ღმერთი

ღმერთი

среда, 1 мая 2013 г.

სკვნილისათვის - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

    ქრისტიანი მაჯაზე ოქროს წნულს ატარებს,ზედ ობოლი მარგალიტივით - ეს ის მარგალიტია, რომლის გულისთვისაც სახარებისრულმა ვაჭარმა გაყიდა თავისი მამული და მეფის საგანძურზე ძვირფასი საუნჯე იყიდა: ეს ოქროს წნული სკვნილია.



წრე, სიმბოლურად მარადისობას აღნიშნავს. სკვნილის მეშვეობით ადამიანის სული სულიერ სამყაროს ეხება, სადაც დროს მარადისობა ცვლის. წრე უსასრულობის სიმბოლოა.



სკვნილი სულიერი გზის დასაწყისია, რომელსაც ბოლო არა აქვს - არ არსებობს კიდე და საზღვარი კაცის სულის ღმერთთან მიახლოებისთვის. სკვნილი ჩვენი მფარველი ანგელოზის უტყვი ხმაა - იგი აღვიძებს სულს, წარმავალი სოფლის სურათებში, თითქოს ავ სიზმრებში ჩაფლულს. სკვნილი უხმო ზანზალაკია, გარე სამყაროდან საკუთარ გულში რომ მოუხმობს ჩვენს გონებას - ისე, როგორც ეკლესიის ზარი უხმობს ადამიანებს ტაძარში. სკვნილი აფხიზლებს გონებას ყოფითი საქმეების მძიმე ძილისაგან.



სკვნილი ჩვენი გზამკვლელია მიწიდან ცისაკენ, გასაღებია, იესოს ლოცვისათვის გულის კარის გამღებელი; ჯაჭვია, სულიერ სამყაროსთან სულის დამაკავშირებელი; კიბეა, ზეციურ იერუსალიმში ამყვანებელი, სადაც ყოველი კვანძი ზევით მიმავალი საფეხურია.



სკვნილი განუყრელი, საყვარელი მეგობარია, რომელსაც სული ესაუბრება. ესაა სულის ყელსაბამი, სჯულიდან მადლამდე - ლოცვითი კანონიდან განუწყვეტელ ლოცვამდე გადებული ხიდი. სკვნილის ყოველი კვანძი სულიერ ყულაბაში ჩადებული პატიოსანი თვალია, საუკუნო ცხოვრებაში რომ გამოჩნდება; ესაა ოქრო, რომლითაც სული საზვერეებში თავის გამოსყიდვას შეძლებს. სკვნილის კვანძები ლოცვის ცრემლებია, მფარველი ანგელოზი რომ აღნუსხავს. სკვნილი ადამიანის იმედია, იმედი იმისა, რომ ღმერთია მასთან, თუნდაც ბედმა ქვეყნის დასალიერში გადააგდოს თოვლის ფანტელივით. სკვნილი სიხარულის განცდაა იმის გამო, რომ უფლის სახელი ასე ახლოსაა სულთან - უფრო ახლოს, ვიდრე სუნთქვა, თვალისჩინი და გულისძგერა. სკვნილის კვანძებზე თითების მოძრაობა სულის საიდუმლო სიმებზე ხემის შეხებას წააგავს.



იესოს ლოცვა ყველა ლოცვის საფუძველია, ამიტომ სკვნილი არის წიგნთა წიგნი, ესაა გალობა, ამა სოფლის გზაზე რომ მიგვაცილებს; გალობა, კაცის ძალთა განმაახლებელი. იესოს ლოცვა ის კვერთხია, შორეულ გზაზე მიმავალი რომ ებჯინება; მშობლიური სახლის ფანჯრებიდან გამომავალი სინათლეა, კაცის სული შორიდანვე რომ ხედავს; ესაა ბავშვობის სიწმინდე და მოხუცებულობის სიბრძნე. სკვნილი ჯოჯოხეთში ჩაგდებული თოკია, ცოდვილები რომ ებღაუჭებიან, რათა მოყვასის ლოცვით თავი დააღწიონ საუკუნო წყვდიადს. სკვნილი წინაპართა სიხარულია იმის გამო, რომ შთამომავლობაში გაუჩნდათ მლოცველი, მათი შველა რომ ძალუძს. სკვნილი იმედის სხივია, ქვესკნელს რომ ანათებს. სკვნილი საგვარეულო წყევლის დახსნა და მშობლების ლოცვა-კურთხევის გამრავლებაა. წმინდანთა ხელში სკვნილი ის ყულფი იყო, რომლითაც დემონებს აშთობდნენ; ის მათრახი, ეშმაკებს რომ განასხამდნენ. სკვნილის კვანძები კლდეებია, რომლებთაც შეხლაც მუსრავს ცოდვილ გულისსიტყვებს - ბაბილონის ყრმებს; სკვნილის კვანძები ზეციდან ადამიანის ხელში მოხვედრილი ვარსკვლავებია; სკვნილი მაშველი რგოლია, ცოდვის ჭაობში დანთქმულთათვის გადაგდებული; სკვნილის წრე ციხესიმაგრის კედლებია, რომელშიც ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. სკვნილი მონადირის მიერ დაგებული მახეა, რომელშიც ველური მხეცივით იხლართება ლოცვის მტერი - დემონი; ცეცხლოვანი რკალია, რომელზეც ვერ გადმოვა კაცის გარშემო ჩასაფრებული მგლების ხროვა; ბადეა, რომლითაც გონება ისე იჭერს გულისსიტყვებს, როგორც ჩიტებს - მეჩიტბადე.



სკვნილი სულიერი გზაა, რომელიც არასოდეს მთავრდება; ესაა გალობა, რომელიც არასდროს წყდება. სკვნილი ედემის ჩრაზული კარია, რომელიც კვლავ იღება ჩვენთვის იესო ქრისტეს სახელი კი - ცეცხლოვანი ისრები, სატანის განმგმირავი. სკვნილი სამოთხის ბაღში ამოზრდილი საოცარი, სურნელოვანი ყვავილია. ესაა გონენის ჩაფხუტი და გულის ფარი, ქრისტიანის მცველი სულიერ ბრძოლაში.



სკვნილის კვანძები ის თვალებია, რომლებითაც ადამიანი ზეცას ჭვრეტს, ანგელოზის თვალებია, კაცის გულში რომ იხედება. ესაა ედემს რგული ცხოვრების ხის რტო, უკვდავების მომნიჭებელი. სკვნილი ცეცხლოვანი მახვილის მპყრობელი ქერუბიმია, გულის კართან რომ დგას ბოროტ სულთაგან დამცველად. სკვნილი მამასისხლად ნაყიდი საუნჯეა: მას უნდა ვანაცვალოთ ყოველივე წარმავალი, რაც ამ სოფელში მოვიხვეჭთ, რათა უხრწნელი და საუკუნო საუნჯე მოვიგოთ. სკვნილი უროა, კაცის გულის მტკიცე გრანიტის დამანგრეველი; ელვაა, სულში ჩამოწოლილი ბნელი ღამის გამანათებელი, სასწაულმოქმედი თიხაა, ბრმების თვალის ამხელი.



სკვნილი სასოებაა ერთი ღმერთისადმი, კაცისადმი სასოების დამშრეტელი; ღრმა ჭაა, რომლის ფსკერზეც მადლის ცხოველი მდინარეები მოედინებიან; უხილავი ნაკადია, ჩვენი ვნებების ალის დამშრეტელი; სკვნილი ქნარის სიმები და ანგელოზთა გალობის ექოა; მკერდს ჩასახული, ახალი სულიერი გულია. სკვნილი ასფურცელა ძაფია, ურიცხვი ვარსკვლავით მოჭედილი ცის თაღივით რომ ბრუნავს; ესაა ხომლი, ამ ძაფის კვანძებთან თითბის შეხებისას რომ ინთება; ასსასანთლეა, ისე რომ ეგზნება იესო ქრისტეს სახელოთ, როგორც აბედი - კვესით. სკვნილი ძველი ასოებით ნაწერი წიგნია, მუდამ ახალს რომ გვიცხადებს.





სკვნილი მოსეს კვერთხია, გველად რომ იქცა ეგვიპტელ მოგვთაგან შექმნილი შხამიანი გველების - ამპარტავნებისა და ხორციელი ვნებების შთანსათქმელად; ის კვერთხია, ანკარა წყაროს წყლად - სულიერ ნუგეშისცემად რომ გარდაქმნის მერრანის მწარე წყალს - ამა სოფლის მწუხარებებს. სკვნილი სულის ყველა წყლულის მაკურნებელი მირონია.



სკვნილის კვანძები ხორბლის მარცვლებია, საუკუნო ცხოვრებაში თავთავებად რომ იქცევიან. სკვნილი სულიერი ბრძოლისათვის გამზადებული მახვილია, მებრძოლს რომ უპყრია. სკვნილი ფრთებია, გონების ზეცად ამყვანებელი: როგორც კი ლოცვა წყდება, სკვნილიც შეშდება და გონება მოკლული ჩიტივით ეცემა მიწაზე.



სკვნილი მხატვრის ფუნჯია, სულში ნათლის საღებავებით უფლის სახეს რომ ხატავს; სატეხია, გულისფიცარზე იესო ქრისტეს სახელს რომ კვეთს; ოქროს კალამია, სულის სიღრმეში უფლის მცნებებს რომ წერს. სკვნილი დანაა, მეხსიერებიდან ცოდვის ნალექს რომ ფხეკს.



სკვნილი სინას მთაა, სადაც ღმერთი კაცს ეჩვენა; შეუწველი მაყვალია, რომლის სიახლოვესაც ღმერთი თავის სახელს გვიცხადებს. სკვნილი ზეცის სარკმელი და გულის საიდუმლო სავანის კარია; ესაა სულის - ევას დუმილი, გველის მაცდური ჩურჩულის პასუხად, ესაა გონების - ადამის სიმტკიცე დაცემული სულის - ევას გრძნობათა ვნებიანი სიტყვების წინაშე. სკვნილი სულის მიერ მხეცის ტყავისაგან შეკერილი სამოსელის განძარცვა და უწინდელი ნათლის შესამოსლის შემოსვაა. სკვნილი მიწაზე დაკარგული ედემის გლოვა და ზეციური სამოთხის მოპოვების სიხარულია. სკვნილი ის სკივრია, უძვირფასეს საუნჯეს - იესო ქრისტეს სახელს რომ ინახავს. თუ სადმე მტრები გყავს, შენთან შერიგება რომ არ სურთ, სკვნილზე ლოცვა გაზაფხულის მზესავით გაალღობს მათ გულებს და მეგობრებად გიქცევს. თუ შენი სული უდაბნოსავით უნაყოფოა, სკვნილი წვიმის ნაკადად მოგევლინება და ქვიშასა და ქვებს შორის ყვავილებს აღმოაცენებს.



სკვნილი შინაგანი სენაკის კარზე დადებული ურდულია, შიგ ღამის ქურდებივით რომ არ შეიპარონ ამა სოფლის მომხიბლავი სახეები. სკვნილი თვალებზე ჩამოსაფარებელი ფარდაა, ბაგეზე დასადები კლიტეა, ესაა ბნელი წარსულის დავიწყება და ბუნდოვანი მომავლის უარყოფა. ესაა განთავისუფლება ვნებიანი მოგონებებისა და ხვალინდელი დღის მძიმე საზრუნავთაგან. სკვნილი საკუთარი თავისა და ყველა ახლობლის ღმერთისთვის მინდობაა. სკვნილი სულიერი გზაა იერიქონიდან იერუსალიმამდე - დაწყევლილი ქალაქიდან ღვთის ქალაქამდე. სკვნილი ხიდია, იორდანეს ორ ნაპირს შორის გადებული. ათასიდან მხოლოდ ერთია მასზე გამვლელი. სკვნილი თაბორის მთაზე გაბრწყინებული ნათლის ათინათია. ეს ის ენაა, რომელზეც სული ზეცის მკვიდრთ ესაუბრება, ესაა უხილავის ხილვა და დუმილის შესმენა.



სკვნილი გულის საიდუმლო მოღვაწეობაა, გულისა, რომელიც სულის საცხოვრისია. ესაა სასწორი, რომელზეც გონება ისე წონის თითოეულ სიტყვას, როგორც ოქრომჭედელი - ოქროს ნამცეცებს. სკვნილი ცოდვილისადმი თანაგრძნობა და დაცემულისთვის გაწვდილი ხელია. სკვნილი მაგრად შემოჭერილი ქამარია, მუცელს - ხორციელ ვნებებს რომ თოკავს. სკვნილი ის საუნჯეა, ადამიანს თან რომ მიაქვს სამარეში. ამ განძს ვერც ქურდები შეეცილებიან, ვერც საფლავის მძარცველები, ,,შეუხებელია ყოველთავე მპარავთაგან” (კიბე 25,30). ღვთისგან მიტოვებულობისა და მოწყინების დროს სკვნილზე ლოცვა უდაბნოზე გამავალ გზას ჰგავს, სადაც ცას, გეგონება, სპილენძი გადაკვრიაო, მიწა კი სახმილივით გავარვარებულა - ამ დროს გონება, აზრები უსიცოცხლო ფერფლს წააგავს და მხოლოდ ნება ჩგვძახის: ,,იარე, იარე, ნუ შეწყვეტ ლოცვასო”.



სკვნილი ამა სოფლის ხედვაა, მისი მომავალი, ფერნაცვალები სახით. სკვნილი მოსეს კვერთხია, რომელმაც განაპო ზღვა მეწამული: ხელში სკვნილით და ბაგეზე - ლოცვით ადამიანი, როგორც ქვაფენილით მოკირწყლულ გზაზე, ისე მიაბიჯებს ცხოვრების ზღვის ფსკერზე. სკვნილი სახარებაა, მუდამ ხელთ გვიპყრია: სკვნილზე მლოცველი ყოველ დროს და ყოველგან ღვთის სიტყვას კითხულობს.



სკვნილი ჩვენი სულიერი ერთობაა წმინდანებთან. სკვნილი ქარია, ღვთის სიყვარულის ცეცხლის გამღვივებელი; მიწისქვეშა წყლებია, სულიერ მცენარეთა ფესვების მასაზრდოებელი. სკვნილი სამი მოგვის საბოძვარია: გუნდრუკი დაუცხრომელი ლოცვაა, მური - ვნებების მოკვდინება, ოქრო კი - იესო ქრისტეს სახელი.



სკვნილი სულის გაქცევაა ამა სოფლის ძალმომრეობისა და ვნებებისგან, დასაღუპად განწირული სოდომიდან ლოთის გაქცევის მსგავსი. სკვნილი ძე შეცდომილის დაბრუნებაა თვის ზეციურ მამასთან.



სკვნილი ზეციური ფილოსოფიის სახელმძღვანელოა; მთელი ის სიბრძნე, რაც მსოფლიოს ყველა წიგნთსაცავს რვა ათასი წლის მანძილზე შეუქმნია, იესოს ლოცვის რვა სიტყვაშია ჩატეული. სკვნილი ხილულს უხილავად აქცევს, უხილავს კი - ხილულად. სკვნილი ის კიბეა, რომელსაც ერთდროულად ქვევითაც ჩავყავართ და ზევითაც მიგვიძღვის: ქვევით - გულის სიღრმეში, სადაც სული საკუთარ თავს ხვდება, ზევით კი - ზეცისკენ, საითაც სული, ისე, რომ გულში რჩება, ღმერთთან შესახვედრად მიიწევს. სკვნილი ღვთისადმი ადამიანის სიყვარულის საზომია.



სკვნილი შავი ვარდია, ეულ საფლავზე რომ ყვავის; იგი გულის სიკვდილის გარდაუვალობას ჩასჩურჩულებს და უჩვენებს, სად მთავრდება ამა სოფლის გზები. დილით სკვნილი სულს ეუბნება: ,,ცხონდი”; ,,შუადღისას - ,,იშრომე”, საღამოს - ,,შეინანე”, ღამე კი - ,,მღვიძარე იყავი”-ო. სკვნილის კვანძები ყვავილის ფურცლებია, თითის შეხებით რომ იშლებიან ერთმანეთის მიყოლებით; სკვნილი მათრახია ლომთა მომთვინიერებლის ხელში - ამ მათრახით ხელში კაცი ისე შედის გულში ვნებების დასათრგუნად, როგორც მწვრთნელი - მხეცი გალიაში. სკვნილი სალამურია, რომლის ხმაც ესმით ზეცაში ანგელოზებს და სამარეებში - მიცვალებულებს. სკვნილი ის ღრუბელია, ღირსთა ცრემლები და მოწამეთა სისხლი რომ შეუსრუტავს.



სკვნილი სოფლის უარყოფაა იმისთვის, ვინც სოფელზე მაღლაა. სკვნილი საფლავებიდან ამოსული ხმებია: ,,ნუ დაგვივიწყებ! გლახაკები ვართ, ცოცხალთა კართან პურის სათხოვნელად მომდგრები”. სკვნილი უცნობ მართალთა ღვაწლია, იმ მართალთა, რომელთა გამოც ჯერაც არ დანთქმულა ეს სოფელი. სკვნილი თითქოს ათონის სიმყუდროვით და ნაზარეთის ყვავილთა სურნელით სუნთქავს. სკვნილი ის კალამია, პატერიკებს რომ წერდა განმარტოებულ სენაკებსა და გამოქვაბულებში.



სკვნილი წასულ მეგობრებთან შეხვედრის სიხარული და მტრებთან დამყარებული მშვიდობაა. სკვნილი სხივია, რომლის შუქზეც ადამიანი საკუთარ სულში გამეფებულ ჯოჯოხეთს ხედავს. სკვნილი ყულაბაა, სიკვდილის ჟამს რომ გაიხსნება. სკვნილი ბრმათათვის თვალის ამხელი და ამპარტავანთა თვალის დამვსებია. სკვნილი გულის თვალი და სულის სმენაა. სკვნილი მარწუხებია, ანთებული ნაკვერცხალი - იესო ქრისტეს სახელი რომ უჭირავთ.



სკვნილი სინას მთის უხმო ქუხილს და კარმელის მთიდან მობერილ სიოს ინახავს. სკვნილი ისრაელის ორმოცწლიან გზას ჰგავს, ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ მიმავალს. სკვნილი ღვთისაგან დატევებულობის წყვდიადია, რომელშიც მოსე შევიდა, რათა ღვთაებრივი ნათელი ეხილა. სკვნილი სინას მთის შეუწველი მაყვლოვანია, ამ მაყვლოვანთან გამოუცხადა უფალმა წინასწარმეტყველს თავისი საიდუმლო სახელი.



სკვნილი სულიერი მარილია, სულის იარებს ლპობას რომ არ ანებებს. სკვნილი ის ძაფია, გონება რომ წინააღმდეგობებისა და ეჭვების ლაბირინთებიდან გამოჰყავს. სკვნილი წინამძღვარია, უკანასკნელ წინამძღვართა სიკვდილის შემდეგ რომ შემოგვრჩა; მასწავლებელია, როცა გარშემო მასწავლებლები შემოგვეცალნენ, წიგნია, როცა ყველა წიგნი წართმეული და დაკარგულია. სკვნილი ჩვენი გზამკვლევია ამა სოფლის წყვდიადსა და უგზოობაში.



თქვა უფალმან: ,,არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა” (მთ. 10,34) - ეს მახვილია ადამიანების განყოფა სულისკვეთების მიხედვით. თუკი შენი ძმა მტრად გექცევა და ზიზღით პირს იბრუნებს შენგან, როგორც საზოგადოებიდან მოკვეთილისგან, ძველი მეგობრები ისე გაქრებიან, თითქოს ქარმა აღგავა მტვერი მიწის პირიდანი, ნათესავები სახლის კარს მიგიხურავენ, მამა გეტყვის: ,,სჯობდა მკვდრადშობილი მენახე, ვიდრე მორწმუნედო”, დედა კი წამოგაძახებს: ,,ნუთუ ეს შეშლილი მე ვატარე მუცლითო”, - მაინც არ დარჩები მიტოვებული და მარტოსული, სკვნილი იქნება შენი წინამძღოლი და თანამგზავრი. ქვეყნის დასალიერზეც რომ გადაგაგდონ, იქაც სკვნილი გაპოვნინებს ახალ ძმებს და სულით ნათესავებს. ციხის ცივ იატაკზე განრთხმული სიკვდილს რომ ებრძოდე, სკვნილი მიიღებს შენს უკანასკნელ ამოსუნთქვას და სკვნილი შეაერთებს მას უფლის სახელთან.



წიგნიდან: ღმერთთან მიახლების საიდუმლო - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

Комментариев нет:

Отправить комментарий