ღმერთი

ღმერთი

вторник, 9 июля 2013 г.

ისწავლეთ ყოფნა.

მხცოვანი ასაკისთვის საჭირო სულიერი კითხვები

ავტორი: მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი



 თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა.

ვფიქრობ შემიძლია გესაუბროთ არა ობიექტური გადმოსახედიდან, არამედ უბრალოდ, როგორც მოხუცი კაცი (ოთხმოცი ათეული წლის ვარ და ამიტომ მაქვს უფლება ჩავთვალო თავი ასეთად) და როგორც ექიმი და მოძღვარი თითქმის ორმოცდაათ წლიანი გამოცდილებით.


პრობლემებს, რომლებსაც ადამიანი მხცოვან ასაკში აწყდება, ფესვები მის წარსულში, აწმყოსა და მომავალში აქვთ და მე მსურს ვთქვა რამოდენიმე სიტყვა სამივე სიტუაციის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ყოველი ასაკოვანი ადამიანი გარდაუვლად აწყდება საკუთარ წარსულთან შეხვედრის აუცილებლობას. ეს ეხება როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე მთელ ერებს. მგონი სოლჟენიცინი წერდა ერთ-ერთ თავის წიგნში, რომ ერი, რომელიც ვერ შერიგებია თავის წარსულს, ვერ შეძლებს ვერც ერთი პრობლემის გადაჭრას მომავალში. და მართლაც, ეს ეხება ყველა ჩვენთაგანს: მანამდე, სანამ ჩვენ ზურგს შევაქცევთ ჩვენს წარსულს, დავხუჭავთ თვალებს, და არ მოვინდომებთ წარსულის გახსენებას, ვერ გადავჭრით ვერც აწმყოს და ვერც მომავლის პრობლემებს. ამიტომ, პირველი რაც უნდა გააკეთოს ხნიერმა ადამიანმა, დაისახოს მიზნად ამოცანა – არ გაექცეს საკუთარ წარსულს; იყოს მზად, თუკი წარსულის მოგონება წარსდგება მის წინაშე, ან შეხვდება ადამიანს შორეული, უკვე კარგად დავიწყებული წარსულიდან და გაახსენებს გადაუჭრელ პრობლემას, რომ შეხვდეს მას პირისპირ. ეს შეიძლება სხვადასხვაგვარად ხდებოდეს და მე მსურს ორი მაგალითი მოვიყვანო.

რამდენიმე წლის წინ ჩემთან მოვიდა ასაკოვანი ქალი და მითხრა: “ არ ვიცი რა ვქნა: არ შემიძლია დაძინება არც ღამით არც დღისით, მიპყრობს სხვადასხვა ფიქრები, მომენტები წარსული ცხოვრებიდან. მივმართე ექიმს დახმარებისთვის, მან მომცა ძილის წამალი, მაგრამ არ მშველის: ის რაც იყო მოგონებები და ფიქრები, ღამის კოშმარად ქცეულა და ამას ვერაფრით ვშველი”.

და მე მივუთითე მას გაეკეთბინა ის, რაშიც უფრო და უფრო ვრწმუნდები რაც დრო გადის: ჩვენ გვიწევს თავიდან ვიცხოვროთ ჩვენი წარსულით მანამდე, სანამ არ გადავჭრით ყველა წამოჭრილ პრობლემას. სანამ პირისპირ არ შევეჩეხებით წარსულის სურათს (უძილობის დროს მხოლოდ ცუდი გვახსენდება), მანამდე სანამ არ გადავჭრით ამა თუ იმ საკითხს, ის ჯიუტად დაგვიბრუნდება მოგონების, ღამის კოშმარისა თუ ხილვების სახით. ამიტომ, მე შევთავაზე ამ ქალს მიეღო ის ფაქტი, რომ წარსული ასე ღრმად სტანჯავდა, როგორც ღვთის წყალობა: თუკი მოუწევს მას მარადისობაში გადასვლა ყველა ამ პრობლემით, მაინც მოუხდება მათი გადაჭრა, მაგრამ უკვე არა ისე, როგორც სიცოცხლეში, როდესაც გარემოებები უწყობდნენ ხელს. მან მკითხა, რა უნდა ექნა და მე ვურჩიე მას, როდესაც გაახსენდებოდა რაიმე მოვლენა, ეცადა დაებრუნებინა საკუთარი თავი იმ მომენტისთვის და განეცადა იგი ხელახლა, მაგრამ ახალი გამოციდილებით, იმგვარი, რომელიც დაეგროვებინა წლების განმავლობაში. შემდგომ კი დაესვა კითხვა საკუთარი თავისთვის: “უფალმა დამაბრუნა უკან, იმ დროში, მოვიქცეოდი თუ არა იგივენაირად, წარმოვთქვამდი თუ არა იგივე სიტყვებს რაც მითქვამს სამოცდაათი, ორმოცდაათი ან ორმოცი წლის წინათ?” და საჭიროა ამ კითხვის დასმა მანამდე, სანამ მთელი არსებით არ შეძლებ პასუხის გაცემას, არა შიშის, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე. გამოცდილების, რომელიც დაგროვილია მთელი ცხოვრების მანძილზე. არა, მსგავს სიტუაციაში მე ასე აღარ მოვიქეოდი. მთელი გონებითა და გულით, მთელი ნებითა და სხეულით განვაგდებ ამას, უწინდელი “მე” გარდაიცვალა.

და იცით? ეს გრძნობა და ფიქრი იმაზე, რომ გარდაიცვალე წარსული ცხოვრებისთვის, სავსებით რეალურია. მახსენდება, ერთი კაცი მივიდა მღვდელთან და ჰკითხა: “ასეთი პრობლემა მაქვს: რამდენიმე წლის წინ არასწორად მოვიქეცი ამასა და ამაში. მე შემიძლია მოვყვე ჩემი ცოდვის შესახებ, მაგრამ სინანული არ შემიძლია, არა იმიტომ რომ არ მიმაჩნია ის ცოდვად, არამედ მე მაქვს სრულიად აშკარა გრძნობა იმისა, რომ ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა ეს ოცდახუთი წლის წინ, მე არ ვარ. მე უკვე აღარ ვარ ის პიროვნება, ის ადამიანი მოკვდა, მე შემიძლია აღვწერო მისი ქმედებები, მაგრამ არ შემიძლია მისი სახელით მოვინანიო ცოდვები, რადგანაც მე ის აღარ ვარ”. სწორედ ამ ამბის მიტანას ვცდილობდი იმ ხნიერ ქალბატონამდე: ჩვენ გვეძლევა საშუალება ვიცხოვროთ და განვიცადოთ ყველაფერი თავიდან, სადაც გარდაუვლად მოგვიწევს დაბრუნება ჩვენი წარსულის ყველაზე ცუდ, მტკივნეულ და უმსგავსო საქციელებთან, რათა შინაგანად მიღწეულ გამოცდილებასთან ერთად გადავჭრათ ისინი, გამოვეხსნათ მათ, როგორც ხსნიან და ათავისუფლებენ აბურდულ კვანძებს.

მეორე მაგალითი, რომლის მოყვანაც მინდოდა, მსგავსია ამისა, თუმცა კი, მისი გადაწყვეტა სხვაგვარია. ჩემთან მოვიდა კაცი, რომელიც ოთხმოც წელს იყო გადაცილებული და რჩევა მთხოვა. როდესაც ის დაახლოებით ოცი წლის იყო, რუსეთში სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული. ის თეთრ გვარდიაში მსახურებდა ოფიცრად. ის საკუთარი ქვედანაყოფის მედდაზე იყო შეყვარებული და მასაც ძლიერ უყვარდა იგი. ყველაფერი იმედითა და სიხარულით იყო აღსავსე, მაგრამ ერთ-ერთი შეტევის დროს მედდა შემთხვევით აღმოჩნდა მის წინ და ოფიცერმა შემთხვევით მოარტყა იარაღი. ის ვერ შერიგებოდა ამ ამბავს.

მეუბნებოდა: “მე მოვკალი გოგონა, რომელიც მიყვარდა, რომელსაც ვუყვარდი. მე შევწყვიტე სიცოცხლე, რომელიც ის ის იყო იწყებდა გაფურჩქვნას, აღსავსე იყო შესაძლებლობებითა და მომავალით. რაღა უნდა ვქნა?” მე ვკითხე: “აქამდე რას აკეთებდით, მას მერე ხომ სამოცი წელი გავიდა?” მან თქვა: “მე მივდევდი ყველანაირ რჩევას, რასაც მაძლევდნენ. მე ვლოცულობდი პატიებისთვის, მაგრამ გულში შვებას ვერ ვპოულობდი; ვაბარებდი აღსარებას, ვტიროდი იმისთვის, რაც ჩავიდინე, ვიღებდი შენდობის ლოცვებს, მაგრამ არაფერი ხდებოდა. მისი ხსოვნისთვის კეთილ საქმეებსაც ვაკეთებდი რამდენიც შემეძლო, მაგრამ კვლავაც, ჩემს გულში არაფერი იცვლებოდა; ვეზიარებოდი, ვაკეთებდი ყველაფერს რასაც მართალი ადამიანი უნდა აკეთებდეს, რასაც მირჩევდნენ მეგობრები და ღვთისმსახურები”.

და მაშინ… იცით, მე ხშირად მგონია, რომ ჩემი ზეციური მფარველი – ბალაამის ვირია, რომლის ყროყინმაც გონს მოაგო ბალაამ წინასწარმეტყველი, როდესაც გზაზე გადაყრილი ანგელოზი ვერ შეამჩნია. ამიტომ მე ყური დავუგდე ჩემს ბალაამის ვირს და მისი რჩევის შესაბამისად დავიყროყინე. აი, რა ვთქვი: “თქვენ სთხოვდით შენდობას უფალს, მას ვინც არ მოგიკლავთ, თქვენ სთხოვდით მღვდელს ცოდვების მიტევებას, რომლისთვისაც ზიანი არ მიგიყენებიათ. თუ გითხოვიათ პატიება თავად მაშასთვის, რომელიც მოკალით?” “კი, მაგრამ ის ხომ მკვდარია”, – თქვა მან. “დიახ, ის მკვდარია იმ გაგებით, რომ ფიზიკურად თქვენმა ტყვიამ შეწყვიტა მისი სიცოცხლე. მაგრამ, განა არ გწამთ, რომ ღმერთი არ არის მხოლოდ მკვდართა, არამედ ცოცხალთა ღმერთია?” (მარკ. 14:27) ის პასუხობს – “მწამს”. “ესე იგი ის ცოცხალია. ამიტომ მწუხრის ლოცვის შემდეგ დაჯექით სავარძელში და გაესაუბრეთ მას. სთხოვეთ უფალს რომ მიაწვდინოს მას თქვენი ხმა. მოუყევით მას თქვენი სინანულის შესახებ, მოუყევით ყველაფერი რისი განცდათ მოგიწიათ, თქვენი ტკივილისა და სასოწარკვეთის შესახებ, სთხოვეთ შეგინდოთ და ილოცოს უფლის წინაშე, თუკი ის შეძლებს მთელი გულით შეგინდოთ, სთხოვოს უფალს, მოგანიჭოთ სიმშვიდე”. და ეს აღსრულდა.

ეს წარსულის პრობლემის მოგვარების სხვაგვარი გზაა, თუკი ჩვენ ნამდვილად გვწამს, რომ ღმერთი ცოცხალთა ღმერთია და მასში და მისთვის ყველა ცოცხალია. მდგომარეობა ყოველთვის ვერ გამოსწორდება, თუკი მხოლოდ თქვენ შეიცვალეთ, რადგან მასში შეიძლება სხვა ადამიანებიც იყვნენ ჩართულნი. არ შეიძლება უბრალოდ თქმა: “მე შევურიგდი ბოროტებას, რომელიც მივანიჭე სხვა ადამიანებს”, მაგრამ შეიძლება შეურიგდეთ გარემოებებს. ამას მე ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდები, აწმყოს პრობლემებზე საუბრის დროს.

ასეთია ჩვენი მდგომარეობა წარსულთან მიმართებაში: წარსული ორსახოვნად არსებოს ჩვენში. ეს შეიძლება იყოს მოვლენები, რომლებიც შეგვემთხვა ცხოვრებაში, იმოქმედა ჩვენზე, მაგრამ შემდეგ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, გაქრა ისე, როგორც საკვები, რომელსაც ვიღებთ. მისგან იგება ჩვენი სხეული, მაგრამ ჩვენ ვეღარ ვამჩნევთ მას, როგორც კი ის ჩვენი სხეულის, სისხლის, კუნთების ან ცხოვრების ნაწილი ხდება. ასევეა წარსულიც, რომელიც ჩვენშია გადაუჭრელი პრობლემების სახით. და აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ღმერთი გვაძლევს შანსს, გამუდმებით გვაბრუნებს სიზრმრებში, ღამის კოშმარებში, მოგონებებში, სხვადასხვა სახის შეხვედრებსა და რომანების კითხვის დროსაც კი, სადაც უცაბედად ვაწყდებით საკუთარ თავზე გადამხდარი მომენტების აღწერას და თავზარს გვცემს ის ამბავი, რომ ხელახლა გვიწევს მათი განცდა. ჩვენ არ უნდა ვაქცევდეთ ზურგს წარსულს, უნდა შევხედოთ მას თვალებში და დავუსვათ თავს კითხვა: “ვარ თუ არა ის ადამიანი, რომელიც ასე მოიქცა, თუ არა? თუკი მე ისევს ის დავრჩი, მაშინ ეს არ არის წარსული, ეს – ჩემი აწმყოა და იგი ამოსაძირკვია ნებისმიერი ხერხით”. აი, მოკლედ რისი თქმაც მინდოდა წარსულის პრობლემის შესახებ.

არსებობს ასევე აწმყოს პრობლემა. როდესაც სიბერე წაიღებს ყველაფერს, რასაც წარმოადგენდა ჩვენი ახალგაზრდა და სიმწიფის წლები, როდესაც ჩვენ განსაზღვრული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა, შეიძლება დადგეს პერიოდი, როდესაც ასაკობრივი სიმწიფის დრო ჯერ არ დასრულდეს, მაგრამ ჩვენ უკვე ვგრძნობდეთ, რომ ის თანდათანობით გვშორდება: ფიზიკური ძალები ნელნელა სუსტდება, გონებრივი შესაძლებლობები აღარ არის იგივე… და ხშირ შემთხვევაში ასაკოვანი ხალხი თავგანწირვით ეჭიდება იმას, რაც მიდის მათგან, რასაც ვერ აკავებენ, როგორადაც არ უნდა ცდილობდნენ. როგორც არ უნდა დაძაბოთ ფიზიკური ძალები, სამოცდაათი წლისა ვეღარ შეძლებს იყოს ისეთივე მხნე, როგორც ორმოცის ან ოცდაათი წლის ასაკში და ა.შ. რა უნდა ვქნათ? მრავალი ადამიანი გარკვეული პერიოდის მანძილზე მაინც ახერხებს შეინარჩუნოს ნაკვერჩხალი, რათა კვლავაც შეძლოს ცეცხლის გაჩაღება, რათა თუნდაც მცირე დროით მაინც შეძლოს იყოს ისეთივე, როგორც უწინ. მე ვთვლი, რომ ეს შეცდომაა: რაც უფრო მეტად ვცდილობთ გავაღვივოთ ნაკვერჩხალი, მით უფრო მალე იქცევა იგი ფერფლად. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, როგორც მე მესახება, ვიქტორ ჰიუგოს არაჩვეულებრივ სრტროფში გვეძლევა:

ის უბრუნდება პირველწყაროს,

ვინც მოწყვეტილა მოსულ დღეთა უსასრულობას

ახალგაზრდების თვალში ელავს უქრობი ცეცხლი

და ბერის მზერით ეფინება თანაბარ შუქად.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არის დრო აალებისა და არის დრო ნათების. მშვიდ შუქს, ზომიერს, რომელიც ანათებს წყვდიადში, შეიძლება უფრო დიდი სარგებელი ჰქონდეს, ვიდრე მწველ ცეცხლს.

ნიცშე თავის ერთადერთ რელიგიურ ლექსში ამბობს: “ნათელი არის ყველაფერი, რასაც მე ვიჭერ, ნაკვერჩხალი კი ის, რასაც ვუშვებ ხელიდან: ცეცლის ალი – ალი არის ის, რაც ვარ!”. მოხუცებული ადამიანისთვის ხიფათი იმაში მდგომარეობს, რომ რასაც ეხება, ფერფლად აქცევს. სწორედ ამიტომ ჩვენში უნდა განხორციელდეს უკიდურესად აუცილებელი ცვლილება: ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ ფაქტის მიღება, რომ ვერასოდეს შევძლებთ ვენთოთ მწველ ალად, მაგრამ შეგვიძლია ვანათოთ მშვიდი ნათებით. გარეშე მყოფთათვის ჩვენ შეიძლება შინაგანი სამყაროს გამაერთიანებელ ცენტრად და სიმშვიდის მაგალითად ვიქცეთ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავში მწველი ენერგია გამოვიმუშავოთ, ენერგია, რომელიც ადამიანებს მოქმედებისკენ უბიძგებს. და ყოველი ჩვენთაგანი უნდა შეეგუოს ამ პროცესს, რადგან ძალით ვერავის შეცვლი, მაგრამ თუკი ჯიუტად გააგრძელებ წვას, ადრე თუ გვიან ჩაიწვები. მაშინ კი, უკვე გვიანი იქნება ალის გადაქცევა ნათებად, ცეცხლის გადაქცევა შუქად.

მოხუცებულობის დროს სხვა, არანაკლებ რთული მომენტი იჩენს თავს – როდესაც ესა თუ ის მოქმედება აღარ შეუძლია ადამიანს. არსებობს ორი განსხვავებული მდგომარეობა – პასიურობა და მჭვრეტელობა. ხშირ შემთხვევაში ხნიერი ადამიანი შიშით ემზადება იმისთვის, რომ, რა წამს ვეღარ შეძლებს ზემოქმედება იქონიოს მოვლენებზე, მოუწევს პასიური ცხოვრება და იძულებული გახდება საკუთარ თავზე მიიღოს ბედის დარტყმები. ნაცვლად ამისა, მას უნდა შეეძლოს ისწავლოს მჭვრეტელობა, ანუ, გააჩნდეს უნარი მშვიდად განჭვრიტოს მოვლენები და აუჩქრებლად, მთელი ცხოვრებისეული გამოცდილებით და ცივი გონებით მიიღოს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოთქვას სიტყვა, რომელიც სიმშვიდის სიღრმეებიდან გაიჟღერებს, თუ გნებავთ, გაიჟღერებს დუმილის სიღმეებიდან და ეს იქნება სიტყვა ჭეშმარიტებისა, რადგან იქნება გამომხატველი იმისა, რაც დუმილის შუაგულში მდებარეობს, რომელიც სიტყვების მიღმაა.

თუმცაღა არის ისეთი რამ, რაშიც ადამიანი უძლურია ნებისმიერ ასაკში, რამეთუ არა მხოლოდ მოხუცებულებს უჭირთ ამა თუ იმ საქმის დაძლევა. ამიტომ ყველა ხანდაზმული თუ ხანში შესული ადამიანი უნდა დადჯეს და დაფიქრდეს: “რისი უნარი გამაჩნია მე”? ცხადია, საუბარი არ არის ცხოვრებისეულ დუღილზე, ეს ყოველთვის საწყალობლად გამოიყურება, არამედ შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედება იგულისხმება, რამდენზეც სამყოფია ფიზიკური მდგომარეობა, მხედველობა, სმენა, არსის წვდომა. ზოგჯერ ასაკოვან ადამიანს შეიძლება დაეხმარო საკუთარ თავში მეტად მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინოს: რასაც ის წარმოადგენს, თუნდაც ისეთი რამ, რასაც წარსულში ის იოლად გაართმევდა თავს.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ჩემი ბებია გარდაიცვალა როდესაც ის ოთხმოცხდათხუტმეტის იყო. ამ ასაკამდე არც თუ ისე ადრე ის უკვე აღარ იყო არც ორმოცის და არც ორმოცდაათის, მაგრამ მას აღარ შეეძლო ეკეთებინა ის, რასაც ახალგაზრდობაში აკეთებდა. ერთხელ დაიჟინა სადილის შემდეგ ჭურჭელი გაერეცხა. კარგად ისმოდა, როგორ რეცხავდა ჭურჭელს, მაგრამ ბოლოს გაისმა საშინელი მსხვრევის ხმა. ის შემოვიდა ჩემს ოთახში და თქვა: “მთელი ჭურჭელი დავამსხვრიე, ჯერ გავაკრიალე და შემდეგ შემთვევით იდაყვი ვკარი და იატაკზე გადმოვყარე. არაფერი გადარჩენილა. რაღატომ მაცოცხლებს ღმერთი, თუკი მე აღარაფრის მაქნისი არ ვარ, ჭურჭლის გარეცხვაც კი აღარ შემიძლია?!” მე მას ვეუბნები: “შემიძლია ორი მიზეზი დავასახელო”. სმენა დაძაბა, რადგან ორი მიზეზი – ეს უკვე ბევრია. “ჯერ ერთი – ზეცაში ისედაც ბევრი ბებიაა, შენ გგონია ღმერთს უნდა კიდევ ერთი?”. ის გამიწყრა და მითხრა: “შენ ხუმრობ და მე კი სერიოზულად ვლაპარკობ”. მე ვუთხარი: “მაგრამ არის მეორე მიზეზიც. არის ისეთი რამ, რაც სამყაროს შექმნიდან საშინელ სამსჯავრომდე და მას შემდეგაც ვერც ერთი ღვთის ქმნილება შენს გარდა, ვერ შეძლებდა გაეკეთებინა”. მან ინტერესით შემომხედა და მკითხა: “რა არის ეს?” მე ვუპასუხე: “სამყაროს შექმნიდან იმ მომენტამდე, როდესაც განიხვნება ჩვენს წინაშე მარადისობის კარი, შენს გარდა ვერავინ შეძლებდა ყოფილიყო ჩემი ბებია”.

“იყო ჩემი ბებია” არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სიცოცხლე მისცე ჩემს დედას, რომელმაც საბოლოო ჯამში მე მშვა. იყო ბებია, მოიცავს თავის თავში სიტუაციის მთელ სისრულეს. და, იცით, ამ სიტყვებმა მისთვის საკმაოდ დამაჯერებლად გაიჟღერა. ამიტომ, თუკი გიწევთ ურთიერთობა ხანდაზმულ ადამიანებთან, რომლებიც თავს უსარგებლოდ თვლიან, შეიძლება ვუთხრათ: “არა, არის ისეთი რამ, რასაც შენს უკეთ ვერავინ შეძლებს. შენ ხარ – ჩემი დედა, ჩემი ბებია, ჩემი მეგობარი, ხარ ეს ან ეს და ა.შ.”, რათა მიხვდეს ადამიანი, რომ სწორედ ამაშია მისი აბსოლიტური და უცვალებელი, განუმეორებელი მუდმივი ღირებულება და თვქენ დაინახავთ, რამხელა იმედისა და სიხარულის მუხტს მისცემს ეს ადამიანს.

არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც აწმყოს ეხება: ასაკთან ერთად ჩვენ უფრო მეტად ვხდებით სხვა ადამიანებზე დამოკიდებულნი, რადგან იკლებს მხედვებლობა, გვღალატობს მეხსიერება, გვტოვენებ ძალები, ან იმის გამო, რომ მძიმედ ავად ვხდებით. ამიტომ მოხუცები ხშირად ამბობენ: “ რატომ არ ვკვდები? არ მინდა ტვირთად ვაწვებოდე ახლობლებს”.

ასეთი სიტყვები არასოდეს არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე, რადგან ეს გამოუვალი სიტუაციის შემთვევაა. თუკი შენ დარწმუნებული ხარ, რომ ტვირთი ხარ, აღარაფერი დაგრჩენია გარდა თვითმკვლელობისა ან უბრალოდ დააჩქარო საკუთარი სიკვდილი. მაგრამ შენ ვერასოდეს იქნები ტვირთი თუ… და არსებობს ორგვარი “თუ”. პირველი: თუ შენს ახლობლებს უყვარხარ, მაშინ მათთვის შენ ტვირთი ვერ იქნები. ალერსით, ყურადღებითა და გულისყურით ზრუნვა იმაზე, ვინც უყვარდათ მთელი ცხოვრება – სიხარული და პრივილეგიაა და სინამდვილეში, საზღაურია (მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე კარგი სიტყვაა), საზღაურია ყველაფერ იმისთვის, რაც გაგიკეთებია მათთვის. დედა წლების განმავლობაში ზრუნავდა შვილებზე, და ეხლა ეს მათი პრივილეგიაა, დიახ, მე დაჟინებით მოვითხოვ, დედაზე ზრუნვა პრივილეგია უნდა იყოს შვილისთვის. ოღონდ ეს არ უნდა იყოს უპირობოდ. აი, აქ ჩნდება მეორე “თუ”.

თუ თქვენ ალერსსა და სიყვარულზე გახდით დამოკიდებულნი, თქვენი ამოცანაა მეტად გაამარტივოთ და შეამსუბუქოთ არსებული სიტუაცია. ის რაც გეძლევათ უნდა მიიღოთ მადლიერებით და ახლობლებთან ურთიერთობა აქციოთ დღესასწაულად და არა საკუთარი თავისა და მათი დასჯის საშუალებად. და იცით? – მიიღოთ ყველაფერი დიდსულოვნად, მადლიერებითა და სიხარულით – ხელოვნებაა, რომელიც ყველას ვერ ხელეწიფება. მცირე ხნიანი ავადმყოფობის დროსაც კი ადამიანები ხშირას ვერ ახერხებენ ამას, ხოლოდ როდესაც წინ დიდხნიანი სიბერეა, საჭიროა სწავლა და სწავლა, გადაუდებლად. საჭიროა შევახსენოთ თავს, რომ ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ ზრუნვის საგანი და ეს შეიძლება იქცეს დამაცარიელებელ ფაქტორად, ასევე უაღრესად შედეგიან გამოცდილებად. ერთ-ერთ ფსალმუნში ნათქვამია: “რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?” და პასუხია: “სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო.” (ფს. 115:3-4)

საჩუქრის მიღება სიხარულით, გახსნილი გულით, გაბრწყინებული თვალებით, ალერსზე ალერსით პასუხი – არა მხოლოდ საუეთესო, არამედ ერთადერთი საშუალებაა ვიმოქმედოთ ისე, რომ გაცემა იყოს მარტივი და შესაძლებელი. და შესაძლებელია პირიქითაც მოხდეს, თუკი მივიღებთ დახშული გულით და მთელი არსებით დავანახებთ, რომ არაფრის დიდებით მისგან არაფერს არ მივიღებთ; მე არ ვიქნებოდი შენზე დამოკიდებული რომ არა რევმატიზმი, ავადმყოფობა და სიბერე; რამხელა უბედურებაა, როგორ მეცოდები, უფრო მეტად კი საკუთარი თავი მეცოდება, – ასეთ დროს, ცხადია, შეიძლება სიყვარულის ურთიერთობა ვაქციოთ სიმწარედ. ეს იმგვარი ცოდნაა, რომელსაც ყველა ასაკში შესული ადამიანი უნდა ფლობდეს, თავად ჩვენც უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი გავიაროთ ეს სკოლა რაც შეიძლება ადრე, რადგან ყველა ახლობელთა სიყვარულზეა დამოკიდებული – დიდები და პატარები, დაოჯახებულებიც, მარტოსულნიც და მოხუცებულებიც. ყველა ასაკში საჭიროა ვისწავლოთ მადლიერებით მიღება, დიდსულოვნად მიღება, მივიღოთ ისე, რომ თქვენს ახლობლებს ეძლეოდეთ სიხარული და ღრმა ურთიერთობები.

არსებობს კიდევ ერთი მხარე, რის შესახებაც მინდა შევჩერდე მცირე ხნით: ასაკოვანი ადამიანი, პერიოდულად ფიქრობს საკუთარ გარდაცვალებაზე და რაღაც მომენტში სიკვდილი შეიძლება ან ხსნას წარმოადგენდეს ან საშინელ კოშმარს. სიკვდილი შეიძლება გათავისუფლებად გვესახებოდეს, მანამდე, სანამ მის წინაშე პირისპირ აღმოვჩნდებით და მსგავს კატეგორიაში ვიმსჯელოთ მანამდე, სანამ სიკვდილი ჯერ შორსაა, მაგრამ რა წამსაც ის აღმოჩნდება ჩვენს გვერდით, როდესაც სხეული უკვე გრძნობს სიკვდილს, შეიძლება დიდი შიში გამოიწვიოს. ამიტომ საჭიროა გამოვიმუშაოთ სიკვდილის მიმართ ჯანმრთელი დამოკიდებულება, არა იმ დროს როდესაც ჩვენ გვეშინია, არამედ გაცლებით ადრე, ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან, მოწიფულ ასაკში. უნდა ვუყურებდეთ სიკვდილს შემოქმედებითად.

ჩემი აზრით, ყველაზე ადრე საჭიროა გაირკვეს სხვაობა გარდაცვალების პროცესსა და თავად გარდაცვალებას შორის, რადგან ბევრისთვის არ იქნებოდა სიკვდილი ისე საშიში, რომ არ უწევდეთ თვალყურის დევნება იმაზე, თუ როგორ მიდიან მათი ახლობლები: როგორ ნელდება გულისცემა, რთულდება სუნთქვა, ტანჯვა, რაც თანამდევია სხვადასხვა ავადმყოფობებისა და ა.შ. მაგრამ ეს არ არის სიკვდილი და თანამედროვე მედიცინისთვის აღარ წარმოადგენს ისეთ პრობლემას, როგორც უწინ.

ს.სონდერსი, მომაკვდავი პაციენტების მომვლელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სპეციალისტი, მეუბნებოდა, რომ ჩვენს დროში უკვე აღარ არის მიზეზი, რის გამოც კიბოთი დაავადებული პაციენტი უნდა განიცდიდეს ტკივილს ან ვარდებოდეს უგონო მდგომარეობაში. არსებობს პრეპარატების საკმაო რაოდენობა, რომელთა ხელმაჯრვედ გამოყენება თავიდან ააცილებს ამას. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს უნდა აეხსნათ, რომ გარდაცვალება არ არის კოშმარი, როგორადაც წარმოუდგენიათ და სმენიათ წარსულში. მეორე მხრივ, სიკვდილზე ფიქრთან და იმედთან, რომელსაც ის იძლევა, შესაძლებელია შეგუება. მაგრამ ის რისი გაკეთებაც არასოდეს არ ღირს, ხნიერ ხალხთან სიკვდილზე საუბარია. თითქოს შეგვეძლოს მათი შემზადება. შეუძლებელია შეამზადო ადამიანი იმისთვის, რაც თავად არ განგიცდია. ამიტომ საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერს, როდესაც განსაკუთრებით ახალგაზრდა მღვდლები ეუბნებიან მომაკვდავს: “ოჰ, ნე ღელავთ, თქვენ ნახავთ, როგორი იოლია და როგორი მშვენიერია ეს”.

რა შეიძლება ვქნათ? გაკეთება ბევრი რამის არის შესაძლებელი, მაგრამ არსებობს რაღაც ფუნდამენტალური: ჩვენ უნდა ვამზადებდეთ ადამიანს არა გარდაცვალებისთვის, არამედ საუკუნო სიცოხლისთვის. მხოლოდ იმ დონეზე, როგორშიც არის ადამიანი ხორციელად იმ მომენტში, რა დონეზეც განიცდის ის საუკუნო სიცოცხლის შეხებას, მას ექნება უნარი თვალებში შეხედოს ფიზიკურ სიკვდილს, რომელიც განყოფს სულსა და სხეულს და შეძლებს შეხედოს არა მხოლოდ თავდაჭერილად, არამედ იმედითაც, როგორც პავლე მოციქული, რომელსაც შეეძლო ეთქვა, რომ სიკვდილი მისთვის დროებითი სხეულის ჩამოშორებას კი არ ნიშნავს, არამედ მარადისობის შემოსვას. მომაკვდავის სულიერი მხარდაჭერა ნიშნავს დაეხმარო მას შეეზარდოს მარადისობას.

დავასრულებ ერთი მაგალითით, რომელმაც უარღესად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. როდესაც ახალგაზრდა მღვდელი ვიყავი, მყავდა ერთი მეგობარი, ჩემზე უფროსი, რომლის ცხოვრება საკმაოდ რთულად წარიმართა. ცხრამეტი წლის ასაკში ის აღმოჩნდა საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში, დაავადდა განგრენით, ამპუტაციით მოკვეთეს ფეხი და ბანაკიდანაც მოისროლეს, რადგან აღარაფრისთვის აღარ ვარგოდა. მან ბევრი რამ გადაიტანა თავის ცხოვრებაში.

ერთხელაც ბოტკინი დაემართა, აღმოჩნდა საავადმყოფოში, სადაც ექიმენბმა გამოიკვლიეს და დაუდგინეს სიმსივნე, რომელიც ღვიძლზე გადასულიყო და ოპერაციას აღარ ექვემდებარებოდა. მას არაფერი უთხრეს, მითხრეს მე და მის დას და მე წავედი მის მოსანახულებლად. ის იწვა საწოლზე, ძლიერი, მაღალი, ლამაზი ადამიანი და წუწუნებდა: “რა დროს ეს იყო?! რამდენი საქმე მაქვს და აჰა… საწოლში ვარ და იმასაც კი ვერ მეუბნებიან რამდენი ხანი შეიძლება ეს გაგრძელდეს!” მე ვუთხარი: “რამდენჯერ გითქვამთ ჩემთვის: როგორ მინდა რომ დრო შევაჩერო, რომ არაფრის კეთება არ მიწევდეს, არამედ მხოლოდ ყოფნა. თქვენ ვერასოდეს განახორციელეთ ეს”. მან შემომხედა და მითხრა: “დიახ, ნამდვილად, მაგრამ როგორ? ყოფნა ხომ რაღაცნაირად მარადისობაში სუფევას ნიშნავს. არ შეიძლება “უბრალოდ იყო”. სიცარიელეში, გამოკიდებული ცასა და მიწას შორის”. მე ვუთხარი: “ეს ძალიან იოლია. პირველ რიგში უნდა შეეგუოთ ყველაფერს, რაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში, საკუთარ სინდისთან, ახლობლებთან, ყველასთან, ვისთანაც გიწევდათ შეხვედრა, ცხობრების ყველა სიტუაციასთან, ყველა სიტყვასთან და ქმედებასთან ღმერთთან მიმართებაში. მოდით, განვახორციელოთ ეს. იფიქრეთ თქვენს უშუალო გარემოცვის შესახებ: ნათესავების, მეგობრების, ნაცნობების – და დაუსვით თავს შემდეგი კითვა: შევურიგდით თუ არა ყოველ მათგანს? თუ არა, მაშინ ეძებეთ გზა შერიგებისკენ”. მან თქვა: “კი მაგრამ, ზოგიერთი მათგანი უკვე აღარ არის ცოცხალი”. და მე მას მოვუყვანე მაგალით, რომელიც თქვენც გაგაცანით, მაგალითი იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც თავისი შეყვარებული მოკლა. ასე ჩამოვთვალეთ მთელი მისი გარემოცვა და გავაგრძელეთ წინ სვლა, სხვადასხვა შრეების თანდათანობით გახსნით.

ერთი რუსი წმინდანი ამბობდა, საკუთარი თავის გასამართლება ხახვის გფრცქვნას წააგავს: ჯერ აშორებთ მშრალ გარეკანს, ის იოლად სცილდება, შემდეგ აცილებთ სხვა შრეებს, რომელშიც წვენია დარჩენილი და ამ დროს იწყებ ცრემლების ღვრას, მანამდე, სანამ არ მიაღწევ გულს და აღმოაჩენ რომ ის ტკბილია.

ასე ვაკეთებდით სამი თვის განმავლობაში, რომლის დროსაც ის ნელ-ნელა ქრებოდა. და როდესაც ის კვდებოდა, სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, როდესაც მისგან აღარაფერი დარჩენილიყო გარდა დიდი მანათობელი თვალებისა, და იმდენად დასუსტებულიყო რომ კოვზის ჭერაც აღარ შეეძლო, მან მითხრა: “იცით, ჩემი სხეული თითქმის მოკვდა, მაგრამ მე არასოდეს განმიცდია თავი ასე ინენტსიურად ცოცხლად, როგორც ეხლა”. რადგანაც ის მიხვდა რომ სიცოცხლე არ არის დამოკიდებული ფიზიკურ მდგომარეობაზე, არამედ მის სისავსეზე, რომელიც მოპოვებული ჰქონდა მოჭარბებული ცხოვრებისგან, მან შეძლო სიკვდილისთვის თვალებში შეეხედა, ისე, როგორც ვერ შეძლებდა, თუკი დაიტოვებდა წარსულის ტვირთს, მთელი თავისი სიმწარით, ტკივილით, დაუკმაყოფილებლობით და გაუცხოებით.

აქ დავასრულებ ჩემს საუბარს, რომელიც ისედაც საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა.


orthodoxtheology.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий