ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 13 апреля 2014 г.

რელიგიათაშორისი სინკრეტიზმი

სინკრეტიზმი (ბერძნ. συγκρητισμός - გაერთიანება, შეუღლება) — რელიგიის ფორმა, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა რელიგიათა ელემენტები.
***

თეოსოფიური ორგანიზაცია, რომელიც 1875 წელს რუსმა ბლავატსკაიამ ნიუ-იორკში დააფუძნა, თანამედროვე სინკრეტიზმის სულიერ დედას წარმოადგენს. მისი მთავარი დოგმატია ის, რომ არც ერთი რელიგია ჭეშმარიტებას სრულად არ ფლობს, არამედ შეიცავს მის ნაწილებს. ამიტომ ჭეშმარიტების გამთლიანებისა და სრულყოფისათვის თითოეული რელიგიიდან უნდა აიღონ ჭეშმარიტების ნაწილი და ყველაზე თანაბრად გადაანაწილონ, რათა „ერთმანეთი გავამდიდროთ“.

107 წლის წინ „მსოფლიოს რელიგიათა პირველ პარლამენტზე“ (ჩიკაგო, აშშ, 27.9.1893), ინდოელი გურუ ვივეკანანდა სიტყვით გამოვიდა და, სხვათა შორის, აღნიშნა შემდეგი: „იქნებ იმას ვესწრაფვი, რომ ქრისტიანები ინდუისტები გახდნენ? ღმერთმა ნუ ქნას! იქნებ იმას ვესწრაფვი, რომ ინდუისტები ან ბუდისტები გახდნენ ქრისტიანები? ღმერთმა ნუ ქნას!... არც ქრისტიანები უნდა გახდნენ ინდუისტები და ბუდისტები და არც ისინი უნდა გახდნენ ქრისტიანები, არამედ ყოველმა რელიგიამ უნდა შეითვისოს სხვა რელიგიათა სული და საკუთარი თვითმყოფადობისა და კანონების შესაბამისად განვითარდეს...“

ეს სიტყვები ნათლად გამოხატავს რელიგიათაშორისი სინკრეტიზმის სულისკვეთებას.

თეოსოფიური საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებს ყოველი რელიგიის მიერ ჭეშმარიტების არასრულყოფილი ფლობის შესახებ, საკუთარ მრწამსს უეჭველ ჭეშმარიტებად აღიარებს. საუბარია ე.წ. დოგმატურ პლურალიზმზე, რომელიც საკუთარის გარდა ყველა დანარჩენის ღირსებასა და განსაკუთრებულობას ეწინააღმდეგება. ამგვარად, უარყოფილია უფლის სიტყვები: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.

ეს შეხედულებები უკავშირდება ე.წ. „ახალი ერას“ მოძრაობას, „ახალ მსოფლიო წესრიგსა“ და გლობალიზმს, რომლებიც მიისწრაფვიან არა მხოლოდ ეკონომიკების, არამედ რელიგიების გაერთიანებისაკენ და ერთი მსოფლიო რელიგიის შექმნისაკენ.

„ახალი მსოფლიო წესრიგი“ რელიგიას განიხილავს არა საზოგადოების შეკავშირების, არამედ რელიგიური პლურალიზმის ფარგლებში. განიშორებენ მას, ვინც ეწინააღმდეგება „ახალი ერას“ ექსპანსიას და უარყოფს თეოსოფიის რელიგიურ მრწამსს – „იწამე ის, რაც გინდა, მხოლოდ არ განაცხადო ჭეშმარიტებისა და ცხონების გზის ერთადერთობაზე“ – და უწოდებენ ფანატიკოსს, შეუწყნარებელსა და ფუნდამენტალისტს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ცდილობენ პროგრესის სახელით ჩირქი მოსცხონ ეკლესიას, ქრისტეს ჭეშმარიტებაში პრინციპულობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფანატიზმთან ან შეუწყნარებლობასთან გაიგივდეს.

იმ პრიზმიდან, საიდანაც „ახალი ერა“ მოვლენებს აკვირდება, რელიგიები განიხილება ერთ საერთო მიზანთან მისასვლელ, „მორწმუნეთა ხსნის, ღვთის სათნო და სადიდებელ გზებად“; „ეკლესიაც და მეჩეთიც ისწრაფვიან ადამიანის ერთი და იმავე სულიერი ფასეულობებისაკენ“.

„ნამდვილი ზერელიგია მხოლოდ შემწყნარებლობა კი არ არის, არამედ უფრო მეტია – იგი ყოველ რელიგიას სიწმინდესთან ნამდვილ შეხვედრად განიხილავს“.

ზემოთ მოყვანილი გამონათქვამები, სამწუხაროდ, მართლმადიდებელ იერარქს ეკუთვნის. ამ შეხედულებათა მიმდევრებს სწამთ, რომ არსებობს ერთი საერთო ღმერთი, რომელიც სხვადასხვა რელიგიებში განსხვავებულად გამოითქმის და რომ „პატივი უნდა ვცეთ ჩვენი თანამოძმის ღმერთს“(!).

ასევე აზროვნებდა ალექსანდრიის აწ გარდაცვლილი პატრიარქი პართენი (1996): „ჩემთვის არ წარმოიშობა საკითხი – არის თუ არა ისლამი ერთ-ერთი ღრმადსულიერი რელიგია, რა თქმა უნდა, არის... მუჰამედი არის ღვთის ადამიანი, რომელმაც უდაბნოელი არაბები გახადა – ღვთის მორწმუნენი, მლოცველნი, მმარხველნი, მეზობელთა მოყვარენი და სიკეთისათვის მოღვაწენი. აი, ეს არის კარგი...“

„... ისლამი ყურანის საშუალებით ქრისტეზე, ღვთისმშობელზე საუბრობს და ჩვენც, თამამად და გაბედულად უნდა ვისაუბროთ მუჰამედზე, უნდა ვნახოთ მისი ისტორია, მისი ღვაწლი, მისი ქადაგება ღმერთზე, მისი მოწაფეების ცხოვრება, რომლებიც ერთი ღმერთის მოწაფენი არიან...“ (!)

 1990 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ მსოფლიო რელიგიათა II კონფერენციის (სხვებთან ერთად მონაწილეობდა კორეელი ცრუმესია სან მიუნ მუნი) დასრულების შემდეგ თავისი იდეებით ცნობილმა პროფესორმა, საბა აგურიდისმა განაცხადა: „ის, რისი პრაქტიკული აუცილებლობაც გვაქვს აქ საბერძნეთში, არის ობიექტური შეხედულებები ისლამსა და იუდაიზმზე... საუბარია ჩვენს მეზობლებზე და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვალდებულნი ვართ ვეცნობოდეთ ჩვენი მეზობლების რელიგიურ ტრადიციებს... და ვიღებდეთ მათ, როგორც ჩვენს მსგავსთ და თანასწორთ“. და კიდევ: „იუდაიზმი, ისლამი და ბუდიზმი მისაღები უნდა გახდეს მართლმადიდებლებისათვის, როგორც მართლმადიდებლობის მსგავსნი და თანასწორნი, აშკარაა, რომ სხვა რალიგიებიც ისეთივე რელიგიურ ფენომენს წარმოადგენენ – როგორც მართლმადიდებლობა!“

ამ სინკრეტული შეხედულებების თანახმად, განსხვავებული საწყისის მქონე რელიგიები სულიერი ცხოვრების ერთიან გარემოსა და რელიგიური მრავალფეროვნების კანონზომიერ გამოხატულებას წარმოადგენენ და მათი მიზანია „დანაწევრებული წრის მათი ნაწილებით შევსება“; და ეს არ ეწინააღმდეგება არც ქრისტეს გამოცხადებას და არც სხვა არაქრისტიანულ რელიგიებს და სულიწმიდას „ყველა რელიგიების საერთო მახასიათებლად განიხილავს“.

სამწუხაროდ, მართლმადიდებელი ბაგეებიდან ოფიციალურად განცხადდა, რომ „კათოლიკეები და მართლმადიდებლები, პროტესტანტები და ებრაელები, მუსულმანები და ინდუისტები, ბუდისტები და კონფუციანელები... ერთი ღვთის სულითა ვართ გაერთიანებულნი“.

სინკრეტიზმი შეგნებულად ურევს სხვადასხვა რელიგიების საფუძვლებს და ცდილობს ერთგვარი გარეგნული მსგავსების წარმოჩენას. ნიშანდობლივია „ახალი ერას“ მიმდევრების აზროვნებისა და ლოცვების მსგავსება. ძირითადი აღმოსავლური სწავლებები, როგორიცაა მაგალითად, კარმისა და გარდასახვის თეორია, გულისხმობენ, რომ იმ უძველეს ქრისტიანობას ეკუთვნიან, რომელიც ეკლესიისა და სამღვდელოების მიერ შეიცვალა!

„ახალი ერას“ წარმომადგენლები გამოთქვამენ აზრს, რომ არავინ უნდა გამოხატოს შეხედულება ამა თუ იმ რელიგიის სისწორეზე, უკეთესობასა და უპირატესობაზე, რადგან ყველა ისინი თანაბრად კანონიერ, მაგრამ უბრალოდ, განსხვავებული ისტორიული და საზოგადოებრივი ტრადიციების მქონე რელიგიებს წარმოადგენენ.

პაპის ინიციატივითა და, სამწუხაროდ, მართლმადიდებელთა მონაწილეობით ამგვარი მოდელის განვითარებისათვის ტარდება ყოველწლიური ფორუმები – „რელიგიათა შეხვედრები მსოფლიოში მშვიდობისათვის“, ისეთი, როგორიც ჩატარდა 1986 წელს ქ. ასიზში. ასევე, მაგალითად I, II და III „მსოფლიო რელიგიათა პარლამენტები“, რომელთა ერთ-ერთი ძირითადი გამოხატულებაა „რელიგიური მრავალფეროვნების ზეიმი“. მაგალითად, 1999 წლის დეკემბერში, III პარლამენტში მონაწილეობდა სხვადასხვა რელიგიების 6000 (!) წარმომადგენელი.

სინკრეტიზმის იდეები გახვეულია სიყვარულის, სრული ურთიერთგაგების, თანხმობისა და შემწყნარებლობის მანტიაში, „რასაც ითხოვს ჩვენი ეპოქა“ და წინ მიიწევს მასობრივი ინფორმაციის, საღვთისმეტყველო კვლევებით შენიღბული წიგნებისა და გამოცემების, ასევე მსოფლიო აზროვნების მაფორმირებელთა ხელთ არსებული სხვა საშუალებებით.

აგრეთვე ეწყობა ორმხრივი დიალოგები მართლმადიდებლებსა და მუსლიმანებს, მართლმადიდებლებსა და ებრაელებს შორის. ამ დიალოგთა ფარგლებში ქრისტიანობა, იუდაიზმი და ისლამი საერთო ზნეობრივი ღირსებების მქონე „აბრაამისეულ“ რელიგიურ ტრადიციებად მოიაზრებიან(!).

სინკრეტიზმს ისეთი გავლენა აქვს პაპისტებსა და პროტესტანტებზე, რომ ხდება პაპისტი და ბუდისტი მონაზვნების გამოცდილებათა ურთიერთგაცვლა და შეთვისება. რელიგიათაშორისი სინკრეტიზმის დონეზე მოქმედებენ შერეული (დედათა და მამათა) მონასტრები, სადაც ერთად „მონაზვნობენ“ პაპისტები და პროტესტანტები. ასეთია, მაგალითად, ბოსეს მონასტერი (ჩრ. იტალია), რომელიც მართლმადიდებლური სულიერების თემებზე აწყობს ერთობლივ შეკრებებს! აგრეთვე ცნობილია მსგავსი მიმართულების ტეზეს მონასტერი.

უნდა ითქვას, რომ ინდოელი გურუს ზემოთ მოყვანილი გამონათქვამები არ გამოხატავს სინკრეტიზმის მქადაგებელთა რეალურ მრწამსს.

აღმოსავლური რელიგიებისა და „ახალი ერას“ ქადაგება – „ერთობა მრავალფეროვნებაში“ – ერთგვარ სატყუარას წარმოადგენს გამოუცდელი ქრისტიანების ხაფანგში მოსაქცევად. „ახალი ერას“ მოძღვარნი სიბრალულით შესცქერიან ქრისტიანებს, რადგან სწამთ, რომ ქრისტიანები განვითარების დაბალ ეტაპზე და უკვე დასრულებულ ეპოქაში იმყოფებიან, მაშინ როცა თავად იმ განვითარებულ და დიდად რეკლამირებულ „ახალ ეპოქაში“ არიან, რომელიც ახლა ვითარდება.

ინდოელი გურუ ვივეკანანდასა და ძმათა მისთა არაგულწრფელობას გადმოსცემს „მსოფლიოს რელიგიათა I პარლამენტიდან“ (აშშ) დაბრუნების შემდეგ ქ. მადრასის სტუდენტებთან მისი მგზნებარე გამოსვლის ფრაგმენტი: „ის დიდი ოცნება, რომლითაც ყოველი ჩვენგანი უნდა აღიჭურვოს, არის ინდოეთიდან მსოფლიოს დაპყრობა და არაფერი ამაზე ნაკლები; ჩვენ ყველანი ამ მიზნისათვის უნდა მოვიმართოთ და ჩვენი თითოეული ნერვი დავძაბოთ... წამოიმართე, ინდოეთო, და იმეფე მთელ მსოფლიოზე შენი სულიერებით... ის, რამაც უნდა იმეფოს დასავლეთზე, სულიერებაა...“

ზუსტად აღინიშნა, და მართლაც, „მსოფლიოს რელიგიათა I პარლამენტი“ (1893 წ.) იყო აღმოსავლური რელიგიების მიერ დასავლეთის სულიერი დაპყრობისათვის „მისიონერული“ მოძრაობის საწყისი პუნქტი.


http://www.martlmadidebloba.ge/sacdurebi17.html

Комментариев нет:

Отправить комментарий