ღმერთი

ღმერთი

четверг, 2 мая 2013 г.

ეშმაკეულებს მოწამებრივი ცხოვრება აქვთ.

რაც არ უნდა თქვათ, ის ადამიანი, ვის არსებაშიც ეშმაკი იმყოფება მეტისმეტად იტანჯება. ასეთი ადამიანი ხომ მდაბლდება, თანაც იგვემება ეშმაკისაგან! ერთხელ სტავრონიკიტას მონასტერში უწმიდური სულით შეპყრობილ 23 წლის ყმაწვილს შევხვდი. ძვალი და ტყავი! საშინელი სიცივე იდგა. ტაძარში ღუმელი ენთო. ხოლო მოკლესახელოებიანი მაისურით შემოსული ბიჭი კარიბჭეში იჯდა. ამას ვერ გავუძელი, მივედი და თბილი ბეწვის სვიტრი მივეცი. „ეს სვიტრი ჩაიცვი, ნუთუ არ გცივა“? ვუთხარი მე. „რის სიცივე, მამაო, ერთიანად ვიწვი“. მომიგო მან. ნახეთ, რა ხდება? ეს ყველაზე უარესი წამებაა.
არსებობენ ეშმაკეულები, რომლებიც თავიანთი ბუნებით განსაკუთრებული მგრძნობიარობით გამოირჩევიან. ასეთ ადამიანებს ეშმაკი უნერგავს, რომ ისინი ვერ ცხონდებიან და თვითმკვლელობისაკენ უბიძგებს. რა საშინელებაა! ეს სახუმარო საქმე როდია! ერთ ეშმაკეულს ვიცნობდი, რომელმაც ღვთისმსახურებსაც კი თავი მოაბეზრა. ის ტაძარში მოდიოდა, რომ მისთვის კვეთებულის ლოცვა წაეკითხათ, მღვდლები კი აგდებდნენ. მაშინ ეშმაკმა მას ჩემზე დაუწყო ლაპარაკი:“იმასთანაც ნუ მიხვალ, არც ის მიგიღებს“. ეშმაკმა სასო წარუკვეთა მას.
მახსოვს ერთი ეშმაკეული, რომელიც წმიდა არსენი კაპადოკიელის მადლით გათავისუფლდა ეშმაკისაგან. რა განსაცდელები არ მოუწყო მას ეშმაკმა ამის შემდეგ! უკვე არაწმიდა სულისაგან დახსნილი ის მონასტერში მოვიდა, რომ წმიდა არსენის ნაწილებისათვის ეცა თაყვანი. მაგრამ მონასტერი დაკეტილი დახვდა. მაშინ ჭიშკრის სიახლოვეს ეშმაკი წმიდა არსენის სახით გამოეცხადა მას და უთხრა:“შენი ფეხი აღარ ვნახო აქ, არც მე და არც პაისის შენი ნახვა არ გვსურს“! ამგვარად ეშმაკმა გააგდო ის. გესმის?! ამის შემდეგ იმ საბრალომ წმიდა არსენის გმობა და ჩემი ლანძღვა დაიწყო. ხო, კარგი მე ლანძღვას ვიმსახურებ კიდეც, მაგრამ წმიდანის გმობა! შედეგად ეს უბედური კვლავ ეშმაკეული გახდა. დიახ, თუ ადამიანი უბრალოდ უსირცხვილოდ იქცევა, მას საღმრთო მადლი განეშორება. იმათზე კი მითუმეტეს რა ითქმის, ვინც წმიდანებს გმობენ! შემდეგ ის ათონის მთაზე ჩამოვიდა, ჩემს სენაკთან დადგა და აყვირდა:“რა დაგიშავე, რომ ჩემი ნახვა არ გინდა? რატომ არ გინდა ჩემი დახმარება? გინდა, რომ ასე ვიტანჯო?“ მე კი მივუგე:“ბრიყვო, ვინც შენ გამოგეცხადა და გაგაგდო, ეშმაკი იყო, ის წმიდანი არ ყოფილა. წმიდანები ადამიანებს არ აგდებენ“. მაგრამ ის ყურს არ მიგდებდა და თავისაზე იდგა. იცით როგორ იტანჯებიან, როგორ ეწამებიან ყოველდღიურად ეს საცოდავები?
ბევრი ეშმაკეული სხვების გამოსაფხიზლებლად იტანჯება. როდესაც ეშმაკეულების ტანჯვას ხედავენ, სხვები გონს მოდიან, ფიქრდებიან და სინანულს განიცდიან. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეშმაკეულებს სხვებზე მეტი ცოდვა აქვთ. მაგრამ ღმერთი უშვებს, რომ ისინი ეშმაკეულები გახდნენ. შედეგად ისინი მდაბლდებიან, მორჩილებას იძენენ, ცოდვებს გამოისყიდიან და სამაგიეროს იღებენ. თუმცა სხვებსაც, ვინც მათ ტანჯვას უცქერენ, დიდი სარგებლობის მიღება შეუძლიათ.
რა თქმა უნდა ვიღაცამ შესაძლოა, თქვას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად მძიმე და მრავალი ცოდვისა, ეშმაკეულები არ გამხდარან. რატომ ხდება ასე? აი რატომ: როდესაც ადამიანი სრულ გულქვაობამდე მიდის, ის ეშმაკეული თავდასხმების სამიზნე უკვე აღარ ხდება, იმიტომ, რომ ღმერთი ხედავს, რომ ამისაგან ის უკვე ვერანაირ სარგებელს ვეღარ მიიღებს. ჩვენთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ეს გარკვეულწილად ღმერთის კიდევ ერთი წყალობაა ცოდვილი ადამიანის მიმართ, რათა ის დამდაბლდეს, შეინანოს და ცხონდეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий