ღმერთი

ღმერთი

четверг, 19 декабря 2013 г.

გოდება თანამედროვე წინასწარმეტყველისა.

ვაჟა-ფშაველა


მე ნარი ვგლიჯე, ეკალი,
სხვამ კი მოიმკო სამკალი:
სხვამ მოხსნა ჩემი მამული,
დაჩლუნგდა ჩემი ნამგალი.

–––––

მდინარე კაცსა არჩობდა,
გონი მიჰხადა წაიღო.
გადვიჭერ, გადავარჩინე,
სხვამ კი მადლობა მიიღო.
რადა? იმიტომ, რომ სხვამა
დასახა თავი მეშვლადა.
იყვირა: “მე გადვარჩინე!”
დაჟინებითა ქვეყნადა.
მე ვსდუმდი. ამიტომ მადლი
არვინ დასახა ჩემადა.

–––––

მთას დავედევნე ირმის ხროს,
ყელამდე თოვლსა ვკვალავდი.
ხარს დავკარ ქორბუდიანსა…
და იმ დროს, როცა ვწალავდი,
სხვებმა წამართვეს… წაიღეს…
ცრემლებს ვეღარა ვმალავდი,
მივდევდი, ვეჩხუბებოდი,
ამაოდ ყბებსა ვღალავდი:
ლეშიც წაიღეს, ტყავიცა,
იმათ ოჯახი ხარობდა.
ჩემსას კი ჰკლავდა სიმშილი,
მაგრამ არავინ ბრალობდა.

–––––

შარის პირს ბალღი ვიპოვნე,
უპატრონოდა გდებული.
სირცხვილის დასამალავად
მშობლისგან მივიწყებული.
იმ დროს მივასწარ, ჩვილს ყრმასა,
ის იყო, სული ჰხდებოდა.
დედად მე ვექმენ, ვუარე,
რაც ჩემგან შაიძლებოდა.
გავზარდე, დავავაჟკაცე,
ულვაშის გრეხა დაიწყო…
ბოლოს კი, – როგორ გგონიათ? –
ლანძღვა და ცემა დამიწყო.

–––––

ქალი ტყვედ მტერსა მიჰყავდა,
გულსაკლავადა ჰკიოდა.
ვუშველე, გამოვიხსენი,
ხმლითა მცეს, სისხლი მდიოდა.
რად აგატიროთ იმის თბმით,
წყლულები როგორ მტკიოდა?!
მხევალს ჩავაცვი, დავხურე,
ვაჭამე, პური ჰშიოდა.
გაცოცხლდა, გამხიარულდა,
როგორცა ვარდი ჰღვიოდა.
ვიშვილე, რადგან მუდამ დღე
იგი ობლობას ჩიოდა.
ერთის წლის შემდეგ რაც ვნახე,
ნახულით ცრემლი მცვიოდა:
ბიჭს ვისმე შეჰყვარებოდა,
პროშტს პროშტზე გადადიოდა.
ყურს ვუგდებ, ეჩურჩულება
სიტყვებს, შარბათად მდინარსა
ჩემზე: “ჩავარჩოთ სულელი
და წყალსა მივცეთ მდინარსა.
მისი ქონება დაგვრჩება,
ერთად გავიჩენთ ბინასა;
შენ ქმარი იყავ, მე ცოლი,
სხვა რა აჯობებს იმასა?!”

–––––

ძმობილი მყვანდა ერთგული,
ღმერთად მივაჩნდი, მიმაჩნდა;
რას ვიფიქრებდი, თუ ისა
ამ ვერაგობას იზამდა:
ლამაზი ცოლი შაერთო,
კეკლუცი, რაღაც წიწინა.
თუ მიცნო, წინ მომეგება,
კიბეზე ჩამოირბინა.
“ჩემს ქმარს ძალიან უყვარხარ”, –
მითხრა ყველაზე წინ-წინა.
მეც ხშირად ვიარებოდი
ძმა–მეგობრობის წესითა.
ბოლო ჟამს მეგობრის ცოლი
მესაუბრება კვნესითა,
და ერთხელ, ვითომ და-ძმურად,
ბევრი მიკრიჭა-მიცინა.
მე შევუბღვირე: – “რას შვრები?!”
ქალმა ეს ძლიერ იწყინა.
სხვა ზნეობრივი კანონი
მე გადავშალე მის წინა.
ქალი გამიწყრა, წავიდა,
წასვლაში დაიქვითინა.
იმ დღიდან ჩემს მეგობარსა
ეშმაკი აეკვიატა,
ჩემდამი მის სიძულვილმა,
ვხედავ, დღითი-დღე იმატა.
ზიზღით მიცქერის, გამირბის,
როგორაც მგელსა ცხვარია,
და დამეკეტა სამუდმოდ
მეგობრის სახლის კარია.
აღარცა მკითხავს მიზეზსა,
თუ რისთვის გავაცხარია.
მეკითხოს მაინც, ავუხსნა
საქმის ავი და კარგია.
მე არ მოგიკვდე! – მეძახის:
“აქედან დაიკარგია!”

–––––

სხვების გულისთვის გავტიტვლდი,
ტანზე არ შემრჩა პერანგი.
ყოველ დღე ტანჯვას მიმარჯვებს
წუთისოფელი ვერაგი.
რად დავგმო წუთისოფელი?
ყველა ეს ჩემი ბრალია:
იმას ვაკეთებ, რასაცა
მიჩენს გონების თვალია.
თავი მაქვს დავიწყებული,
ვრგებ მას, ვინც შესაწყალია.
მზად ვარ, ის მოვიმოქმედო,
სხვას ვარგო, თავი ვაწამო.
ვფიქრობ, სხვას ტრამლად დავედვა,
ვიქმნა მის წყლულის მალამო.
ამისთვის ცოლ-შვილი მწყევლის,
გარეთ დამცინის ქვეყანა:
“არ გიკვირსთ? რაებსა შვრება,
რამ გააგიჟა ნეტარა?!”
მედება ყოველ მხრიდანა
გმობის და წყევლის ბეგარა.

–––––

ყველასგან გულ-დაკოდილი
რა გზას დავადგე სავალად?
წინ დაბრკოლება ბევრი მაქვს,
ნარი, ეკალი მრავალად.
მაშ შევდრკე? ვწყევლო და დავგმო,
რაც მომწონს, რაცა სჯობია?
თქვენ დაჰგმეთ, მე კი არ ძალმიძს,
კარგი რა დასაგმობია?!
მოდით, წინ გადმომიდეგით,
მტკიცედ გაავლეთ ღობია.
იმას ვერ დამაშლეინებთ,
რაც ჩემგან განაბჭობია.
თავ-გამოდებულს ქცევასა
ნუთუ სჯობ ტვინის ობია?
დაე მე მოვკვდე ოხრადა,
როგორც ნადირი ტყეშია!
თქვენ დარბაზებში სულს დალევთ
მოზარეების ხელშია.
რად გავიწყდებათ? მიწა ვართ,
ბოლოს ყოველი ლეშია.
სიმართლე მიყვარს, სიმართლე,
მიყვარს იმისი წესია.
არ მენანება, იმისგან
რამდენიც დამიკვნესია.
ვესწრაფი კეთილის ქმნასა,
გრძნობებიც გამილესია.
შესაბრალებელს ვიბრალებ,
როგორც მიბრძანებს მესსია.
თქვენი კანონი თქვენ იცით,
ჩემი კანონი ესია!..
ფასს დასდებს ბოლოს ქვეყანა,
ვისაც რამ დაგვითესია.

1906 წ.



Комментариев нет:

Отправить комментарий