ღმერთი

ღმერთი

среда, 16 апреля 2014 г.

მამა დავითი (ისაკაძე): ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირებს ქადაგება აგვეკრძალება

მართლმადიდებელი მრევლი და სასულიერო პირები რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და 17 მაისს კონოთეატრ «რუსთაველში» დაგეგმილი ფილმის ჩვენება გააპროტესტეს. სასულიერო პირების შეშფოთებას იწვევს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტიც, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. აღნიშნული კანონმდებლობის მიღება საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღების მიზნით იკისრა. რა საფრთხეს ხედავენ ამ ყველაფრის მიღმა, მართლმადიდებელი სასულიერო პირები, წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე) «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა.


_ მამაო, ახლახან მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად კონოთეატრ «რუსთაველში» 17 მაისს დაგეგმილი ფილმის «ჩვენ გიჟები ვართ» ჩვენება გააპროტესტეთ. რატომაა ეს ფილმი თქვენთვის მიუღებელი?



_ საქართველოს სხვადასხვა ეკლესიიდან სასულიერო პირებმა და მრევლმა სამშვიდობო პარაკლისი გადავიხადეთ და ვთხოვეთ ღმერთს, საქართველო დაიფაროს იმ განსაცდელისგან, იმ დიდი საშინელი ცოდვისგან, რომელსაც გარყვნილების ქადაგება ჰქვია და რომელსაც ასე მიზანდასახულად ავრცელებს თანამედროვე მსოფლმხედველობა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. გარყვნილების ქადაგების ერთ-ერთი გამოვლინებაა ე. წ. გეიაღლუმები და სწორედ ასეთი კინოფილმები. ეს ფილმი _ «ჩვენ გიჟები ვართ» ქართველმა რეჟისორებმა გადაიღეს და ფილმის შინაარსია მამათმავლობა, ოჯახის სიწმინდის დაცინვა და შეურაცხყოფა. გვაქვს ინფორმაცია, რომ 17 მაისს კინოთეატრ «რუსთაველში» დიდი პრეზენტაციის მოწყობას გეგმავენ. ფილმის ჩვენებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. ამის შემდეგ ამ ფილმს საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც აჩვენებენ.


_ «ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება. დავიცვათ ოჯახური სიწმინდე და ზნეობა» _ ამ ლოზუნგით მიმართეთ ხელისუფლებას, რა საფრთხე დაინახეთ?


_ საფრთხეს, უკვე დიდი ხანია, ვხედავთ. უკვე დაანონსებულია, რომ ამ ფილმის ჩვენება 17 მაისს კონოთეატრ «რუსთაველში» უნდა გაიმართოს და ვის უნდა ვთხოვოთ თუ არა ხელისუფლებას (იქნება ეს ფილმის სახით თუ სხვა ფორმით), აკრძალოს გარყვნილების ქადაგება?!


გარდა აღნიშნული ფილმისა, ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, ასევე, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავლში განიხილავს. ჩვენს შეშფოთებას განსაკუთრებით იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით არის ეს კანონპროექტი გადაგზავნილი, მას ჩვენც გავეცანით და იურისტებსაც გავაცანით, რომელთა შეფასებითაც ეს კანონი თავისი დონით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამას გარდა, აქ ძალიან ბევრი საფრთხე იმალება.


_ რას გულისხმობთ, რა საფრთხე იმალება ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღმა?


_ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სასულიერო პირებს ქადაგება აგვეკრძალება. ჩვენ რომ ვიქადაგოთ, რომ მამათმავლობა, გარყვნილება და ცოდვაა, ამის გამო შეიძლება პასუხი მოგვთხოვონ, რადგან ეს იმ ადამიანების დისკრიმინაციაში ჩაგვეთვლება, რომლებიც ამ ცოდვას სჩადიან.


მიუხედავად იმისა, რომ, ერთ-ერთი მუხლის თანახმად, ამ კანონის არც ერთი ნორმა ან მისი განმარტება არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ შეთანხმებას, ანუ კონკორდატს, ამ მუხლსაც სჭირდება განმარტება, ვინაიდან იქვე არის მეხუთე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომელსაც აკლია ყველაზე მთავარი ფორმულირება. მკაფიოდ მითითებულია, რომ ამ კანონის არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ ეწინააღმდეგებოდეს ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა უფლებას. ეს არის პირდაპირ გადმოკოპირებული ევროპული კონვენცია, რომელშიც უგულვებელყოფილია ყველაზე მთავარი _ საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუცია.


მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში ეს კანონპროექტი მუშაობს, არ ნიშნავს, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ ეს ყველაფერი. უფრო მეტიც, ევროპაში სასულიერო პირები უკვე გამოდიან და დაუფარავად აცხადებენ, რომ ამ კანონის საფუძველზე, მათ, ფაქტობრივად, ქადაგება აუკრძალეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპატიმრება ემუქრებათ. იგივე მოხდება საქართველოშიც.


_ მაგრამ, მამაო, აღნიშნული კანონმდებლობის მიღება ერთ-ერთი ის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით, იკისრა.


_ რად გვინდა ასეთი ვიზები, თუ საქართველოში უფლება არ გვექნება ცოდვაზე ვთქვათ, რომ ცოდვაა და, თუ სიმართლის თქმის გამო დისკრიმინაციაში დაგვადანაშაულებენ? ასეთი რეკომენდაციები მოდის სწორედ ევროპისგან, მამათმავლობაზე არ უნდა ვთქვათ, რომ დამღუპველი ცოდვაა. შემდგომში ერთსქესიანთა ქორწინებაც დაკანონდება, შეხედეთ, პერმანენტულად მიმდინარეობს ყველაფერი.


ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ ცოტა ხანში მსგავსი ფილმების გაშვებასაც ვეღარ გავაპროტესტებთ, რადგან ესეც დისკრიმინაციაში ჩაგვეთვლება.


ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და მას ხელს აწერს თამარ ჩუგოშვილი, ანუ საიას, იმავე რესპუბლიკელების, მიერ არის ეს კანონპროექტი მომზადებული. რესპუბლიკელებსა და «თავისუფლების ინსტიტუტს» ხომ არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყანა?!


პარლამენტი უახლოეს დღეებში უკვე დაიწყებს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვას. ჩვენ ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, აიკრძალოს საქართველოში გარყვნილების ქადაგება. მიმართვას, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს გაეგზავნება, 30-მდე სასულიერო პირი აწერს ხელს და იმედია, ხელისუფლება ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს.


_ წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება აქციები?


_ ჩვენ იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, როგორც მოვლენები განვითარდება. პირველ რიგში, დავაკვირდებით, რა მოხდება პარლამენტის საკომიტეტო განხილვების დროს და არ არის გამორიცხული, კომიტეტის სხდომას რომელიმე სასულიერო პირიც დაესწროს, ვინაიდან აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების საკითხი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.


_ მართალია, 17 მაისს ორგანიზაცია «იდენტობის» წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღარ აღნიშნავენ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი შეკრებას მაინც აპირებენ და შესაბამისი პროვოკაციული სცენარიც მზადდება, მათ «ვითომდა დაარბევენ». რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ამასთან დაკავშირებით?


_ მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია, მაგრამ გამორიცხული არაფერია. მართალია, თქვეს, რომ რუსთაველის გამზირზე მსვლელობას აღარ მოაწყობენ, მაგრამ ახლა ფილმის ჩვენება გადაწყვიტეს, რაც უარესია, რადგან ეს იგივე ჰომოსექსუალიზმის ქადაგებაა. რა მნიშვნელობა აქვს, ქუჩაში გამოვლენ თუ ფილმს აჩვენებენ?!


_ თუ მაინც ჩატარდება ფილმის პრეზენტაცია, როგორც შარშან, 17 მაისს, პროტესტის გამოსახატად სასულიერო პირები წელსაც მიხვალთ?


_ ჯერ ყველანაირად ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას ამ ფილმის ჩვენება; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, არამარტო სასულიერო პირებს, მთელ საქართველოს მწვავე პროტესტი ექნება.


_ ევროპარლამენტარმა ულრიკე ლუნაჩეკმა, ანტიდისკრიმინაციული კანონის პარალელურად, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციაში ოჯახი უნდა განიმარტოს, როგორც ქალისა და კაცის ერთობა, სამარცხვინო უწოდა. «სამარცხვინოა, რომ პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა წარმოადგინა ეს ინიციატივა კანონპროექტთან ერთად, რომელიც ლგბტ პირების დაცვას ემსახურება», _ განცხადა მან. რატომ დაინახეს დისკრიმინაციის საფრთხე ღარიბაშვილის ინიციატივაში ევროპარლამენტში?


_ თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა, ამას სამარცხვინო უნდა უწოდონ? სად არის დემოკრატია, თუ ჩვენ აზრს არ ითვალისწინებენ? საქართველოში ხომ უმრავლესობა ასე ვფიქრობთ და რა უფლება აქვს ამ ქალბატონს, რომ ჩვენს უფლებებს ეხება და სამარცხვინოს უწოდებს. რა თქმა უნდა, ოჯახი ქალისა და კაცის ერთობაა და ასეთი მოსაზრებით, როგორსაც ქალბატონი ლუნაჩეკი ახმოვანებს, მან ინცესტიც შეიძლება გაამართლოს და ჩვენ ასეთ ადამიანებს ვუსმინოთ?! ვფიქრობ, სამარცხვინო ის არის, რომ ასე მოაზროვნე ადამიანები ევროპარლამენტში სხედან.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი




საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს

მიმართვა:


გთხოვთ, აკრძალოთ საქართველოში ჰომოსექსუალიზმისა და ყოველგვარი გარყვნილების ქადაგება, როგორიცაა ლგბტ-ს აღლუმები და საჯარო მსვლელობები; ასევე, გთხოვთ, აკრძალოთ ჩვენება ახლახან გადაღებული ქართული ფილმისა ქართველ ჰომოსექსუალებზე. ეს ყველაფერი გამიზნულია ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდებისა და მთლიანად ერის გასარყვნელად და გადასაგვარებლად.

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ვთხოვთ, დაიცვას ქართველი ხალხის უმრავლესობის კონსტიტუციური უფლებები. კონსტიტუციით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი შვილები ნებისმიერი მავნე ზეგავლენისგან და აღვზარდოთ ისინი ჩვენი ტრადიციების, ზნეობისა და რელიგიური მრწამსის შესაბამისად.

პარლამენტის წევრებს ვთხოვთ, კანონით აკრძალონ გლბტ-ს პროპაგანდა ქუჩებში, საჯარო ადგილებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში.

რუის-ურბნისის კრების დადგენილებაში ამ სოდომურ სულის წარსაწყმედელ ცოდვაზე წერია _ «...რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს, ან საქმით ან ხუმრობით, ან სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად» (რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა (1105 წელი), მე-18 კანონი.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, დეკანოზი დიმიტრი გორგოძე, დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, დეკანოზი დავით ისაკაძე, დეკანოზი დავით ქვლივიძე, დეკანოზი ზაქარია დავრიშიძე, დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი, დეკანოზი დავით ლასურაშვილი, დეკანოზი თადეოზ სალარიძე, დეკანოზი ნიკოლოზი თურმანიძე, დეკანოზი გიორგი რაზმაძე, დეკანოზი ლევან კუტივაძე, მღვდელმონაზონი ბასილი ანთაძე, მღვდელი ბასილი იაშაღაშვილი, მღვდელი გაბრიელ ვაშაძე, მღვდელი დავით მინდორაშვილი, მღვდელი დავით ქალებაშვილი, მღვდელი დავით ნოზაძე, მღვდელი ვახტანგ დავითაშვილი, მღვდელი ნიკოლოზ ჩხიკვაძე, მღვდელი გურამ გამცემლიძე, მღვდელი ირაკლი ცქიტიშვილი, მღვდელი ნიკოლოზ ერაძე, მღვდელი ათანასე ხაბეიშვილი, მღვდელი ლევან ანთაძე, მღვდელი ლევან კუტივაძე, მღვდელი ვახტანგ მაჩურიშვილი



http://geworld.net/View.php?ArtId=5819&lang=ge&Title=%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98+(%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94):+%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D+%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1+%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90+%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

Комментариев нет:

Отправить комментарий