ღმერთი

ღმერთი

суббота, 21 декабря 2013 г.

ახალი წელი.

ახალი წლის თარიღის დადგინებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი (წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური): “სიტყვა “ახალი წელი” ჩვენში მრავალფეროვან ასოციაციას იწვევს: საზეიმოს, სახალისოს, აქტიურად გაჯერებულ პრიმიტიულ და მცდარ რელიგიურ შეხედულებებსა და სხვა ძალიან ბევრს…

მაინც, რა არის იგი? წელიწადი ითვლის წლის ოთხ ციკლს, რომელთაც კლიმატური პერიოდული ბრუნვა ახასიათებს. სწორედ ამ კუთხით მიიპყრო ოდითგანვე ადამიანის ყურადღება. ამ პერიოდული ციკლის საწყისად, ანუ ათვლის წერტილად აიღეს გარკვეული დღე, რომელიც ციკლური წრის თავსა და ბოლოს წარმოადგენდა. ამ ათვლას წლიური კალენდარი ეწოდა. კალენდარული თვლა დღემდე მრავალი სახის არსებობს: საუკუნოვანი (ასწლიანი თვლა), ქორონიკონი (VI საუკუნეში ქრისტიანულ სამყაროში შემოღებული წელთსათვალავი). მისი ყოფილი ციკლი („მოქცევა“) შეიცავს 532 წელიწადს, რომელიც მზისა (28 წელიწადი) და მთვარის (19 წელიწადი) წრეთა ნამრავლითაა მიღებული (28X19=532). ყოველ ახალ მოქცევაში მეორდება მთვარის ასაკი, თვისა და კვირის დღეთა თანმიმდევრობა. წელთაღრიცხვის ქორონიკული სისტემით სარგებლობის მიზანი პასექის (აღდგომის) მოარული დღესასწაულის წინასწარი გამოთვლაა და ამდენად მასში წლის დასაწყისად მარტია მიღებული. ქორონიკონი საქართველოში პირველად VIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან გამოიყენეს. მისი XIII მოქცევის საწყისი თარიღი 781 წელია.


აქედან გამომდინარე, წელთაღრიცხვის აღნიშნული სისტემა 5604-წლიან ქართულ ეროვნულ ერაზეა დამყარებული. ინდიქტიონი – წელთაღრიცხვის თხუთმეტწლიანი ერთეული, “ანუ ახალი წელი რომის კეისრისგან ამ მიზეზით განეწესა: როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის თვის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ”. მოხარკენი გადასახადს რომ გადაიხდიდნენ, “ლამპრებითა განიხარიან და ამას ყოველსა ერნი ყოფდეს” (სექტემბრის პირველ დღეს ხარკის გადახდით ხალხი მომდევნო ხუთი წლის თავისუფლებას ზეიმობდა. ამგვარად, ინდიქტიონი სადღესასწაულო დღედ იქცა. მას აქეთ ახალი წელი სიხარულს, ზეიმს უკავშირდება, მაგრამ თუ რატომ, ეს ხალხს უკვე აღარ ახსოვს, – ლ.მ.). პირველ ხუთ წელიწადს ხარკს სპილენძითა და რიკინით იხდიდნენ, მეორე ხუთეულში – ვერცხლით, მესამე ხუთეულში კი – ოქროთი. ამის შემდეგ ისევ თავიდან იწყებდნენ. ასეთი წელთაღრიცხვა იესო ქრისტეს დროსაც იყო ცნობილი – რადგან იუდეა რომის პროვინცია გახლდათ, ხარკს აქაც მთელ იმპერიაში გავრცელებული წელთაღრიცხვით იხდიდნენ. ქრისტიანულმა ეკლესიამ, რაკი რომაული კალენდარი შეითვისა, ახალ წლად, ანუ ინდიქტიონად პირველი სექტემბერი მიიღო, მაგრამ მთავარი მიზეზი სექტემბრის პირველი რიცხვის საეკლესიო ინდიქტიონად განწესებისა ის უფროა, რომ ამ დროს მეუფე ჩვენი იესო ქრისტე ნაზარეთში იუდეველთა შესაკრებელში შევიდა, წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის წიგნი “ვითარმედ წელიწადი უფლისა შეწყნარებული” და იქ მყოფთ საკუთარი თავი, ვითარცა მესია, წარმოუჩინა: “სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე” (ლუკ. 4:18-19). გარდა ამისა, 312 წლის 1-ელ სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენტის, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიეცათ. ამ მოვლენების აღსანიშნად ბერძნულ ეკლესიაში უძველესი დროიდანვე წელიწადის ათვლა პირველი სექტემბრიდან იწყება. ამავე დღეს ეკლესია უფალს მადლობას სწირავს გასულ წელს მიღებული მოსავლისათვის და სამომავლოდაც ევედრება, ქვეყანამ გამოსცეს ნაყოფი თვისი. მთვარის წელი მთვარის წრებრუნვისა და მიმოქცევის საშუალებით იანგარიშეს 30–31 დღიანი პერიოდი– ერთი თვე და ა.შ…

