ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 12 мая 2013 г.

კუბელი მართლმადიდებლები ვიურცბურგიდან

„მართლმადიდებლობა გაცილებით ღრმაა“


ფრანცისკოსა და მონიკა გონსალესების მრავალშვილიანი ოჯახი წარმოშობით კუბიდანაა. ამჟამად ისინი თავის 4 შვილთან ერთად პატარა ბავარიულ ქალაქ ვიურცბურგში ცხოვრობენ. მონიკა ნახევრად კუბელი და ნახევრად ჩეხია. ფრანცისკოს ესპანური ფესვები აქვს. იგი პროფესიით ექიმია. გონსალესების ოჯახი გერმანიაში 1994 წლიდან ცხოვრობს.

კუბაზე გონსალესები კათოლიკები იყვნენ. ფრანცისკო და მონიკა თავად მოგვითხრობენ, როგორ ეზიარა მათი ოჯახი მართლმადიდებლობას. ფრანცისკო და ბავშვები მონათლულები არიან მართლმადიდებლურ ტაძარში, მონიკა კი ახლა ემზადება წმიდა ნათლობის მისაღებად.

ფრანცისკო: კუბაზე მართლმადიდებლობის შესახებ რაიმე ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. იქ არავინ იცის, რა განსხვავებაა კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის. პირველად მართლმადიდებლობის შესახებ კანადაში შევიტყვე, სადაც სამსახურეობრივ საქმეებზე - სამედიცინო კონგრესზე გავემგზავრე. თვითმფრინავში ერთი მართლმადიდებელი მანდილოსანი გავიცანი. მან ბევრი რამ მიამბო თავის სარწმუნოებაზე. მისი მონათხრობით ძალიან დავინტერესდი. შინ დაბრუნებულმა ვცადე, მეტი შემეტყო, მაგრამ ვერავინ დამეხმარა.

გავიდა დრო. საქმეებზე სტამბულში ჩავედი. პირველად იქ შევედი მართლმადიდებლურ ტაძარში. ცისკარი სრულდებოდა. მართლმადიდებლურმა მსახურებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გარინდებული ვიდექი და ვუსმენდი. მოულოდნელმა შთაბეჭდილებებმა შემძრა. ასე მეგონა, თითოქოს რაღაც ძალამ მაღლა ამიტაცა და ვეღარ გამეგო ამქვეყნად ვიყავი, თუ უკვე ზეცად ავმაღლდი.

მოგვიანებით, უკვე გერმანიაში, ჰამბურგის ბერძნულ ეკლესიაში დავესწარი მართლმადიდებლურ ლიტურგიას. ყოველმა დეტალმა, ყოველმა შტრიხმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ლოცვა სრულად ერწყმოდა ტაძრის მორთულობას. საოცარი იყო ღვთისმსახურების ხანგრძლივობა და სირღმე! ყოველივე ძალიან შთამბეჭდავი იყო, თუმცა, ცხადია, არაფერი მესმოდა.

მას შემდეგ მოვდიოდი აქ კვლავ და კვლავ: რაღაც, ჩემთვის აუხსნელი, უხილავი ძალა მაგნიტივით მიზიდავდა.

მონიკა: კარგად მახსოვს, როგორ დაბრუნდა შინ მართლმადიდებლური მსახურებიდან ჩემი მეუღლე. ძალიან ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა. მხოლოდ ეს მითხრა: „შენ ეს უნდა ნახო! იქ, ტაძარში ჩემს გვერდით უნდა დადგე!“ მაშინ მივხვდი, რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

კუბაზე რომ ვცხოვრობდით, ორივე კათოლიკები ვიყავით. ჩემი ქმარი ყოველთვის რელიგიური ადამიანი იყო. ამის გამო მას სტუდენტობის დროს პრობლემებიც კი შეექმნა კომუნისტურ ხელისუფლებასთან. მას სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა აუკრძალეს და იძულებული იყო, თხოვნით მთავრობისთვის მიემართა.

იმ დროს ჩვენთვის ვინმეს რომ ეთქვა, გავა დრო, ყველაფერი შეიცვლება და ჩვენ მართლმადიდებლები გავხდებით, ამას ნამდვილად ვერ ვირწმუნებდით!

ფრანცისკო: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის საუბრები მართლმადიდებელ მოძღვრებთან, მრევლთან, უბრალო მორწმუნეებთან. ამას ყოველი ღვთისმსახურების წინ და მის დასრულების შემდეგ ვახერხებდი. დავიწყე მართლმადიდებლური ლიტერატურის კითხვა, სახლში ყოველდღე წიგნები მომქონდა, ვეძებდი მართლმადიდებლურ „საიტებს“ ინტერნეტში. მხოლოდ ინფორმაციას კი არ ვიღებდი, ყველაფერს ხარბად ვისრუტავდი.

მონიკა: ერთხელ ჩვენ ერთად წავედით მართლმადიდებლურ ტაძარში. საოცარი სითბო და ოჯახური მყუდროება ვიგრძენი. ტაძარში ოჯახებით იყვნენ მოსულები; ბავშვების სიმრავლემ გამაოცა. ყველამ გულთბილად მიგვიღო. ძალიან მომეწონა, რომ ბავშვები საკურთხეველში მსახურობდნენ. სხვა ბავშვები მშობლებთან ერთად ტაძარში იდგნენ და წირვას ზრდასრული ადამიანებივით ისმენდნენ; ბავშვებიც ლოცვაში იყვნენ ჩართულნი.

ჩვენი მოქცევა მართლმადიდებლობაზე, ცხადია, წუთიერი გადაწყვეტილების საფუძველზე არ მომხდარა. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო. ბევრს ვკითხულობდით, ვესაუბრებოდით მართლმადიდებლებს, ვარკვევდით ჩვენთვის საინტერესო საკითხებს. კუბაზე კათოლიკურ ეკლესიაში რომ დავდიოდით, მაშინ დოგმატებზე დიდად არც დავფიქრებულვართ. ვერ ვერკვეოდით, რა განსხვავებაა ქრისტიანულ კონფესიებს შორის. ახლა გავაცნობიერეთ, რა არის კათოლიციზმი და რა არის მართლმადიდებლობა; და ორივემ მივხვდით, რომ მართლმადიდებლობა გაცილებით ღრმაა. თუმცა, ეს ერთი შეხედვით არ ჩანს, რადგან მისი არსი ადამიანს პირად განცდაში ეხსნება!

თავიდან მხოლოდ შორიდან ვაკვირდებოდით მორწმუნეებს, მათ ცხოვრებას, ვესწრებოდით ღვთისმსახურებას. ეს ძალიან ძლიერი შთაბეჭდილებები იყო. ყოველ წირვას თითქოს თავიდან განვიცდიდით. მართლმადიდებლური მსახურება ძალიან ღრმაა... ალბათ, ვერასდროს ჩავწვდები ბოლომდე და ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ყოველი დეტალი ბოლომდე ნათელი და გასაგებია.

ფრანცისკო: ერთხელ მართლმადიდებლურ მონასტერში მოვხვდი. ციკრის მსახურება ბერებმა დილის 5 საათზე დაიწყეს. შემდეგ მცირე ხანს დაისვენეს და ლიტურგია შეასრულეს... დროის შეგრძნება სრულიად დავკარგე. ღვთისმსახურება დროზე მაღლა იდგა.

ბერებმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს: მათმა ასკეტურმა ცხოვრებამ, საოცარმა სითბომ და სიყვარულმა, რომლითაც ადამიანებს ეპყრობოდნენ. მათთან დიდხანს ვისაუბრე. ბერების საუბრის მანერამ და შინაგანმა სიმშვიდემ ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი მარტივად და გასაგებად საუბრობდნენ ურთულეს თემებზე. არ შემიძლია სიტყვებით აღვწერო ჩემი განცდა; იგი შეიძლება მხოლოდ ზეციურ სასუფეველზე საუბარს შევადარო - მადლის მოქმედებით რომ შეიგრძნობ და გონებით სრულიად მიუწვდომელია!

მონიკა: ყოველთვის ვიცოდი, რომ ბევრი შვილი უნდა მყოლოდა. ფრანცისკოს თავიდან ეს არ სურდა. თუმცა, ჩვენ ორივენი მრავალშვილიან ოჯახებში გავიზარდეთ. მის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდა, ჩემს - სამი. მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს, გყავდეს და-ძმა. ჩვენ დალხენილი ბავშვობა არ გვქონია, მატერიალურ შეჭირვებას განვიცდიდით, - სათამაშოებიც გაცილებით ნაკლები გვქონდა, ვიდრე დღეს ჩვენს შვილებს აქვთ. მაინც საოცარი ბავშვობა გვქონდა! ოჯახში მრავალი შვილი ყოველთვის დიდი ბედნიერებაა! ამჟამად ჩემი ძმა ესპანეთში ცხოვრობს, და კი - კუბაზე. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ახლა ვცდილობ, ჩემს ბავშვებს ვაჩუქო ის სიხარული, რომელიც თავად განვიცადე ბავშვობაში. მრავალშვილიან ოჯახებში ბავშვები სულიერად ჯანსაღები და ბედნიერები იზრდებიან.

რა თქმა უნდა, ბევრი საზრუნავი გვაქვს. ჩემს ქმარს ბევრი შრომა უწევს. მე, ძირითადად, ბავშვებს ვუვლი. საზოგადოების დამოკიდებულება მრავალშვილიანი ოჯახებისადმი - არაერთგვაროვანია. ჩემთვის ხშირად უთქვამთ: „ოთხი შვილი?! როგორ უვლით?“ მე ვპასუხობ: „ალბათ, ვერ შევძლებდი, მაგრამ მათი სიყვარული მაძლიერებს!“ ბავშვების მოვლა, უბრალოდ, ბედნიერებას მგვრის. დღეს უკვე ჩემი ამოცანაა ბავშვების სარწმუნოებრივად აღზრდა; ეს ყველაზე რთული საკითხია.

ერთი ამბავი მინდა გიამბოთ ჩემი ქმრის ბავშვობიდან. ერთხელ მან მამამისს ჯინსის შარვლის ყიდვა სთხოვა. ჯინსები მაშინ ძალიან ძვირი ღირდა. მამამ მიუგო: „ამას ვერ შევძლებ, რადგან შენ მარტო არ ხარ, შენს და-ძმაზეც უნდა ვიზრუნო.“ მათ ოჯახში ხომ 5 შვილი ჰყავდათ... მაშინ ჩემმა ქმარმა ეს ვერ გაიგო. ახლა კი, როცა მას თავად ოთხი შვილი ჰყავს, - კარგად ესმის მამამისის სიტყვები. ახლა იმას ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შვილები აუცილებლად გაგვიგებენ, - მათ ხომ ბევრი რამ აკლიათ თავიანთ თანატოლებთან შედარებით. როცა მათი მეგობრები უყვებიან, თუ როგორ გაატარეს არდადეგები უცხოეთში, რთულია აუხსნა, რატომ არიან ისინი მოკლებულნი ასეთ დასვენებას. თუმცა, ამ სირთულეების გადაჭრაშიც სარწმუნოება გვეხმარება. ცხოვრების აზრი უცხოეთში დასვენებაში როდია, - არამედ გაცილებით უფრო ღრმა და სულიერია! ისინი ხომ უკვე მართლმადიდებლები არიან, ამიტომ მათაც სხვა კატეგორიებით აზროვნება მართებთ. იმედი მაქვს, რომ მათ ყოველივე ეს უკვე ესმით.

მტკიცედ მწამს, რომ ბავშვის აღზრდაში სარწმუნოება აუცილებელია. ასე მათვის ბევრის ახსნა შემიძლია. ახლა უკვე მარტივად ვპასუხობ მათ რთულ კითხვებზე. უფროსი ქალიშვილი ხშირად სიკვდილის შესახებ მესაუბრება. მორწმუნე ადამიანისთვის სიკვდილი სასოწარკვეთილება არაა. ამ თემაზე ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. სწორედ ამ საუბრის შემდეგ დაინტერესდა იგი ეკლესიური ცხოვრებით. როცა მას და-ძმა შეეძინა, გვკითხა: „ნუთუ ბავშვები ჩვენთან ასე უბრალოდ მოდიან?!“ ჩვენ ვუთხარით: „თქვენ, ჩვენი შვილები, ამქვეყნად იმიტომ მოევლინეთ, რომ ასე უფალმა ინება. თქვენ უბრალო ბიოლოგიური არსებები კი არ ხართ, - ღვთის შვილები ხართ; თქვენშია მისი ნაწილი - უკვდავი სული. თქვენ ჩვენი შვილები ხართ და ჩვენთან შემთხვევით არ მოსულხართ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ეს ძალიან გვინდოდა. თქვენ ხართ ყველაზე ძვირფასი, რაც კი ამქვეყნად გაგვაჩნია!“ ვფიქრობ, ასეთი საკითხები ბავშვებს აუცილებლად უნდა აუხსნა. სწორედ მშობლებს აკისრიათ იმის პასუხისმგებლობა, რომ ბავშვებმა უფლისადმი სწორი სარწმუნოებრივი დამოკიდებულება ისწავლონ.

ჩვენს უფროს ვაჟს ღამეული კოშმარები აშინებდა. იგი ტირილით იღვიძებდა და ამბობდა, რომ ეშინია. რაც შემეძლო, ვაწყნარებდი. ერთხელ თვითონ მოითხოვა, ღვთისმშობლის ხატი ჩემს ოთახში დაკიდეთო. ახლა იგი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს. ძილის წინ ხატს ემთხვევა, ჩვენ ერთად ვკითხულობთ ლოცვებს და მას კოშმარები აღარ აწუხებს...

ცხადია, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს გარკვეული კრიზისი. ეს, ალბათ, არც ჩემს შვილებს აცდებათ. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მათ განსაცდელში სარწმუნოება გადაარჩენს; რწმენა დაეხმარება, მოიპოვონ სიმშვიდე და ცხონდნენ. მე ამის ღრმად მწამს!

მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №40 (347), 2005

orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий