ღმერთი

ღმერთი

понедельник, 16 декабря 2013 г.

ზბიგნევ ბჟეზინსკი: "უკრაინას, ადრე თუ გვიან, რუსეთიც მიჰყვება"

  16-12-2013

Financial Times-ი აქვეყნებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმ კარტერის ყოფილი მრჩევლის ეროვნულ საკითხებში, ზბიგნევ ბჟეზინსკის წერილს, რომელშიც მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ცოცხალი ლეგენდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.

- ის, რაც უკრაინაში ხდება, ისტორიული პროცესია, რომელიც შეუქცევად ხასიათს მიიღებს და დიდი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის დასაბამი გახდება.
უკრაინა უფრო ადრე გახდება დემოკრატიული ევროპის ნაწილი, ვიდრე თქვენ გგონიათ. ეს კი არა, როცა იქნება, რუსეთსაც მოუწევს მის კვალს მიჰყვეს, თუ არ სურს მსოფლიო იზოლაცია და ინერტულ, უფუნქციო იმპერიალისტურ რელიქტად ქცევა.

უკრაინული პატრიოტიზმის უეცარი ამოხეთქვა, რომელიც მექრთამე და რუსეთის ფრთის ქვეშ შეფარების მოსურნე მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის გაცურებამ განაპირობა, იმის ნიშანია, რომ უკრაინაში უპირველესი პოლიტიკური პრიორიტეტი დამოუკიდებლობისა და ეროვნულობის იდეების ერთგულება ხდება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ახალგაზრდებში, რომლებიც სულაც არ ფიქრობენ, რომ ისინი ლინგვისტურად თუ ისტორიულად, "დედა რუსეთის" უმცროსი შვილები არიან. რა თქმა უნდა, მიუხედავად ამისა, უკრაინის ზოგიერთი რეგიონის მცხოვრებთათვის რუსეთი უფრო ახლობელია, ვიდრე ევროპა. მაგრამ დამოუკიდებლობის 2 დეკადა, ეროვნული სიამაყის გრძნობა, რაც ყოველ უკრაინელს გაუჩნდა საკუთარი, ნამდვილი ისტორიის წაკითხვის შემდეგ, მაგალითი ქვეყნის დასავლელი მეზობლებისა, რომელთა ეკონომიკური სიტუაციაც მნიშვნელოვნად უმჯობესდება ევროპული კავშირების ხარჯზე, უკრაინელებს უყალიბებს აზროვნებისა და შეგნების ახალ მოდელს, რომელიც არ არის რუსოფობი, მაგრამ ორივე ხელით გულში იკრავს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, საკუთარ ისტორიულ იდენტობას, რომელსაც სურს დიდი ევროპის ავთენტური ნაწილი გახდეს.
ასე რომ, უკრაინა ასე თუ ისე აუცილებლად დაუახლოვდება ევროპას. მეტიც, დასავლეთისკენ ძვრები შეინიშნება ბელორუსშიც კი, რომელსაც აშკარად ავტორიტარული ლუკაშენკოს რეჟიმი მართავს. არც მინსკში და არც კიევში არ სძულთ რუსეთი, მაგრამ ორივეგან ხვდებიან, რომ საკუთარი დამოუკიდებლობისა და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად გეზი დასავლეთისკენ უნდა აიღონ.

უახლოეს რამდენიმე თვეში ევროკავშირსა და უკრაინას შორის რაიმე სახის გარიგება მაინც მოხდება. პროცესი რომ გაადვილდეს, ევროკავშირმა ყურად უნდა იღოს უკრაინის თხოვნა ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ხოლო უკრაინელებმა უნდა გაიაზრონ, რომ ევროპელები კიევის გაზულუქებული ელიტის ჯიბის გასასქელებლად არ იხდიან გადასახადებს. ქამრის შემოჭერა - აი, მთავარი გამოცდა, რაც უკრაინას ელის ევროკავშირთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევამდე. კიევს ასევე მოუწევს დაამტკიცოს, რომ უკრაინულ არჩევნებში ის არ იმარჯვებს, ვინც მოასწრებს, მეტოქეს ციხეში უკრას თავი. ზოგიერთი ამ ლიდერთაგანი ხანდახან მართლაც ემლიქვნელება პუტინს, მაგრამ არა იმისთვის, რომ მასზე მზე და მთვარე ამოსდით, არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ ასეა საჭირო. ყველას ურჩევნია დამოუკიდებლობა: უფრო სასიამოვნო და ღირსეულია, იყო პრეზიდენტი, პრემიერი, გენერალი და ელჩი საკუთარ ქვეყანაში, ვიდრე ამავე თანამდებობათა პროვინციული ეკვივალენტი უშველებელ რუსულ იმპერიაში. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ერთხელ მოპოვებული ეროვნული დამოუკიდებლობა ”ინფექციურია” და მხოლოდ უზომო გარეშე ძალის გამოყენებით შეიძლება მასზე უარი ათქმევინო ვინმეს.

არადა, დღევანდელ რუსეთს ძველი იმპერიის ძალადობრივი მეთოდებით აღდგენის თავი ნამდვილად არ აქვს. ის ძალზე სუსტია, ჩამორჩენილი და, არ დაიჯერებთ, მაგრამ ძალზე ღარიბიც კი ამ ურთულესი მისიისათვის. მისი დემოგრაფიული კრიზისი კი საერთო სურათს კიდევ უფრო ამძიმებს. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ახალწარმოქმნილი ცენტრალური აზიის ქვეყნები სარფიანი გარიგებების დადებას რუსეთის ნაცვლად, ჩინეთთან ამჯობინებენ, რაც რუსეთს მინავლულ ტერიტორიულ კოშმარებს ახსენებს.

უბრალოდ, დროის საკითხია, როდის გააცნობიერებს რუსეთის სოციალური ელიტა, რომ პუტინის რკინის ხელის პოლიტიკას წარმატების შანსები არ აქვს. ადრე თუ გვიან მას მოუწევს დათმოს პრეზიდენტის პოსტი. ამის შემდეგ კი, დიდი ხანი არ გავა და თავად რუსი ხალხიც დაასკვნის, რომ თუ წინსვლა სურთ, მოუწევთ, გახდნენ თანამედროვე, დემოკრატიული და, შეიძლება წამყვანი ევროპული ქვეყანაც კი...



უკრაინას, ადრე თუ გვიან, რუსეთიც მიჰყვება .. 

Комментариев нет:

Отправить комментарий