უძველესი დროიდან ყოველი ციკლის განახლებას ზეიმით ხვდებოდნენ. ხშირად სერიოზული რელიგიური სარჩული ედებოდა, რაც მკვეთრ ცრურწმენაში გადადიოდა. დღეს ყველაზე გავრცელებული ათვლაა იულიუსის კალენდარი, ალექსანდრიელი ასტრონომის, სოსიგენეს მიერ შედგენილი და იულიუს კეისრის მიერ ძვ. წ. 46 შემოღებული წელთაღრიცხვის სისტემა. ყოველი წელიწადი, რომლის ნომერი ოთხზე იყოფა, ნაკიანია და შეიცავს 366 დღე-ღამეს, დანარჩენი წლები — 365-ს. ამრიგად, იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე. იულიუსის კალენდრის ცდომილებაა 3 დღე-ღამე 400 წელიწადში. მანამდე გავრცელებული იყო ტროპიკული კალენდარი. იულიუსის კალენდარი 0,0078 დღე-ღამით მეტია ტროპიკულ წელიწადზე. იულიუსის კალენდრის ცდომილებაა 3 დღე-ღამე 400 წელიწადში. 1582 წელს პაპმა გრიგორიუს XIII-მ გამოიანგარიშა და ცდომილება დააფიქსირა. იულიუსის კალენდარს რეფორმა ჩაუტარა და დაკლებული დღეები დაამატა. ამჟამად მათ შორის სხვაობა 13 დღეა. იგი მალევე მიიღო ევროპამ და იულიუსის კალენდარი ჩაანაცვლეს.

ტროპიკული და იულიუსის კალენდარი გაზაფხულის პირველი დღით იწყებოდა, როგორც სახე სამყაროს დაბადებისა. გაზაფხულისთვის დამახასიათებელმა ბუნების გამოღვიძებამ სამყაროს საწყისის ასოცირება გამოიწვია. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ქვეყნიერებამ არსებობა გაზაფხულზე დაიწყო. მოგვიანებით იგი შემოდგომის დასაწყისში გადმოინაცვლებს, რასაც ხელი ინდიქტიონმა შეუწყო. ქრისტიანულ სამყაროში ეს დღე გაამყარა ქრისტეს მიერ სინაგოგაში წარმოთქმულმა პირველმა ქადაგებამ. ანუ ათვლას საფუძვლად ქრისტეს სწავლების გავრცელება დაედო. ეს სარჩული მოგვიანებით მოიძიეს. 312 წლის 1-ელ სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენტის, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიეცათ. ამ მოვლენების აღსანიშნად ბერძნულ ეკლესიაში უძველესი დროიდანვე წელიწადის ათვლა პირველი სექტემბრიდან იწყება. ამავე დღეს ეკლესია უფალს მადლობას სწირავს გასულ წელს მიღებული მოსავლისათვის და სამომავლოდაც ევედრება, ქვეყანამ გამოსცეს ნაყოფი თვისი. ამ მოვლენამ განაპირობა მისი განსაკუთრებულობა. თუმცაღა უფრო ლოგიკური იქნებოდა, საწყისი ახალი წლისა მაცხოვრის შობა ან ნათლისღება ყოფილიყო. პირველი: ახალი ეპოქის დაწყება იესოს მოვლინებით; მეორე: ქრისტეს საჯაროდ განცხადება კაცობრიობის წინაშე. ათვლის დღის გადმოტანა პირველ იანვარს გრიგორიუსის კალენდრის შემოღებას მოჰყვა. იგი დაუკავშირდა მაცხოვრის წინადაცვეთას (ძველით – 1, ახლით – 14), როდესაც ქრისტეზე პირველად აღსრულდა ძველი აღთქმის წესი. იესომ იგი სიმდაბლით მიიღო: “რომელი საყდართა ზედა ცეცხლის ფერთა, მაღალთა შინა მჯდომარე იყავ თანა დაუსაბამოსა მამისა და სულისა წმიდისა, სათნო იყავ შობად ქუეყანასა ზედა ქალწულისა უქორწინებელისა დედისა შენისაგან იესუ, ამისთვისცა მერვესა დღესა წინა-დაცვეთა თავს იდევ, ვითარცა კაცმან” (წინადაცვეთის ტროპარი). ამით მან ხაზი გაუსვა თავის განკაცებას–ადამიანური ბუნების მიღებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, ფაქტობრივად, შუა ზამთარში ახალი წლის ათვლა წარმართული გერმანულ–სკანდინავიური ევროპისთვის იყო დამახასიათებელი და მთელი რიგი თანამედროვე რიტუალები: დღესასწაულის შუაღამეს შეხვედრა, ნაძვის ხე, საყოველთაოდ გავრცელებული თოვლის პაპა (სხვადასხვა ვარიაციებით), ნაძვის ხე, ღრეობა–დათრობა, ჟრიამული და მასკარადები, სწორედ იმ ეპოქისაა. თავის დროზე ეკლესია მას, როგორც წარმართულ გადმონაშთს, აქტიურად ებრძოდა. კალანდა დაწვრილებით აქვთ აღწერილი და თემას საკუთრივ მიუძღვნეს სწავლა–დარიგება, სადაც მკაცრადაა განქიქებული ადამიანის სახის დამკარგველი მოქმედებები. ეს ტომები დაედვნენ საფუძვლად ევროპულ ცივილიზაციას რომის დამხობის შემდეგ. მათი კულტურის გავლენა რომის იმპერიაზეც აისახა.”

როგორია ახალი წლისადმი ქრისტიანული მიდგომა?

ქრისტიანული მიდგომა ახალი წლისადმი ამგვარია: იგი არ წარმოადგენს თავისი არსით რაიმეს. მიუხედავად ქრისტიანულ დღესასწაულთა დამთხვევისა, საკუთრივ არაფერს ნიშნავს. იგი მხოლოდ დროის ათვლის პირობით საწყისად ითვლება. დრო დამახასიათებელია შექმნილი სამყაროსთვის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ პერიოდთა ციკლურ მონაცვლეობას თავად ღმერთი აწესებს. შემოქმედი თავისი ყოვლისშემძლეობიდან გამომდინარე, არ საჭიროებს სამყაროს შექმნისთვის დროს. მას ეს წამის ნულოვან დროშიც შეუძლია მოიმოქმედოს. თუმც ამას ეტაპ–ეტაპ აკეთებს. ეს ნათლად ჩანს შესაქმეს პირველ თავში: „იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე. იყო საღამო, იყო დილა – მეორე დღე. იყო საღამო, იყო დილა – მესამე დღე“…. და ა.შ. (დაბ. 1 თავი). ექვს პირობით დღეში ქმნის სრულ სამყაროს. ქრისტიანობაც ამაზე დაყრდნობით იაზრებს წელიწადთა მიმოქცევის თარიღებს, მაგრამ მასში რელიგიურ შინაარსს არ დებს. რაიმე ზებუნებრივი ამ დღეს არ უკავშირდება. იგი მეტად ცვალებადია და თავად ადამიანის მიერ პირობითადაა სახელდებული. სავსებით მოსალოდნელია და ბუნებრივი, რომ რაიმე ყოფითი მოვლენის გამო იგი წლის ნებიმიერ დღეს დაწესდეს. ეს იქნება 17 ოქტომბერი, 8 მაისი თუ 21 ნოემბერი, სულ ერთია, ყოველივე პირობითია. იგი სიმბოლურ დონეზე მიიღებს გარკვეულ დატვირთვას.

რეალურად დღეს მსოფლიოს სხვდასხვა ნაწილში ახალი წლის აღნიშვნა რადიკალურად სხვადასხვა დროს ხდება. იმ ქვეყნებისთვის სრულიად უცხოა წარმართული, ქრისტიანული თუ მატერიალისტური ხედვა–ტრადიცია ამის შესახებ და თავისი წესებით ცხოვრობენ. ეს მათ არანაირ დისჰარმონიულობას არ უქმნის.

სწორედ ამ საფუძველზე შობისა და ახალი წლის ურთიერთმიმართება არავითარ კავშირშია. ქრისტიანები ახალ წელს პირობითად, ისევე ღმრთის მიერ დაწესებულ განახლება–პერიოდულობაზე დაყრდნობით, ერთმანეთს ვუსურვებთ ძველი სიძნეელების, შეცდომების მიტევებასა და ქრისტეში განახლებას. საინტერესოა ეს მოვლენა ღმრთის ადამიანისადმი მიმართებაში. ღმერთი ადამიანს სწორედ ნათლობისას განაახლებს. უკვდება მანკიერ წუთისოფელს და იბადება ქრისტეში. ამგვარია ეკლესიის დამოკიდებულება ახალი წლის მიმართ. ეს დღესასწაული წმიდა წყლის საეროა. ქრისტიანულ დღეებზე დამთხვევის მიუხედავად, როგორც უკვე წარმოვაჩინეთ, იცვლებოდა მისი აღნიშვნა. როდესაც ერი მას მოინდომებს, აღნიშნოს, ეკლესიაც სიკეთეს იმ დღეს უსურვებს. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

თეონა ნოზაძე


ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий