ღმერთი

ღმერთი

среда, 18 декабря 2013 г.

ნიკოლოზობა.

წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა

“კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყოსა შენისთვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულითა ჩვენთათვის”.

(წმინდა ნიკოლოზის ტროპარი)


დაახლოებით 16 საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმინდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, რომელსაც მისი ცხოვრებისა და იმ სასწაულების გამო, რომლებიც დღემდე აღესრულება, უდიდეს პატივს სცემს მთელი ქრისტიანული სამყარო.

19 დეკემბერს, მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ნიკოლოზობის დღესასწაულს ზეიმობს.

წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის ქ. პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე), ქრისტეს შობიდან მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა.

წმინდა ნიკოლოზის მშობლები – თეოფანე და ნონა, წარმოშობით დიდგვაროვანი, შეძლებული და ღვთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. მათ დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი, უფალს მემკვიდრის მონიჭებას ევედრებოდნენ, თან აღთქმა დადეს, რომ თუ უფალი თხოვნას შეუსრულებდა, ნანატრ შვილს მასვე შესწირავდნენ. უფალმა მათი თხოვნა შეისმინა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.

ჩვილმა წმინდა ნიკოლოზმა პირველივე დღეებში აჩვენა, რომ იგი უფლის მსახურებისთვის იყო განკუთვნილი.


გადმოცემის თანახმად, ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას, ახალშობილი ყრმა, ყველას დაუხმარებლად იდგა ემბაზში სამი საათი. ამით, მან თავისი რწმენა გამოხატა ყოვლადწმინდა სამების მიმართ.

ასევე, გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით, დედის რძეს მხოლოდ ერთხელ ღებულობდა. მას შემდეგ, რაც მისი მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ.

ნიკოლოზი ბავშვობიდანვე ლოცულობდა და წმინდა წიგნებს კითხულობდა. წმინდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც ძმისწულის სულიერი წინსვლა ახარებდა, ჯერ მედავითნედ დაადგინა. შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმინდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყოს წმინდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა: “ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინის ცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქმნება”.

მისმა ბიძამ წმინდა ნიკოლოზს მრევლთან ქადაგების წარმოთქმა დაავალა. საოცარი სარწმუნოებით გამორჩეული და გონიერი ჭაბუკი მორწმუნეებში გაოცებას და პატივისცემას იწვევდა.

წმინდა ნიკოლოზი მეტად გულმოწყალე და თავმდაბალი იყო. ცდილობდა თავისი სულიერი საქმენი ჩუმად შეესრულებინა, რათა სხვისთვის ნათელი არ გამხდარიყო. მშობლების გარდაცვალების შემდგომ, იგი მთელ ქონებას გლახაკებს ახმარდა.

ერთხელ ერთმა შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და თავის გაჭირვებიდან რომ დაეღწია, გადაწყვიტა, სამი ულამაზესი ქალიშვილი საროსკიპოში გაეშვა. ამის შესახებ, რომ წმინდანმა შეიტყო, მას ღამით, ფარულად სამი ქისა ოქრო შეუგდო და ოჯახი დაცემისგან და სულიერი დაღუპვისგან იხსნა. წმინდა ნიკოლოზი ცდილობდა კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო განცხადებული.

როდესაც წმინდა ნიკოლოზის ბიძა იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა, მისი საქმე ნიკოლოზს გადააბარა, უფლის რჩეულმა სიყვარულით აღასრულა მორჩილება. მისი დაბრუნების შემდეგ თავად წავიდა წმინდა მიწის მოსალოცად.

იერუსალიმში ჩასულმა ნიკოლოზმა ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა წმინდა ადგილი მოილოცა. ნეტარმა უდაბნოში სამოღვაწეოდ წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ იგი ზეციურმა ხმამ შეაჩერა, რომელმაც სამშობლოში დაბრუნება უბრძანა. ღირსი მამა წმინდა სიონად წოდებული სავანის ძმობაში შევიდა, მაგრამ უფალმა ისევ მიანიშნა და ერში გასვლა უბრძანა, საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება გაუწოდა ნეტარს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კი ომოფორი.

ქ. მირონში მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილი იყო და ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა, როდესაც ერთ-ერთ ეპისკოპოსს, უფალი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ღამით ტაძრის კარებთან დამდგარიყო: “პირველი ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია. მას ნიკოლოზი ჰქვია“. ამასობაში, წმინდა ნიკოლოზი მირონში ჩავიდა, ჩვეულებისამებრ ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვების მოსასმენად. როდესაც კარებთანმდგარმა ეპისკოპოსმა, საყდარში პირველად შესულის სახელი შეიტყო, ხელი ჩასჭიდა და უფლის რჩეულის მოლოდინში იქ თავმოყრილ მღვდელმთავრებს შორის ჩააყენა. მომხდარის შესახებ სწრაფად გავრცელდა ხმა ქალაქში და ხალხი ტაძარს მოაწყდა. “მიიღეთ, ძმებო, თქვენი მწყემსმთავარი, რომელიც თავად სულიწმინდამ სცხო და თქვენს სულებზე ზრუნვა მიანდო; რომელიც ადამიანის კრებულის მიერ კი არა, თვით ღვთის განგებულებითაა დადგენილი!” – მიმართა შეკრებილებს ზეციური ხილვით ჩაგონებულმა ეპისკოპისმა.

მირონ-ლუკიის ეკლესიის მესაჭედ დადგინების შემდეგაც განაგრძობდა წმინდა ნიკოლოზი მოსაგრე ცხოვრებას და სამწყოს სიმდაბლის მაგალითს აძლევდა.

ამასობაში იმპერატორმა დიოკლიტიანემ (284-305) ქრისტიანთა სასტიკი დევნა წამოიწყო. წმინდა ნიკოლოზი არ შემდრკალა, ის მაინც ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. სადაც დიდხანს იყო გამომწყვდეული, მოთმინებით იტანდა შიმშილს, წყურვილს. ბოლოს დევნა შეწყდა და ტახტზე წმინდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი ავიდა, რის შემდეგად წმინდა ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.

325 წელს წმინდანი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში, ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელ სიტყვებს და ხალხის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა, ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმინდანს აჰყარეს და დააკავეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ, საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი ღვთისმშობელი ომოფორით და ამის შემდეგ კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული წმინდანი.

წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. ამათგან, ყველაზე განსაკუთრებულია ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენა.

მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწია და 345-351 წწ. მშვიდობით მიიცვალა. მისი მირონმდინარე წმინდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს ჰკურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.

ნიკოლოზობა აღინიშნება ორჯერ: 9 მაისს და 19 დეკემბერს. წმინდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი საქართველოს ეკლესიის მფარველი წმინდანია. ამიტომ ქართველ მორწმუნეებს იგი გამორჩეულად უყვართ.

თეა სულაბერიძე


ambioni.ge

გილოცავთ ნიკოლოზობას!


Комментариев нет:

Отправить комментарий