ღმერთი

ღმერთი

среда, 9 апреля 2014 г.

ID ბარათი – ნეგატიური დამოკიდებულება უსაფუძვლო არაა

  თუ დადგინდება, რომ ID ბარათების შემოღება ადამიანის უფლების დარღვევის საფრთხეს შეიცავს, მათი დარიგება გაუმართლებლად უნდა ჩაითვალოს.

ახალი ელექტრონული მოწმობების დარიგება საქართველოში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ID ბარათები უალტერნატივო წესით გაიცემა, რასაც საზოგადოების ნაწილი უარყოფითად აფასებს.

რა დამოკიდებულება აქვთ სამართლის სპეციალისტებს ID ბარათებთან დაკავშირებით, ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები აღნიშნული პირადობების დანერგვით და რა საფრთხეებზე მიანიშნებენ საზოგადოებას?

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი,კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ირაკლი კობახიძე:

როგორ შეაფასებდით ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებას?

ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. ბიომეტრული მონაცემების დახმარებით პირადობის მოწმობისა და პირადი მონაცემების გაყალბების საფრთხე მცირდება. საჯარო დაწესებულებებსა და კერძო ორგანიზაციებს უფრო მარტივად შეეძლებათ ადამიანის იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია საერთო საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, მათ შორის, დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ID ბარათები მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მოქალაქეებს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო მომსახურებით სარგებლობას. მაგალითად, ელექტრონული მოწმობით მოქალაქეს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით გახსნას საბანკო ანგარიში, ნოტარიულად დაამოწმოს დოკუმენტები, რეგისტრაციაში გაატაროს ქონება ან ორგანიზაცია, შეიცვალოს რეგისტრაციის ადგილი. გარდა ამისა, ID ბარათი მოქალაქეს გაუწევს სამგზავრო, საბანკო, დაზღვევის, სტუდენტური, სამსახურებრივი ბარათების მაგივრობას.


თუმცა გასათვალისწინებელია ის საფრთხეც, რომელიც ID ბარათების დანერგვას შეიძლება უკავშირდებოდეს. კერძოდ, ელექტრონული პირადობის მოწმობები შეიძლება იქცეს ტოტალური კონტროლის ინსტრუმენტად იმ სუბიექტების ხელში, რომლებიც მართავენ ბიომეტრულ სისტემებს. ID ბარათზე გროვდება დიდი მოცულობის ინფორმაცია ინდივიდისა და მისი საქმიანობის შესახებ (ეს ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ფინანსურ ტრანზაქციებს, ქონებრივ მდგომარეობას, გადაადგილების მარშრუტს, სამსახურებრივ ურთიერთობებს და ა.შ.). ამ ყოველივეზე შეუზღუდავმა წვდომამ კი საჯარო დაწესებულებებს საზოგადოების მანიპულირების ძალზე ფართო შესაძლებლობა შეიძლება მისცეს. საქართველოს კანონმდებლობა, სამწუხაროდ, არ ადგენს საკმარის გარანტიებს ID ბარათზე დატანილი ინფორმაციით სარგებლობის თანაზომიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. მოქალაქეები დაცული არ არიან მათი შეუზღუდავი „კატალოგიზაციისგან“, რაც სერიოზული საფრთხის შემცველ მოვლენად უნდა იქნეს აღქმული. აღსანიშნავია ისიც, რომ ID ბარათის ე.წ. ჩიპთან კავშირი შეიძლება დამყარდეს უკაბელოდ, რადიოტალღების მეშვეობითაც, რაც აღნიშნულ პრობლემას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. ბიომეტრული სისტემების შემდგომმა განვითარებამ საჯარო დაწესებულებებს შეიძლება საშუალება მისცეს, განახორციელონ ადამიანების შეუზღუდავი თვალთვალი და აღრიცხონ მათი ნებისმიერი გადაადგილება.

დაბოლოს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ თავად ბიომეტრული სისტემების უსაფრთხოების პრობლემაზეც. დადგენილია, რომ ჩიპები აბსოლუტურად არ არის დაცული მანიპულირებისგან მესამე პირთა მხრიდან (მაგალითად, შესაძლებელია ჩიპსა და მის წასაკითხ აპარატს შორის კავშირის „მოსმენა“), რაც ID ბარათებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

არღვევს თუ არა ID ბარათების შემოღება ადამიანის უფლებებს?

იურისპრუდენციაში, სამწუხაროდ, დღემდე ჩამოყალიბებული არ არის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, არღვევს თუ არა ID ბარათების შემოღება ადამიანის ძირითად უფლებებს. თუმცა იურისტები ხშირად მიანიშნებენ იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღება ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის კუთხით შეიცავს. ამასთან, იურისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ადამიანის ღირსებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები ერთმნიშვნელოვნად დარღვეულად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული პირადობის მოწმობის საშუალებით კონტროლის ტექნიკა ზედმეტად ფართოდ და ინტენსიურად იქნება გამოყენებული. სამწუხაროდ, ჩემთვის რთული შესაფასებელია, თუ რამდენად იძლევა ბიომეტრული სისტემების განვითარების ამჟამინდელი დონე ამგვარი გადამეტებული კონტროლის საშუალებას. ყველა შემთხვევაში, პოტენციური საფრთხე უსათუოდ მხედველობაშია მისაღები. თუ დადგინდება, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღება ადამიანის ღირსების უფლების დარღვევის არსებით საფრთხეს შეიცავს, მათი დარიგება გაუმართლებლად უნდა ჩაითვალოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, თუნდაც მისთვის სუბიექტურად მისაღები იყოს ID ბარათით სარგებლობა. ადამიანის ღირსების უფლების შეზღუდვა გაუმართლებლად ითვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ პიროვნება ამგვარ შეზღუდვაზე თანხმობას აცხადებს.

როგორ შეაფასებდით ID ბარათების გაცემის უალტერნატივო წესს?

ID ბარათების გაცემის უალტერნატივო წესი შეიძლება შეფასდეს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, რწმენის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით იურისტებს განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება ჰქონდეთ. სასურველია, საქართველოში სამართლის კვალიფიციურ სპეციალისტებს შორის გაიმართოს დებატები ID ბარათებთან დაკავშირებით, რათა მოცემული პრობლემის შესახებ გარკვეული, შეჯერებული პოზიცია ჩამოყალიბდეს. აღსანიშნავია, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც შემოიღეს ელექტრონული პირადობის მოწმობები, ადამიანებს არჩევანის უფლება ენიჭებათ და მათ სახელმწიფო, ალტერნატივის სახით, ჩვეულებრივი მოწმობებით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უარი განაცხადა ID ბარათების შემოღებაზე, ვინაიდან ეს მოქალაქეების თავისუფლებას ზღუდავს. შესაძლებელა თუ არა, ჩვენმა ქვეყანამაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან საზოგადოება მისი შემოღების წინააღმდეგია?

ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი ქვეყნის პარლამენტის სუვერენული უფლებაა. საქართველოში პარლამენტმა უკვე მიიღო ამგვარი პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება და უნდა ვივარაუდოთ, რომ მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობა მას საკუთარი ინიციატივით არ გააუქმებს. სამწუხაროდ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება დღემდე არ არის იმდენად განვითარებული და კონსოლიდირებული, რომ მან პარლამენტის არჩევანზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეძლოს. ზოგადად, ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საზოგადოებასთან აქტიური კონსულტაციისა და დიალოგის საფუძველზე უნდა მიიღებოდეს. სამწუხაროა, რომ საქართველოში კანონშემოქმედების სხვაგვარი, ნაკლებად დემოკრატიული პრაქტიკაა დანერგილი. ინგლისისა და საბერძნეთის მაგალითები ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება ID ბარათების მიმართ არ არის რაციონალურ საფუძველს მოკლებული.

რა შესაძლებლობა გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეებს, წინააღმდეგობა გაუწიონ მოდერნიზებული პირადობის მოწმობის აღების უალტერნატივო წესს?

საქართველოში პირადობის მოწმობების გაცემის წესი ნორმატიული აქტებით რეგულირდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ იგი მიიჩნევს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების უალტერნატივო წესი არღვევს მის ძირითად უფლებებს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პარლამენტს დაეკისრება ვალდებულება, გადასინჯოს პირადობის მოწმობების გაცემის მოქმედი წესი.

06.09.2011




Комментариев нет:

Отправить комментарий