ღმერთი

ღმერთი

пятница, 12 июля 2013 г.

წმინდა კირილე იერუსალიმელი – “ღვთის განკაცებაზე”(ნაწილი 1)

1. სიწმინდისა და უმანკოების მოციქულებო, აღვუვლენთ ჰიმნს ქალწულისგან შობილ ღმერთს სისპეტაკით აღსავსე ტუჩებით. ჩვენ, რომელნიც შევიქმენით ღირსი თანაზიარ ვყოფილიყავით სულიერი კრავისა, განვიხილავთ “თავს ფეხებთან” ერთად. ღვთაებრივი ბუნება, რომელიც არის თავი, ხოლო ადამიანური კი ფეხები. მსმენელნო სახარებისა, მოდით ვუსმინოთ ღვთაებრივ იოანეს. მან, ვინც თქვა: “დასაბამში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი.”(იოანე 1:1) ასევე თქვა “სიტყვა გახდა ხორცი”(იოანე 1:14). ასე რომ, უწმინდურია მარტო კაცის თაყვანისცემა, ასევე არარელიგიური იმის თქმა, რომ მხოლოდ ღმერთია იგი. რადგან თუ ქრისტე ღმერთია, რაც ნამდვილად არის იგი, მაგრამ ადამიანური ბუნება არ მიუღია, მაშინ უცხონი ვართ ცხონებისგან. მოდით განვადიდოთ იგი როგორც ღმერთი, მაგრამ გვჯეროდეს იმისიც, რომ ჩვენთვის განკაცდა. რადგან უსარგებლოა მას მხოლოდ კაცი ვუწოდოთ ღვთის გარეშე, და ცხონების გარეშე ვყოფილვართ თუ მის ადამიანურ ბუნებას ვუარყოფთ. მოდით ვაღიაროთ იგი, ვინც არის მეფეცა და ექიმიც. რადგან როცა მეფე იესო აპირებდა გამხდარიყო ჩვენი ექიმი, მან აიღო ადამიანობის “პირსახოცი” და წელზე მოირტყა,(იოანე 13:4) და განკურნა ის ვინც ამას საჭიროებდ. სრულყოფილი მასწავლებელი ჩვილთა(რომ 2:20), თავადაც ჩვილი გახდა ჩვილთა შორის რათა მიეცა სიბრძნე უგუნურთათვის. ზეციური პური ჩამოვიდა მიწაზე(იოანე 6:32,33,50) რათა დაენაყრებინა მშიერნი.

2. მაგრამ ებრაელთა შვილები, რომელნიც ზიზღითა და ბოროტებით შეჰყურებდნენ მას, უარჰყვეს ნამდვილი მესია და ელიან მატყუარას, რომ თავადაც მოტყუვდნენ; როგორც ჩვენმა მესიამ თქვა: “მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ.”(იოანე 5:43) კარგი იქნება კითხვა დავუსვათ ებრაელთ. განა ესაია წინასწარმეტყველი როცა ამბობს: “ემანუელი შობილ იქნება ქალწულისგან”(ესაია 7:14), ტყუის? თუ ისინი ესაიას ტყუილში ადანაშაულებენ გასაკვირი ნამდვილად არაა: მათი წესია არამარტო ცილისწამება, არამედ წინასწარმეტყველთა ჩაქოლვა. მაგრამ თუ წინასწარმეტყველი მართალია, მაშინ რატომ უარყოფთ მას ვინც უკვე მოვიდა?

3. დაე იყვნენ ებრაელები აცდენილნი გზას, თუ ასე უნდათ: მაგრამ დიდება ღვთის ეკლესიას. რადგან ჩვენ ვიღებთ ღმერთ სიტყვას რომელიც იქმნა კაცად ჭეშმარიტად, ოღონდ არა, როგორც ერეტიკოსნი ამბობენ რომ კაცისა და ქალის ნებით მოხდა ასე; არამედ სულიწმინდისა და ქალწულის ნებით განკაცდა(ἐνανθρωπήσαντα), არა მოჩვენებითად არამედ ჭეშმარიტად.და რომ ის იყო ნამდვილი კაცი ქმნილი ქალწულისაგან, ამას კარგად აგიხსნით ამ ლექციაში, და მიიღებთ მტკიცებულებებს. ზოგს უთქვამთ, რომ იგი საერთოდ არ დაბადებულა, სხვებს კი რომ ის დაიბადა, მაგრამ არა ქალწულისგან, არამედ ცოლ-ქმრული კავშირის შედეგად. არიან ისინიც, ვინც ამბობენ, რომ ქრისტე განკაცებული ღმერთი კი არა გაღმერთებული კაცია – მათ გაბედეს ეთქვათ, რომ იგი, ღვთის სიტყვა კი არაა, არამედ ერთი კონკრეტული კაცი, რომელმაც ღმერთობა ჯილდოდ მიიღო.

