ღმერთი

ღმერთი

среда, 18 декабря 2013 г.

ჩემი ახალი მეკვლე.

ვაჟა-ფშაველა


I

ახალწლის წინა ღამესა
ჩვეულებრ ვიჯე კერაზე,
ცეცხლი დავანთე ძლიერი,
ნახჩები ეწყო ძელაზე,
და სამზადისი ხვალისთვის
უკეთესი მაქვს ყველაზე.
ხოლო ოცნება, არ იქნა,
ერთზე ვერ დადგა ვერაზე!
გარეთა ცივა, თოვლი სთოვს,
თან მოჰქრის ქარი, გრიალებს,
ნამქერის სვეტი და სვეტი
ნისლივით ცაში ტრიალებს;
დატანჯულს გულში მიღვიძებს
იმ მიყუჩებულს იარებს.
ვუცქერი ირმის რქაზედა
მამა-პაპეულს აბჯარსა:
თოფსა, დამბაჩას, სიათას,
ხმალ-მუზარადს და ხანჯარსა.
წარმოვიდგინე ძველი დრო,
ძველი ლხინი და წუხილი:
რამდენი სისხლი უნახავთ,
რამდენი ჭექა-ქუხილი.
მათნი პატრონნიც ელოდნენ
მრავალჯერ ამ დროს ლხენითა!
დღეს მათი ფერფლიც გამქრალა,
განაღამც რამ სთქვან ენითა,
ან დაემზადნენ სალაშქროდ,
ან ისეირნონ ცხენითა.
ბუნების მუხთლის წესისა
ატანა გვინდა თმენითა!
ჩვენზედაც ამას იტყვიან
ამავ რიგით და წესითა
შვილები, შვილიშვილები…
ხე ხარობს თავის ფესვითა!..
და თან ჩემს მეკვლეს ველოდი,
გულის იარის მალამოს,
მოვიდეს, თვალითა ვნახო,
რომ გულის წყლული დაამოს,
ღვთიურის სახით დამათროს,
ტკბილის ხმით მომესალამოს.

II

არ გაუვლია დიდ ხანსა,
რომ ქარმა დაიგრიალა
ძლიერად… დიდმა კარებმა
სახლისამ დაიჭრიალა.
დარბაზს შამოჩნდა მხევალი:
ტანთ სამკაული ჰშვენოდა;
როგორც დიდი ხნის ნაცნობსა,
მას არაფერი რცხვენოდა;
ლხენის, სილაღის სვეტები
სახეზე გადაჰფენოდა.
„აგაშენოსო!“ წარმოსთქვა,
ჩემგანაც ბოდიშს ელოდა.
თვალ-მარგალიტში ჩამჯდარა,
ვხედავ, თუმც ცოტად ბნელოდა.
ძვირფასად მორთული იყო,
სწორედ დედოფალს ჰფერობდა.
ის არის? – სწორედ მასა ჰგავს
სახით, თვალებით, ფერითა.
რა დაჰმართნია? გავკვირდი,
რომ ასე არი ლხენითა!..
წინა წლებშია მწვევია
ოხვრით, კვნესით და წყენითა…
ან ტანსაცმელი ვინ მისცა
სწორედ სამეფო, რჩეული?
წინათ მოსულა მეკვლედა
დაბრანძულ-ჩამოხეული,
მთლად ფეხშიშველა, საბრალო,
ძონძებში გამოხვეული.
ვკვირვობ, გონება დამებნა,
ვერა ვარ გამორკვეული!..
იქნებ კარგი რამ გაიგო, –
წყლულთა განკურნვა მიქადოს,
იქნება, უფალმა ბრძანოს,
კარგი რამ გამომიცხადოს.
ჰსურს ჩემთან ერთად ამ დღესა
მტრის ძლევა გადაიხადოს?!
– კარგო! – მივმართე: – ვინ შენა
და ვინ ეგეთი ლაღობა?!
მიკვირს და ვფიქრობ: იქნება
მმტყუვნობს გონების საღობა.
– ხა, ხა, ხა! – გაიკისკისა: –
რასაცა ჰხედავ, სწორია.
მეყოფა, რაც ვიგლახავე,
ოცნების ვაგე ყორია.
ბალღური მიდებ-მოდება
განვდევნე, მოვიშორია.
დროა, შენც გამოიღვიძო,
მუდამ არ დარჩე ბალღადა;
ხანია, დაატრიალო
გონების ჩარხი საღადა.
მე ხომ მიყურებ, რას ჰფიქრობ?
არ გეკადრები აღადა?!.
ეს მიტომ მოხდა, შევიგნე
უვარგისობა გრძნობისა,
არა მქონია უნარი
დღესნამდე ქვეყნის ცნობისა.
დღეს ვიცი, ღმერთმაც მარგუნა
ბედი კეთილის ყოფნისა.
აბა ქვეყანამ რა მოგცა,
მაზე ფიქრმა და შრომამა? –
იმის წყლულებზე წუწუნმა,
მის ორგულებზე წყრომამა?
აქამდე გონს ვერ ჩაგაგდო
მაგ ვაებამ და ცდომამა?!
შიმშილს სძლებ, ტიტველი დახვალ,
მღერი, სჯიუტობ მაინცა.
სიმდიდრე კარგი რამ არი,
რატომ არ ჰფიქრობ, დაიცა,
სუყველა საზრდოზე ჰფიქრობს,
სულდგმული არი რაიცა.
ეგ შენი ჭკუა-გონება,
ნეტავ, საითკენ გაიქცა?!.
რად არ უყურებ შენს ტოლებს,
როგორ ცხოვრობენ, ხარობენ,
განა შენსავით ტირიან
და სიცოცხლესა ზარობენ!..
კარგა ჰსმენ, სჭამენ, ტანთ იცმენ,
შენზე უკედა გალობენ.
გნახავენ, სიცილად არ ჰყოფნი,
თუ მოსწადდებათ, გშარობენ.
დიდის ხნის მეგობრები ვართ,
კიდეც მიყვარხარ ძლიერა,
გული მიკვდება, რისათვის
უნდა ხვიდოდე მშიერა!..

III

– სახით ისა ხარ, ვინც მიყვარს,
ხმითაც ჩემს მეკვლეს ჰგევიხარ,
ვეღარ მიგიღებ მეკვლედა,
რაკი აზრს გამოჰქცევიხარ…
მე მეკვლე მინდა სხვა ჯურის:
გულს ჟანგი მწმინდოს, ობია,
იგი, ვინც აზრითა მაღლობს,
ვინც ქვეყნის კარგის მყოფია.
შენ ჩემთან საქმე არა გაქვს,
რომ გამეშორო, სჯობია!
ადე და წადი იმათთან,
ვინც მოგწონს, ვინაც კარგია.
სამარის კარამდე ვზიდავ,
რაც ზურგზე მკიდავ ბარგია.
ნუ იგვიანებ, მშვიდობით,
წაბძანდი, აიბარგია.
ერთხელ გველურის თვალითა
ამხედ-ჩამხედე ტანზედა
და სწრაფად, ვით ნაპერწკალი,
გამოეფარა კარზედა.
უკუღმა შემომიბრუნდა,
ქოქოლას მაყრის თავზედა…
ხმა მესმა რაღაც წყრომისა…
ყურს ვუგდებ… გული მღელვარებს.
სხვა ვინმე ჯავრობს კარებზე,
ჭკვითა და ენით ელვარებს:
„მანდ რა გინდოდა, შე მყრალო,
შე უნამუსოვ, შენაო?
ჩაჰბღერტე მგოსნის გულშია
ეგ შენი ბილწი ენაო?!“
– გავიგე, ნუ შესწუხდები,
მაცდური მომეჩვენაო…
ნუ დაჰღონდები, ლამაზო! –
შინათ ვეძახი მენაო: –
თან მახლავს, ვერ მომაცალა
მადლი და აღმაფრენაო!
სწრაფად გავვარდი კარზედა,
მოსურნე მეკვლის წვევისა,
იქ აღარ დამხვდა, მაღლიდამ
ხმა მესმის იმის წყევისა.
თან მისდევს მაცდურს და არცხვნის…
ქარი ქვითინებს, გრიალებს…
ნამქერის სვეტი და სვეტი
ნისლივით ცაში ტრიალებს.
ესალბუნება ყველა ეს
გულზე დაჩნეულს იარებს.
შინ შევედ გულ-დამშვიდებით,
რომ კაცი დავრჩი კაცადა,
ვერ მომატყუა მაცდურმა,
თუმც ბევრი ხრიკი მაცადა.

IV

„მხნედ იყავ“, – სარკმლით ხმა მესმა,
გულს ჩამეწვეთა ცხადადა:
მთელი ბულბულის ბოინი
შინ შამომეჭრა სხარტადა,
რაც-კი რამ სახშია ჰპოვეს,
ყველა დაიდგეს ტახტადა.
ზოგნი თაროზე ჩამოსხდნენ,
ზოგთა დაფარეს კარადა.
დაიწყეს ტკბილი გალობა
ტურფათა თვალად-ტანადა.
ჩონგური ამაღებინეს
მეც ხელში ძალი-ძალადა.
სიმთ გავკარ, ავაჟღარუნე
და ზედ დავმღერე თავადა:
„ღმერთო, ჩემს მოკლე სიცოცხლეს
ნუ გაატარებ შავადა,
უშველე ყველა დავრდომილს,
ფიქრს ნუ მომიხდენ ავადა,
ბილწთ, ორგულთ, ქვეყნის წამწყმედთა
ყოფნა შეარგე შხამადა!
ღმერთო, ნუ დამცემ იქამდე,
ბოროტს შავეკრა ზავითა,
ნუ მაგრძნობინებ ამასა
ჩემის ცოცხალის თავითა!
სხვაფრივ რაც უნდა გამხადე,
თუნდ გასათრევი კავითა!“

1900 წ.





Комментариев нет:

Отправить комментарий