ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 5 мая 2013 г.

მზეთუნახავი და ოქროს მამალი.


  იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. საინგილოში იყო ერთი სახელოვანი ვაჟკაცი ღვთისავარი. ვერავინ ჯობნიდა ნადირობაში, ჭიდაობაში თუ ბრძოლაში. ამიტომ ხალხმა ლომი ღვთისავარი შეარქვა.

მოადგებოდა თუ არა მტერი ქურმუხის ვიწრო ხეობას, ლომი ღვთისავარი თავისი რაზმით მყისვე იქ ჩნდებოდა და მოძალადეებს მუსრს ავლებდა. ამიტომ ურჯულოებს მისი ჯავრი სჭირდათ.

ღვთისავარს ერთი კოშკისა და იარაღის გარდა არაფერი ებადა, მაგრამ თავი უმდიდრეს კაცად მიაჩნდა, რადგან მზეთუნახავი ასული ჰყავდა. მის ასულს მზეთამზე ერქვა. მზეთამზეს ოქროს დალალები ჰქონდა, ღვთივსათნო და ნათელ სახეზე კი მუდამ კეთილი ღიმილი უკრთოდა. მომხიბვლელი ქალწული ყველა გაჭირვებულის შემწე და მფარველი იყო.

მზეთამზეს ერთი მამალი ჰყავდა, რომელსაც ბიბილო, ნისკარტი, ბოლო და დეზები ოქროსი ჰქონდა. მამალი მთელი დღე-ღამე თვლემდა, მაგრამ როცა მტერი საქართველოს საზღვარს მოუახლოვდებოდა, მაშინ იღვიძებდა და მოჰყვებოდა ხმამაღალ ყივილს, მის ყივილზე კი ხალხი გროვდებოდა და საომრად გადიოდა.

მზეთამზეს მამალი საღამოს გარეთ გამოჰყავდა და, ვიდრე თვითონ მთვარის შუქზე თმას ივარცხნიდა, მამალი ჩვეულებისამებრ თვლემდა.

ერთხელ, გიორგობა დღეს, ხალხმა ლხინი გამართა, თამადად ღვთისავარი აირჩია, როგორც ყველგან გამორჩეული და პატივცემული კაცი. ვიღაც ბოროტმა და უკეთურმა ღვინოში ბანგი გაურია და საღამოს პირზე თამადასაც და თანამესუფრეებსაც მკვდრებივით ჩაეძინათ. მათ ოქროს მამლის ყივილი ვერ გაიგონეს, მტრის ჯარი ადვილად გამოსცდა საზღვარს, შემოიჭრა ქურმუხის ხეობაშიც და მოაოხრა. მძინარე ღვთისავარს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ მტრის მეომრები მის კოშკში შეცვივდნენ გასაძარცვად. კოშკში ბინდბუნდი იდგა, მაგრამ ერთ ოთახში სინათლე კრთოდა, რადგან მზეთამზის სახე სხივებს აფრქვევდა.

განცვიფრებული მეომრები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რა არის ეს, სიზმარია თუ ცხადიო. ბოლოს დარწმუნდნენ, რომ ოთახს ადამიანი ანათებდა და გადაწყვიტეს, იგი ტყვედ წაეყვანათ, ჩვენს მეფეს მივგვაროთო.

მზეთუნახავმა მათ უთხრა:

- ვიცი, უცხო ქვეყანაში უნდა წამიყვანოთ და ერთი სათხოვარი შემისრულეთ; დიდი ხანია ქურმუხის წმინდა გიორგის აღვუთქვი, მამალს შემოგწირავ-მეთქი. აქამდე ეს ვერ მოვახერხე, ბოლო დროს მამალი დასნეულდა, დღე და ღამე თვლემს, ვეღარ ყივის. ვიდრე მოკვდებოდეს, მინდა აღთქმა შევასრულო, რომ გულდამშვიდებულმა დავტოვო ჩემი ქვეყნის მიწა-წყალი. ამიტომ მადროვეთ. მამალს წმინდა გიორგის ტაძარში ავიყვან და მყისვე დავბრუნდებიო.

მომხვდურებმა თათბირი გამართეს და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ მზეთუნახავისათვის სურვილის შესრულების ნება მიეცათ.

მზეთუნახავმა მამალი მკერდზე მიიხუტა და ქურმუხის წმინდა გიორგის საყდრის ბილიკს აუყვა. მიაღწია საყდარს, მიიხედ-მოიხედა, საყდრის ქვეშ, დახშულ მღვიმეს მიაპყრო თვალი, ახლოს მივიდა და ინატრა:

- ნეტავ ეს მღვიმე გაიხსნას და მშთანთქასო.

ინატრა და ის იყო, მამალი უნდა აეფრინა, ხოლო კლდიდან უფსკრულში გადავარდნილიყო, რომ მღვიმე გაიხსნა და მზეთუნახავი და მამალი შიგ შეიმალნენ, ხოლო მღვიმე კი კვლავ დაიხშო.

მზეთუნახავს ქვემოთ მეომრები უცდიდნენ. ისინი თურმე ჩუმად გამოჰყოლოდნენ უკან, არ გაგვეპაროსო. მზეთამზეს რომ დააგვიანდა, ძებნა დაუწყეს, მაგრამ აბა რას იპოვიდნენ. განრისხებულებმა საყდარი მიანგრ-მოანგრიეს და წავიდნენ.

- თუ მტრის ურდოებს გადავურჩით და ჩვენი ერის სიწმინდე დღემდე მოვიტანეთ, სულ მზეთუნახავის წყალობა არისო, - ამბობენ საინგილოში და დასძენენ: - დღესაც, შუაღამე რომ გახდება, მღვიმე იხსნება, ოქროს მამალი გარეთ გამოდის და ყივილს იწყებს - ფხიზლად იყავითო. მას მზეთუნახავიც მოჰყვება, ლოდზე ჯდება და მთვარის შუქზე ოქროს თმას ივარცხნისო.

Комментариев нет:

Отправить комментарий