4.მაგრამ დაიმახსოვრეთ რაც ითქვა გუშინ მის ღვთაებრიობაზე. გწამდეთ, რომ იგია მხოლოდშობილი ძე ღვთისა – რომ იგი დაიბადა მეორედ ქალწულისაგან. დაიჯერეთ რასაც მახარებელი იოანე ამბობს: “სიტყვა გახდა ხორციელი და დაემკვიდრა ჩვენ შორის.”(იოანე 1:14) ხოლო სიტყვა მარადიულია, შობილი მამისაგან უწინარესად ყოველთა საუკუნესა, გარდა ხორცისა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენს გამო მიიღო. ბევრი ეწინააღმდეგება ამას და ამბობს: “ჰქონდა კი ღმერთს ამხელა მიზეზი რომ ჩამოსულიყო კაცობრიობაში? ან შეუძლია ღვთაებრივ ბუნებას ადამიანი გახდეს? შეუძლია ქალწულს შვილი შეეძინოს?” რადგან ასეთი უთანხმოებაა, და ბრძოლას ბევრნაირი მიმართულება აქვს, მაშინ იესო ქრისტეს მადლითა და წყალობით, გავცეთ პასუხი ყოველ კითხვას.

5. და პირველად განვიხილოთ თუ რატომ ჩამოვიდა იესო. ოღონდ ჩემ არგუმენტებს კი არა წინასწარმეტყველთ მოუსმინეთ რადგან დაწერილ არს: “ნუ მიიღებთ კაცთა მოწმობას”(იოანე 5:34). რადგან ის ვინც ასე ასწავლის, საეჭვო ხდება: მაგრამ რომელ ჭკუათმყოფელს მოუვა აზრად დაეჭვდეს წინასწარმეტყველთა სიტყვებში რომელიც ათასწლეულების წინ დაიწერა? თU მაშ თქვენ ეძებთ მესიის მოსვლის მიზეზს, გადადით დაბადების პირველ თავში. ექვს დღეში შექმნა ღმერთმა სამყარო: მაგრამ ეს სამყარო კაცთათვის იყო. მზე, რომელიც ასხივებს სინათლეს, შეიქმნა რათა კაცთათვის სინათლე მიეცა და ყოველი ქმნილება ჩვენ გვემსახურება: მცენარეები და ხეები ჩვენი გართობისათვის შეიქმნა. ყოველი ნაყოფი ქმნილებისა იყო კარგი, მაგრამ არც ერთი არ იყო ღვთის ხატი გარდა კაცისა. მზე იქმნა უბრალო ბრძანებით, ხოლო კაცი ღვთის ხელებით: “მოდით გავაკეთოთ კაცი, ჩვენს ხატად”(დაბ. 1:26). ჰოდა თუ მიწიერი მეფის უსულო ხატი პატივსცამია, რამდენად სანაქებო და მნიშვნელოვანია რაციონალური ხატი ღვთისა?

მაგრამ როცა ეს გენიალური ქმნილება ნეტარებდა საოთხეში, სატანის შურმა გამოაგდო ისინი. მტერი ხარობდა მის დაცემას ვისიც შურდა: თქვენ გაგიხარდებოდათ თქვენი მტერის სიხარული? თანაც სატანას არც უცდია კაცის შეცდენა მისი სიძლიერის გამო, ამიტომაც ქალი აცდუნა, რომელიც ჯერ კიდევ ქალწული იყო – რადგან მხოლოდ სამოთხიდან გაძევების მერე “შეიცნო ადამმა ევა.” (დაბ 4:1)

6. კაენი და აბელი იყვნენ მეორე თაობა ადამიანთა: და კაენი იყო პირველი მკვლელი. ამის შემდეგ კი ვიხილეთ სოდომისა და გომორის ცეცხლში გახვევა. ცოტა ხნის მერე კი ღმერთმა ისრაელი აირჩია, რომელიც მას განუდგა და რჩეული ერი დაიჭრა. რადგან როცა მოსე ღმერთს ესაუბრებოდა, ხალხმა ხბოს თაყვანისცემა არჩიეს ღვთისას. მოსეს სიცოცხლის პერიოდში, რომელმაც მისცა მათ კანონი: “არა იმრუშო”, მაინც ბედავდნენ კაცები მეძავებთან სიარულსა და კანონების დარღვევას.(რიცხ. 25:6) და მოსეს მერე რამდენი წინასწარმეტყველი იქნა გამოგზავნილი ებრაელთა განწმენდისათვის: თუმცა ყველანი წუხდნენ რომ ვერ შეძლეს ხალხის გამოსწორება, როგორც ერთ-ერთი ამბობდა: “გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ სათხევლით.”(მიქა 6:2) და დავითიც: “ყველამ უარყო, ერთაანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქნელი კეთილისა, ერთიც არ არის.”(ფს. 13[14]:3) ასევე: “წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა”(ოსია 4:2).

7. დიდი იყო ჭრილობა კაცთა ბუნებაზე; “თავიდან ფეხებამდე არაფერი კარგი იყო მასში; შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი.”(ესაია 1:6) დამწუხრებული წინასწარმეტყველნი ამბობდნენ: “ვინ მისცემს სიონიდან ისრაელს ხსნას? “(ფს. 14[13]:7) და ითხოვდნენ ღვთისგან დახმარებას: “უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და ჩამოდი”(ფს. 144[143]:5). რთული იყო ვითარება, რადგან თვით წინასწარმეტყველებმაც ვერაფერი გააწყვეს, როგორც წერია: “დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი”(3 მეფ. 19:10). ბოროტება იყო ჩვენში და საჭირო იყო ღვთის ჩარევა.

8. და შეისმინა უფალმა წინასწარმეტყველთა ლოცვა. მან საკუთარი ძე გამოგვიგზავნა რათა განვეკურნეთ; და ერთ-ერთმა წინასწარმეტყველმა თქვა: “უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ”(მალ. 3:1) და შემდგომ სხვა წინასწარმეტყველმა, ამის გამგონემ უთხრა: როცა საუბრობ ღვთის ცხონებაზე, ჩუმად საუბრობ? როცა ღვთის კარგ საქმეებზე ქადაგებ, ჩუმად ქადაგებ?” და რაზეა ეს საუბარი და ქადაგება? აი გესმოდეთ: “მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა; მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.” (ესაია 68:18). უფალმა ასევე თქვა: “იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო, რადგან, აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს შუაგულში, ამბობს უფალი. მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს”(ზაქ 2:10,11); ებრაელებმა არ მიიღეს ცხონება უფლის მიერ, ამიტომ “მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა”(ეს. 68:18) ასეც მოხდა: “თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს.”(იოანე 1:11) და რა მოაქვს უფალს? “ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა და დავადებ მათ ნიშანს”(ესაია 68:18,19) და რა არის ეს ნიშანი? ეს ჯვარცმის შედეგად დატოვებული ნიშანია – ჯვარი, რომელიც ყოველ მის მეომარს აქვს თავზე. ასევე წინასწარმეტყველმა ამ სიტყვებითაც დაგვიმოწმა მისი განკაცება: “დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ – ნისლი უკუნი”(ფს. 17:10). “უკუნი” რადგანაც მისი განკაცება ვერ შეიცნეს ადამიანებმა.

9. მას შემდეგ, რაც სოლომონმა მისი მამის, დავითის სიტყვები მოისმინა, ააგო სასწაულებრივი სახლი, და იკითხა გაკვირვებულმა: “ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი?”(3 მეფ. 8:27) ‘დიახ’, თქვა დავითმა მოლოდინით: “იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე”(ფს. 71:6) ხომ იცით, რომ წვიმა უხმაუროდ ეცემა მოთიბულ მდელოზე; ამიტომ იყო მოგვებმა, საკუთარ არცოდნის გამო იკითხეს: “სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე?”(მათე 2:2) და შეშფოთებულმა ჰეროდემაც ხომ იკითხა თუ “სად უნდა შობილიყო იესო ქრისტე.”(მათე 2:4)

10. მაგრამ ვინაა ის ვინც ჩამოდის? აი ამბობს წინასწარმეტყველი: “იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან,”(ზაქ 9:9); მაგრამ მეფე ხომ ბევრია, რომელზე საუბრობ, ო წინასწარმეტყველო? მოგვეცი ისეთი ნიშანი რაც სხვა მეფეებს არ აქვთ. თუ იტყვი, ‘მეფე მდიდრულად შემოსილი’, ეს ხომ ისედაც ნათელია? ან თუ იტყვი, ‘დაცული შუბოსნეთ და მჯდომარე ოქროს ეტლში’, ესეც ხომ მოსალოდნელია? მოგვეცი რამე უცნაური ნიშანი ამ მეფისა. და წინასწარმეტყველი გვპასუხობს: “აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და ცხონების მომტანი. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე.”(ზაქ 9:9) მართლაც განსაკუთრებულ ნიშანია ეს. მხოლოდ იესო დაჯდა სახედარზე როცა იერუსალიმში შევიდა და ამავდროულად მეფური პატივით იქნა მიღებული. და როცა ეს მეფე მოვა, რას გააკეთებს იგი? “შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან, სადაც წყალი არა დგას.”(ზაქ. 9:11)

11. მაგრამ იქნებ ის შემთხვევით კვიცზეც დაჯდეს: სხვა ნიშანიც მოგვეცი თუ სად იქნება ეს მეფე. ასევე მოგვეცი ისეთი ნიშანი რაც ქალაქში იქნება. და თქვა წინასწარმეტყველმა: “შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის”(ზაქ 14:4). და განა ვინმეს უჭირს დაინახოს ზეთისხილის მთა იერუსალიმიდან?

12. ჩვენ უკვე გვაქვს ორი ნიშანი და მესამეც გვინდა. გვითხარი რას იზამს უფალი როცა მოვა. ამის შესახებ სხვა წინასწარმეტყველმა წარმოთქვა: “უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ. მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ.”(ესაია 35:6) მაგრამ კიდევ სხვა მინიშნება უნდა ითქვას ჩვენთვის. რომ ამბობ, ო წინასწარმეტყველო, რომ მოვა უფალი და გააკეთებს ისეთ რამეებს რაც არავის გაუკეთებია, კიდევ რა ნიშნის მოცემა შეგიძლია? “უფალი მსჯავრს სდებს თავისი ერის უხუცესებს და თავკაცებს: თქვენ გააჩანაგეთ ვენახი, ღარიბ-ღატაკთაგან წართმეულით აგივსიათ სახლები.”(ესაია 3:14); მართლაც მშვენიერი ნიშანია!

13. აი ეს ყველაფერი, რასაც ებრაელები კითხულობენ, მაგრამ არ ისმენენ; რადგან მათ დაიცვეს გულის ყურები რათა არ გაიგონ. მაგრამ მოდით ჩვენ გვწამდეს იესო ქრისტესი, რომელიც მოვიდა ხორცით და განკაცდა, რადგან სხვანაირად ჩვენ მას ვერც მივიღებდით. რადგან ჩვენ მას ვერ შევხედავდით და ვერ დავტკბებოდით მისით თუ არ განკაცდებოდა, მაგრამ გახდა ის ჩვენნაირი რათა დავმტკვბარიყავით მისით. როგორც არ შეგვიძლია ვუყუროთ სრულად მზეს, რომელიც მეოთხე დღეს შეიქმნა, როგორ შევხედავთ მას ვინც ღმერთია? უფალი სინას მთაზე ცეცხლად ჩამოვიდა, მაგრამ ხალხმა ეგეც ვერ აიტანა და უთხრეს მოსეს: “უთხრეს მოსეს: შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.”(გამოს. 20:19); და შემდგომ “რომელი ხორციელი ყოფილა, რომ მოესმინოს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ჩვენსავით ცოცხალი დარჩენილიყოს?”(მეორე რჯ. 5:26) მაშ თუ ღვთის ხმის გაგონება უკვე სიკვდილის ტლფასია, რა მოხდება მისი დანახვისას? მოსემახ ხომ თქვა: “ვძრწი და ვკანკალებ”(ებრ. 12:21).

14. და რას იტყვით თქვენ? ის ვინც ჩვენი ცხონებისთვის მოვიდა, უნდა ყოფილიყო დამღუპველი ყველასი ვინც მას შეხედავდა? დანიელმა ანგელოზის ხილვასაც ვერ გაუძლო და ანგელოზთა ბატონის ხილვისას რაღა მოუვიდოდა? გაბრიელი გამოჩნდა და დანიელი დაეცა. თუმცა ანგელოზი მივიდა მასთან და უთხრა: “ნუ გეშინია დანიელ, ადექი, მხნეთ იყავი, შესმენილ იქენ”(დან. 10:11) პასუხიც კი ვერ გასცა სანამ ადამიანური ხელი არ შეეხო მას. და ხომ გახსოვთ პირველი რაც თქვა დანიელმა: “ჩემო ბატონო, გამტანჯა ამ სანახავმა და ძალა გამომეცალა. როგორ შეუძლია ამ ბატონის მონა-მორჩილს ელაპარკოს ამ ბატონს? რადგან აღარც ძალა შემრჩა და აღარც სული მიდგას.”(დან 10:16,17) აი სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ღმერთმა ხორცი შეისხა, რადგან ასე ადამიანთა დარიგება უფრო გაუადვილდებოდა.

15. ასევე ესეც შეიმეცნეთ. იესო მოვიდა რათა ყოფილიყო მონათლული და წმინდა ეჰყო ნათლობა. მოვიდა რათა ექმნა სასწაულები. გახსოვთ? მან წყალზე გაიარა, არადა წერია: “ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა.”(ფს. 113:3) აი ამიტომ უფალმა მიიღო სხეული რათა ზღვას მისი მზერისთვის გაეძლო.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ქალწულ ევასგან სიკვდილი შემოვიდა; ამიტომ ქალწულისგანვე უნდა შემოსულიყო სიცოცხლე. როგორც გველმა აცდუნა ერთი, ასევე გაბრიელმა ახარა მეორეს. ადამიანებმა მიატოვეს ღმერთი და გააკეთეს კაცთა კერპები. ამიტომ რადგან კაცის ხატი არასწორად თაყვანიცემოდა როგორც ღმერთი, ამიტომ ღმერთი თავად გახდა კაცი, რათა ეს განექარვებინა. სატანა იყენებდა ხორცს ჩვენ წინააღმდეგ; და პავლე, რომელმაც ეს იცოდა, თქვა: “მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს”(რომ 7:23). მაგრამ სწორედ ის იარაღი, რასაც სატანა იყენებდა ჩვენ საწინააღმდეგ, ჩვენ გადასარჩენად იქნა გამოყენებული. უფალი მიიღო ადამიანური ბუნება, რათა გადაერჩინა ეს ბუნება; რათა მიეცა უდიდესი მადლი იმისთვის რაც მას არ შეიცავდა; რათა ცოდვილი კაცობრიობა ღმერთს შეერთებოდა. “ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი,”(რომ 5:19) აი ამიტომ ეტანჯა უფალი ჩვენს გამო; ხოლო სატანას რომ იგი სცოდნოდა, ვერ გაბედავდა მასთან მიკარებას. “რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს.”(1 კორ 2:8) მისი სხეული მაშასადამე იქცა სატყუარად სიკვდილის დრაკონისთვის, რომელსაც როცა მის შთანთქმას ლამობდა, უნდა ამოენთხია ისინიც რომელიც აქამდე ჰყავდა ჩაყლაპული.

16. მაშ უაზრობა იყო ქრისტეს განკაცება? ჩვენი სწავლებები გენიალური ფრაზები და ადამიანური ლოგიკის ნაყოფია? განა  წმინდა წერილში არაა ჩვენი ცხონება? ან არაა წინასწარმეტყველებანი შიგ? მაშ ილოცეთ და არავინ გაცდუნოთ; დაიჯერეთ, რომ ღმერთი გახდა კაცი, მაგრამ თუ ებრაელები მაინც უარზე არიან, ვუთხრათ ეს: რას ვამბობთ უცნაურს, როცა ღვთის განკაცებას ვაღიარებთ? განა თქვენვე არ ამბობთ, რომ აბრაამმა უფალი სტუმრად მიიღო?(დაბ 18:1) ან როცა იაკობი ამბობს: “პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი”.(დაბ 32:30) უფალი, რომელმაც ისადილა აბრაამთან ერთად, ჭამა ჩვენთან ერთადაც. რა არის ამაში უცნაური? პირიქით, ჩვენ ორი მოწმე გვყავს – ელია და მოსე, რომელნიც უფალთან ერთად იყვნენ ფერისცვალებისას თაბორის მთაზე. მაგრამ როგორც ადრე ვთქვი, რადგან დამტკიცდა რომ მას განკაცება შეეძლო, დანარჩენი არგუმენტების მოძებნა ბეჯითთათვის მიგვინდვია.

http://documentsingeorgian.wordpress.com/2011/11/09/წმინდა-კირილე-იერუსალიმე/




რას ნიშნავს გამოთქმა “ღვთის ხატი”? გენდერული თანასწორობა ანტიოქიურ ეგზეგეტიკაში
http://documentsingeorgian.wordpress.com/2012/03/20/რას-ნიშნავს-გამოთქმა-ღვთ/

Комментариев нет:

Отправить комментарий