ღმერთი

ღმერთი

четверг, 5 декабря 2013 г.

სოსო ცინცაძე: ნატოსთან ინტეგრაცია სრულიად გამორიცხულია.

დისკუსიას, რომელიც თვე-ნახევარია ჩვენი გაზეთის ფურცლებზე მიმდინარეობს, ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, ზოგი _ წერილობით, ზოგიც _ სატელეფონო ზარებით. ყველა მათგანის მოსაზრება საგულისხმო და მნიშვნელოვანია და შევეცდებით, რომ დიდი ნაწილი გამოქვეყნდეს კიდეც. დღევანდელი დისკუსია ერთი სატელეფონო ზარით უნდა დავიწყო:




თელავიდან ქალბატონმა თინა ხუციშვილმა დარეკა და ასეთი რამ გვითხრა: «2008 წელს რომ პლებისციტი ჩატარდა, მე კომისიის წევრი ვიყავი. წინასაარჩევნო პერიოდში კარდაკარ დავდიოდით, გაფრთხილებული ვიყავით, ყველასთვის გვეთქვა, კითხვაზე «გვიდა თუ არა ნატო?» შემოეხაზათ «დიახ». ხალხი გაოგნებული გვეკითხებოდა, _ ეს ნატო ვინღააო? აი, ასეთი არჩევნები ჩატარდა მაშინ. ისე, პრეტენზია მაქვს იმაზე, თუ რატომ არ გვიხსნიან გასაგებად. როდესაც მთავრობის წევრები სადმე მიდიან და რაღაცაზე ხელს აწერენ, უფლება ხომ გვაქვს, ჩვენც ვიცოდეთ სიმართლე. ბოლოს და ბოლოს, მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ჩემი აზრი გამაჩნია და იქნებ ვინმემ იკითხოს, რა მინდა?».


ჩვენი დისკუსიის დღევანდელი სტუმარი კი პოლიტოლოგი და ექსპერტი სოსო ცინცაძეა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაბედა და საზოგადოებას ხელშეკრულების პარაფირებასთან დაკავშირებით სიმართლე განუცხადა: «ევროკავშირში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საშინაო დავალება მოცემული. ეს არის თურქი მესხების ჩამოსახლებისა და სასამართლო რეფორმის საკითხები. არანაირი გარანტია იმისა, რომ ერთ წელიწადში აუცილებლად იქნება ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება, არ არსებობს. სულ რაღაც 15 დღის წინ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ დღეს უკრაინაც მოაწერდა ხელს ასოცირების შესახებ შეთანხმებას. წინასწარ ნურაფერს დავგეგმავთ. პარაფირება, როგორც დიპლომატიური აქცია, დიდს არაფერს მოასწავებს. ეს არავითარი გარანტია არ არის და არავითარი იურიდიული ვალდებულება არ აუღია ევროკავშირს პარაფირებით». მან ასევე გაგვარკვია იმაშიც, გვექნება თუ არა ევროპასთან უვიზო ან გამარტივებული სავიზო რეჟიმი: «მიკვირს პატარა ხბოებივით აღფრთოვანებული პოლიტიკოსები, ენა რომ ებმებათ სიხარულისგან, რატომ არ აკეთებენ კომენტარს დიდი ბრიტანეთის პრემიერის _ დევიდ კამერონის ძალზე მწვავე და ჩვენთვის არცთუ სასიამოვნო განცხადებებზე. როდესაც მან თქვა, რომ უნდა გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი, ვინაიდან მთელი აღმოსავლეთ ევროპა გადმოსახლებულია ბებერ ევროპაშიო, კამერონმა თქვა, რომ ბრიტანეთში უნდა გადმოსახლებულიყო 14 ათასი პოლონელი და 14 ათასის ნაცვლად 700 ათასი შემოვიდაო. ვკითხულობ: თუ პოლონელებს, ბრიტანელებს, ჩეხებს, რუმინელებსა და უნგრელებს არ უშვებენ, ქართველებს ვინ შეუშვებს?»


_ ბატონო სოსო, გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ფურცლებზე, უკვე რამდენიმე ნომერია, მიმდინარეობს დისკუსია თემაზე: გვინდა თუ არა ნატო. შეკითხვასაც პირდაპირ ასე დაგისვამთ: გვინდა თუ არა ნატო?


_ საუბარს ასე დავიწყებ: უნდივართ თუ არა ნატოს? დღესვე რომ გადაწყვიტოს ნატომ ჩვენი მიღება, რა თქმა უნდა, გვინდა და გვენდომება, მაგრამ ჩვენ თვითონ მზად ვართ ნატოსთვის? საქართველოში, თავიდანვე მახინჯ ფორმებში დაიწყო ნატოსთვის მზადება, ვგულისხმობ იმას, რომ კომპლექსურად არ დაიწყო ამაზე ზრუნვა. ჩვენ გვეუბნებიან, ქვეყანა ნატოში რომ შევიდეს, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ის, რომ გვყავდეს ევროპული ჯარი ნატოს სტანდარტებით, იყოს დემოკრატია, სასამართლო, არჩევნები ჩატარდეს და ა. შ. ოღონდ არავის უფიქრია იმაზე, რომ ახლა რუსეთის ბაზრის ათვისების ახალი ეტაპი იწყება. ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ ჩვენ ნატოში შევედით, რუსეთმა ბაზარი ჩაკეტა და ეს ასეც იქნება, სად და რომელ ბაზარზე უნდა გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია? ყველას ვურჩევ, რომ საკითხის შესწავლა აქედან დაიწყოს.


ის, რომ დემოკრატია აუცილებელია, ამ ზღაპრების იმ ექსპერტებს სჯერათ, რომლებიც ბრიუსელში გასუქდნენ.


ნატოს აქვს ორმაგი სტანდარტი, ასეთი სტანდარტები აქვს ყველას. მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც თავის პრაგმატულ, სახელმწიფო ეგოიზმს უფრო მაღლა არ აყენებდეს, ვიდრე ფასეულობებისადმი ბრმა ერთგულებას. ორმაგი ინტერესი იყო, როდესაც თურქეთი ნატოში მიიღეს, რა იყო იმ დროს თურქეთი? ეს შეიძლება ჩვენმა ბევრმა ექსპერტმა არც იცის, რადგან თითოეულ მათგანს სამ-სამჯერ აქვთ პროფესია შეცვლილი. ვილაპარაკოთ თუნდაც მაკედონიაზე, საქართველოზე წარმატებულია დემოკრატიის თვალსაზრისით? არა, უბრალოდ, ნატოს თავის რიგებში ჩვენი მიღება არ სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ელცინის რუსეთის დროს მიგვიღებდნენ.


_ ნატოში ჩვენი არმიღების მიზეზი ტერიტორული პრობლემაა?


_ არავითარი ტერიტორია. როდესაც ნატოს დასჭირდა, უნგრეთისა და რუმინეთის მიღება, წუთში ათქმევინეს უარი ტერიტორიებზე.


ჩვენი ქვეყნის «კეთილისმსურველ» ექსპერტებს, როგორც ჩანს, კარგად არ აქვთ წაკითხული ნატოს წესდება, რომელშიც გარკვევით წერია, რომ ნატოს წევრობისთვის შემაფერხებელი შეიძლება იყოს მეზობელთან სასაზღვრო დავა, რაც ჩვენ არავისთან არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან საზღვარი დაუდგენელია. ერთი და ყველაზე მთავარი ფაქტორი რუსეთია. ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღებს. წლები გავა და სულ გვეტყვიან, რომ ჯერ ასპირანტები ვართ, მერე დოქტორანტები გავხდებით, პროფესორობასაც და აკადემიკოსობასაც მივაღწევთ, მაგრამ ნატომდე ვერასოდეს მივალთ. ნატოს 1949 წლის დოკუმენტში ტერმინი «მაპი» საერთოდ არ არსებობს, ეს შემდეგ მოიგონეს, ისევე, როგორც ევროკავშირის წესდებაში არ არსებობს სიტყვა «ასოცირებული», ამას ხელოვნურად იგონებენ, რომ პროცესები შეაფერხონ, გღებულობ, მაგრამ არ გღებულობ, იმიტომ, რომ მოლოდინში გამყოფონ და სხვაგან არ წახვიდე.


ფაქტია, რომ სანამ რუსეთი ასეთია, ნატოში ვერ შევალთ, მაგრამ, თუ რუსეთში რაიმე შეიცვალა, ნატო აღარც დაგვჭირდება. რატომ არ ინტერესდებით ჟურნალისტები გერმანიის ელჩის ინტერვიუთი, რომელიც საკმაოდ სკანდალური იყო. მან პირდაპირ განაცხადა: ჩვენ თქვენი გულისთვის რუსეთთან ომს არ დავიწყებთ. რუსეთი იქცა ევროპული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად. ამას ხუთჯერ პროფესიაშეცვლილ ექსპერტებს ვერაფრით გავაგებინებ. რუსეთი ასჯერ მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე საქართველო, ამიტომ ჩვენი ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაცია სრულიად გამორიცხულია.


თუ ჩვენ ასე გვაინტერესებს ევროპა, ნატო და მათი მხარდაჭერაც გვჭირდება, ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება დიპლომატებად დილეტანტებს რატომ აგზავნის?! იქნებ ვინმემ მითხრას, ვინ არის ის ქალბატონი სირაძე-დელონი? რა დამსახურებისთვის გახდა ის ელჩი და როდის გახდა ნატოსა და ევროპის სპეციალისტი? ის პოლიტიკოსები, რომლებმაც სირაძე-დელონის ელჩობას მხარი დაუჭირეს, მართლა ფიქრობენ, რომ ასეთი დილეტანტი თუნდაც ერთი ნაბიჯით მაინც წაწევს წინ საფრანგეთის ჩვენდამი მხარდაჭერის პროცესს? ხშირად მიჩნდება ეჭვი, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა ბრწყინვალედ იციან, რა შანსები გვაქვს.


_ თუ ყველაფერი კარგად იციან, მაშინ რაში სჭირდებათ ჩვენს პოლიტიკოსებს აბსურდული გზით სიარული?


_ საქართველოში ჩამოყალიბდა პოლიტიკოსების, პარლამენტარების პრივილეგირებული «კასტა», რომლებიც თვეში ორჯერ-სამჯერ გადასახადების გადამხდელთა, ანუ ჩვენს ხარჯზე, ძალიან კომფორტულად მოგზაურობენ ბრიუსელში, სტრასბურგში... დაინტერესდით ჟურნალისტები და ნახეთ, თუ არსებობს ისეთი დღე, რომ 150-ვე დეპუტატი იჯდეს პარლამენტის სხდომაზე ან ყველა მინისტრი ერთდროულად თბილისში იმყოფებოდეს. დაითვალეთ, რამდენ დღეს იმყოფებოდნენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში.


_ ეს წინა ხელისუფლების დროს იყო, ახალი ხელისუფლების დროსაც ასე ხდება?


_ დღესაც ასე ხდება. დაუთვალეთ ალასანიას, რამდენი დღე იყო სულ თბილისში? ყველა მთავრობისთვის ნატო კომფორტია.


მოკლედ, ნატო ჯობია უნატოობას, მაგრამ, თუ ნატო «ქოლგად» არ გვექცევა, მაშინ რად გვინდა? უბრალოდ, არ მესმის, რატომ მივისწრაფვით მისკენ? რაც შეეხება გასაჭირში ევროპის დახმარებას, ჩვენ ეს უკვე დავინახეთ.


რუსეთი დიპლომატიურ საკითხებში გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევს, ხოლო ევროპა უკრაინას როგორ დაეხმარა, ვხედავთ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენ თვალწინ ხდება. ქართველებს რაც გვაკლია, პრაგმატიზმია.


საკითხის ასე დასმა «გვინდა თუ არა ნატო?» სწორად არ მიმაჩნია, საკითხი ასე უნდა დაისვას: ნატოში გაწევრიანების რა პერსპექტივები გვაქვს?


_ უნდა ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში ხელახალი პლებისციტი ნატოში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით და ხალხის რა რაოდენობა დაუჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას?


_ მაჩვენებელი ისეთი მაღალი აღარ იქნება, როგორიც იყო 2008 წელს, მაგრამ ცოტაც არ იქნება. როდესაც ქვეყანაში ცუდ ტონად ითვლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, როდესაც ამ საკითხზე შენი მოსაზრების გამო შეიძლება ჯვარს გაცვან და ანათემას გადაგცენ, ასეთ ვითარებაში ბრმად იტყვიან, რომ ნატო უნდათ, მაგრამ, თუ ჰკითხავ, _ რატომ უნდათ ნატო, პასუხს ვერ გაგცემენ. ისე, საინტერესო იქნებოდა, პლებისციტი ასეთი ფორმით ჩატარებულიყო: რატომ გვინდა ნატოში შესვლა? დარწმუნებული ვარ, ყველა ერთ პასუხს გასცემს: _ იმიტომ, რომ რუსეთისგან თავი დავიცვათ.


სიტყვის თქმის უფლება აუცილებლად უნდა მიეცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნატო რუსეთისგან ვერ დაგვიცავს. ნატო სამხედრო ორგანიზაციაა, ეს არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და არც წითელი ჯვარი. მან ჩვენი გულისთვის უნდა იომოს, მაგრამ იომებს? ნატომ გვითხრა: თქვენ მაშინ შეძლებთ ჩვენს რიგებში შემოსვლას, როდესაც საფრთხეს თავადვე გაანეიტრალებთო, მაგრამ საჯაროდ და სახალხოდ ამას ასე ფუთავენ: როდესაც გექნებათ დემოკრატია, ნატოს წევრები გახდებით. მსოფლიოში იდეალური სახელმწიფო არ არსებობს, ამიტომ ბრიუსელს სულ ექნება სათქმელი, რომ დიდი გზა გავიარეთ, მაგრამ უფრო მეტი გასავლელი გვაქვს. რასმუსენმა, ორთვე-ნახევრის წინ თბილისში რომ იყო, თქვა: _ თქვენ ბევრი გააკეთეთ ნატოში შესასვლელად, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი გაქვთ გასაკეთებელიო. რასმუსენის გამოსვლაში «ძალიან» საკვანძო სიტყვა იყო, მან ამით თავი დაიზღვია, მაგრამ ამაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. 2015 წელი ახლოვდება, ნატოს გაფართოების სამიტი. გახსოვთ, ალბათ, ლისაბონის სამიტის შემდეგ სააკაშვილმა თავდაჯერებით განაცხადა, რომ 2015 წელს ნატოს საბაბი აღარ ექნება, ჩვენ უარი გვითხრასო. ეს წელიც ახლოვდება, ისინი კი საბაბს ეძებენ უარის სათქმელად.


ესაუბრა


ეკა ნასყიდაშვილი




http://geworld.ge/View.php?ArtId=5442&lang=ge&Title=%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9D+%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%3A+%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%93+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90

Комментариев нет:

Отправить комментарий