ღმერთი

ღმერთი

четверг, 9 мая 2013 г.

ღეროვანი უჯრედი - "მარადიული სიცოცხლის" წყარო?

  ათეული წლების წინ ბიოლოგიის ნებისმიერ სახელმძღვანელოში ამოიკითხავდით, რომ ადამიანის სისხლში არის ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც შეუძლიათ დაკარგული სისხლი ხელახლა "დაბადონ". მაგრამ მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ამ ერთფეროვანი ბიოლოგიური პროცესის მიღმა ფანტასტიკური მოვლენები იმალებოდა.

ბოლო წლებში მოკვლეული ღეროვანი უჯრედების უნარი, - გარდაიქმნან ნებისმიერი ორგანოს სიცოცხლისთვის აუცილებელ უჯრედებად, ადამიანის მრავალ ტანჯვას მოუღებს ბოლოს.
პროფესორი ეკა ბერიშვილი ამ ფანტასტიკურ რეალობას ასე აღწერს:

* * *
კაცობრიობის არსებობის მანძილზე არ ყოფილა დრო, ადამიანებს ავადმყოფობების მოსპობაზე ან დასახიჩრებული სხეულის განახლებაზე არ ეოცნებათ. თითო ეპოქა თითო "თავის" დაავადებას ამარცხებდა, თუმცა, მათ ადგილზე რაიმე სხვა, ახალი სენი ჩნდებოდა, ჩვენი ორგანოების განახლება კი ფანტასტიკად რჩებოდა. ჩვენს სხეულში მხოლოდ ქსოვილები და სისხლი აღდგება, ეს მაშინ, როცა ვხედავთ, რა მალე აღიდგენენ წაგლეჯილ საცეცებს ლოკოკინები, მოწყვეტილ კუდებს - ხვლიკები, ჭიაყელები და ბევრი სხვა არსება... მაგრამ გასული საუკუნის 50-იან წლებში სამეცნიერო ექსპერიმენტებში მოხვდა ძვლის ტვინი და აღმოჩნდა, რომ მასში არსებულ სისხლის უჯრედებს შეუძლიათ ჩაენაცვლონ სისხლის სხვა, ავადმყოფ უჯრედებს მთელ სხეულში. იქამდე კი, სანამ ეს უნიკალური უჯრედები თავისი მისიის შესრულებას შეუდგებოდნენ, საჭირო იყო ტექნიკა, რომელიც მათ სხეულის დანარჩენი უჯრედებიდან გამოყოფდა. ტექნიკა კი 1988 წლამდე ვერ შეიქმნა. ასე დაიწყო ძვლის ტვინის გადანერგვა, რასაც ლეიკემიის დამარცხება მოჰყვა; ასე დაიწყო ახალი ერა არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ კაცობრიობის ისტორიაშიაც.

****
რა არის თავად ღეროვანი უჯრედი? ეს არის დედაუჯრედი, ყოველივე იმ უჯრედის წარმომქმნელი, რისგანაც შედგება ორგანიზმი. ანუ თუკი დღევანდელი მონაცემებით, ადამიანის ორგანიზმი 200 სახეობის უჯრედისაგან შედგება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ღეროვანი უჯრედის "გაჩენილია". ღეროვანი უჯრედი კი ადამიანის სიცოცხლის წარმოქმნისთანავე წარმოიქმნება. 5 დღის განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში, რომელიც წერტილზე ბევრად პატარაა, უკვე 30-40 ღეროვანი უჯრედია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახეობის უჯრედად გადაქცევა, გამრავლება და დაავადებული ორგანოების ქსოვილების შეცვლა. აქედან ალბათ, რამდენიმე ნაბიჯია ჩვენი ორგანოების შეცვლამდე. თუმცა ეს მომავლის საზრუნავია, მანამდე კი ღეროვანი უჯრედების ბევრად უფრო ახლო, ფანტასტიკიდან რეალობად გადაქცეულ პერსპექტივებზე ვისაუბროთ.

****
პერსპექტივები კი მაშინ გამოჩნდა, როცა მეცნიერები მიხვდნენ, როგორ უნდა მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ღეროვანი უჯრედი, მაშინ, როცა ორგანიზმში ღეროვანი უჯრედის მარაგი სულაც არ არის ამოუწურავი. ამ მარაგის მიღება კი თურმე ორი გზით შეიძლება: სინჯარაში უნდა გამრავლდეს და იქვე გარდაიქმნას საჭირო უჯრედებად; მეორე: ზუსტად ასეთივე პროცესი უნდა მოხდეს ემბრიონის, ან უკვე დაბადებული ჩვილის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედებით. მეცნიერები მოზრდილთა ღეროვან უჯრედებზე მეტად იმედს ემბრიონულ ღეროვან უჯრედებზე ამყარებენ, რადგანაც მოზრდილთა უჯრედების უნარი შეზღუდულია - მათ შეუძლიათ, მხოლოდ რამდენიმე სახეობის დაავადებულ უჯრედს ჩაენაცვლონ.

  სულ სხვაა ემბრიონის ღეროვანი უჯრედები - მათ გამრავლებისა და დაავადებული უჯრედების ჩანაცვლების უნარს ზღვარი არ აქვს.

