რათა უიმისოდ თავისუფლად ამოისუნთქო.
აი, თვით უწმიდესი და უსპეტაკესი უფლის წინაშე ჩვენ უფრო ჭუჭყიანები და უსიამოვნო სუნის მქონენი ვართ, მაგრამ იგი ჩვენ ხელს არ გვკრავს, პირიქით, თვითონ მოგვიხმობს თავისთან ყველაზე ახლო და მჭიდრო ურთიერთობისათვის, გვთავაზობს რა საკუთარ თავს უწმიდეს საიდუმლოებათა სახით, მოგვიტევებს ცოდვებს, რომელსაც ვაღიარებთ; წმენდს და ასპეტაკებს სულს; ის ცოდვები კი, რომლებიც მოუნანიებლად რჩებიან სულზე, საშინლად ყარს, უფალი კი ითმენს... დიახ, დიახ, წვალობს, იგუდება, მაგრამ... ითმენს.
ყოველი ცოდვა, როგორც სამსჭვალი, როგორც ჩაქუჩის დარტყმა, ხელმეორედ აჭედებს მას ჯვარზე, ზრდის ტანჯვას, მაგრამ იგი ითმენს, მას ვუყვარვართ... იგი ელოდება, როდესაც მისი თავგანწირვა, ბოლოს და ბოლოს, შესძრავს ჩვენს სულს საპასუხო სიყვარულით... თუნდაც მხოლოდ თანაგრძნობით, თუ სიყვარულით ვერა, მისდამი სიბრალულით მაინც შევწყვიტოთ ჩვენი ცოდვებით მისი ტანჯვა ჩვენივე კეთილდღეობისათვის, ჩვენივე ცხოვნებისათვის.
ჩვენ მას ვარისხებთ, ჯვარზე ვაკრავთ, ის კი მოთმინებით იცდის, ბოლოს და ბოლოს, როდის მოვეგებით გონს! ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაწამებთ მას, ის კი სასუფეველში სამოთხის ნეტარებას გვიმზადებს, ელოდება ჩვენს გამოსწორებას თუნდაც ცხოვრების დასასრულს...
რა შეიძლება კიდევ ითქვას? რა შეიძლება დაემატოს ამ ნათელ, ცხოველსმყოფელ სურათს?
გიხაროდენ, რომ შენი თავმდაბლობისათვის უფალმა შენზე ცოდვების სიმწარე დაუშვა და არ გაგახსენებს, თუკი სინანულის შემდეგ აღარ დაუბრუნდები მას. ახლა შენ, ცხოვრების გამოცდილებით დაბრძენებული, დიდი გრძნობითა და სიყვარულით ჰმადლობ უფალს ცოდვისაგან გათავისუფლებისათვის, ცოდვისა და სიკვდილის ხსოვნა კი თავმდაბლობისა და მორჩილების გამუდმებულ მაცხოვნებელ გრძნობას შეგინარჩუნებს.
მიბაძვა იესო ქრისტესადმი განსაცდელთა დათმენის ჟამს.
ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა განსაცდელები, რათა სათნოებებში სრულყოფილებას მივაღწიოთ.
მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემაც დაითმინა უდაბნოში ეშმაკისაგან გამოცდა, რათა ჩვენთვის მაგალითი ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა შევხვდეთ და გავიმარჯვოთ განსაცდელებზე. მაცხოვარი ჯერ ჯოჯოხეთში ჩავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ ამაღლდა ზეცად; ასევე, ღვთისმოსავი სულიც ჯერ განსაცდელთა ჯოჯოხეთში ჩაიძირება, შემდეგ კი ამაღლდება ზეციურ დიდებაში. სული ზეციურ სასუფეველს ვერ მიაღწევს, სანამ წუთისოფელზე, ხორცსა და ეშმაკზე არ გაიმარჯვებს.
სანამ ვნება (ცოდვა) ადამიანში ცოცხლობს, იგი არ შეიძლება, თავისუფალი იყოს განსაცდელთაგან. მისი გული ბოროტი სითხის მდუღარე ქვაბს ჰგავს. მასში ხან შური იხარშება, ხან ეჭვიანობა, ზოგჯერ კი ზიზღი ანდა ამპარტავნება იპყრობს და ტანჯავს ადამიანს. ადამიანს თანამყოფობენ ეშმაკები ასეთ მორჩილ ცოდვილთანაც! საქმეც ბევრი როდი აქვთ... სამაგიეროდ, მშვიდებთან და აუღელვებლებთან ყოფნა უჭირთ: ამოცნობილია ყველა მათი მზაკვრობა, არ ეგებიან მათ ანკესსა და საცდურს, მეტიც, სხვებსაც ასწავლიან, როგორ ებრძოლონ ბოროტ ძალებს. ო, როგორ იძიებენ შურს მათზე ეშმაკები!.. მთელ თავიანთ სიძულვილს მართლებზე ანთხევენ.
მათ თვითონ ეშინიათ მართლებთან მიახლოებისა, ამიტომ ყოველგვარი მზაკვრობით, ეშმაკობითა და მოტყუებით ცდილობენ, გაუმართონ ბრძოლა თვით ნაცნობების, მეგობრებისა და ნათესავების საშუალებითაც კი. თუ ადამიანი არაფხიზელია, დაბნეული, დაუდევარი, ღვთისა და საკუთარი სინდისის ხმას ყურს არ უგდებს, იგი ადვილად ექცევა ეშმაკის ქსელში და მართალს უპირისპირდება. დევნილ მართალს შეუძლია, ლოცვით მოიხმოს ზეციური სასჯელი უწმიდურის დასასჯელად, რომელიც სატანის ბრჭყალებში აღმოჩნდა, მაგრამ... როგორც ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევარსა და მოწაფეს, მას უყვარს თავისი მდევნელი, ლოცულობს მისი ცხოვნებისათვის, ითმენს და ელოდება, ბოლოს და ბოლოს, როდის ამოიცნობს ცოდვილი ეშმაკის მზაკვრობას და უფალს სინანულით მიმართავს, მისგან კი შენდობას ითხოვს. ამაშია მართლის ძალა, რომ მას უყვარს... ითმენს... ელოდება. ამიტომაა იგი მართალი, ამიტომ მას უფალი ყველაფერში შეეწევა, მადლსა და სულიწმიდის განსაკუთრებულ ნიჭებს უბოძებს, რადგან იგი ქრისტე-მაცხოვრის ნაფეხურს მიჰყვება.
ასევე შენც, ჩემო მეგობარო, მიბაძე უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს. გიყვარდეს ყველა, დაითმინე ყველასგან, გაუკეთე ყველას სიკეთე და ელოდე განსაცდელის დასასრულს; და, რაც მთავარია, იცხოვრე არა შენი, არამედ ღვთის ნებით, ამრიგად კი სულ მალე შეიცნობ წყალობას.
მოკლე დარიგება
გამოგიტყდებით, ჩემო მეგობარო, შენი წერილის ზოგიერთმა ადგილმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. იმედია, ხვდები, რასაც ვგულისხმობ.
მინდა გაგაფრთხილო, ნუ წარმოიდგენ, თითქოს რაიმე წარმატებას მიაღწიე. ასეთი აზრები ძალზე სახიფათოა.
ნუ დაივიწყებ, რომ როდესაც თავმდაბალ ადამიანს სათნოებები უმრავლდება, ამით წმიდა ანგელოზები ხარობენ, რამეთუ სათნოებებს ცხოვნებასთან მივყავართ. ხოლო როდესაც პატივმოყვარე ადამიანს უმრავლდება სათნოებები, ამით ეშმაკები ხარობენ, რადგან პატივმოყვარეობა სწრაფად გადაიზრდება ამპარტავნებაში და სულს დაღუპავს. შენთვის კი, ასეთი ტალანტის მქონე ადამიანისათვის, ეს საშიშროება ორმაგდება. თვითონაც ვერ შეამჩნევ, როგორ დაწყებს ზრდას ამპარტავნება. ხოლო ნიჭიერ ამპარტავანს უფრო მეტად უჭირს ბრძოლა სიამაყესთან, ვიდრე ვინმე სხვას. იგი საკუთარ თავში უშვებს აზრს, რომ შურის გამო აბრალებენ ამპარტავნებას და არ სწორდება.
სინამდვილეში ყველა ნიჭიერ და გონიერ ადამიანს, ისევე, როგორც ამა ქვეყნის ძლიერთა და მდიდართ, კი არ უნდა ეამაყებოდეს, არამედ უნდა ეშინოდეს ღვთის წინაშე წარდგომა თავისი ტალანტების გამრავლების გარეშე. „ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თვისისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად. ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაიმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა, რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა მიეღოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰხადონ მას“ (ლუკა 12, 47-48). გირჩევ, ჩემო მეგობარო, სუნთქვაშეკრულმა, ისე, რომ მთელი სამყაროც დაგავიწყდეს და საკუთარი თავიც, ყურადღებით მოუსმინე ჩვენი მაცხოვრის რბილ, ალერსიან და მორიდებულ ხმას, რომელიც სიყვარულით ეუბნება ყველას: დაიმდაბლე თავი ისევე, როგორც მე დავმდაბლდი; შეიყვარე ყველა, მტრებიც კი, როგორც მე შივეყვარე; ჰქმენ კეთილი, იყავი მოწყალე, როგორც მე; მომბაძე და მომყევი მე.
დიახ, ჩემო მეგობარო, თუ გსურს, შეგიძლია, გაიგონო უფლის ხმას, რომელიც იდუმალ ესაუბრება სულს, თუკი გამუდმებით ივარჯიშებ ამაში. შენ უკვე გაქვს რაღაც გამოცდილება და გარკვეული წარმატებები, რაც გულწრფელად მახარებს. შეგეწიოს უფალი!
რა თქმა უნდა, ხუცესისაგან ასე შორს და ასეთ პირობებში ცხოვრება ძნელია, მაგრამ ხომ ხედავ, თვით უფალი შეეგწევა! ამით რწმენაც განგიმტკიცდება. შენს გულისთქმებს კი ასეთ სერიოზულ მნიშვნელობას ნუ მისცემ (მხედველობაში მაქვს გმობის აზრები). შენ ხომ მათ პასუხობ: „არ მსურს!“ ყურადღებას არ აქცევ მათ, არ განიხილავ, მაშასადამე, ცოდვაც არ არსებობს. ისინი თავს გაბეზრებენ და ამით უხერხულ მდგომარეობაში გაყენებენ, მაგრამ ნუ გრცხვენია და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი. გახსოვდეს, რომ მათ შეუძლიათ, სული სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე შეაწუხონ, მაგრამ თუ შენ ყურადღებას არ მოადუნებ, ზიანს ვერ მოგაყენებენ.
ისინი ისე მიიღე, როგორც ძაღლის ყეფა: იყეფებენ და გაგეცლებიან. და საერთოდაც, მინდა გითხრა, რომ მუდამ ფხიზლად იყო... გახსოვს, რამდენ ხანს აწუხებდა ეშმაკი ერთ ჩვენს მეგობარს პატივმოყვარე ფიქრებით? ბოლოს მაინც მიაღწია იმას, რომ თვითკმაყოფილი აზრები ჩაუნერგა, შემდეგ კი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.
გამოფხიზლდი! ბოროტ ძალას არ სძინავს, ფხიზლად ადევნე თვალყური საკუთარ თავს, ხოლო როდესაც გულისთქმები შემოგესევა, ასე მიმართე:
- მე კარგად ვიცი მხოლოდ ის, რომ არაფერი ვიცი, არაფერი მაბადია, არაფერი შემიძლია, ბოროტების მეტი. ყველაფერი კარგი ჩემში მხოლოდ ღვთისგანაა, მას ეკუთვნის დიდება!
ამით გაიმარჯვებ საკუთარ თავზე და დამდაბლდები.
რედაქტორი: მღვდელი თეოდორე გიგნაძე
თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა.
orthodoxy.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий