გულწრფელი და კეთილი მეგობრების მსგავსად მზად არიან შეეწიონ მორწმუნესა და ღვთისმსახურს, როცა იგი სარწმუნოებითა და სიყვარულით ითხოვს შველას. ამ დროებით სოფელშიაც გვყავს გულშემატკივრები, მაგრამ სანამ მათ ხმას მივაწვდენთ და სანამ ისინი რამეს შეიძლებდნენ, ხშირად კარგა ხანი გადის. სულიერი მეოხების მოსახმობად არც ვინმეს გაგზავნაა საჭირო, და არც ლოდინი: იწყებს თუ არა მორწმუნე ლოცვას, ისინი მაშინვე გულის კართან ჩნდებიან, დაუყოვნებლივ ეძლევა მლოცველს შემწეობა, სულიერს ვგულისხმობ. რასაც ვამბობ, გამოცდილებიდან ვამბობ და ვგულისხმობ იმ ხშირ შეწევნას, რომელიც გაჭირვებისას წმინდანების ქომაგობითა და განსაკუთრებით კი ჩვენი ყოვლადწმინდა დედის, ღვთისმშობლის მეოხებით გვეძლევა განსაკუთრებული განსაცდელების ჟამს. მაგრამ ზოგიერთებმა იქნება თქვან: ეს იმიტომ ხდება, რომ კაცს უბრალოდ სწამს, ან მტკიცედ სჯერა, რომ თავს დააღწევს გასაჭირს და მაინცდამაინც წმინდანების შემწეობას ეს რატომ უნდა მიეწეროსო. ეს ასე არ გახლავთ და აი რატომ: თუ არ შევავედრებ წმინდანს ლოცვისას ჩემს გასაჭირს და თუკი არ ვიხილავ მათ გულის თვალით, რაგინდ მტკიცედაც არ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ წმინდანების გარეშე, ისედაც მეშველება რამე, ვერანაირ შეღავათს ვერ ვეღირსები. შევიგნე, აშკარად ვგრძნობ, რომ მეოხება წმინდანებისაგან მეძლევა, ცოცხალი რწმენა მაკავშირებს მათთან. ეს საქმე სწორედ ისეთი რიგით მიმდინარეობს, როგორც ნებისმიერი ამსოფლიური საქმე. ჯერ გულის მტკიცე მორწმუნე თვალით ვხედავ ჩემს შემწეებს, მერე, რაკიღა გულით ვხედავ, ძლიერად ვითხოვ შველას. ამ მეოხება-შემწეობას არანაირი გარეგნული ნიშანი არ გააჩნია, მაგრამ უაღრესად საგრძნობია სულისათვის. იქვე მტკიცედ ვრწმუნდები, რომ ეს შემწეობა სწორედ მათგან იყო. ზუსტად ისე, როგორც მავანი ექიმის გულმოდგინებით განკურნებულმა იცის და სჯერა, რომ მისი გამრთელება რაღაც შემთხვევისა ან სხვა ექიმის მკურნალობის შედეგი კი არაა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ და სახელდობრ, იმ მავანი ექიმის დამსახურებაა. ეს ყველაფერი ძალიან უბრალოდ ხდება, თვალია მხოლოდ საჭირო, დაინახო.
წმ. იოანე კრონშტადტელი
წმ. იოანე კრონშტადტელი
Комментариев нет:
Отправить комментарий