მეცნიერებმა ემბრიონული უჯრედების მიღების რამდენიმე გზა მოიფიქრეს. მათ შორის მთავარია ხელოვნური განაყოფიერება. ამ დროს, როგორც წესი, მრავალი კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება. ცხადია, ყველას საშვილოსნოში არავინ ჩანერგავს და მათ სიცოცხლეჩასახულ ბლასტოციტებიანად სანაგვეში ყრიან. ვინც ამ განწირული ბლასტოციტების ღირებულება იცის, მის განადგურებას არავის ანებებს და სინჯარაში ყრის გასამრავლებლად. თითოეულ ბლასტოციტზე ექსპერიმენტით კი თითო სიცოცხლე ნადგურდება. და სწორედ ეს იწვევს დიდ დაპირისპირებას თვით მეცნიერებში - თითო სიცოცხლის განადგურება თითო სამყროს განადგურებას ნიშნავს. მეცნიერებმა მოიფიქრეს ღეროვანი უჯრედების მიღების სხვა ხერხიც - მას ჰქვია ბირთვების ტრანსფერი, ანუ კანის უჯრედს, რომლის ბირთვი ჩვეულებრივად ატარებს ინდივიდის გენეტიკურ დნმ-ს, ნერგავენ დონორის კვრცხუჯრედში. ეს კი ისეთივე შედეგის მქონე პროცესია, როგორიც ჩვეულებრივი განაყოფირება - სპერმატოზოიდსაც ხომ დნმ შეჰყავს კვერცხუჯრედში! თუმცა ამ დროს ახალი სიცოცხლე კი არ იღებს დასაბამს ახალი ღეროვანი უჯრედებით, არამედ კლონი, ზუსტად ისეთივე არსება, საიდანაც კანის უჯრედი აიღეს. კლონირება კი ბევრად საშიშია, ვიდრე სხვა დანარჩენი. ამიტომაც აიკრძალა.

****
და მიუხედავად ამისა, ღეროვან უჯრედებს კაცობრიობისთვის იმდენი სიკეთის მოტანა შეუძლია, რომ კვლევები დღითი დღე ფართოვდება. მათ მიეწერება მედიცინის სასწაულები, რომელიც უკვე ინერგება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ამერიკაში წელიწადია, რაც დაკუტებულ პაციენტებს სიარულის დასაწყებად ხერხემალში ნერვული ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. ახლა შედეგს ელოდებიან, რასაც დრო სჭირდება. ასეთი კვლევები მთელ მსოფლიოში რამდენიმე საშიში დაავადების განსაკურნავად უკვე მიმდინარეობს. საქართველოში, სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში, ერთი წლის წინ ღეროვანი უჯრედების შეყვანით გულისა და ღვიძლის 10-10 ოპერაცია გაკეთდა. ამ ადამიანებს სიცოცხლის შანსი აღარ ჰქონდათ. დღეს კი მშვენივრად გრძნობენ თავს. ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ კაცობრიობა განუკურნელი დაავადებების შოკიდან გამოიყვანონ - ნებისმიერ დაავადებულ ორგანოში შევიდნენ, ჯანმრთელ უჯრედებად გარდაიქმნან და დაავადებული უჯრედები მოსპონ. სიმსივნეზე უკვე ტარდება საკვლევი მკურნალობები და, - წარმატებითაც. ზოგზე კი, მაგალითად, დიაბეტზე უკვე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ეს დაავადება აღარ იარსებებს - ორგანიზმში შევიყვანთ ინსულინის გამომმუშავებელ უჯრედებს და იქ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

არსებობს ბევრად ფანტასტიკური პერსპექტივებიც. მაგალითად, თვალის ბადურის შექმნის შესაძლებლობა, ანდა დაუნიზმის, ჰიდროცეფალიის, აუტიზმის განკურნება... ეს სია ამოუწურავია. გამაახალგაზრდავებელი ღეროვანი უჯრედების შეყვანით ადამიანის სიცოცხლის 120-150 წლით გახანგრძლივებაზეც კი საუბრობენ...

*****
ბუნებრივია, ყოველივე ამის შემდეგ აუცილებლად დაისმება კითხვა, რატომ ყოვნდება ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის მასობრივდ გავრცელება. არის პასუხიც: ჯერჯერობით მეცნიერები მხოლოდ იმ ღეროვანი უჯრედების გადანერგვას შეუდგნენ, რომლებიც ორგანიზში შეყვანისას უკონტროლოდ არ მრავლდებიან. ღეროვან უჯრედებს უკონტროლოდ გამრავლების უნარი აქვს. ამას რომელიღაც ერთ-ერთი გენი ასტიმულირებს. ეს კი, თავის მხრივ, ახალი სახის სიმსივნის ჩამოყალიბებას იწვევს. თუმცაღა, ახლახან სამედიცინო სფეროში გაჩნდა ცნობა, რომ იაპონელებმა შეძლეს ეს "თავაშვებული" გენი ისეთი გენით ჩაენაცვლებინათ, რომელსაც ეს სახიფათო უნარი აღარ ექნება. ასე რომ, კაცობრიობა შეთანხმებულად ცდილობს ტკივილი აღარ არსებობდეს. ასე ერთობით კი მიზანი ყოველთვის მიიღწევა.

ეთერ ერაძე
წყარო: www.kvirispalitra.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий