ღმერთი

ღმერთი

суббота, 4 мая 2013 г.

ხატმებრძოლეობის ახალი ფორმა ანუ პასექის, ღმრთის შიშისა და სიწმიდეთა პროფანაციის შესახებ.

 ძველ დროს, ბიზანტიაში, ხატმებრძოლეები წმიდა გამოსახულებათა არა მარტო დამზადებას და მათ განთავსებას კრძალავდნენ ტაძრებსა თუ საზოგადო ადგილებში, არამედ კერძო სახლებშიც. მართლმადიდებლები იძულებულნი იყვნენ მალულად ელოცათ ხატების წინაშე, დაემალათ ისინი ხატმებრძოლ იმპერატორთა "სპეცსამსახურის აგენტების" წინაშე, რადგან ხატთაყვანისცემის გამო მართლმადიდებელთ აპატიმრებდნენ, ასახლებდნენ, ართმევდნენ ქონებას და აწამებდნენ.

დღეს ყველაფერი პირიქითაა. თანამედროვე ხატმებრძოლები ესწრაფვიან წმიდა გამოსახულებები ისეთ ადგილებსა და საგნებზე გამოხატონ, რომ მათი თაყვანისცემა და პატივისცემა აბსურდამდე დაიყვანონ. ამიტომაც ვხვდებით ხატებს საყოფაცხოვრებო საგნებზე (საიუველირო საგნებზე, მორთულობებზე, ბიჟუტერიაზე და სხვა), რითაც ხდება საკრალურის პროფანაცია და მორწმუნესთვის ესოდენ ძვირფასი ხატების: მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, ანგელოზებისა და წმინდანდთა გამოსახულებების დაკნინება.

ხატებისა და ფრესკების რეპროდუქციებით მორთულია წიგნებისა და ჟურნალების გარეკნები, გაზეთების პირველი გვერდები, ხატები "ამშვენებენ" კალენდრებს, აუდიო და ვიდეოდისკების ყდებს... ძნელია ყველა იმ ნივთისა და ადგილის ჩამოთვლა, სადაც ისინი გამოისახებიან... მოკლედ რომ ვთქვათ, სადღა არ გამოსახავენ დღეს ხატებს. მეტიც, გვაშფოთებს მომავალი, რათა უგუნურმა ხატმებრძოლეებმა წმიდა გამოსახულებები უჯერო ადგილებზეც არ გამოსახონ, ამის შესაძლებლობას ხომ მათ თანამედროვე ტექნოლოგიები მისცემს.

დიდი მარხვა დასასრულს უახლოვდება. აღდგომა ახლოვდება. მართლმადიდებელი ქრისტეანები ტრადიციულად წითელი კვერცხებითა და პასქებით ემზადებიან მისთვის. ვიღაც ძველი მეთოდებით ღებავს კვერცხებს და ხახვის ფოთლებსა თუ ენდროს ფესვებს აგროვებს, სხვები საღებავებს იმარაგებენ, ეძებენ ძველ რეცეპტებს, რომელთა მიხედვითაც პასექისთვის შესაღებ კვერცებს აფერადებენ და ალამაზებენ...

მაგრამ ჩვენ ხომ მესამე ათასწლეულში ვცხოვრობთ. უმაღლესი ტექნოლოგიები კარსაა მომდგარი. საბაზრო ეკონომიკა თავის პოტენციურ მომხმარებლებს არა მარტო ფანტასტიკურ საღებავებს, სხვადასხვა ტონალობებს, არამედ სააღდგომო კვერცხებზე დასაკრავ "ხატებსაც" გვთავაზობს. შედით ინტერნეტში, გაუშვით საძიებელში საჭირო სიტყვები და მიღებული შედეგი გაგაოცებთ.

აი, მაგალითად, ერთი "სააღდგომო" მაღაზია პასექისთვის მრავალფეროვანი პროდუქციის ასორტიმენტს გვთავაზობს. მაგალითად, "სააღდგომო იარლიყები" "წმინდანთა გამოსახულებით", თერმო ფირები, თერმო ეტიკეტები... ასორტიმენტი მეტად ფართოა - უბრალო გამოსახულებებიდან დაწყებული "მართლმადიდებლური" სერიებით დამთავრებული: "ანგელოზები", "ღვთისმშობლის ხატები", "ბიბლიური თემატიკა", "მართლმადიდებელი წმინდანები", "ქრისტეანული ხატები", "მონასტრები" და მრავალი სხვა.
 თერმოაპკი "ბიბლიური"

 თერმოაპკები ღვთისმშობლისა და წმინდანებით თემატიკით.


"სააღდგომო" კალათი
 "სააღდგომო" ხელსახოცი
"სააღდგომო" ხელსახოცი

 საიტის რეკლამაზე, რომელიც ამ პროდუქციას ავრცელებს ეწერა:
"ჭიქები ნებისმიერი წმინდანის გამოსახულებით"


ბალიშები ხატებით.


სამაჯური ხატებით.

მკრეხელობა: დონეცკის მიტროპოლიტმა ილარიონმა აკურთხა ოქროს კალმების სერია
მაცხოვრისა და წმინდანთა გამოსახულებით

უკრაინული პორტალის "Религия в Украине" ("რელიგია უკრაინაში") კორესპონდენტი იუწყება, რომ კომპანია "ტიბალდიმ" (Tibaldi), რომელიც საწერ ინსტრუმენტთა უძველესი მწარმოებელია, დონეცკის მიტროპოლიტის (მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის "მართლმადიდებელი" ეკლესია), 2012-2013 წლების განმავლობაში რეკლამას უკეთებდა საკანცელარიო საქონლისა და აქსესუარების ახალ, ლიმიტირებულ კოლექციას, რომელიც "მართლმადიდებლობას მიეძღვნა".

კომპანიის საიტი გვარწმუნებს, რომ " TIBALDI-ს კალმები - ეს არის ყველაზე მდიდრული აქსესუარისა და ტექნოლოგიური ინოვაციის საგანი". ფუფუნების საგანთა შორისაა - საწერ-კალმები წმინდანთა გამოსახულებით, როლერები Our Father ("მამაო ჩვენო"), ზარდახშები Elie Bleu, vip-საჩუქრები და მრავალი სხვა...

Tibaldi Tribute to Orthodoxy-ს ლიმიტირებულ კოლექციაშია - რესპექტაბელური კალამი ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გამოსახულებით, კალამი ყოვლისმპყრობელი უფლის გამოსახულებით, ასევე კალამი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, სერგი რადონეჟელის და სხვა წმინდანთა გამოსახულებით.

საწერი ინსტრუმენტები სერიისთვის Tribute to Orthodoxy ხელით არის მოქარგული ცნობილი იტალიელი ოსტატისა და აეროგრაფის ლორენა სტრაფის მიერ. ყოველი როლერის კორპუსზე უწვრილეს დეტალებშია გადატანილი XVI-XVII სს. ხატების უზუსტესი გამოსახულებები. კალმის თავსახურს "ამშვენებს" ლოცვითი მიმართვა წმინდანისადმი, რომელიც საწერი კალმის კორპუსზეა გამოსახული.

კომპანია ტიბალდი ასევე რეკლამას უწევს Montegrappa-ს კალმების ლიმიტირებულ კოლექციას "მართლმადიდებლობა". კერძოდ, იუწყებიან, რომ საწერი ინსტრუმენტ "მართლმადიდებლობა"-ს ამშვენებს ხელით დამზადებული უნიკალური გრავიურა, ხოლო კალმის სახურავზე დატანებულია ანდრია რუბლიოვის "სამება", რომელიც ზეცის სიმბოლოს განასახიერებს (კალამზე). სახურავის თავს აგვირგვინებს ქრისტეს მონოგრამა - ქრიზმა. "კალმის 18 კარატიანი ვარდისფერი ოქროს წინა კორპუსზე გამოსახულია - ჯვარცმა, რომელიც მაკავშირებელი რგოლია ცასა და მიწას შორის, ხოლო უკანა მხარეს - ქრისტეანობის უმთავრესი ლოცვა "მამაო ჩვენო". საწერ ინსტრუმენტ "მართლმადიდებლობის" კორპუსის ქვემოთ კი გამოსახულია კიევის წმიდა სოფიის ტაძარი (XI ს. გამოსახულებით), რომელიც გამოსახავს დედამიწას.

 
 საწერ ინსტრუმენტ "მართლმადიდებლობის" ღირებულება - დაახლ. 720 ათასი გრივნაა, ყველაზე "იაფი" კი 2012 წელს ღირდა 45000 გრივნა. სულ ახლახან გამოსული Tibaldi-ს სააღდგომო კოლექცია (12 საწერიკალამი და 12 როლერი - მოციქულთა რიცხვის მიხედვით) ღირს 46 872 გრივნა, ანუ 3900 ევრო.

უნდა ითქვას, კალმები უბადლოდ არის შესრულებული, მაგრამ მათი უმთავრესი ნაკლი სწორედ მათი გამოყენებისას აშკარავდება - ტექსტის წერის დროს კორპუსზე გამოსახული ხატები პირქვე ყირავდებიან. სამაგიეროდ, კალმის მფლობელი უყურებს მათ ზემოდან ქვემოთ წერის დროს - ამას კი უმთავრესი მნიშვნელობა აქვს საქონლის გამომშვებისთვის.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ საწერი მოწყობილობების მფლობელთა შორის არის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილეც. 2009 წლის 29 ივნისს უკრაინაში ვიზიტის დროს, ის დონეცკშიც ჩავიდა, სადაც აკურთხა ფერიცვალების საკათედრო ტაძარი და ჩაატარა პარაკლისი. ღვთისმსახურების შემდეგ პატრიარქი ეწვია ღირ. სერგი რადონეჟელის სახელობის ტაძარს, სადაც მას მიართვეს საჩუქრები: ხატწერის უიშვიათესი ძეგლი, რომელიც განეკუთვნება XIX ს. მიწურულს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის "ნოვოდვორსკაიას" ერთ ერთი შემორჩენილი ასლი, მინი-სამრეკლო ზარებით, რომელიც სპეციალურად პატრიარქისთვის ჩამოასხა დონეცკის მეტალურგიულმა ქარხანამ და უნიკალური საწერი ინსტრუმენტი "ტიბალდის" ლიმიტირებული კოლექციიდან Tribute to Orthodoxy, რომელზეც წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედია გამოსახული.

სრულიად სავარაუდოა, რომ სწორედ ამ კალმით აწერს ხელს პატრიარქი კირილე თავის განკარგულებებს, ბრძანებებს და რმე-ს "წმიდა" სინოდის გადაწყვეტილებებს.


 ვფიქრობთ, რომ ყოველივე ზემოთ აღწერილისა და ნათქვამის შემდეგ იბადება სამი შეკითხვა: 1) როგორი დამოკიდებულება გვაქვს პასექის დღესასწაულთან; 2) ღმერთთან და მის წმინდანებთან და 3) მათ წმიდა გამოსახულებებთან (ხატებთან, ფრესკებთან, მოზაიკებთან და სხვ.)

ჩვენის ღრმა რწმენით, თითქმის ყველა ქრისტეანული დღესასწაული, პასექის ჩათვლით, სიხარულის ცრემლის მომგვრელია . რადგან "ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა" (1 კორ. 5:7) და "სასყიდლითა ვართ ნაყიდნი" (1 კორ. 6:20; 7:23). დიდ მარხვაში, ყოველ კვირა, ეკლესია სწორედ ამის შესახებ შეახსენებს თავის შვილებს, რადგან დიდმარხვის კვირეები ეძღვნება განსაკუთრებულ მსახურებებს. ამასვე ეძღვნება მთელი ვნების შვიდეულის მსახურებაც.

ყოველ ლიტურგიაზე, განსაკუთრებით კი სააღდგომოზე, ჩვენ შევიძენთ მომავალი სასუფევლის გამოცდილებას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები: "ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით. რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი" (ებრ. 12:28-29). ამიტომაც, ჩვენთვის დღემდე აქტუალურად რჩება ფსალმუნთმგალობლის სიტყვები: "ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით" (ფსალმ. 2:11).

მხოლოდ სულიერად უმწიფარი, უგუნური ან რაც უარესია, ღმრთის შიშის არმქონე ადამიანი თუ მიაკრავს კვერცს უფლის ან მისი უწმიდესი დედის, ან კიდევ უფლის მსახური ანგელოზებისა და წმინდანების ხატებს. წმინდანებმა თავიანთი მართალი ცხოვრებით, სიმართლისთვის ტანჯვით, მოწამეობრივი ღვაწლით განვვლეს ეს წუთისოფელი და წარსდგნენ დიდების უფლის წინაშე; ამიტომაც, ყოველი მორწმუნე, ვინც წინასწარ იცის, რომ ორი დღის შემდეგ ის ნაჭუჭთან ერთად მოისვრის მათ წმიდა ხატებს, განა უმძიმეს ცოდვას არ სჩადის? ჩვეულებრივი, ცოდვილი ადამიანის სურათიც კი იმსახურებს პატივისცემას! განა მივცემთ ვინმეს უფლებას სხვადასხვა საგნებს მიაწებონ ჩვენი ახლობლების სურათები, ან დახიონ, დაკუწონ და დაჭმუჭნონ ისინი? განა არ დაგვეუფლება სამართლიანი მრისხანება თუკი ამგვარ ფაქტებს გადავეყრებით? მაშ, როგორ უნდა მოვეპყრათ წმიდა გამოსახულებებს?

ამის შესახებ რომელიმე უმნიშვნელო დოკუმენტში კი არ არის ლაპარაკი, არამედ მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების ოროსში (განსაზღვრებაში), რამეთუ "... მათი მაცქერალნი შეუდგებიან ღვაწლს, მოიგონონ და უყვარდეთ ხატზე გამოსახულთა პირველსახენი, პატივი მიაგონ მათ ამბორით და პატივისმცემელი თაყვანისცემით" (დოგმატი ნიკიის VII მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 367 წმიდა მამისა). ამ დოგმატისთვის მრავალ წმიდა მამას თუ დედას განუცდია დევნა და წამება, მრავალს შეუწირავს თავისი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი ხატთაყვანისცემის დაცვისთვის, მრავალი შეეწირა მტარვალ ხატმებრძოლეთ, რომლებიც თავიანთი უკეთურებით ას წელზე მეტ ხანს ბობოქრობდნენ მართლმადიდებელთა წინააღმდეგ (730-დან 843 წლამდე).

კრებით დადგენილებაში წერია თუ სად და რა მიზნით უნდა გამოისახონ ხატები და როგორი მოწიწებით უნდა მიეახლონ მათ მორწმუნენი: "ვიცავთ წერილობით ან დაუწერლად ჩვენთვის დადგენილ არა ახალშემოსულ საეკლესიო გადმოცემას. მათთან ერთად არის ხატი, ფერწერული გამოსახულება, რომელიც სახარების ქადაგებებს თხრობებს უთანხმებს და ჩვენ მიერ ღვთის სიტყვის განხორციელებას არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტ რწმუნებას და მსგავს სარგებლობას ემსახურება. ამრიგად, რადან ერთი მეორეზე უთითებს, უეჭველად ერთი მეორეს განმარტავს. ამით, რაც არსებობს, როგორც სამეუფო გზით მავალნი და ჩვენი წმინდა მამების ღვთივმეტყველი მოძღვრების და კათოლიკე ეკლესიის (ვიცით, რომ ეს არის მასში მცხოვრები წმიდა სულისგან) გადმოცემის მიმდევარნი სრული ჭეშმარიტებით და გულმოდგინე განხილვის შედეგად განვსაზღვრავთ: პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის გამოსახულების მსგავსად წესია ღვთის წმიდა ეკლესიებში, წმიდა ჭურჭლებზე, სამოსელზე, კედლებზე, ფიცრებზე, სახლებში და გზებზე პატიოსანი და წმიდა ხატები იყოს საღებავებით დახატული, ქვაში გამოკვეთილი და სხვა ამისთვის გამოსადეგი ნივთიერებით შექმნილი, როგორც ჩვენი უფლისა, ღვთისა და მხსნელისა იესუ ქრისტესი, ჩვენი უხრწნელი დედოფლის წმიდა ღვთისმშობლისა, ასევე პატიოსანი ანგელოზებისა, ყველა წმინდანებისა და ღირსი მამებისა. რამდენადაც უმეტესწილად დანახვა შეიძლება ხატზე გამოსახვის გზით, იმდენად მათი მაცქერალნი შეუდგებიან ღვაწლს, მოიგონონ და უყვარდეთ ხატზე გამოსახულთა პირველსახენი, პატივი მიაგონ მათ ამბორით და პატივისმცემელი თაყვანისცემით. არა ჭეშმარიტი ჩვენი სარწმუნოების მიხედვით ღვთის თაყვანისცემით, როგორც შეეფერება ერთიან ღვთაებრივ ბუნებას, არამედ იმგვარი პატივისცემით, როგორც ვეთაყვანებით პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის გამოსახულებას, წმიდა სახარებას და სხვა სიწმიდეებს, საკმეველით და სანთლების ანთებით პატივი მიეგებათ ისევე, როგორც ძველებს ჰქონდათ კეთილმსახური ადათ-წესი. რადგან პატივი, რომელსაც მივაგებთ ხატს, გადადის პირველსახეზე და ხატის თაყვანისმცემელი თაყვანს სცემს მასზე გამოსახულ არსებას..." (დოგმატი ნიკიის VII მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 367 წმიდა მამისა).

ამრიგად, კრებითი დადგენილებიდან ცხადი ხდება, რომ წმიდა გამოსახულებანი 1) უნდა განთავსდნენ მათთის შესაფერის ღირს ადგილებზე; 2) უნდა დამზადებულ იქნან ხანგრძლივად გამძლე მასალებისგან (ამის გამო არ არის სასურველი ქაღალდზე გადატანილი ხატები); 3) პატივი მიაგონ მათ ამბორით, საკმევლის კმევით და სანთლის ანთებით; 4) ისინი განკუთვნილია იმისთვის, რათა ადამიანის გონება მიაპყრონ გამოსახულების (ხატის, ფრესკის, მოზაიკის) პირველხატს - ქრისტეს, ღვთიმშობელს, ანგელოზებს და წმინდანებს; 5) ხატისადმი აღვლენილი პატივი მასზე გამოსახულ იპოსტასამდე ადის; 6) ნებისმიერი უკეთური და შეურაცხმყოფელი მოპყრობა ხატის მიმართ ასევე ადის მის პირველხატამდე, ანუ ქრისტეს, ღვთისმშობლის, ანგელოზებისა და წმინდანების პიროვნებამდე.

ასე, რომ ვინც ზემოთაღწერილი ფორმებით, უჯეროდ და საყოფაცხოვრებო საგნებზე გამოსახავს წმიდა ხატებს, შეურაცხყოფას აყენებს მათზე გამოსახულ პირველხატს და უმძიმეს ცოდვას სჩადის.

მაშ, ბოლო მოვუღოთ ამ უსჯულო ქმედებას და აღვივსოთ ღმრთისადმი შიშითა და სიყვარულით. ამინ.

მომზადდა ინტერნეტ მასალების მიხედვით.

Комментариев нет:

Отправить комментарий