ღმერთი

ღმერთი

пятница, 11 апреля 2014 г.

მწუხარეთა ნუგეშინისცემა - პაისი მთაწმინდელი

- წმიდაო მამაო, რა საოცრად დიდი ძალა სჭირდებათ ადამიანებს იმისათვის, რომ უეცარ სიკვდილს არ შეუშინდნენ!


- თუკი ადამიანები ცხოვრების უღრმეს აზრს ჩასწვდებიან, იმის ძალასაც იპოვიან საკუთარ თავში, რომ სიკვდილთან სწორი დამოკიდებულება შეიმუშაონ. რადგანაც ცხოვრების არსში წვდომით ისინი სიკვდილსაც სულიერად მიუდგებიან. იცით, რამდენი მოზარდის სიცოცხლე ეწირება მოპედებს? იცით, რამდენი ახლაგაზრდა ჰყვება მოტოციკლით ავარიაში? ჭაბუკები უკანა ბორბლებზე აყენებენ მოტოცილკს, ასეთ მდგომარეობაში კი ძალიან იოლია მისი გადაბრუნება, უკანა მხარეს ვარდებიან, თავს ასფალტზე არტყამენ და იტეხენ. ისინი გმირადაც კი მიიჩნევენ მას, ვინც მოტოციკლით სხვაზე მაღლა ახტება. მოზარდები ტრაბახობენ კიდეც: „ჩემი მოტოციკლი ისე ვატარე უკანა ბორბლებზე, როგორც - უკანა თათებზე, მაგრამ მერე გადამიბრუნდა“. ხედავთ, რას არ ასწავლის მათ ეშმაკი - მხოლოდ იმის სურვილით, რომ კისრები წაატეხინოს. ჩვეულებრივ, ორი ბორბლით რომ დადიოდნენ, ავარიის შემთხვვვაშიც კი თავს არ დაარტყამდნენ და ცოცხლები გადარჩებოდნენ. თუმცა, რაკიღა ღმერთი უშვებს, რომ ეშმაკმა ბოროტება აღასრულოს, ანდა, უშვებს, რომ ვინმემ ადამიანური გაუფრთხილებლობა გამოავლინოს, გამოდის, რომ ეშმაკეულ ბოროტებას თუ ადამიანურ გაუფრთხილებლობას რაიმე სიკეთე მოჰყვება.


- წმიდაო მამაო, მაშ რაღად ლოცულობს ეკლესია, რომ ღმერთმა „მოულოდნელისა სიკვდილისაგან“ გვიხსნას ჩვენ.


- ეს სულ სხვა საქმეა. ეკლესია ევედრება უფალს, რომ სიკვდილმა მოუმზადებლებს არ მოგვისწროს.

- წმიდაო მამაო, ერთი დედა მოდის ხოლმე ჩვენთან და გამუდმებით მოსთქვამს, იმიტომ, რომ ერთხელ შვილი სადღაც გაგზავნა, მას კი იმ დროს მანქანა დაეჯახა და სასიკვდილოდ დაშავდა.

- ჰკითხე მას: „განა მძღოლმა განგებ დაარტყა მანქანა შენს შვილს? არა. შენ იმისთვის გაგზავნე საქმეზე, რომ მანქანა დაჯახებოდა? არა. მაშინ თქვი. „დიდება შენდა, ღმერთო!“ იმიტომ, რომ ის რომ მანქანას არ გაეტანა, შესაძლოა, უკუღმართ გზას დასდგომოდა. ახლა კი ღმერთმა ყველაზე შესაფერის დროს წაიყავანა. დღეს ის უკვე ზეცაშია და მისთვის სამოთხის დაკარგვის არანაირი რისკი არ არსებობს. რა გატირებს, განა არ იცი, რომ შენი ცრემლებით საკუთარ შვილს ტანჯავ? აბა, რა უფრო გინდა, შენი შვილისთვის - ტანჯვა თუ სიხარული? ახლა იზრუნე, რომ შენს სხვა შვილებს დაეხმარო - ღმერთს განშორებულნი რომ ცხოვრობენ. სწორედ მათზე გმართებს ტირილი და არა იმაზე, რომელიც გარდაიცვალა. .აი, გუშინ აქაც მოვიდა ერთი ატირებული დედა. „ღმერთმა ერთადერთი შვილი წამართვა!“ - მოთქვამდა იგი და ღმერთს ადანაშაულებდა. მე კი ვუთხარი: „თუ შენ კარგად დაუფიქრდები მომხდარს, მიხვდები, რომ ღმერთმა დიდი პატივი დაგდო. მან თავისთან წაიყვანა პატარა ანგელოზი, წაიყვანა ნათელღებული ბავშვი, არ დაუშვა, რომ იგი ვნებებსა და ცოდვებს შეეპყროთ. ღმერთმა ანგელოზად წაიყვანა იგი, შენ კი ლანძღავ მას? ძალიან მალე იგრძნობ, როგორ ლოცულობს შენი გარდაცვლილი ვაჟი ღვთის წინაშე შენთვის“. მერე ამ ქალმა თავისი ცხოვრების ამბავი მომითხრო. მან მითხრა, რომ ახალგაზრდობაში შეეძლო, ბევრი შვილი ჰყოლოდა, მაგრამ არ ისურვა. იცით, რამდენი დედა ლოცულობს და ითხოვს, რომ მათმა შვილებმა ღმერთთან იცხოვრონ. ეს ქალები ევედრებიან მას: „არ ვიცი, რას მოიმოქმედებ შენ, ღმერთო ჩემო, მაგრამ მსურს, რომ ჩემი შვილი შენთან ცხოვრობდეს, რათა იგი გადარჩეს“. თუმცა, თუ ღმერთი ნახავს, რომ ეს ბავშვი სწორ გზას სცდება, რომ ის დაღუპვისაკენ მიექანება და გადარჩენის სხვა შანსი არ არსებობს, ეს ბავშვი მოულოდნელი სიკვდილით მიჰყავს თავისთან. მაგალითად ის უშვებს, რომ მთვრალმა მძღოლმა ავტომანქანა დააჯახოს ამ ბავშვს და ამგვარად გაჰყავს იგი ამ ქვეყნიდან. ხოლო, ბავშვს რომ შესაძლებლობა, უკეთესი გამხდარიყო, ამ უბედურ შემთხვევას ღმერთი მას აარიდებდა. შემდეგ სიმთვრალე გაუვლის მასაც, ვინც ბავშვს ავტომანქანა დაარტყა, ადამიანი გონს მოდის და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სინდისი ქენჯნის: „მე დანაშაული ჩავიდინე!“- ამბობს ეს ადამიანი და გამუდმებით შენდობას ევედრება ღმერთს. ამგვარად ისიც ცხონდება. გარდაცვლილი ბავშვის დედა კი სულიერი ტკივილისაგან გატანჯული, უფრო ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, სიკვდილზე ფიქრდება და მარადიული ცხოვრებისათვის ემზადება. ამვარად ცხონდება ისიც. აი, ხედავთ, როგორ უშვებს ღმერთი, რომ დედის ლოცვიდან გამომდინარე - ადამიანთა სულები გადარჩნენ? მაგრამ, თუ დედებს ყოველივე ეს არ ესმით, ისინი ღმერთის დადანაშაულებას იწყებენ! რისი მოსმენა აღარ უწევს ღმერთს ჩვენგან? თუკი ადამიანი შეძლებს, რომ საგნებისადმი ერული დამოკიდებულება მოიკვეთოს, მისი სული სიმშვიდეს მოიპოვებს. მაშ, როგორ შეძლებს კაცი, რომ მოიპოვოს ჭეშმარიტი ნუგეში, თუკი მას არ სწამს ღმერთი და ჭეშმარიტი ცხოვრება - ცხოვრება სიკვდილის შემდეგ, ცხოვრება მარადიული?! როდესაც სტომიონის მონასტერში ვიყავი, მონასტრის სიახლოვეს, კონიცაში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი, რომელიც ყოველდღიურად სასაფლაოზე დადიოდა და იქ, რამდენიმე საათის განმავლობაში გულამოსკვნილი მოსთქვამდა. ის თავს საფლავის ქვას ახლიდა და კივილით აფორიაქებდა მთელ მოსახლეობას. აქ, სასაფლაოზე ის გზას უხსნიდა თავის ტკივილს და დაუფარავად გამოხატავდა. მას აკითხავდნენ, სახლში აბრუნებდნენ, მაგრამ ისევ ბრუნდებოდა. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ქალის ქმარი გერმანელებმა მოკლეს, ერთადერთი ქალიშვილი კი მამის სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ, თორმეტი წლის ასაკში გულის დაავადებით გარდაიცვალა. ასე რომ, ეს საბრალო ქალი სრულიად მარტო დარჩა. თუკი ვინმე მომხდარი ამბის მხოლოდ გარეგნულ მხარეს შეხედავს, იტყვის: „რატომ დაუშვა ასეთი რამ ღმერთმა?“ და თვით ეს ქალიც მის თავსგადამხდარ ამბავს სწორედ ასე გარეგნულად უცქერდა. ამიტომ უნუგეშო მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ერთხელ სასაფლაოზე მეც მივედი, რომ გამერკვია, რა ხდებოდა და მან ლაპარაკი დამიწყო: „რატომ მომექცა ასე ღმერთი? ჩემი ქმარი ომში მოკლეს. ერთადერთი ქალიშვილი მყავდა და ღმერთმა ისიც წამართვა“. ის ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა და ბრალს სდებდა ღმერთს. მე ვაცადე ლაპარაკი და ბოლოს ვუთხარი. „მეც მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი. შენს ქმარს ვიცნობდი. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. ომში, მამულის დაცვისას დაიღუპა, როდესაც თავის წმიდათა წმიდა მოვალეობას ასრულებდა. ღმერთი მას უსამართლოდ არ მოქცევია. შემდეგ, ქმრის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის განმავლობაში ღმერთმა შენთან დატოვა თქვენი ქალიშვილი, იგი შენს გვერდით ცხოვრობდა, რაც შენთვის გარკვეული ნუგეში იყო. თუმცა შემდეგ, როდესაც მან ნახა, რომ გოგონა ძალიან მალე სწორ გზას ასცდებოდა, თავისთან წაიყვანა იგი, - იმ კეთილ მდგომარეობაში, რომელიც იმჟამად ჰქონდა. ეს მან შენი ქალიშვილის გადასარჩენად მოიმოქმედა“. ეს ქალი, თუმცა მისი ქმარი ძალიან წყნარი ადამიანი იყო, თავად ცოტა არ იყოს ერული თვისებებით გამოირჩეოდა. რა თქმა, უნდა ეს მე პირდაპირ არ განმიცხადებია მისთვის, არ მითქვამს. „შენ მეტისმეტად ერული ადამიანი იყავი!“ არამედ ვკითხე: „რაზე ფიქრობ თავად ამჟამად, გიყვარს ერული ცხოვრება?“ „არავისი და არაფრის დანახვა არ მინდა!“ მომიგო მან. „აი, ხედავ? ქვეყანა შენთვისაც მოკვდა. ტკივილი გეხმარება და არაფერი ქვეყნიური აღარ გაინტერესებს. ამგვარად ძალიან მალე თქვენ, ყველანი სამოთხეში ერთად იქნებით. განა შენს გარდა კიდევ რამდენს მიანიჭა ასეთი პატივი ღმერთმა? ნუთუ ეს არ გესმის?!“ ამ საუბრის შემდეგ საბრალო ქალმა სასაფლაოზე სიარულს თავი ანება. როგორც კი სხვა დაეხმარა, მან შეძლო, ცხოვრების უღრმესი აზრი შეეცნო და მაშინათვე დამშვიდდა.


- წმიდაო მამაო, მსმენია, რომ თუ ადამიანს ძალადობით კლავენ, ის ამით თავისი ცოდვების საზღაურს იხდის, იმიტომ, რომ მის ცოდვები მკვლელს ეკისრება.


- მოკულულ ადამიანს, თუკი შეიძლება, ასე ითქვს, ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებები აქვს. მას შეუძლია, ესეც კი უთხრას ღმერთს: „მე უნდა მომენანიებინა, მაგრამ მან მომკლა“. ამგვარად მისი ცოდვების სიმძიმე მკვლელს დაეკისრება. თუმცა ზოგიერთი, ვისაც წარმოსახვა არ ჰყოფნის, ამბობს: „ღმერთი რომ არსებობდეს, ის ამდენ დანაშაულს არ დაუშვებდა. ის დასჯიდა დამნაშავეებს“. ასეთ ადამიანებს არ ესმით, რომ ღმერთი ცოცხლად ტოვებს დამნაშავეებს იმისთვის, რათა სამსჯავროზე თავი იმით არ იმართლონ, თითქოს სინანული ვერ მოასწრეს, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ წლები ჰქონდა მიცემული. ხოლო, ვისაც დამნაშავეები კლავენ, ღმერთი მათ არ მიატოვებს.


- See more at: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/paisi/4-6-2.htm#sthash.F9nbzxS9.dpuf

Комментариев нет:

Отправить комментарий