ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 15 декабря 2013 г.

ყველაზე დიდი ცოდვა.

  ქრისტიანობა არ ცდება: სამყაროს დასაბამიდან ყველა ხალხსა და ყველა ოჯახში უბედურების თავი და თავი სწორედ სიამაყეა. სხვა მანკიერებებმა ზოგჯერ ადამიანები შეიძლება გააერთიანოს. ლოთები და მრუშები შეიძლება ერთმანეთში კარგად ურთიერთობდნენ, ხუმრობდნენ, მეგობრობდნენ. სიამაყე კი ყოველთვის მტრობას გულისხმობს. ის არის მტრობა. და არა მარტო ადამიანსა და ადამიანს შორის, მტრობა ღმერთის მიმართაც.

ღმერთის სახით გყავთ მეტოქე, რომელიც ყველა ასპექტით უზომოდ აღგემატებათ. სანამ არ მიხვდებით, რომ ღმერთი ასეთია და, მაშასადამე, თქვენ მასთან არარაობა ხართ, მანამდე, საერთოდ, ღმერთს ვერ შეიცნობთ. ამაყი კაცი მუდამ ზემოდან დაჰყურებს საგნებსა და ადამიანებს: რა თქმა უნდა, სანამ დაბლა იყურებით, ვერ შეამჩნევთ იმას, რაც თქვენს ზემოთაა.

წამოიჭრება საშინელი კითხვა: როგორ ხდება, რომ ადამიანებს, რომლებიც, ცხადზე ცხადია, რომ სიამაყეს შეუპყრია, შეუძლიათ განაცხადონ, ღმერთი გვწამსო და თავი მორწმუნეებად მოგვაჩვენონ? ვშიშობ, რომ ისინი მოჩვენებით ღმერთს სცემენ თაყვანს. სიტყვიერად აღიარებენ, რომ ღმერთის წინაშე ისინი არარაობას წარმოადგენენ, მაგრამ გამუდმებით ელანდებათ, რომ ღმერთი მათ გამოარჩევთ და ჩვეულებრივ ადამიანებზე უკეთესებად მიიჩნევთ. ღმერთს მოჩვენებითი მორჩილებით უხდიან ხარკს. თავიანთ ნაცნობ-მეგობრებს სიამაყით ზემოდან დასცქერიან. ვფიქრობ, ქრისტეს ეს ხალხი ჰყავდა მხედველობაში, როცა თქვა, ჩემს მოძღვრებას იქადაგებს ზოგიერთი, ჩემი სახელით ეშმაკეულთაც გააძევებს, მაგრამ სამყაროს აღსასრულისას მე ვიტყვი, რომ მათ არ ვცნობ. ყოველ წუთს ყოველი ჩვენგანი შეიძლება ამ ხაფანგში გაებას. საბედნიეროდ, გვაქვს საშუალება თავი გამოვცადოთ. როგორც კი ვნახავთ, რომ ჩვენი რელიგიური ცხოვრება გვაფიქრებინებს, კარგები ვართ და მეტიც - სხვასა ვჯობივართო, შეიძლება გულდაჯერებით ვთქვათ, რომ ეს ღმერთისგან კი არა, არამედ ეშმაკისაგან მოდის. ღმერთი ნამდვილად მაშინაა თქვენთან, როცა საერთოდ აღარ გახსოვთ თავი ან როცა თავი სრული არარაობა გგონიათ. ჯობია კი, თავი სულაც არ გახსოვდეთ.

საშინელებაა, რომ ყველაზე სახიფათო ცოდვამ შეიძლება ჩვენი რელიგიური ცხოვრების გულისგულში შემოაღწიოს. სხვა ნაკლები ზიანის მომტანი ცოდვები ეშმაკისაგან მოდის, რომელიც ჩვენზე ჩვენივე ცხოველური ბუნების მეოხებით ზემოქმედებს. მაგრამ სიამაყე ცხოველური ბუნების წყალობით არ შემოჭრილა ჩვენში. იგი უშუალოდ ზეციდან მოდის. იგი წმინდად სულიერი ბუნებისაა. ამიტომაც მისი ზემოქმედება გაცილებით დახვეწილია და მომაკვდინებელი. ამ მიზეზით სიამაყე ხშირად წვრილმანი ნაკლის აღმოსაფხვრელად გამოიყენება. მაგალითად, მასწავლებლები ხშირად ბავშვებში სიამაყეს, ან როგორც იტყვიან, საკუთარი თავის პატივისცემას აღვივებენ, რათა ისინი კარგად მოიქცნენ. ბევრ ადამიანს სიმხდალე, მიკერძოებულობა, ჭირვეულობა იმის შეგნებით დაუძლევია, რომ ყოველივე ეს მისი ღირსების შემლახავად მიუჩნევია. ჰოდა, სიამაყით ეშმაკი დაგვცინის. მას სავსებით აკმაყოფილებს, რომ თქვენ უბიწო, მამაცი, თავდაჭერილი ხდებით, თუკი ამასობაში თქვენი სული სიამაყეს ემონება. ასეთივე სიამოვნებით განგკურნავდათ სურდოსგან, სანაცვლოდ კიბოს შეყრაზე რომ დათანხმდებოდეთ. სიამაყე სულიერი კიბოა. იგი კლავს სიყვარულის, კმაყოფილების, სილამაზის შესაძლებლობასაც კი.

ავტორი: კლაივ ლუისი


faith.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий