ღმერთი

ღმერთი

пятница, 20 декабря 2013 г.

საახალწლო ფიქრები.

ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს. კაცი, რომელიც ხვალინდელი დღისგან არაფერს მოელის, გადუწყვეტია იმედი, ცოცხალ-მკვდარია, ის ცოცხლებში ჩასათვლელი არაა… ყოველ მის საქმეს, მოძრაობას და მოქმედებასაც არა აქვს შნო, არა აქვს ლაზათი. იმას არც თავმოყვარეობა აქვს, არც სხვის სიყვარული შეუძლიან, არც საქმისა, აკლია მხნეობა. ეგრეთვე თუ ერი, როგორც კრებული ადამიანთა. საწყალია ის ერი, რომელსაც დაუკარგავ იმედი ხვალინდელი დღისა, საუკეთესო მერმისისა. თამამად ვიტყვი, რაც უნდა დაბეჩავებული იყოს ერი, რაც უნდა გასაწყლებული, თუ საუკეთესო მერმისს მოელის და არ გადაუწყვეტია იმედი და არ ფიქრობს: ეგ არის, ჩემი საქმე მორჩომილია, დაღუპული ვარო, ის ერი არც დაიღუპება, არც მოკვდება. მომაკვდინებელს გარემოებაში და პირობებში რომ იყოს, პირობებს შესცვლის და გაიმარჯვებს კიდეც. ხომ იცით კერძო ცხოვრებიდან მაგალითები, ექიმის იმედიანს სიტყვას მომაკვდავი სნეული ფეხზე წამოეყენოს. იმედიანმა სიტყვამ იმედი დაუბადა გულში სნეულს და გააცოცხლა. მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ იმედს როცა აძლევს ექიმი, თან წამალსაც შესაფერს აძლევს სნეულს, ისეთს წამალს – მის სნეულებას რომ მოუხდეს და არა შხამს, საწამლავს. შეიძლება სნეული ცალკე აღებული ადამიანი, მარტო იმედით მორჩეს, უწამლოდ, უარარაოდ, ხოლო დასნეულებული, დაავადებული ერი არასოდეს მარტო ცარიელის იმედით არ მორჩება, თუ წამალი არ მიეშველა. მაინც ერი იმედიანად არადროს არც არის, თუ იგი თავის სხეულში არა ჰპოვებს წამალს, არა ჰხედავს ნიშნებს საუკეთესო მერმისისას და მომავლისას.

რაკი მომავლის იმედზე ვამბობთ, ისიც აუცილებლად საჭიროა ითქვას, რომ ერი არასოდეს უიმედობას არ მიეცემა, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდება და მომავლის იმედს არ ჰკარგავს. უიმედობა მომავალზე ეს ჩვენი ეგრეთწოდებული ერთგვარი ინტელიგენციის ცუღლუტობაა და სხვა არარა, ეს უსაქმურთა და უკეთურთა საქმეა. იცნობს ამის მთქმელი ერს? იცის მისი სულისა და გულის ვითარება? არაფერი ეს ამ იმედის მომწამვლელთ არ იციან, იმიტომ რომ თვითონ არაფრის გაკეთება, არაფრის უნარი არა აქვთ, არაფერი ცხოვრებისა არ ესმით, ერის ძალ-ღონე აწონილ-გაზომილი არა აქვთ. ან კი რას ვამბობ: ვინც ჯერ თავის თავს არ იცნობს, თავისი ძალ-ღონე არ შეუგნია, იგი ერს როგორ იცნობს, მის ძლიერებას, ან სისუსტეს როგორ შეიგნებს?!.. იქნება მკითხველი გაგვიწყრეს და სთქვას: „რა დროს იმედებზე ლაპარაკისაა, სხვა რამე თქვი, დალოცვილო, რომ ახალწლის დღესასწაულს შეეფერებოდესო“. უსამართლო რისხვაა. ახალ წელს სწორედ ამ საგანზე შაეფერება საუბარი. რადათქო? – მკითხეთ. იმიტომ, მეც მოგახსენებთ, რომ რაც უნდ უფერულ და უიმედო ყოფაში იყოს ადამიანი, ახალწელს მაინც იმედით ეგებება, როგორც კარგი რისამე მომტანს, კარგის მომასწავებელს. უნუგეშოდ, უიმედოდ დახვედრა კი დიდიცოდვაა. თქვენ, მკითხველო, ალბათ არ იცით, რომ ჩვენა გვყვანან „უიმედონი“ ინტელიგენტები, რომელთაც სხვა არა რა სწამთ და არცა რას დაიჯერებენ გარდა „კოსმოპოლიტიზმისა“. ნაციონალიზმი იმათ არა სწამთ, ნამეტნავად ქართული: ჩვენ ჩვენად არაფერს წარმოვადგენთ, არაფერნი ვართ, თუ სხვა ერს არ შევუერთდით და „ჩვენობა“ არ უარვყავითო. პატრიოტები იმათ ფიქრით ვიწრო, მოკლე შეხედულებისანი არიან და იმათ კი „ვრცელი“ შეხედულობა აქვთ. ესენი ბალღობა არიან, წვრილფეხობაა, და როგორც მოგეხსენებათ, ბალღს ლულუა უყვარს. დიაღ, ბალღები არიან და სამწუხაროც ეს არის, რაც ახალგაზრდული ძალღონე აქვთ, შეალევენ ჰაერში კოშკების გებას და როცა მოიღლებიან გულითა და გონებით, გატეხილნი, დაუძლურებულნი, მაშინ დაბრუნდებიან „შინა“, მაშინ მოიკითხავენ საკუთარს კერას, საკუთარს ბინას, მაგრამ უღონონი, უგულონი რიღას მაქნისანი იქნებიან?!.. სამწუხარო მოვლენაა დიდად!.. ეს ყრმანი შებრალების ღირსნი არიან, ხოლო ისინი, ვინც ამათ ამგვარს საკენკს უყრით, წყეულის და სიძულვილისა.

ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს ივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავჭიდოთ ღრმად გულში ეს მცნება: საცა ვცხოვრობთ, და რომელ ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს – ეკონომიური, ზნეობრივი, პედაგოგიური, ლიტერატურული და სხვა. თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით. თუ არა და, ტყუილი მოცდენაა, ამაო შრომაა, ვინც იმას ამბობს, კაცობრიობას უნდა ვარგოვო და ეს სარგებლობა ჟერ თავის ძმებისთვის ვერ მოუტანია, თავის ქვეყნისათვის – რომლის ღვიძლი შვილია, – რომლის ავი და კარგი ესმის (და თუ არ ესმის თავის შინაობის ავი და კარგი, ის სხვისას როგორ გაიგონებს და, მაშასადამე, ან რას არგებს).



ვაჟა-ფშაველა



Комментариев нет:

Отправить комментарий