ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 марта 2014 г.

ვნახოთ, როგორია ამპარტავნების მწარე თესლის ნაყოფი:

უსაძაგლესი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ მცირედნი შეიცნობენ, რამეთუ დაფარულია და გულის სიღრმეში იმყოფება. ამპარტავნების საწყისი საკუთარი თავის არცოდნაა. ეს უმეცრება აბრმავებს კაცს და ისიც ამაყობს. ოჰ! რომ შეეცნო ადამიანს თავი თვისი, საკუთარი უბედურება, სიგლახაკე და უბადრუკება, – არასოდეს იამაყებდა. მაგრამ იმითაა კაცი უფრო მეტად უბადრუკი, რომ ვერ ხედავს და ვერ შეიცნობს თავის უბედურებასა და უბადრუკებას. ისევე როგორც ხე ნაყოფთაგან, ამპარტავნება საქმეთაგან შეიცნობა.

ვნახოთ, როგორია ამპარტავნების მწარე თესლის ნაყოფი:

ა) ამპარტავანი კაცი ყოველი ხერხით ეძიებს პატივს, დიდებასა და ქებას. მას ყოველთვის რაღაცის ჩვენება სურს და სხვებისთვის მითითება, მბრძანებლობა, უფროსობა. ვინც მის სურვილს ეწინააღმდეგება, მასზე ძლიერ მრისხანებს და ემტერება.

ბ) პატივისა და უფროსობის დაკარგვისას დრტვინავს, აყვედრებს და გმობს. – როდის შევცოდე? რაში ვარ დამნაშავე? ნუთუ ამის ღირსია ჩემი შრომა და დამსახურება? ხშირად ასეთი კაცი თავს იკლავს.

გ) საკუთარ შესაძლებლობებზე აღმატებულ საქმეებს იწყებს, რომელთა აღსრულება არ ძალუძს. ჰოი კაცო! რატომ ეხები უღელს, რომლის ზიდვაც არ შეგიძლია?!

დ) სხვის საქმეებში თვითნებურად ერევა, ყველას სწავლება სწადია, თუმცა თავისი საქმეც არ იცის. ასე აბრმავებს ამპარტავნება.

ე) ურცხვად იქებს და აღიმაღლებს საკუთარ თავს: მე ესა და ეს საქმე გამიკეთებია, საზოგადოების წინაშე ასეთი და ასეთი დამსახურებები მაქვსო. ჰოი კაცო! დამსახურებებს რომ ითვლი, შენს ცოდვებზე რატომ არაფერს ამბობ? თუ მათი გამოცხადებისა გრცხვენია, მაშ თავის ქებისაც შეგრცხვეს.

ვ) სხვა ადამიანებს შეურაცხყოფს და ამცირებს: ის ფლიდი კაცია, ის უვარგისია, და ა. შ. ადამიანო! ის ისეთივე ადამიანია, როგორიც შენ. ჩვენ ყველანი კაცნი ვართ. ის ცოდვილია, მაგრამ, ვფიქრობ, არ უარყოფ, რომ ეს სახელწოდება შენც გეკუთვნის. ამან იმ ცოდვით შესცოდა ან სცოდავს, შენ სხვა ცოდვით სცოდავ, შესაძლოა იმავე ცოდვითაც: „ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა“ (რომ. 3,23).

ზ) ხელისუფლებასა და მშობლებს არ ემორჩილება. ამპარტავანთ ფიცხელი და უდრეკი ბუნება აქვთ. მათი მუდმივი სურვილია, თავიანთი ნება დააწესონ და დაამტკიცონ.

თ) რაც კი სიკეთე აქვს, თავის თავს, თავის მონდომებასა და შრომას, თავის გონებას მიაწერს, და არა ღმერთს. ჰოი კაცო! შენი თავისაგან რა გაგაჩნია, როცა დედის მუცლიდან შიშველი გამოხვედი? რა გვექნება, თუკი ღმერთი არ მოგვცემს, წყარო ყოველივე კეთილისა? რა შეუძლია შენს მონდომებასა და შრომას იმის დაუხმარებლად, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ყოველივე და რომლის გარეშე ყოველი კაცი არარაობაა, როგორც აჩრდილი სხეულის გარეშე.

ი) მხილება და დარიგება არ უყვარს, თავი სუფთა ჰგონია, თუმცა მთლიანად გასვრილია.

კ) წარუმატებლობის, დამცირების, განსაცდელისა და უბედურების დროს მოუთმენელია, აყვედრებს, დრტვინავს და ხშირად გმობაშიც ვარდება.

ლ) სიტყვასა და საქმეში ზვაობასა და მედიდურობას გამოაჩენს და ა. შ.

ეს ყველაფერი ღმრთისა და კაცთათვის საძაგელი ამპარტავნების ნაყოფია; მწარეა ეს ნაყოფი. „კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა“ (ლუკ. 16,15). ამიტომაც წერია: „ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკ. 14,11).

ამპარტავნების საპირისპირო სათნოება სიმდაბლეა; და რამდენადაც საძაგელია ამპარტავნება, იმდენად სასიამოვნო და საყვარელია სიმდაბლე ღმრთისა და კაცთათვის. დიდი და მაღალი ღმერთი ყველაზე დიდი სიყვარულით დამდაბლებულ და შემუსვრილ გულს უმზერს. ამიტომაც ამბობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი თავის თავზე: „რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა“ (ლუკ. 1,48). როდესაც ამპარტავნება განეშორება კაცს, სიმდაბლე დაიმკვიდრებს მასში, და რაც მეტად მცირდება ამპარტავნება, მით მეტად იზრდება სიმდაბლე. ერთი ადგილს უთმობს მეორეს, როგორც საპირისპიროს. ბნელი განეშორება და ნათელი ისადგურებს. ბნელი ამპარტავნებაა, ხოლო სიმდაბლე ნათელია. როდესაც განვსჯით საკუთარ თავს და შევიცნობთ ჩვენს უბადრუკებასა და გაჭირვებას, მაშინ საკმარისი მიზეზი გვექნება, რომ თავი დავიმდაბლოთ. შიშველნი და მტირალნი ვიბადებით, ვცხოვრობთ გაჭირვებაში, უბედურებებსა და ცოდვებში, ვკვდებით შიშით, სნეულებითა და მწუხარებით, მიწიდან გამოსულნი მიწას ვუბრუნდებით. იქ არ ჩანს სად წევს მდიდარი, გლახაკი, დიდგვაროვანი, უგვაროვნო, ბატონი, მონა, ბრძენი, უჭკუო – მიწაში დაბრუნებული ყველა გათანაბრებულა. რითი მაღლობენ მიწა და წუთხი?

საყვარელო ქრისტიანებო! შევიცნოთ ჩვენი გასაჭირი და უბადრუკება. „და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცესა ხელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თვისსა“ (1 პეტ. 5,6). შევიცნოთ, საყვარელნო, რომ ქრისტიანები ვართ, მშვიდი და გულით მდაბალი ქრისტესნი. სასირცხვილო და ფრიად შეუფერებელია ქრისტიანთათვის ამპარტავნება, როდესაც ქრისტემ, დიდმა და მაღალმა ღმერთმა, თავი დაიმდაბლა. სასირცხვილოა ამპარტავნება მონებისა, როცა მათი უფალი მდაბალია. არაფერია ქრისტიანთათვის ისეთი შეუფერებელი და უღირსი, როგორც ამპარტავნება, და ისე არაფერი წარმოაჩენს ქრისტიანს, როგორც სიმდაბლე. სიმდაბლით შეიცნობა კაცი, რომ იგი ჭეშმარიტი მოწაფეა მშვიდი და გულით მდაბალი ქრისტესი. თუ გვინდა დავამტკიცოთ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ, ვისწავლოთ ქრისტესგან სიმდაბლე, როგორც თავად მოგვიწოდებს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მათ. 11,29). დავწეროთ და ჩავაღრმაოთ ჩვენს მეხსიერებაში მოციქულის სიტყვები: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (იაკ. 4,6).


წმ. ტიხონ ზადონელი






Комментариев нет:

Отправить комментарий